1. წინამდებარე კონვენციის ცვლილებები, გარდა მე-5 პუნქტში მითითებულისა, იმ მხარე სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც მოახდინეს მათი რატიფიცირება ან შეუერთდნენ მათ, ძალაში შევა სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელების მხარე სახელმწიფოების ორი მესამედის ან 60 მხარე სახელმწიფოს მიერ დეპონირების შემდეგ ოცდამეათე დღეს, იმის მიხედვით, თუ რომელი რაოდენობაა მეტი. ასეთი ცვლილებები გავლენას არ მოახდენს სხვა მხარე სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მათი უფლებებით სარგებლობაზე ან ვალდებულებების შესრულებაზე.
2. ცვლილებამ შეიძლება გაითვალისწინოს, რომ მისი ძალაში შესვლისთვის საჭიროა რატიფიკაციის ან შეერთების უფრო დიდი რაოდენობა, ვიდრე ეს წინამდებარე მუხლით არის გათვალისწინებული.
3. თითოეული მხარე სახელმწიფოსთვის, რომელიც ახდენს პირველ პუნქტში მითითებული ცვლილების რატიფიცირებას ან უერთდება მას სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელების საჭირო რაოდენობის დეპონირების შემდეგ, ცვლილება ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.
4. სახელმწიფო, რომელიც წინამდებარე კონვენციის მხარე ხდება პირველი პუნქტის შესაბამისად ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ამ სახელმწიფოს მიერ არ არის გამოხატული განსხვავებული განზრახვა:
(a) ჩაითვლება ამგვარად შესწორებული წინამდებარე კონვენციის მხარედ; და
(b) ჩაითვლება შეუსწორებელი კონვენციის მხარედ ნებისმიერ მხარე სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელიც არ არის შებოჭილი შესწორებით.
5. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ეხება მხოლოდ რაიონში საქმიანობას, და ნებისმიერი ცვლილება VI დანართში, ძალაში შედის ყველა მხარე სახელმწიფოსთვის, მხარე სახელმწიფოების სამი მეოთხედის მიერ სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელების დეპონირებიდან ერთი წლის შემდეგ.
6. სახელმწიფო, რომელიც ხდება წინამდებარე კონვენციის მხარე მე-5 პუნქტის შესაბამისად ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ჩაითვლება ამგვარად შესწორებული კონვენციის მხარედ.