1. პირი რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განწესდება უვადოდ.

2. რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით აცხადებს კონკურსს და აღნიშნული სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დასანიშნად სათანადო პროცედურას ახორციელებს.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეს ნიშნავს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილებით. მოსამართლის კონკურსით დანიშვნისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონკურსში მონაწილე სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის (გარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრისა) ამ კანონის 351 მუხლის შესაბამისად კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასებისას სავალდებულოა მის მიერ განხილული 5 საქმის შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული (მათ შორის, არანაკლებ 2 საქმის (არსებობის შემთხვევაში) შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა/ნაწილობრივ გააუქმა). შესაფასებელი საქმეები შემთხვევითობის პრინციპის დაცვით შეირჩევა. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლის მიზანია, შეფასდეს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) მოსამართლეობის კანდიდატის მიერ ცოდნის დონე, მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორე, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარი, აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლისას ასევე ფასდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებულ/ნაწილობრივ გაუქმებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული სამართლებრივი შეცდომის ხასიათი და სერიოზულობა.

4. თუ მოსამართლეობის კანდიდატი მოსამართლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ განწესდება, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს უფლება აქვს, ამ კანდიდატის თანხმობით მიმართოს საბჭოს, რათა მან აღნიშნულ კანდიდატს მიმდინარე კონკურსის ფარგლებში დარჩენილ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ხელახლა უყაროს კენჭი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელახალი კენჭისყრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. ხელახალი კენჭისყრა იმართება საერთო წესით. ამასთანავე, მოსამართლეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლის იმ ვაკანტურ თანამდებობაზე განსაწესებლად საჭირო, ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილ ყველა სათანადო მოთხოვნას (მათ შორის, მოქალაქეობის, ქმედუნარიანობის, ასაკის, განათლების, სპეციალობით მუშაობის გამოცდილების, საქართველოს სახელმწიფო ენის ფლობის შესახებ მოთხოვნებს), რომელზე დასანიშნადაც მას ხელახლა ეყრება კენჭი.

საქართველოს 2017 წლის 8
თებერვლის
ორგანული
კანონი №255

- ვებგვერდი, 13.02.2017წ.

საქართველოს 2017 წლის
1
6

ივნისის
ორგანული
კანონი №1052 - ვებგვერდი, 27.0
6
.2017წ.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2282 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4218 – ვებგვერდი, 12.06.2024წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025