,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.011.049
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №88
2007 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ III, 31.08.2006წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) ,,ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, მოხმარებას ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის დაცვის რეჟიმში ჩართვის პერიოდში, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებში, ძალოვან, ვოლტდამმატ და გამზომ ტრანსფორმატორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, მაშუნტირებელ რეაქტორებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში, აგრეთვე სხვა ტექნიკურ დანაკარგებს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მუშა და უქმი სვლის რეჟიმებში;“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ“ და ,,უ“ ქვეპუნქტები:
,,ტ) ,,სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელი აღრიცხვის აქტი“ – ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) შესაბამისი საანგარიშო პერიოდში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის (მათ შორის, ექსპორტირებული, იმპორტირებული ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის) შემაჯამებელი აღრიცხვის აქტი, რომელშიც აისახება ხაზით (ხაზებით) გაცემული და მიღებული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობა და რომელიც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ერთობლივად ფორმდება შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სამართალსუბიექტთან;
უ) ,,სისტემათაშორისი ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტი“ – ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით შესაბამის საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის აღრიცხვის აქტი, რომელშიც აისახება ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის მოცულობების განაწილება ორ ან მეტ ექსპორტიორს (იმპორტიორს) შორის, თუ ისინი ამ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტს (იმპორტს) ახორციელებდნენ ერთი სისტემათაშორისი ხაზით. სისტემათაშორისი ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აღრიცხვის აქტი ყველა შესაბამისი ექსპორტიორის (იმპორტიორის) მიერ ერთობლივად ფორმდება ექსპორტის (იმპორტის) ხელშეკრულების უცხოური მხარის (მხარეების) უფლებამოსილ წარმომადგენელთან (წარმომადგენლებთან) ან/და აგრეთვე შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სამართალსუბიექტთან. ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტის ერთი დედანი შესაბამისი ექსპორტიორების (იმპორტიორების) მიერ აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს.“.
3. მე3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ელექტროენერგიით (სიმძლავრით) ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება აქვს სისტემის კომერციულ ოპერატორს, წარმოების და განაწილების ლიცენზიატს (ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისათვის შესაბამისი პირი უნდა ახორციელებდეს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე წელიწადში – სექტემბრიდან აგვისტოს ჩათვლით – არანაკლებ 120 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის რეალიზაციას), პირდაპირ მომხმარებელს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, იმპორტიორს და ექსპორტიორს, რომელიც აკმაყოფილებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესების მოთხოვნებს.“.
4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:
,,თ) საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების, მათ შორის, გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე არსებული აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტი, რომელიც ხელმოწერილია სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი ქსელის მფლობელი პირის წარმომადგენელთა მიერ.“.
5. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. კვალიფიციური საწარმოს ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საკითხს წყვეტს სისტემის კომერციული ოპერატორი, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ორი (2) კვირის ვადაში.“.
6. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სისტემის კომერციული ოპერატორის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ორი (2) კვირისა. ამასთან, შეტყობინება განმცხადებლის კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირების შესახებ ასევე უნდა ეცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.“.
7. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-81 პუნქტი:
,,81. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის კომერციულმა ოპერატორმა ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობისათვის რეგისტრაციაში გაატარა პირი (კვალიფიციური საწარმო), რომელიც არ არის ასახული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიურ ბალანსში, იგი ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გარდა, განმცხადებლის კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირების შესახებ აგრეთვე წერილობით აცნობოს სამინისტროს.“.
8. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს სისტემის კომერციული ოპერატორი. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და სამინისტროს. სისტემის კომერციული ოპერატორის გადაწყვეტილება კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე წარმოადგენს კვალიფიციური საწარმოსათვის ამ წესების შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის საფუძველს.“.
9. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი
1. ექსპორტისა და იმპორტის განხორციელება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დადგენილი წესით რეგისტრირებული შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტზე ან/და ექსპორტზე, თუ იგი სისტემის კომერციულმა ოპერატორმა დაარეგისტრირა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად.
2. ექსპორტსა და იმპორტზე დადებული პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაციაზე ვრცელდება ამ წესების მე-3 თავში პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტაციისათვის დადგენილი მოთხოვნა და პროცედურა. იმპორტიორს და/ან ექსპორტიორსა და უცხო ქვეყნის შესაბამის სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის (გაცვლის) თაობაზე ასევე საჭიროებს რეგისტრაციას ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.“.
10. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
11. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. იმპორტირებული და ექსპორტირებული ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება ამ წესების შესაბამისად. ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის (მათ შორის, ექსპორტირებული, იმპორტირებული ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის) შემაჯამებელი აღრიცხვის აქტი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ერთობლივად ფორმდება შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სამართალსუბიექტთან.“.
12. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. თუ ორი ან მეტი ექსპორტიორი (იმპორტიორი) ერთ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტს (იმპორტს) ახორციელებდნენ ერთი სისტემათაშორისი ხაზით, დგება კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტი, რომელშიც აისახება ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის მოცულობების განაწილება თითოეულ მონაწილე ექსპორტიორს (იმპორტიორს) შორის. სისტემათაშორისი ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტი ყველა შესაბამისი ექსპორტიორის (იმპორტიორის) მიერ ერთობლივად ფორმდება ექსპორტის (იმპორტის) ხელშეკრულების უცხოური მხარის (მხარეების) უფლებამოსილ წარმომადგენელთან (წარმომადგენლებთან) ან/და აგრეთვე უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სამართალსუბიექტთან. ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტის ერთი დედანი შესაბამისი ექსპორტიორების (იმპორტიორების) მიერ აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს.“.
13. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-21 პუნქტი:
,,21. პირდაპირ მომხმარებელს ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ელექტროენერგიის გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის მიზნებისთვის გადაცემის ქსელში წარმოქმნილი დანაკარგების დაფარვის უზრუნველსაყოფად. პირდაპირი მომხმარებლის სახით გადაცემის ლიცენზიატის მიერ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ წესების მე-3 მუხლის და ამ მუხლის დანარჩენი პუნქტების მოთხოვნები.“.
14. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დანართებზე ხელმოწერილი და დამოწმებული სამი დედანი;
გ) ამ წესების მე-6 თავის შესაბამისად განაწილების ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები – ასეთის გაფორმებისა და არსებობის შემთხვევაში;“.
15. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) პირდაპირი ხელშეკრულების მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს (გარდა ელექტროენერგიის იმპორტზე ან/და ექსპორტზე პირდაპირი ხელშეკრულებებისა, რომელთა რეგისტრაციის მიზნებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ გამოიყენება);“.
ბ) ,,თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
16. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საბალანსო ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, მოითხოვოს არგადამხდელი კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა ან შეზღუდვა ამ წესების 25-ე მუხლის შესაბამისად, გარდა ისეთი შემთხვევისა, თუ საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობაზე სისტემის კომერციულ ოპერატორსა და კვალიფიციურ საწარმოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
17. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
18. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) ,,ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ე“ ქვეპუნქტი:
,,ა.ე) ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტზე (გაცვლა) უცხო ქვეყნის შესაბამის სუბიექტებთან საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას. ამ მიზნით სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია იმპორტრებული და/ან საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგია გაყიდოს და/ან შეისყიდოს როგორც პირდაპირი ხელშეკრულებებით, აგრეთვე საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისათვის ამ წესებით დადგენილი სხვა ფორმით (პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით);“;
ბ) ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ბ. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ყიდვა-გაყიდვაზე გარანტირებული რეზერვის წყაროებთან და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებთან ამ წესებით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმება და/ან რეგისტრაცია;“;
გ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და კვალიფიციური საწარმოების მიერ მიწოდებული, შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების (ანალიზის) საფუძველზე, ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ან/და მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობების (მოცულობების) განსაზღვრა და საბოლოო ანგარიშსწორებისათვის ინფორმაციის წარდგენა, აგრეთვე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ერთობლივად ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზის (ხაზების) მიმართულებით შესატყვისი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის (მათ შორის, ექსპორტირებული, იმპორტირებული ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის) შემაჯამებელი სააღრიცხვო აქტის შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სამართალსუბიექტთან გაფორმება;“.
19. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ყველასათვის ხელმისაწდომ ადგილზე აქვეყნებს ინფორმაციას:
ა.ა) ყოველ მომდევნო საანგარიშო პერიოდში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობების თაობაზე;
ა.ბ) ყოველ საანგარიშო პერიოდში პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობებისა და ფასების (ტარიფების) მითითებით;
ა.გ) ყოველ საანგარიშო პერიოდში პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საფუძველზე გაყიდული და შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობებისა და საშუალო შეწონილი ტარიფების მითითებით;
ა.დ) გადაცემის ქსელში ფაქტობრივი დანაკარგების ოდენობაზე;
ა.ე) ყოველ საანგარიშო პერიოდში, როგორც პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე, ასევე ამ წესებით გათვალისწინებული სხვა ფორმით განხორციელებული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ყიდვაგაყიდვის თაობაზე, გარანტირებული რეზერვის წყაროების, უზრუნვლყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობისა და ჩამოყალიბებული ტარიფების მითითებით;“.
20. მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება სავალდებულოა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მყიდველი კვალიფიციური საწარმოებისათვის, სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესაბამისად.
2. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება კვალიფიციური საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად შესყიდული (მოხმარებული), ექსპორტირებული და გატარებული ელექტროენერგიის, ასევე კვალიფიციური საწარმოების მიერ სისტემის კომერციული ოპერატორისაგან შესყიდული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სრული მოცულობების მიხედვით, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით.“.
21. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
22. მე-16 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების ან საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის შეწყვეტა არ ათავისუფლებს მას ელექტროენერგიის მიწოდების ან საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის შეწყვეტამდე კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების გადახდისაგან.“.
23. მე-161 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) აწარმოოს პირდაპირი ხელშეკრულებების ერთიანი ნუსხა, დადგენილი წესით განაცხადოს ინფორმაცია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებულ და აუთვისებელ სიმძლავრეზე (მათ შორის, სიმძლავრის სასისტემო რეზერვზე შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მითითებით), ასევე გამოაცხადოს დატვირთვის რეზერვის გამოყენებაზე შესაბამისი განკარგულება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება ასევე განთავსდეს ოფიციალურ ვებგვერდზე;“.
24. მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ელექტროენერგიის მიმღები (მომხმარებელი) კვალიფიციური საწარმო (გარდა ავარიული შემთხვევებისთვის უცხო ქვეყნის შესაბამის სამართალსუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროენერგიის ექსპორტისა) ვალდებულია საპროგნოზოდ დაარეზერვოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვი, მისი მოხმარების არანაკლებ შემდეგი მოცულობებისა:
ა) 2006 – 2015 წწ. – 10%;
ბ) 2016 – 2019 წწ. – 15%.
2. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებაში აღნიშნული უნდა იყოს დარეზერვებული სიმძლავრის სრული რეალიზაციის ვადა და მოცულობები ელექტროენერგიის გადაცემის ქსელში გატარების ნორმატიული დანაკარგების გათვალისწინებით.“.
25. მე-191 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. თუ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ხელშეკრულების დარეგისტრირების განაცხადი არ ითვალისწინებს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ უკვე დარეზერვებული სიმძლავრის გარდა სხვა შესაძლებელი სიმძლავრის (ნამეტი სიმძლავრის) დარეზერვებას ან სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სიმძლავრის დარეზერვების პერიოდის გარდა სხვა პერიოდში სიმძლავრის დარეზერვებას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია დროებით შეაჩეროს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაციის პროცესი, თუ შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოს ამ წესებით გათვალისწინებული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სავალდებულო წილი დარეზერვებული აქვს სისტემის კომერციულ ოპერატორს. ხელშეკრულების რეგისტრაცია შეიძლება გადაიდოს განაცხადის შეტანიდან არა უმეტეს 40 კალენდარული დღით.
5. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეამოწმოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნა (მათ შორის, ტესტირების მეშვეობით) და შემოწმების შედეგების გათვალისწინებით დაადასტუროს ან არ დაადასტუროს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის მდგომარეობა.
6. თუ გარანტირებული რეზერვის წყაროს დატვირთვისას ან სიმძალვრის სასისტემო რეზერვის შემოწმებისას არ დადასტურდება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი (მათ შორის, თბოსადგურის შემთხვევაში შესაბამისი საწვავით უზრუნველყოფის შესახებ დოკუმენტაცია), დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია დადგენილი ხარვეზების აღმოფხვრამდე ან/და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის განმეორებით შემოწმებამდე შეაჩეროს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია, რის თაობაზე იგი დაუყოვნებლივ ატყობინებს ხელშეკრულების მხარეებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს.“.
26. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილ ხელშეკრულებებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფაზე როგორც სიმძლავრის სასიტემო რეზერვის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებთან, ასევე გარანტირებული რეზერვის წყაროებთან. ამ ხელშეკრულებების რეგისტრაციასა და მოდიფიცირებაზე არ ვრცელდება მე3 თავის მოთხოვნები. შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს შესაძლებლობა აქვს სისტემის კომერციულ ოპერატორთან ცალკე პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმების გზით უცვლელად მიიღოს სტანდარტული პირობები, რომელიც ექვემდებარება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციას. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ვრცელდება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე, ხოლო მე-6 პუნქტში აღნიშნული კი – გარანტირებული რეზერვის წყაროებზე.“.
27. მე-20 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ამ მუხლის მიზნებისათვის სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილ ხელშეკრულებას სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც ელექტროენერგეტიკული სისტემა ყოველ საანგარიშო თვეში უზრუნველყოფილი იქნება გარანტირებული რეზერვის წყაროებიდან სიმძლავრის სასისტემო რეზერვით. სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილი ხელშეკრულება სიმძლავრის დარეზერვებას უნდა უზრუნველყოფდეს ელექტროენერგიის გადაცემის ქსელში გატარების ნორმატიული დანაკარგების გათვალისწინებით. ამ ხელშეკრულების რეგისტრაციასა და მოდიფიცირებაზე არ ვრცელდება მე-3 თავის მოთხოვნები.
7. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით (სტანდარტული პირობებით) დასარეზერვებელი საპროგნოზო სიმძლავრის მოცულობები გამოითვლება შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მიერ სავალდებულოდ დასარეზერვებელსა (ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული ბალანსის მიხედვით) და სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებებით დარეზერვებულ სიმძლავრის მოცულობებს შორის სხვაობიდან.
8. სისტემის კომერციული ოპერატორი სიმძლავრის საჭირო საპროგნოზო მოცულობებს არეზერვებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ საანგარიშო თვის დაწყებამდე არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრე მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) კვალიფიციური საწარმოების მიერ პირდაპირი ხელშეკრულებებით დარეზერვებული სიმძლავრეები, აგრეთვე მათ მიერ დაურეზერვებელი საპროგნოზო სიმძლავრეები, რომელთა დარეზერვება სავალდებულოა მომავალი საანგარიშო პერიოდისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული ბალანსის მიხედვით;
ბ) გენერაციის ის წყაროები, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას სისტემის კომერციული ოპერატორისთვის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის დაურეზერვებელი მოცულობების უზრუნველყოფისთვის, თითოეული გენერაციის წყაროს მიერ გაცხადებული დარეზერვებისთვის მზადყოფნაში არსებული საპროგნოზო სიმძლავრეებისა და მომავალი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული ბალანსის მიხედვით ელექტროენერგიის წარმოების საპროგნოზო პერიოდების ჩვენებით.“.
28. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-81, მე-82, მე-83 და მე-84 პუნქტები:
,,81. გენერაციის ის წყაროები, რომლებიც შესაძლებელია მზად იყვნენ სისტემის კომერციული ოპერატორისთვის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის დაურეზერვებელი მოცულობების უზრუნველყოფისთვის საანგარიშო თვის დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წარუდგენენ განაცხადს სიმძალვრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) საჭირო დრო (საათი/წუთი) გაჩერებული მდგომარეობიდან (ცივი მდგომარეობიდან) ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაციამდე;
ბ) საჭირო დრო (საათი/წუთი) ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაციიდან ტექნიკური მინიმუმის მიღწევამდე, ტექნიკური მინიმუმის შესატყვისი სიმძლავრის მითითებით;
გ) საჭირო დრო (საათი/წუთი) ტექნიკური მინიმუმის მიღწევიდან მაქსიმალურ საპროგნოზო სიმძლავრის მიღწევამდე, მაქსიმალური საპროგნოზო ხანგრძლივად შენარჩუნებადი (ან გასაშუალოებული) სიმძლავრის მითითებით;
დ) საჭირო დრო (საათი/წუთი) შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული ბალანსით გათვალისწინებული გამოსამუშავებელი სიმძლავრიდან მაქსიმალური საპროგნოზო ხანგრძლივად შენარჩუნებადი (ან გასაშუალოებული) სიმძლავრის მიღწევამდე;
ე) მომავალი საანგარიშო პერიოდის ის ზუსტი მონაკვეთები, რომელთა განმავლობაში სიმძალვრის სასისტემო რეზერვი ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის სარემონტო ან/და პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების გამო.
