„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.09.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/483/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-10-05
ბიუროს ნომერი 332

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
(პროექტი) საქართველოს კანონი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.“. 2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კინოს სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესი და პირობები ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის საკონკურსო დებულების მიხედვით, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.“. მუხლი 2. 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს კულკტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროქტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, რომელშიც სწორდება ტექნიკური ხარვეზი და კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის 2010 წლის 29 ივნისს მიღებულ კანონთან ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე. აღნიშნული კანონით შეიქმნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია იმ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა რომელიც ,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდა ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე კანონის მიღების შემდგომ. კერძოდ დღეს მოქმედ კანონში ნაცვლად ,,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსი“, ტექსტში დარჩენილია ჩანაწერი ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო“; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის პროექტის შესაბამისად ტექნიკური სახის ცვლილების შეტანა ხდება შესაბამის მუხლებში, სადაც იცვლება სამინისტროს სახელწოდება, კერძოდ: ჩანაწერი ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი“ იცვლება სიტყვებით ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.“; ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას; ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადისა და მოსაკრებლის დაწესებას; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი; ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 8. ეროვნული კინოცენტრის სამართლებრივი სტატუსი და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 1. ეროვნული კინოცენტრი წარმოადგენს ამ კანონის საფუძველზე საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. 2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონითა და საკუთარი დებულებით გათვალისწინებული საქმიანობა. საკუთარი მიზნების მისაღწევად ეროვნული კინოცენტრი აგრეთვე უფლებამოსილია გასწიოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობაც. 3. ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. (29.12.2004 N 967) 5. ეროვნული კინოცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული კინოცენტრის დებულების შესაბამისად. 6. ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: ა) კინოს დარგში კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ბ) ქართული კინოს დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამების შექმნასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესში სათანადო წინადადებების მომზადება და წარდგენა კინემატოგრაფიისათვის გამოსაყოფი ასიგნებების ნაწილში; დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კინემატოგრაფიისათვის გამოყოფილი სახსრების განაწილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი საკონკურსო წესით; ე) კინოს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კინოქსელისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო მხარდაჭერის კოორდინაცია; ვ) ფილმების ერთიანი საინფორმაციო-სააღრიცხვო ბანკის შექმნა; ზ) საქართველოს ეროვნული კინოარქივის შექმნა; თ) კინოგანათლებისა და კინომეცნიერების განვითარება, შემოქმედებითი და საინჟინრო-ტექნიკური კადრების მომზადებისათვის ხელის შეწყობა; ი) კინოს დარგში სტატისტიკური აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა, კინოორგანიზაციათა ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება; კ) კინოს დარგში საერთაშორისო კავშირების განვითარება, საერთაშორისო კინოორგანიზაციებში წარმომადგენლობა, მონაწილეობა კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში; ლ) ფილმის ავტორთა უფლებების დაცვისათვის ზრუნვა და ხელშეწყობა; მ) ეროვნული ფილმის დებულების შემუშავება და დამტკიცება. 7. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურა, მისი კომპეტენცია, მართვის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი, სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები, საფინანსო საქმიანობის საფუძვლები და ქონების ფორმირების წესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი. მუხლი 9. კინოს სახელმწიფო დაფინანსების წესი და პირობები 1. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა მისი სახელმწიფო დაფინანსება. 2. კინოს სახელმწიფო დაფინანსებისათვის ყოველწლიურად ეროვნული კინოცენტრის ორგანიზაციულ კოდზე იგეგმება სათანადო ასიგნებები საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან. 3. კინოს სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესი და პირობები ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის საკონკურსო დებულების მიხედვით, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. (29.12.2004 N 967) 4. ეროვნული კინოცენტრი სახელმწიფო დაფინანსების განაწილებას ახორციელებს საკონკურსო დებულების საფუძველზე კინოცენტრსა და შესაბამისად ეროვნული ფილმის პროდიუსერს, დისტრიბუტორს ან დემონსტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით. 5. კინოს სახელმწიფო დაფინანსება არის მიზნობრივი და იგი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა დანიშნულებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისა.