1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8 წევრს კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობრივად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით არჩეული წევრები.
3. საქართველოს საერთო სასამართლოებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება), უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ან სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.
4. საქართველოს პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. კანდიდატურების წარდგენის, ამ პუნქტითა და მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვისა და საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
5. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 1 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. პირველ შემთხვევაში კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30-ე დღიდან 10 დღის განმავლობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში. კონკურსის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს არაუმეტეს 1 კანდიდატურის