82. ამ მუხლის მე-81 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ გენერაციის წყაროს განაცხადის ფორმას ადგენს და ამტკიცებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.
83. საჭიროების შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეამოწმოს გენერაციის იმ წყაროს განცხადებული მონაცემები სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ, რომლის მიერაც ელექტროენერგიის წარმოება მომავალ საანგარიშო პერიოდში არ არის გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული ბალანსის მიხედვით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს ის სრული ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც საფუძვლად დაედო გენერაციის წყაროს მიერ განცხადებულ მონაცემებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელებაზე ან მონაცემების წარდგენაზე (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მითითებულ ვადაში) გარანტირებული რეზერვის წყაროს მიერ უარის თქმა წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა არ შეიყვანოს გენერაციის ასეთი წყარო სისტემის კომერციული ოპერატორისთვის წარსადგენ რეზერვის შესაძლოდ უზრუნველმყოფი გენერაციის წყაროების სიაში ან ამოიღოს გენერაციის ასეთი წყარო სისტემის კომერციული ოპერატორისთვის უკვე წარდგენილი შესაბამისი სიიდან, რაზედაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სისტემის კომერციულ ოპერატორს და შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებს.
84. სიმძლავრის საჭირო საპროგნოზო მოცულობების დასარეზერვებლად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სისტემის კომერციულ ოპერატორს აწვდის ინფორმაციას მხოლოდ გენერაციის იმ წყაროს (წყაროების) შესახებ (დასარეზერვებლად თავისუფალი სიმძლავრეების მითითებით), რომელთა მიერ გაცხადებული მონაცემები სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ შეესაბამება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის დადგენილ მახასიათებლებსა და მოთხოვნებს. ასეთ ინფორმაციასთან ერთად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სისტემის კომერციულ ოპერატორს აგრეთვე ატყობინებს შესაბამისი გენერაციის წყაროებისგან სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ განაცხადების მიღების თარიღსა და დროს.“.
29. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მოწოდებულ გენერაციის იმ წყაროებს შორის, რომელთა მიერ გაცხადებული მონაცემები სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ შეესაბამება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის დადგენილ მახასიათებლებსა და მოთხოვნებს, შეარჩევს გენერაციის იმ წყაროს (წყაროებს), რომლის მეშვეობითაც იქნება მომავალ საანგარიშო პერიოდში საპროგნოზოდ უზრუნველყოფილი შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მიერ დაურეზერვებელი სიმძლავრე. სისტემის კომერციული ოპერატორი აღნიშნულის შესახებ სათანადო შეტყობინებას საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე უგზავნის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებს (რომელთაც არა აქვთ საკმარისი მოცულობით დარეზერვებული სიმძლავრე) და შერჩეულ გენერაციის წყაროს (წყაროებს). სისტემის კომერციული ოპერატორი გენერაციის წყაროს (წყაროებს) შეარჩევს პირველ რიგში მზადყოფნის ხარისხის, შემდეგ კი ფასების ზრდის მიხედვით, ხოლო თანაბარი ფასების შემთხვევაში – გენერაციის წყაროს განაცხადის წარდგენის თარიღის მიხედვით. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით შერჩეულ გენერაციის წყაროს (წყაროებს) სისტემის კომერციული ოპერატორის შეტყობინების მიღების შემდეგ წარმოეშობა ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის ვალდებულება.“.
30. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-91, მე-92 და მე-93 პუნქტები:
,,91. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ყოველ საანგარიშო პერიოდში ტესტირების მეშვეობით (ტესტირება შეიძლება ჩატარდეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ნებისმიერ დროს) ამოწმებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილ მოცულობას მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შერჩეული გენერაციის იმ წყაროდან (წყაროებიდან), რომლის მეშვეობითაც იყო საპროგნოზოდ უზრუნველყოფილი კვალიფიციური საწარმოების მიერ დაურეზერვებელი სიმძლავრე. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შერჩეული გენერაციის წყაროს (წყაროების) მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დარღვეული იქნება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის ვალდებულება ან შეუძლებელი აღმოჩნდება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფა (მათ შორის, ავარიის შედეგად), შესაძლებელია სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საპროგნოზო წყაროს მიერ უზრუნველყოფის შეფერხების პერიოდში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ტესტირების მეშვეობით აგრეთვე შემოწმდეს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი მოცულობა გენერაციის სხვა წყაროებიდან, რომლებიც დატვირთულ მდგომარეობაში იყვნენ ასეთი შეფერხების პერიოდში, წარმოადგენდნენ გარანტირებული რეზერვის წყაროს სისტემის კომერციული ოპერატორისთვის და გააჩნდათ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი.
92. გენერაციის ის წყარო (წყაროები), რომლის მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი მოცულობა შემოწმებული და დადგენილი იქნება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ტესტირების მეშვეობით, შესაბამის საანგარიშო პერიოდში ჩაითვლება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტული პირობების ფორმის ხელშეკრულების (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ) მხარედ. გენერაციის წყაროს მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი მოცულობის დადგენისა და ტესტირების ჩატარების ტექნიკური ინსტრუქცია დაინტერესებული გენერაციის წყაროების წინადადებების გათვალისწინებით მტკიცდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.
93. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში სისტემის კომერციულ ოპერატორს აცნობებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილ მოცულობებს (რომლებიც დადგენილია ტესტირების მეშვეობით) საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის მე-92 პუნქტში მითითებული გენერაციის წყაროების მიხედვით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ტესტირების მეშვეობით დადგენილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი მოცულობების ჯამი წარმოადგენს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფილ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სრულ მოცულობას.“.
31. მე-20 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. შესაბამისი განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი (გარდა ავარიული შემთხვევებისთვის უცხო ქვეყნის შესაბამის სამართალსუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროენერგიის ექსპორტისა (გაცვლისა)) ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ სისტემის კომერციულ ოპერატორს გასულ საანგარიშო პერიოდში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის (რეზერვის ფაქტობრივად დადგენილი მოცულობის) უზრუნველყოფის საფასური (მათ მიერ ფაქტობრივად მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოცულობების პროპორციულად).“.
32. მე-20 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტები.
33. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
,,21. საკუთარი წარმოების საშუალებით სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფისას, აღნიშნულ წარმოების საშუალებებს უნდა გააჩნდეთ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი.
,,22. იმ შემთხვევაში, როდესაც კვალიფიციური საწარმოს საკუთარი წარმოების საშუალებით უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვი არ აკმაყოფილებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შესაბამის ხარისხს, კვალიფიციური საწარმო ითვლება ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილი ხელშეკრულების მხარედ, მიუხედავად შესაბამისი განაცხადის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციისა.“.
34. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ზენორმატიული დანაკარგები, გარდა ნორმატიული დანაკარგისა, აგრეთვე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის დროს გადაცემის ქსელში წარმოქმნილი დანაკარგები ანაზღაურდება ელექტრული ქსელის მფლობელი ლიცენზიატის (ლიცენზიატების) მიერ კანონმდებლობის შესაბამისად.“.
35. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
,,6. იმ საცალო მომხმარებლისგან, რომელსაც გაფორმებული აქვს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან, ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის, აგრეთვე სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურის ამოღების მიზნით ელექტროენერგიის განაწილების ის ლიცენზიატი, რომლის განაწილების ქსელს უკავშირდება ასეთი მომხმარებელი, ვალდებულია (რაიმე დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე) თავისი მოქმედების არეალში მყოფი მითითებული საცალო მომხმარებლებისგან მიიღოს ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის, აგრეთვე სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების მთელი საფასური და სრულად აუნაზღაუროს იგი შესაბამისად გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს და სისტემის კომერციული ოპერატორს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით გაწეული გადაცემის და დისპეტჩერიზაციის, აგრეთვე სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურს განაწილების ლიცენზიატი მიიღებს გატარების საფასურთან ერთად იმ საცალო მომხმარებლისგან, რომელსაც გაფორმებული აქვს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან.“.
36. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ მიზნით პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 4 სამუშაო დღით ადრე მიაწოდონ ხელშეკრულების ფარგლებში მომავალი საანგარიშო პერიოდისთვის მოხმარებისა და მიწოდების საათობრივი გრაფიკები. აღნიშნულ გრაფიკებში ცვლილებების შესახებ მხარემ (მხარეებმა) არანაკლებ ორი სამუშაო დღით ადრე უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ხელშეკრულების დანარჩენ მხარეებს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წარმოდგენილ მოხმარებისა და მიწოდების გრაფიკებში შეუსაბამობის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი დაუყოვნებლივ აცნობებს მხარეებს ამის შესახებ და სთავაზობს მათ შეასწორონ უზუსტობა გონივრული ვადის მითითებით. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის ან დაგვიანების, აგრეთვე მომდევნო საანგარიშსწორებო პერიოდისათვის წარსადგენი მოხმარებისა და მიწოდების საათობრივი გრაფიკების წარუდგენლობის ან ამ წესების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მომავალი დღის მოხმარებისა და მიწოდების განაცხადების წარუდგენლობის შემთხვევებში დისპეტჩერიზაციის ლიცეზიატი უფლებამოსილია მოხმარებისა და მიწოდების დაბალანსება და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმის შედგენა განახორციელოს თავისი შეხედულებისამებრ ან/და წინა საბალანსო წლის ანალოგიური პერიოდის შესატყვისი მიწოდებისა და მოხმარების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით.“
37. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ელექტროენერგიის აღრიცხვაში დაშვებული შეცდომების შემთხვევაში აღრიცხვის მონაცემების გადაანგარიშება მოხდება იმ წინა პერიოდიდან, როცა ჩატარდა ხელსაწყოს უკანასკნელი ტექნიკური შემოწმება, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც სააღრიცხვო ელექტროხელსაწყო (მისი მეშვეობით გადაცემულ მონაცემთა ბაზა) იძლევა გადაანგარიშებას დასაქვემდებარებელი უფრო მცირე პერიოდის ზუსტი განსაზღვრის შესაძლებლობას.“.
38. 361-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
39. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებულნი არიან მომდევნო საანგარიშო პერიოდებში მიაწოდონ სისტემის კომერციულ ოპერატორს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია აღნიშნული ელექტროენერგია გაყიდოს მის მიერ ნაყიდი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ფასად. ამ ელექტროენერგიის სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ექსპორტირებისას ფასის ფორმირება ხდება ელექტროენერგიის ექსპორტსა ან/და გაცვლაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ასეთ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ წესების მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი.“.
40. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
41. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
,,10. 2007 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობების ფორმით დარეგისტრირებული ხელშეკრულებით დასარეზერვებელი საპროგნოზო სიმძლავრის მოცულობები არ გამოითვლება, გენერაციის ის წყაროები, რომელთა მეშვეობით იქნება 2007 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდისთვის საპროგნოზოდ უზრუნველყოფილი კვალიფიციური საწარმოების მიერ დაურეზერვებელი სიმძლავრე, არ შეირჩევა, ხოლო სიმძალავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის საფასურის ანაზღაურება განხორციელდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობების ფორმით დარეგისტრირებული ხელშეკრულების (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ) მიხედვით და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ტესტირების მეშვეობით დადგენილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი მოცულობების საფუძველზე.“.
მუხლი 2.
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა უზრუნველყოს:
ა) სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ გენერაციის წყაროს განაცხადის ფორმის შედგენა და დამტკიცება;
ბ) გენერაციის წყაროს მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი მოცულობის დადგენისა და ტესტირების ჩატარების ტექნიკური ინსტრუქციის შედგენა და დამტკიცება.
2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე დადებული ყველა პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე ან/და იმპორტზე, რომელიც მოქმედებს ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღისთვის ექვემდებარება დადგენილი წესით რეგისტრაციას (მიუხედავად პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების დაწყების თარიღისა) და რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა წარედგინოს შესაბამისად ექსპორტიორის ან იმპორტიორის მიერ არა უგვიანეს 2007 წლის 15 ნოემბრისა. ამ პუნქტის საფუძველზე წარდგენილი ელექტროენერგიის ექსპორტის ან/და იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, გარდა აღნიშნული მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში ასახული პირობებისა, არ გამოიყენება.
მუხლი 3.
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-20 პუნქტისა, ძალაშია 2007 წლის 1 ნოემბრიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-20 პუნქტი ძალაში შედის აღნიშნულ პუნქტში განსაზღვრული პრინციპების საფუძველზე სემეკ-ის იმ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასური.
ა. ხეთაგური