„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.12.2015
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/431/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-28
ბიუროს ნომერი 371

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 561 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ავტორიზაციის სტანდარტებია: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება; ბ) ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა; გ) საგანმანათლებლო პროგრამები; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი; ე) სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები; ვ) კვლევა, განვითარება და/ან სხვა შემოქმედებითი საქმიანობა; ზ) მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები. 3. ავტორიზაციის ვადაა 6 წელი.“; 2. 562 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო), რომლის წევრებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.“; 3. 564 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იურიდიული პირი უფლებამოსილია წარადგინოს ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.“; 4. 63-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.“; 5. 66-ე მუხლის: ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე შეიძლება იყოს ოთხი სახის: ა) აკრედიტაციის შესახებ; ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ; გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ; დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. 3. აკრედიტაციის ვადა 7 წელია. პირობითი აკრედიტაციის ვადა არაუმეტეს 2 წელია. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 - 33 ქვეპუნქტები: „31. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში, აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს. 32. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში, პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, აკრედიტაციის დებულებით დადგენილ შემთხვევაში და წესით, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს. 33. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნას ზედიზედ ორჯერ.“; 6. 77-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 561 მუხლის მე-2 პუნქტისა. მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 561 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღება განპირობებულია არსებული რეალობის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის მართვის სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობით. კანონპროექტის მიღება გამოწვეულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების სტრუქტურის შინაარსობრივი გადახედვა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცედურების დახვეწა, რაც განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. ამავდროულად, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება პროცესის გაუმჯობესების გარდაუვალ საჭიროებაზე მიანიშნებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები ადგენენ საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის მინიმალურ სტანდარტებს, რომელთა დაკმაყოფილება დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით დაწესებულებებისათვის სირთულეს აღარ წარმოადგენს. ავტორიზაციისა პროცესმა არსებულ რეალობაში დაკარგა ეფექტური მექანიზმის ფუნქცია და ფორმალური ხასიათი მიიღო. ბაზარზე მოქმედი დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის გავლა აღარ წარმოადგენს რეალურ გამოწვევას, რაც ქვეყანაში განათლების ხარისხის განვითარებას აფერხებს. ამასთან ერთად, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის კონკურენტუნარიანობის ზრდა. ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია მოითხოვს განათლების ხარისხის სტანდარტების ძირეულ გადახედვას. კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად, ავტორიზაციის მოქმედი სამი სტანდარტისგან განსხვავებით, ახალი სტანდარტები დეტალურ მოთხოვნებს დაუწესებენ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას, სტრატეგიულ ხედვასა და მის განვითარებას; დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვას; სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლასწავლების პროცესის სრულფასოვან უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას; კვლევის, განვითარებისა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობას. ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები ორიენტირებული იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის, მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსების, საგანმანათლებლო პროგრამისა და დაწესებულების მიერ მიღწეული შედეგების შეფასებაზე, რაც განათლების ხარისხის რეალური სურათის შეფასების საშუალებას უზრუნველყოფს. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოების უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. ამდენად, ნორმა იძლევა საშუალებას ავტორიზაციის დებულებით განისაზღვროს ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის წესი, რაც ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდას. ანალოგიურ მიზანს ემსახურება კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება აკრედიტაციის საბჭოსთან მიმართებით. ცვლილების თანახმად, ასევე, დაკონკრეტდა საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ვადა, კერძოდ, გადაწყვეტილება სხდომის ოქმთან ერთად, რომლიც მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად, ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იურიდიული პირი უფლებამოსილია წარმოადგინოს ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ. ცვლილების მიზანია, დაწესებულებამ, რომელსაც უარი ეთქმევა ავტორიზაციაზე, გაანალიზოს ექსპერტთა მიერ დაფიქსირებული შენიშვნები/რეკომენდაციები, დასახოს მათი გამოსწორების გზები და 1 წლის გასვლის შემდგომ ხელახლა წარმოადგინოს საავტორიზაციო განაცხადი. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ აკრედიტაციის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიში ასახული ინფორმაციის, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, სამომავლოდ იგეგმება, როგორც ექსპერტთა შუალედური დასკვნის და დაწესებულების მიერ ექსპერტთა შუალედური დასკვნის თაობაზე წერილობითი არგუმენტაციის მომზადება, ასევე უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ამ პროცესების ხელშეწყობის მიზნით, მიზანშეწონილია კანონში წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით ასევე გათვალისწინებულია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების სახეებში „პირობითი აკრედიტაციის შესახებ“ გადაწყვეტილების დამატება. შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში, 7 წლის ვადით აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს. საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში, არაუმეტეს 2 წლის ვადით პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს. ამავე ცვლილებით დგინდება შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, არაუმეტეს 2 წლის ვადით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნას ზედიზედ ორჯერ. აღნიშნული ცვლილების განხორციელება მიზანშეწონილია განვითარებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის დანერგვის თვალსაზრისით, ვინაიდან ის გამორიცხავს ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას და მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებას საშუალებას მისცემს წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად გამოასწოროს/გაითვალისწინოს გამოვლენილი ხარვეზები/რეკომენდაციები. ასევე, აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების 7 წლის ვადით განსაზღვრა მიზანშეწონილია როგორც ფინანსური (დაწესებულება საფასურს გადაიხდის 5-ის ნაცვლად, 7 წელიწადში ერთხელ), ასევე საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მიღწეული შედეგებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის შეფასების თვალსაზრისით. აღნიშნული ვადა ექსპერტებს შესაძლებლობას მისცემს რეალურად გაზომონ პროგრამის განვითარების მაჩვენებელი. ამასთან, კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით წარმოდგენილია კანონის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც აკრედიტაციის ვადა განისაზღვრება 7 წლით, ხოლო პირობითი აკრედიტაციის ვადა - არაუმეტეს 2 წლით. აღნიშნულმა ცვლილებამ განაპირობა კანონის 77-ე მუხლში ცვლილების შეტანის აუცილებლობა, რადგან 77-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია უნდა ჩატარდეს პირველი აკრედიტაციის მიღებიდან ყოველი 5 წლის შემდეგ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 56 1 . ავტორიზაციის შინაარსი 1. ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. 2. ავტორიზაციის სტანდარტებია: ა) საგანმანათლებლო პროგრამები; ბ) მატერიალური რესურსი; გ) ადამიანური რესურსი. 3. ავტორიზაციის ვადა 5 წელია. 4. ავტორიზაციას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით. მუხლი 56 2 . გადაწყვეტილება ავტორიზაციის თაობაზე 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. 2. ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო), რომლის წევრებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. 3. ავტორიზაციის საბჭო საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს ერთერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ავტორიზაციის შესახებ; ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ; გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. 4. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 5. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე. მუხლი 56 4 . გადაწყვეტილება ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ და მათი სამართლებრივი შედეგები 1. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს სტუდენტის ან პროფესიული სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით. 3. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს/კარგავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს; ბ) სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი არიან, ისარგებლონ მობილობის უფლებით. მუხლი 63. აკრედიტაციის შინაარსი 1. აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის გზით განათლების ხარისხის ასამაღლებლად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. 11. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები. [1 2 . ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები. (ამოქმედდეს 201 5 წლის 22 დეკემბრიდან )] 2. აკრედიტაციის სტანდარტებია: ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა; ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა; გ) სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა; დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა; ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები. 3. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია. 4. რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამისა, განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. 5. აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 6. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. 7. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აკონტროლებს აკრედიტაციის პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მიმართოს აკრედიტაციის საბჭოს აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით. 8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, უფლება აქვთ, ხარისხის კონტროლის მიზნით ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის შეფასებები შესაძლებელია განიხილოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მსვლელობისას. მუხლი 66. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს აკრედიტაციის საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სამი სახის: ა) აკრედიტაციის შესახებ; ბ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ; გ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. 3. აკრედიტაციის ვადა 5 წელია. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება. 4. აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებას; ბ) ის სტუდენტი, რომელიც სწავლობდა სახელმწიფო დაფინანსებით, უფლებამოსილია გადავიდეს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სახით გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წყვეტს რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას. ამ შემთხვევაში სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი არიან, ისარგებლონ მობილობის უფლებით. 5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ითანხმებს ყოველწლიურად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე, ასევე იმ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, რომლებიც ირიცხებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე. მუხლი 77. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია 1. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობებს შეიმუშავებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ასოციაციების მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 2. თუ შესაბამის დარგში არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ასოციაცია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობებს შეიმუშავებს დაინტერესებული ორგანიზაციის/ორგანიზაციების და მხარეების მონაწილეობით. 3. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ტარდება პირველი აკრედიტაციის მიღებიდან ყოველი 5 წლის შემდეგ. 4. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ იღებს ამ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.