1. იმისათვის, რომ საწარმომ შეძლოს თავისი ფუნქციების განხორციელება, მხარე სახელმწიფოების ტერიტორიებზე საწარმოს ენიჭება წინამდებარე მუხლში გათვალისწინებული სტატუსი, პრივილეგიები და იმუნიტეტები. ამ პრინციპის ასამოქმედებლად, საწარმოს და მხარე სახელმწიფოებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ სპეციალური შეთანხმებების დადება.

2. საწარმოს უნდა ჰქონდეს ისეთი სამართლებრივი ქმედუნარიანობა, რომელიც აუცილებელია მისი ფუნქციების განსახორციელებლად და მიზნების შესასრულებლად და, განსაკუთრებით, ისეთი ქმედუნარიანობა, რომ:

(a) დადოს კონტრაქტები, მიიღოს ერთობლივი ზომები ან სხვა ზომები, მათ შორის, დადოს შეთანხმებები სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

(b) შეიძინოს, იჯარით აიღოს, ფლობდეს და განკარგოს უძრავი და მოძრავი ქონება.

(c) იყოს სამართალწარმოების მხარე.

3. (a) საწარმოს წინააღმდეგ მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ კომპეტენტური იურისდიქციის მქონე სასამართლოში იმ მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელშიც:

(i) საწარმოს აქვს ოფისი ან ობიექტი;

(ii) დანიშნა წარმომადგენელი უწყების ან საპროცესო შეტყობინების მიღების მიზნით;

(iii) დადო კონტრაქტი საქონლის ან მომსახურების შესახებ;

(iv) გამოშვებული აქვს ფასიანი ქაღალდები; ან

(v) სხვაგვარად ჩართულია კომერციულ საქმიანობაში.

(b) საწარმოს ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვინც არ უნდა ფლობდეს, სარგებლობს იმუნიტეტით ჩამორთმევის, ყადაღის ან აღსრულების ყველა ფორმისგან საწარმოს წინააღმდეგ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

4. (a) საწარმოს ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვინც არ უნდა ფლობდეს, სარგებლობს იმუნიტეტით რეკვიზიციის, კონფისკაციის, ექსპროპრიაციის ან აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ ჩამორთმევის ნებისმიერი სხვა ფორმისგან.

(b) საწარმოს ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვინც არ უნდა ფლობდეს, თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაციული შეზღუდვებისგან, წესებისგან, კონტროლისა და მორატორიუმებისგან.

(c) საწარმომ და მისმა თანამშრომლებმა უნდა დაიცვან ადგილობრივი კანონები და წესები ნებისმიერ სახელმწიფოში ან ტერიტორიაზე, სადაც საწარმო ან მისი თანამშრომლები შეიძლება ახორციელებდნენ საქმიანობას ან სხვაგვარად მოქმედებდნენ.

(d) მხარე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საწარმომ ისარგებლოს ყველა უფლებით, პრივილეგიითა და იმუნიტეტით, რომელსაც ისინი ანიჭებენ თავიანთ ტერიტორიებზე კომერციული საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებს. ეს უფლებები, პრივილეგიები და იმუნიტეტები საწარმოს ენიჭება არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე ისინი ენიჭებათ ანალოგიური კომერციული საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებს. თუ მხარე სახელმწიფოები განვითარებადი სახელმწიფოებისთვის ან მათი კომერციული სუბიექტებისთვის ითვალისწინებენ სპეციალურ პრივილეგიებს, საწარმო ამ პრივილეგიებით ისარგებლებს მსგავსი შეღავათიანი მოპყრობის საფუძველზე.

(e) მხარე სახელმწიფოებს შეუძლიათ, რომ საწარმოს მიანიჭონ სპეციალური წახალისებები, უფლებები, პრივილეგიები და იმუნიტეტები, სხვა კომერციული სუბიექტებისთვის ასეთი წახალისებების, უფლებების, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭების ვალდებულების გარეშე.

5. საწარმომ მასპინძელ ქვეყნებთან, სადაც განთავსებულია მისი ოფისები და ობიექტები, უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები პირდაპირი და არაპირდაპირი დაბეგვრისგან გათავისუფლების შესახებ.

6. თითოეულმა მხარე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე დანართში მოცემული პრინციპების საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად ამოქმედებისთვის და საწარმოს უნდა აცნობოს მის მიერ განხორციელებული კონკრეტული ზომების შესახებ.

7. საწარმოს შეუძლია უარი თქვას წინამდებარე მუხლით ან პირველ პუნქტში მითითებული სპეციალური შეთანხმებებით მინიჭებულ ნებისმიერ პრივილეგიასა და იმუნიტეტზე იმ მოცულობით და პირობებით, როგორც ამას თავად განსაზღვრავს.

დანართი V. შერიგება

განყოფილება 1. შერიგების პროცედურა XV ნაწილის პირველი განყოფილების შესაბამისად