ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტობუსი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;

ბ) გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის;

გ) გაჩერება – ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის. გაჩერებად არ ითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა ავტოსატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო;

დ) გზა – მოძრაობისთვის  გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც  ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს;

ე) გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის (გარდა ტროტუარის, გვერდულას, ველობილიკის და ქვეითთა ბილიკისა);

ვ) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) - საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება;

ზ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) – ველოსიპედით მოძრაობისთვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისგან;

თ) მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას;

ი) პარკირება – დგომის ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან ავტოსატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას;

კ) პარკირების ადგილი – ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი გზა;

ლ) პარკირების ოპერატორი/პარკირების სფეროს ადმინისტრირების განმახორციელებელი პირი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ პარკირების სფეროს მართვისა და ორგანიზების მიზნით შერჩეული ორგანიზაცია - შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანია“ ს/ნ 433655822;

მ) პარკირების პირობები – პარკირების დაშვება/ შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით, პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი და პარკირების საფასური, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე პირობები;

ნ) პარკირების საფასური − ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული პარკირების ინდივიდუალური ადგილით სარგებლობისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა;

ო) პირი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;

პ) საგზაო  მონიშვნა – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო  მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ;

ჟ) საგზაო მოძრაობა – გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები;

რ) საგზაო მოძრაობის მონაწილე – პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;

ს) საგზაო ნიშანი – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც  საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ;

ტ) სამარშრუტო ავტოსატრანსპორტო საშუალება – გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალება;

უ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისთვის. ამ წესის მიზნებისთვის ეს ტერმინი მოიცავს ასევე, სასოფლო-სამეურნეო მანქანებს და სხვა სპეცტექნიკას;

ფ) საცნობი ნიშანი –  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან იურდიული პირის საკუთრებაში არსებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ამ წესის შესაბამისად გაცემული ნიშანი;

ქ) სპეციალური პარკირების ადგილი – ადგილი, სადაც პარკირება დაშვებული იქნება მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  მიერ განსაზღვრული სპეციალური პირობებით;

ღ) სპეციალური საშვი – პარკირების ოპერატორის მიერ ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაცემული ვადიანი საშვი.

ყ) ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;

შ) ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან  ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისთვის;

ჩ) ქვეითთა   გადასასვლელი   –   სავალი   ნაწილის   მონაკვეთი,    რომელიც  განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად „საგზაო მოძრაობის  შესახებ“  საქართველოს   კანონის შესაბამისად.

ც) ქვეითი – საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ან/და სხვა მცირე ზომის ავტოსატრანსპორტო საშუალება ძრავის გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ - ეტლით გადაადგილდება;

ძ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულული პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებშ