„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.04.2016
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/481/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-03
ბიუროს ნომერი 399

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი 1. ბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშგების მომზადება, წარდგენა და აუდიტი ხორციელდება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირები (შემდგომში - სდპ), პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად ჩაატარონ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. აქციონერები/პარტნიორები, მმართველობის ორგანოსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ისე არ უნდა ჩაერიონ აუდიტის განხორციელებაში, რომ საფრთხე შეექმნას აუდიტორის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას. 4. მეწარმე სუბიექტის მმართველობის ორგანოსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ერთობლივად არიან პასუხისმგებელნი ანგარიშგებების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებასა და წარდგენაზე.“ 2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-131 და მე-132 მუხლები: „მუხლი 131. აუდიტის კომიტეტი 1. სდპ-ს სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელიც შედგება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან. აუდიტის კომიტეტის შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდეს საერთო კრების მიერ განსაზღვრული ვადით არჩეული ერთი ან მეტი დამოუკიდებელი წევრი. იმ სდპ-ში, რომელშიც არ არის სამეთვალყურეო საბჭო, იქმნება დამოუკიდებელი აუდიტის კომიტეტი, რომელიც შედგება საერთო კრების მიერ განსაზღვრული ვადით არჩეული დამოუკიდებელი წევრებისგან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, დამოუკიდებელია პირი, რომელიც სამართლებრივად ან/და ეკონომიკურად არ არის დაკავშირებული საწარმოსთან, მათ შორის, არ ფლობს ამ საზოგადოების აქციებს/წილებს და არ იღებს აღნიშნული საზოგადოებიდან ანაზღაურებას ან სხვა ეკონომიკურ სარგებელს. 3. კომიტეტის წევრი არ შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს ის წევრი, რომელიც ახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებას. 4. აუდიტის კომიტეტის წევრები უნდა იყვნენ საწარმოს საქმიანობის სფეროში კომპეტენტური პირები. აუდიტის კომიტეტის სულ მცირე ერთი წევრი უნდა იყოს ბუღალტერიის ან/და აუდიტის სფეროში კომპეტენტური პირი. 5. აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს აუდიტის კომიტეტის წევრთაგან ირჩევს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო იმ სდპ-ებში, რომელშიც სამეთვალყურეო საბჭო არ არსებობს - საერთო კრება. 6. აუდიტის კომიტეტის ფუნქციაა ზედამხედველობა გაუწიოს: ა) ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესს; ბ) ხარისხის კონტროლის, რისკების მართვის და საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ ინფორმაციასთან დაკავშირებით შიდა აუდიტის ეფექტურობას; გ) წლიური ფინანსური და კონსოლიდირებული ანგარიშგებების აუდიტის განხორციელებას, ხარისხის კონტროლის მონიტორინგის ანგარიშში ასახული დასკვნების გათვალისწინებით; დ) აუდიტორების/აუდიტორული ფირმების დამოუკიდებლობას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 7. აუდიტის კომიტეტი სამეთვალყურეო საბჭოს, ან მისი არარსებობის შემთხვევაში საერთო კრებას, აწვდის ინფორმაციას განხორციელებული აუდიტის შედეგების, ფინანსური ანგარიშგების უტყუარობაზე აუდიტის გავლენის და ამ პროცესში კომიტეტის მონაწილეობის შესახებ. 8. აუდიტის კომიტეტი გამოსცემს რეკომენდაციებს ფინანსური ინფორმაციის უტყუარობის უზრუნველყოფის და საერთო კრების მიერ ასარჩევი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შესახებ. 9. აუდიტის კომიტეტი სამეთვალყურეო საბჭოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი - საერთო კრებას, რეგულარულად წარუდგენს საქმიანობის შესახებ ანგარიშს და დაუყოვნებლივ ატყობინებს მათი ფუნქციების განხორციელებისას წარმოშობილ წინააღმდეგობებს. 10. ეს მუხლი არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ანგარიშვალდებულ საწარმოებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,მზღვეველებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება ,,არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 132. აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლა 1. საწარმო უფლებამოსილია გავიდეს აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან მხოლოდ სათანადო საფუძვლების არსებობისას. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის განხორციელების პროცედურის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი. 2. საწარმო, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია ხელშეკრულებიდან გასვლა და შესაბამისი დასაბუთება შეატყობინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. 3. სდპ-ს ხმების ან წილების/აქციების 5% პროცენტის მფლობელი პარტნიორი/აქციონერი ან მათი ჯგუფი ან მმართველობის ორგანო, უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლების არსებობისას, მიმართოს სასამართლოს აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნით.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 გათვალისწინებული მე-131 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პუნქტით 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-131 მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს შესაბამისი გარანტიების არსებობა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში და ამ უკანასკნელის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. გარდა ამისა, მოქმედ კანონში არასრულყოფილად არის წარმოდგენილი ამ სფეროს მარეგულირებელი ნორმები და იგი საჭიროებს დახვეწას, რიგი ნორმების დამატებასა და ასოცირების შეთანხმების XXVIII დანართით განსაზღვრულ დირექტივებთან დაახლოებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია კანონის დახვეწა და სრულყოფა; მისი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს მოქმედი კანონის მე-13 მუხლის ცვლილებას და მე-131 და მე-132 მუხლების დამატებას. მე-13 მუხლის ცვლილება ადგენს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებებისა და აუდიტის განხორციელების ძირითად ნორმებს. კანონპროექტით იცვლება პირთა წრე, რომლებიც ექვემდებარებიან სავალდებულო აუდიტს. ემატება ნორმა, რომელიც მმართველობის ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართ ადგენს პასუხისმგებლობას ანგარიშგებების მომზადებასა და წარდგენაზე. კანონპროექტით გათვალისწინებული მე-131 მუხლი განსაზღვრავს აუდიტის კომიტეტის შექმნის ვალდებულებას და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ნორმებს. სავალდებულო ხდება ყველა სდპ-ში აუდიტის კომიტეტის შექმნა, რომელიც შედგება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, გარდა იმ წევრისა, რომელიც ახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებებს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აუდიტის კომიტეტის შემადგენლობაში დამოუკიდებელი წევრების არსებობას. ვინაიდან ყველა სდპ-ში არ არის სამეთვალყურეო საბჭო, კანონპროექტი განსაზღვრავს დამოუკიდებელი აუდიტის კომიტეტის შექმნას, რომელიც შედგება საერთო კრების მიერ განსაზღვრული ვადით არჩეული დამოუკიდებელი წევრებისგან. კომიტეტის თავმჯდომარეს მისი წევრებისგან ირჩევს სამეთვალყურეო საბჭო, მისი არარსებობის შემთხვევაში კი საერთო კრება. კანონპროექტში განსაზღვრულია კომიტეტის წევრების მინიმალური კომპეტენცია. კანონპროექტი განსაზღვრავს იმ ძირითად საკითხებს, რომელთა ზედამხედველობის ფუნქცია აკისრია აუდიტის კომიტეტს და ადგენს კომიტეტის მიერ რეკომენდაციებისა და საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას. კანონპროექტით დამატებული მე-132 მუხლი ადგენს აუდიტორის/აუდიტორული ფირმების საქმიანობის შეწყვეტის მარეგულირებელ ნორმებს. იგი განსაზღვრავს აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებს და ადგენს საწარმოს, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ვალდებულებას ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ შეატყობინოს საქართველოს ფინანსთ სამინისტროს. ამასთან, კანონპროექტი სდპ-ს ხმების ან წილების/აქციების 5% პროცენტის მფლობელ პარტნიორს/აქციონერს ან მათ ჯგუფს და მმართველობის ორგანოს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილებას ანიჭებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანოპროექტით გათვალისწინებული ნორმების ამოქმედება გამოიწვევს აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს მხოლოდ პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებისთვის, რომელთაც კანონით მოეთხოვებათ ანგარიშგების აუდიტი და რომელთაც ამ ნორმის ამოქმედებამდე არ ჰქონდათ ჩატარებული ამგვარი აუდიტი საკუთარი ინიციატივით. ამასთან, აუდიტორული კომიტეტების შექმნასთან დაკავშირებული ხარჯები შეიძლება იყოს უმნიშვნელო ან ნოლის ტოლი. გაწეული ხარჯების და სტრუქტურული ცვლილებების სანაცვლოდ საწარმოებში დაიხვეწება აღრიცხვიანობის და ანგარიშგების ხარისხი, სრულყოფილ იქნება რისკების შეფასება და კორპორაციული მართვა, რის შედეგადაც იმატებს საწარმოების გამჭვირვალობის და სანდოობის დონე და მომავალში გამარტივდება ინვესტორებთან, კრედიტორებთან ურთიერთობა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებლი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შეესაბამება 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013/34/EU დირექტივის 33-ე მუხლს ზოგიერთი კატეგორიის სამეწარმეო საზოგადოების წლიური და კონსოლიდირებული ფინანსური და მათთან დაკავშირებული ანგარიშგების შესახებ და 2006 წლის 17 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/43/EC დირექტივის 24-ე, 38-ე და 39-ე მუხლებს სავალდებულო აუდიტის შესახებ; წლიური და კონსოლიდირებული ანგარიშგების გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მსოფლიო ბანკის ექსპერტები. კანონპროექტი შემუშავდა აღნიშნული პირების მიერ გამოთქმული შენიშვნების, წინადადებების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტროსთან არსებული, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი, ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 ივლისის N225 ბრძანებით შექმნილი, დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სსიპ - შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, ეროვნული ბანკის, ეკონომიკური საბჭოს აპარატის, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენტური წარმომადგენლები. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 13. ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი 1. ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი ხორციელდება ამ სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი კანონით. 2. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ანგარიშვალდებულ საწარმოში, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, ან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ლიცენზირებულ საწარმოში, ან საწარმოში, რომლის პარტნიორთა რაოდენობა 100-ს აღემატება, აუდიტის ჩატარება სავალდებულოა. სამეთვალყურეო საბჭო ყოველწლიურად იწვევს აუდიტორს, რომელიც საზოგადოებისაგან, მისი დირექტორებისა და პარტნიორებისაგან სამართლებრივად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი უნდა იყოს.