ტრანსფერის

სისტემიდან

დამატებული

ღირებულების

გადასახადის

განაწილების

სისტემაზე

გადასვლის

გარდამავალი

პერიოდი

1. გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდია 2019 წლიდან 2026 წლის ჩათვლით.

2. 2019 წელს დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები თანხის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელს 25%-ზე მეტით არ უნდა აღემატებოდეს.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მიიმართება იმ მუნიციპალიტეტების შემოსავლებში, რომელთა მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე პროგნოზირებული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელზე ნაკლებია.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რესურსის იმავე ნაწილით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებზე განაწილება ხდება იმ პროპორციით, რა ხვედრითი წილიც თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისს ყველა მუნიციპალიტეტის დანაკლისის ჯამურ მაჩვენებელში აქვს.

5. 2020−2026 წლებში დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელი თითოეულ წელს 25%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

7. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი 2023 წელს მიიმართება შემდეგნაირად:

ა) აღნიშნული რესურსი პირველ ეტაპზე მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადი 5 მილიონ ლარზე ნაკლებია, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტის დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 5 მილიონი ლარით განსაზღვრას;

ბ) დარჩენილი რესურსი, ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია.

71. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტზე, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი აღნიშნული შეზღუდვის გარეშე განაწილების შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე ნაკლებია.

72. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი 2025-2026 წლებში მიიმართება შემდეგნაირად:

ა) ეს რესურსი პირველ ეტაპზე მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის გარეშე განაწილების შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო აღნიშნული შეზღუდვის შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე ნაკლებია, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 15 მილიონ ლარამდე შევსებას;

ბ) დარჩენილი რესურსი მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე ნაკლებია, იმ პროპორციით, რა ხვედრითი წილიც აქვს თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისს ყველა მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისების ჯამურ მაჩვენებელში.

8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში ასახვის მიზნით თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის პროცენტულ მაჩვენებელს ამ კოდექსის 71-ე მუხლისა და ამ მუხლის შესაბამისად გაიანგარიშებს.

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5589 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 13 დეკემბრის კანონი №1722 - ვებგვერდი, 22.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3975 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №133 – ვებგვერდი, 28.12.2024წ.

საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1220 – ვებგვერდი, 19.12.2025