1. მოსამართლეს უფლება აქვს, თანამდებობაზე მისი უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუ მიაჩნია, რომ:
ა) შეფასებისას შემფასებელი/გასაუბრებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (წევრები) მიკერძოებული იყო (იყვნენ);
ბ) შეფასებისას შემფასებლის/გასაუბრებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის (წევრების) მიდგომა დისკრიმინაციული იყო;
გ) შემფასებელმა გადაამეტა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა შესაფასებელი მოსამართლის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას;
დ) ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო შეფასებას, არსებითად მცდარია, რის დამადასტურებლადაც შესაფასებელმა მოსამართლემ შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა;
ე) შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით განხორციელდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე.
2. საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოსამართლისათვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში შეიტანება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც მიღებულ საჩივარს თანდართულ მასალებთან ერთად 3 დღის ვადაში გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას.
3. მოსამართლე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პირადად ან თავისი დამცველის ანდა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.
4. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.
5. საჩივარი უნდა შეიცავდეს:
ა) საკვალიფიკაციო პალატის დასახელებას;
ბ) საჩივრის შემტანი პირის ვინაობას და მისამართს, მოწინააღმდეგე მხარის დასახელებას და მისამართს;
გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელებას;
დ) მითითებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გასაჩივრების საფუძველზე, აგრეთვე იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს ამ საფუძვლის არსებობას;
ე) საჩივრისათვის დართული წერილობითი მასალების ნუსხას;
ვ) საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.
6. საჩივარს უნდა დაერთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს, რომ წარმომადგენელი უფლებამოსილია შეიტანოს საჩივარი.
7. საჩივრის მიღებიდან 5 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამოწმებს, შეტანილია თუ არა საჩივარი ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. თუ საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო პალატა იღებს მას წარმოებაში. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო პალატა ავალებს საჩივრის შემტან პირს, გამოასწოროს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 დღისა. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდა, ან დაირღვა საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი განუხილველი რჩება. საჩივრის დასაშვებობის საკითხს საკვალიფიკაციო პალატა ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
8. საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გაეგზავნოს. საკვალიფიკაციო პალატას შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს დაუნიშნოს ვადა საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.
9. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს განიხილავს წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში. საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით საკვალიფიკაციო პალატა განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში. საკვალიფიკაციო პალატა უზრუნველყოფს მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას საკვალიფიკაციო პალატის სხდომაში მონაწილეობისათვის.
10. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ნიშნავს თავის წარმომადგენელს.
საქართველოს 2014 წლის
1 აგვისტოს ორგანული
კანონი №
2647
-
ვებგვერდი, 18.08.2014