„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.12.2015
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/431/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-28
ბიუროს ნომერი 371

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან განსხვავებული ვადები საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის.“ 2. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ზოგადი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებია: ა) საგანმანათლებლო პროგრამები; ბ) მატერიალური რესურსი; გ) ადამიანური რესურსი.“ ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებია: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება; ბ) ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა; გ) საგანმანათლებლო პროგრამები; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი; ე) სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები; ვ) კვლევა, განვითარება და/ან სხვა შემოქმედებითი საქმიანობა; ზ) მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.“ 3. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებენ დაწესებულებების ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭოები), რომელთა წევრებსაც სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოების წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები. ავტორიზაციის საბჭოების უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მათი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.“ ბ) მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. 6. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შესაძლებლობას. ცენტრი ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის ვადის გასვლამდე 9 თვით ადრე აცნობოს ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ.“ 4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.“; 5. მე-15 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არა უმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულებაში ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემის დღიდან 9 0 კალენდარული დღის განმავლობაში.“; 6. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები 1. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს; ბ) მოსწავლეებს უფლება აქვთ, გადავიდნენ სხვა შესაბამის დაწესებულებაში; გ) სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით. 2. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იურიდიული პირი უფლებამოსილია წარადგინოს ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.“; 7. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – აკრედიტაციის საბჭო), რომელთა წევრებსაც სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.“ 8. 22-ე მუხლის: ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე შეიძლება იყოს ოთხი სახის: ა) აკრედიტაციის შესახებ; ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ; გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ; დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. 3. აკრედიტაციის ვადა 7 წელია. პირობითი აკრედიტაციის ვადა არაუმეტეს 2 წელია. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-34 პუნქტები: „31. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში, აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს. 32. საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში, პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, აკრედიტაციის დებულებით დადგენილ შემთხვევაში და წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს. 33. პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნას ზედიზედ ორჯერ. 34. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის გადახდიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.“ 9. 23-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არა უმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულებაში აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემის დღიდან 9 0 კალენდარული დღის განმავლობაში.“; 10. კანონს IV თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი: „IV1 თავი. დავის განმხილველი ორგანო მუხლი 241. სააპელაციო საბჭო 1. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საბჭოში ან სასამართლოში. 2. სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ასევე ავტორიზაციის ან აკრედიტაციის საბჭოს წევრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს სააპელაციო საბჭოში საჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან განსხვავებული ვადები. 3. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ორი სახის: ა) ავტორიზაციის საბჭოების/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ; ბ) ავტორიზაციის საბჭოების/აკრედიტაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ. 4. სააპელაციო საბჭოში ან სასამართლოში ავტორიზაციის საბჭოების/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.“; 11. კანონს 321 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 322 მუხლი: „მუხლი 322. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც აკრედიტაცია მიენიჭა 2011-2012 წლებში ჩაითვალოს აკრედიტებულად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელახალი ავტორიზაციიდან 1 წლის ვადით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-7 მუხლის მე-2 და მე-21 პუნქტებისა და მე-10 პუნქტით გათვალისწინებული 241 მუხლისა. მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-7 მუხლის მე-2 და მე-21 პუნქტები და მე-10 პუნქტით გათვალისწინებული 241 მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღება განპირობებულია არსებული რეალობის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის მართვის სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების სტრუქტურის შინაარსობრივი გადახედვა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცედურების დახვეწა, რაც თავის მხრივ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება ხელს შეუწყობს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში