1. მუნიციპალიტეტებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის მე-4 გრაფით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული მაჩვენებლის ფარგლებში.

2. ამ მუხლის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ყველა მუნიციპალიტეტისათვის, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისა.

3. მუნიციპალიტეტებისათვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის, 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობისა და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით, კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის:

ა) 60% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით;

ბ) 15% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის მიხედვით;

გ) 10% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის მიხედვით;

დ) 5% ნაწილდება მუნიციპალიტეტის ფართობის მიხედვით;

ე) 10% ნაწილდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის მომზადებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად გაიანგარიშებს და ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახავს მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადში თითოეული მუნიციპალიტეტის კუთვნილი წილის პროცენტულ მაჩვენებელს.

5. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი, რომლის მოცულობა შესაბამისი წლის ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება.

საქართველოს 2014
წლის
5
თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020