1. მხარე სახელმწიფოებს შორის წინამდებარე კონვენციას ენიჭება უპირატესობა საზღვაო სამართლის შესახებ ჟენევის 1958 წლის 29 აპრილის კონვენციების მიმართ.

2. წინამდებარე კონვენცია არ ცვლის მხარე სახელმწიფოების უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს წინამდებარე კონვენციასთან თავსებადი სხვა შეთანხმებებიდან და რომლებიც გავლენას არ ახდენს სხვა მხარე სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მათი უფლებებით სარგებლობაზე ან ვალდებულებების შესრულებაზე.

3. ორ ან მეტ მხარე სახელმწიფოს შეუძლია დადოს შეთანხმებები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მათ შორის ურთიერთობებში და რომლებიც ცვლის ან აჩერებს წინამდებარე კონვენციის დებულებების მოქმედებას, იმ პირობით, რომ ასეთი შეთანხმებები არ ეხება ისეთ დებულებას, საიდანაც გადახვევა შეუთავსებელია წინამდებარე კონვენციის საგნისა და მიზნის ეფექტურად განხორციელებასთან, და იმ შემდგომი პირობით, რომ ასეთი შეთანხმებები გავლენას არ მოახდენს აქ გათვალისწინებული ძირითადი პრინციპების გამოყენებაზე, და რომ ასეთი შეთანხმებების დებულებები გავლენას არ მოახდენს სხვა მხარე სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მათი უფლებებით სარგებლობაზე ან ვალდებულებების შესრულებაზე.

4. მე-3 პუნქტში მითითებული შეთანხმების დადების განზრახვის მქონე მხარე სახელმწიფოებმა, წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარის მეშვეობით, სხვა მხარე სახელმწიფოებს უნდა აცნობონ შეთანხმების დადების განზრახვის შესახებ და იმ ცვლილების ან შეჩერების შესახებ, რომელსაც ის ითვალისწინებს.

5. წინამდებარე მუხლი გავლენას არ ახდენს საერთაშორისო შეთანხმებებზე, რომლებიც პირდაპირ ნებადართულია ან რომელთა მოქმედება შენარჩუნებულია წინამდებარე კონვენციის სხვა მუხლებით.

6. მხარე სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ცვლილებები არ განხორციელდება 136-ე მუხლში მოცემულ, კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპში, და რომ ისინი არ გახდებიან იმ შეთანხმების მხარეები, რომლებიც წარმოადგენენ ამ პრინციპიდან გადახვევას.