ცენტრი) გამართულ ფუნქციონირებასა და საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების/განათლების აღიარების პროცესების ხარისხის გაუმჯობესებას, რითაც, თავისმხრივ, გაიზრდება განმცხადებელთა კმაყოფილების დონე. აღნიშნული ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცენტრის მიერ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების (გარდა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა) წარმოება, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხორციელდება ერთი თვის ვადაში, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ცენტრი ითხოვს შესაბამის დოკუმენტაციას უფლებამოსილი პირებისაგან (მაგ., საარქივო დოკუმენტაციის მფლობელი პირი ან დაწესებულება, დამსაქმებელი), რომელთა მიერაც დოკუმენტაციის მიწოდება ცენტრისთვის ვერ ხერხდება ერთი თვის ვადაში. ამდენად, ცენტრი ვერ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო დოკუმენტების ერთ თვეში წარმოუდგენლობის გამო ცენტრი ვერ იკვლევს საქმისთვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებას. შესაბამისად, იმისთვის, რომ ცენტრმა არ დაარღვიოს ადმინისტრაციული წარმოების ვადები და ამასთან, შეასრულოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაკისრებული საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის ვალდებულება, მნიშვნელოვანია, კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეეძლოს „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში“ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესთან და საფასურთან ერთად განსაზღვროს ამ წარმოების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან განსხვავებული ვადებიც. საგულისხმოა, რომ ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. ამავდროულად, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება პროცესის გაუმჯობესების გარდაუვალ საჭიროებაზე მიანიშნებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები ადგენენ საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის მინიმალურ სტანდარტებს, რომელთა დაკმაყოფილება დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით დაწესებულებებისათვის სირთულეს აღარ წარმოადგენს. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესმა არსებულ რეალობაში დაკარგა ეფექტური მექანიზმის ფუნქცია და ფორმალური ხასიათი მიიღო. ბაზარზე მოქმედი დაწესებულებებისათვის ავტორიზაციისა თუ პროგრამების აკრედიტაციის გავლა აღარ წარმოადგენს რეალურ გამოწვევას, რაც ქვეყანაში განათლების ხარისხის განვითარებას აფერხებს. ამასთან ერთად, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის კონკურენტუნარიანობის ზრდა. ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია მოითხოვს განათლების ხარისხის სტანდარტების ძირეულ გადახედვას. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად, ავტორიზაციის მოქმედი სამი სტანდარტისგან განსხვავებით, ახალი სტანდარტები დეტალურ მოთხოვნებს დაუწესებენ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას, სტრატეგიულ ხედვასა და მის განვითარებას; დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვას; სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლასწავლების პროცესის სრულფასოვან უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას; კვლევის, განვითარებისა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობას. ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები ორიენტირებული იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის, მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსების, საგანმანათლებლო პროგრამისა და დაწესებულების მიერ მიღწეული შედეგების შეფასებაზე, რაც განათლების ხარისხის რეალური სურათის შეფასების საშუალებას უზრუნველყოფს. ავტორიზაციის სამი სტანდარტი (საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური და ადამიანური რესურსი) ძალაში დარჩება მხოლოდ ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებით. ამასთან, მიზანშეწონილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დღეს არსებული სამი სტანდარტი ჩაიშალოს შემდეგ შვიდ სტანდარტად: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება; ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა; საგანმანათლებლო პროგრამები; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი; სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები; კვლევა, განვითარება და/ან სხვა შემოქმედებითი საქმიანობა; მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოების უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. ამდენად, ნორმა იძლევა საშუალებას ავტორიზაციის დებულებით განისაზღვროს ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის წესი, რაც ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდას. ანალოგიურ მიზანს ემსახურება კანონპროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება აკრედიტაციის საბჭოსთან მიმართებით. ამასთან, დღეს არსებული რეგულაციით, ავტორიზაციის/აკრედიტაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე/აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 90 დღის განმავლობაში. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება მოხდება დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან ან აკრედიტაციის საფასურის გადახდიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. ცვლილების მიზანია, თითოეული ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება იქნეს მიღებული მხოლოდ ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საავტორიზაციო/სააკრედიტაციო წარმოების თავისებურებისა (საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა, ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა/აკრედიტაციის საფასურის განსაზღვრა ან ხარვეზის დადგენა, ექსპერტთა მიერ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა, ექსპერტთა ჯგუფის მიერ ვიზიტის განხორციელება, ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის შედგენა, საბჭოების მიერ საკითხის განხილვა ზეპირ მოსმენაზე და გადაწყვეტილების გამოქვეყნება) და