1. კომისია შედგება 21 წევრისგან, რომლებიც არიან გეოლოგიის, გეოფიზიკის ან ჰიდროგრაფიის დარგის ექსპერტები, რომლებსაც, სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით, წინამდებარე კონვენციის მხარე სახელმწიფოები ირჩევენ თავიანთი მოქალაქეებიდან, რომლებმაც უნდა იმოქმედონ პირადი უფლებამოსილებით.
2. პირველი არჩევნები უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან 18 თვის განმავლობაში. თითოეული არჩევნების თარიღამდე სულ მცირე სამი თვით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა წერილით უნდა მიმართოს მხარე სახელმწიფოებს და შესთავაზოს მათ კანდიდატების წარდგენა, შესაბამისი რეგიონული კონსულტაციების შემდეგ, სამი თვის განმავლობაში. გენერალურმა მდივანმა ანბანური თანმიმდევრობით უნდა მოამზადოს ყველა ასე წარდგენილი კანდიდატის სია და წარუდგინოს ის ყველა მხარე სახელმწიფოს.
3. კომისიის წევრების არჩევნები უნდა ჩატარდეს გენერალური მდივნის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მოწვეულ მხარე სახელმწიფოთა შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე, რომლისთვისაც კვორუმს მხარე სახელმწიფოების ორი მესამედი შეადგენს, კომისიაში არჩეულ პირებად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარე სახელმწიფოების წარმომადგენლების ხმების ორი მესამედის უმრავლესობას. თითოეული გეოგრაფიული რეგიონიდან უნდა აირჩეს არანაკლებ სამი წევრი.
4. კომისიის წევრები აირჩევიან ხუთი წლის ვადით. მათ აქვთ ხელახალი არჩევის უფლება.
5. კომისიის წევრობის კანდიდატის წარმდგენმა მხარე სახელმწიფომ უნდა დაფაროს ამ წევრის ხარჯები კომისიის მოვალეობების შესრულების დროს. შესაბამისმა სანაპირო სახელმწიფომ უნდა დაფაროს წინამდებარე დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებული რჩევების ხარჯები. კომისიის სამდივნო უნდა უზრუნველყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.