,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №262
2007 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, მე-11 მუხლის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაცია, გამოეყოს ქუთაისის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის უფლებამონაცვლე ქუთაისის ფილიალის ნაწილში.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის მიზნად განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, ხოლო სახედ – კოლეჯი.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადების საფუძველზე.
5. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.
6. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის მართვის ორგანოების არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.
7. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი),„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცება.
8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე