თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, შემრიგებელი კომისია უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

(a) (g) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემრიგებელი კომისია შედგება ხუთი წევრისგან.

(b) საქმისწარმოების დამწყებმა მხარემ უნდა დანიშნოს ორი შემრიგებელი, რომლებიც სასურველია შეირჩეს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლში მითითებული სიიდან, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს მისი მოქალაქე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. ასეთი დანიშვნები უნდა იყოს შეტანილი წინამდებარე დანართის პირველ მუხლში მითითებულ შეტყობინებაში.

(c) დავის მეორე მხარემ წინამდებარე დანართის პირველ მუხლში მითითებული შეტყობინების მიღებიდან 21 დღის ვადაში უნდა დანიშნოს ორ შემრიგებელი (b) ქვეპუნქტში მითითებული წესით. თუ დანიშვნები არ განხორციელდება ამ ვადაში, საქმისწარმოების დამწყებ მხარეს შეუძლია ამ ვადის გასვლიდან ერთი კვირის ვადაში შეწყვიტოს საქმისწარმოება მეორე მხარისთვის გაგზავნილი შეტყობინებით ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მოსთხოვოს დანიშვნების განხორციელება (e) ქვეპუნქტის შესაბამისად.

(d) ოთხივე მომრიგებლის დანიშვნიდან 30 დღის განმავლობაში მათ უნდა დანიშნონ მეხუთე შემრიგებელი, რომელიც შეირჩევა წინამდებარე დანართის მე-2 მუხლში მითითებული სიიდან და იქნება თავმჯდომარე. თუ ამ ვადაში არ განხორციელდება დანიშვნა, ნებისმიერ მხარეს შეუძლია, ამ ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში მიმართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს დანიშვნის განსახორციელებლად (e) ქვეპუნქტის შესაბამისად.

(e) (c) ან (d) ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დავის მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, წინამდებარე დანართის მე-2 მუხლში მითითებული სიიდან უნდა განახორციელოს საჭირო დანიშვნები.

(f) ნებისმიერი ვაკანსია უნდა შეივსოს საწყისი დანიშვნისთვის დადგენილი წესით.

(g) ორმა ან მეტმა მხარემ, რომლებიც შეთანხმებით გადაწყვეტენ, რომ მათ ერთი და იგივე ინტერესები აქვთ, ერთობლივად უნდა დანიშნონ ორი შემრიგებელი. თუ ორ ან მეტ მხარეს განსხვავებული ინტერესები აქვთ ან არსებობს უთანხმოება იმის შესახებ, აქვთ თუ არა მათ ერთი და იგივე ინტერესი, მომრიგებლები უნდა დანიშნონ ცალ-ცალკე.

(h) დავებში, რომლებშიც ორზე მეტი მხარეა ჩართული და რომლებსაც განსხვავებული ინტერესები აქვთ, ან როდესაც არსებობს უთანხმოება იმის შესახებ, აქვთ თუ არა მათ ერთი და იგივე ინტერესი, მხარეებმა შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გამოიყენონ (a) – (f) ქვეპუნქტები.