ზოგიერთ შემთხვევაში განსახილველი საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული წარმოების 90 დღიანი ვადა არ არის საკმარისი. შესაბამისად, მიზანშეწონილია ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაიზარდოს და განისაზღვროს 180 კალენდარული დღით, ნაცვლად 90-ისა. ცვლილების თანახმად, ასევე დაკონკრეტდა საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ვადა, კერძოდ, გადაწყვეტილება სხდომის ოქმთან ერთად, რომლიც მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ავტორიზაციის წარმოების ვადის გაზრდას უკავშირდება ცენტრის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ვადის გასვლის თაობაზე შეტყობინების ვადის გადახედვა. კერძოდ, ავტორიზაციის ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე შეტყობინების ნაცვლად, კანონპროექტის თანახმად, ცენტრი ვალდებულია აცნობოს დაწესებულებას ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ ამ ვადის გასვლამდე 9 თვით ადრე. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად, ავტორიზაციის ვადად 5 წლის ნაცვლად, განისაზღვრა 6 წელი. ეს ვადა მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულების/საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მიღწეული შედეგებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის შეფასების თვალსაზრისით. აღნიშნული ვადა ექსპერტებს შესაძლებლობას მისცემს შეაფასონ დაწესებულების სტრატეგიული (6 წლიანი) გეგმის შესრულების ხარისხი და ამ დროის განმავლობაში გაზომონ საგანმანათლებლო დაწესებულების/პროგრამის განვითარების მაჩვენებელი. ამასთან, აღნიშნულ პერიოდის განმავლობაში განხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებებისა გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგი და მოხდება მათი ხარისხის მუდმივი კონტროლისა და ხელშეწყობის მექანიზმების ამოქმედება. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად, ავტორიზაციის გაუქმების წარმოების დროს დაწესებულებებს ნაცვლად მაქსიმუმ 15 დღიანი ვადისა, ხარვეზის გამოსასწორებლად შესაძლებელია დაუწესდეს მაქსიმუმ 60 დღიანი ვადა. საგულისხმოა, რომ ხშირ შემთხვევაში, 15 დღიანი ვადის განსაზღვრა არ წარმოადგენდა ამ წარმოებაში ეფექტიან და ქმედით მექანიზმს. ცვლილება განპირობებულია დაწესებულებების ხელშეწყობისა და ხარვეზების გამოსწორებაში რეალური დაინტერესების მოტივით. ამასთან, კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებდა ავტორიზაციის გაუქმების წარმოების ვადას. ამდენად, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულებაში ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში (ამ ვადაში მოაზრება ხარვეზის გამოსწორებისათვის დაწესებულებისათვის განსაზღვრული მაქსიმუმ 60 დღიანი ვადა). ანალოგიურ მიზანს ემსახურება კანონპროექტის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება აკრედიტაციის გაუქმების წარმოებასთან მიმართებით. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად, ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იურიდიული პირი უფლებამოსილია წარმოადგინოს ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ. ცვლილების მიზანია, დაწესებულებამ, რომელსაც უარი ეთქმევა ავტორიზაციაზე, გაანალიზოს ექსპერტთა მიერ დაფიქსირებული შენიშვნები/რეკომენდაციები, დასახოს მათი გამოსწორების გზები და 1 წლის გასვლის შემდგომ ხელახლა წარმოადგინოს საავტორიზაციო განაცხადი. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ აკრედიტაციის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიში ასახული ინფორმაციის, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, სამომავლოდ იგეგმება, როგორც ექსპერტთა შუალედური დასკვნის და დაწესებულების მიერ ექსპერტთა შუალედური დასკვნის თაობაზე წერილობითი არგუმენტაციის მომზადება, ასევე უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ამ პროცესების ხელშეწყობის მიზნით, მიზანშეწონილია კანონში წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით ასევე გათვალისწინებულია საგანმანთლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების სახეებში „პირობითი აკრედიტაციის შესახებ“ გადაწყვეტილების დამატება. ცვლილების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში, 7 წლის ვადით აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს. საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში, არაუმეტეს 2 წლის ვადით პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს. აღნიშნული ცვლილების განხორციელება მიზანშეწონილია განვითარებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის დანერგვის თვალსაზრისით, ვინაიდან ის გამორიცხავს ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას და მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებას საშუალებას მისცემს წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად გამოასწოროს/გაითვალისწინოს გამოვლენილი ხარვეზები/რეკომენდაციები. ასევე, აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების 7 წლის ვადით განსაზღვრა მიზანშეწონილია როგორც ფინანსური (დაწესებულება საფასურს გადაიხდის 5-ის ნაცვლად, 7 წელიწადში ერთხელ), ასევე საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მიღწეული შედეგებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის შეფასების თვალსაზრისით. აღნიშნული ვადა ექსპერტებს შესაძლებლობას მისცემს რეალურად გაზომონ პროგრამის განვითარების მაჩვენებელი. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, შეიქმნება ავტორიზაციის და აკრედიტაციის გადაწყვეტილებების გასაჩივრების მექანიზმი, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხარვეზების შემცირებასა და საბჭოების მუშაობის თანმიმდევრულობას უზრუნველყოფს. სააპელაციო საბჭოზე საკითხის განხილვისას, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული როგორც შინაარსობრივ, ასევე ფორმალურ საკითხებზე, განსხვავებით სასამართლოსგან, რომელიც იხილავს, რამდენად იყო გადაწყვეტილების მიღების დროს დაცული ფორმალური კანონიერება. მოცემული რეგულაცია გაზრდის საბჭოების მიერ დასაბუთებული, კანონიერი, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების რაოდენობას. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც აკრედიტაცია მიენიჭა 2011-2012 წლებში ჩაითვლება აკრედიტებულად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელახალი ავტორიზაციიდან 1 წლის ვადით. ამ ცვლილების მიზანია ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების ლოგიკური კავშირის მიღწევა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაცია განახლებული აკრედიტაციისა და უმაღლესი განათლების დარგობრივი სტანდარტებით. 2011 წელს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 5 წლის ვადით მიენიჭათ ავტორიზაცია 20122013 სასწავლო წლიდან (გამომდინარე ინსიტიტუციური აკრედიტაციის ვადისა - 2012-2013 სასწავლო წლამდე). ამდენად, მათი ავტორიზაციის ვადა იწურება 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებამდე. ცვლილების მიზანია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების განახლებული აკრედიტაციის სტანდარტით შემოწმება განხორციელდეს მას შემდეგ, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციას გაივლის ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული სააპელაციო საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურება განხორციელდება ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 1. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). 2. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ცენტრის დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ამტკიცებს ცენტრის დებულებას; ბ) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა (შემდგომში – ავტორიზაციის დებულება) და საფასურს; გ) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებასა (შემდგომში – აკრედიტაციის დებულება) და საფასურს; დ) ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; ე) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესს; ე1) ამტკიცებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურს; ვ) განსაზღვრავს ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ვადებს ან/და ამ მომსახურების საფასურს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7. ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი. ავტორიზაციის სტანდარტები 1. ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. 2. ავტორიზაციის სტანდარტებია: ა) საგანმანათლებლო პროგრამები; ბ) მატერიალური რესურსი; გ) ადამიანური რესურსი. 3. ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. მუხლი 11. გადაწყვეტილება ავტორიზაციის თაობაზე 1. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებენ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭოები), რომელთა წევრებსაც სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოების წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები. ავტორიზაციის საბჭოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მათი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. 2. ავტორიზაციის საბჭოები საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებენ ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ავტორიზაციის შესახებ; ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ; გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. 3. ავტორიზაციის საბჭოები ვალდებული არიან დაასაბუთონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. 4. ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან 90 დღის განმავლობაში. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. 6. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შესაძლებლობას. ცენტრი ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე აცნობოს ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ. მუხლი 12. გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ 1. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს. 2. ავტორიზაციის ვადა 5 წელია. 3. ავტორიზაციის საბჭოები ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით განუსაზღვრავენ მოსწავლეთა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების სტუდენტთა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობებს ავტორიზაციის ვადის განმავლობაში. მუხლი 15. ავტორიზაციის პირობების შემოწმება და ავტორიზაციის გაუქმება 1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არა უმეტეს 15 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. 2. ავტორიზაციის პირობები მოწმდება ყოველწლიურად ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, ასევე ცენტრის ინიციატივით. 3. ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, ცენტრის წარდგინებით მიიღონ გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით. მუხლი 16. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს; ბ) მოსწავლეებს უფლება აქვთ, გადავიდნენ სხვა შესაბამის დაწესებულებაში; გ) სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით. მუხლი 19. აკრედიტაციის ჩატარება 1. აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი. 2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. მუხლი 22. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე 1. საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს აკრედიტაციის საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე შეიძლება იყოს სამი სახის: ა) აკრედიტაციის შესახებ; ბ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ; გ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. 3. აკრედიტაციის ვადა 5 წელია. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება. 4. სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის უწყვეტობის შესაძლებლობას. მუხლი 23. აკრედიტაციის პირობების შემოწმება და აკრედიტაციის გაუქმება 1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არა უმეტეს 15 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. 2. აკრედიტაციის პირობები მოწმდება ყოველწლიურად ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, ასევე ცენტრის ინიციატივით. 3. აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არღვევს აკრედიტაციის პირობებს.