1. პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იყოს საქართველოს მოქალაქე;
ბ) წარმატებით გაიაროს პოლიციის აკადემიაში შესარჩევი პროცესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;
დ) აბიტურიენტთა რანჟირების შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე პოლიციის აკადემიაში მოიპოვოს სწავლის უფლება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შესარჩევ პროცესს პირი გაივლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე. პოლიციის აკადემიაში შესარჩევი პროცესი მოიცავს:
ა) სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას;
ბ) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას;
გ) ფსიქოლოგიურ შემოწმებას;
დ) გასაუბრებას;
ე) სპეციალურ შემოწმებას.
3. პოლიციის აკადემიაში შესარჩევი პროცესის ვადები და პირის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება პოლიციის აკადემიის რექტორის ბრძანებით.
4. დაუშვებელია პოლიციის აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხოს:
ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
დ) პირი, რომელმაც ვერ გაიარა პოლიციის აკადემიაში შესარჩევი პროცესი;
ე) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქე/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.
5. სასწავლო წლის დაწყებამდე, პოლიციის აკადემიის რექტორის ბრძანებით, განისაზღვრება ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის, სააუდიტორიო მეცადინეობებისა და საგამოცდო პერიოდის ვადები.
6. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აბიტურიენტი ვალდებულია სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად პოლიციის აკადემიაში გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.
7. ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოადგენს აკადემიური რეგისტრაციის გავლის წინაპირობას და გულისხმობს პოლიციის აკადემიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენასა და ხელშეკრულების გაფორმებას. ადმინისტრაციული რეგისტრაცია გამოხატავს სტუდენტის მზაობას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, შესაბამის სემესტრულ შუალედურ და დასკვნით გამოცდებში.
8. ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა პოლიციის აკადემიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატის დედანი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ცნობა);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, დედნის წარმოდგენით;
დ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD დისკი);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის შემთხვევაში);
ვ) შევსებული სპეციალური აპლიკაცია, რომელიც აბიტურიენტს შეუძლია მიიღოს პოლიციის აკადემიაში ან/და ჩამოტვირთოს პოლიციის აკადემიის ოფიციალური ვებგვერდიდან.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, აბიტურიენტი აფორმებს ხელშეკრულებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პოლიციის აკადემიასთან. თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, მასთან ერთად ხელშეკრულებას ხელს აწერს მისი კანონიერი წარმომადგენელი.
10. ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სტუდენტი გადის აკადემიურ რეგისტრაციას, რომელიც გულისხმობს საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსებზე სტუდენტის დარეგისტრირებას, სასწავლო პროცესის მართვის სისტემის საშუალებით.
11. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პოლიციის აკადემიაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება პოლიციის აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოიცემა არაუგვიანეს შესაბამისი სასწავლო წლის დაწყებამდე.
12. პოლიციის აკადემია ახორციელებს სტუდენტის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისა