1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადის გასვლის შემდეგ, მხარე სახელმწიფოს შეუძლია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი გაგზავნილი წერილობითი კომუნიკაციით, წარადგინოს წინადადებები წინამდებარე კონვენციის კონკრეტული ცვლილებების შესახებ, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც ეხება რაიონში საქმიანობას, და მოითხოვოს კონფერენციის მოწვევა ასეთი წარდგენილი ცვლილებების განხილვის მიზნით. გენერალურმა მდივანმა ეს კომუნიკაცია უნდა გაუგზავნოს ყველა მხარე სახელმწიფოს. თუ შეტყობინების გაგზავნიდან 12 თვის განმავლობაში მხარე სახელმწიფოების არანაკლებ ნახევარი დადებითად უპასუხებს მოთხოვნას, გენერალურმა მდივანმა უნდა მოიწვიოს კონფერენცია.

2. ცვლილებებთან დაკავშირებით მოწვეულ კონფერენციაზე გადაწყვეტილების მიღების მიმართ გამოიყენება იგივე პროცედურა, რაც გამოიყენებოდა საზღვაო სამართლის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მესამე კონფერენციაზე, თუ კონფერენცია სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს. კონფერენციამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ნებისმიერ ცვლილებაზე შეთანხმება მიღწეულ იქნეს კონსენსუსის გზით და მათზე კენჭისყრა არ უნდა ჩატარდეს მანამ, სანამ ამოწურული არ იქნება კონსენსუსის მიღწევის ყველა მცდელობა.