„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.02.2017
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/44/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-13
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო მოსამსახურის ყოველკვირეული სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა, ამ მუხლის 21 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული შემთხვევების გარდა, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობას.“. 2. მე-11 მუხლს დაემატოს: ა) 21 და 22 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „21. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისათვის დასვენების დღეები განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში, არანაკლებ სამი შაბათი და კვირა, ქვედანაყოფში განსაზღვრული შესაბამისი განრიგის თანახმად; ბ) საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულებიდან, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის ამოწურვამდე ყოველკვირეულად ორი დღე - შაბათი და კვირა. 22. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული დასვენების დღეების გამოყენების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნებში/სწავლებებში, ასრულებს საყარაულო სამსახურს ან/და მის მიმართ მოქმედებს შესაბამისი საჯარისო წესდებით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც ითვალისწინებს განსაზღვრული ვადით სამხედრო ნაწილიდან დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.“. ბ) 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეულ „61. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს, საწყისი საბრძოლო მომზადების შემდეგ, სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში მისი სურვილის შემთხვევაში ეძლევა შვებულება არაუმეტეს თხუთმეტი დღის ოდენობით, ხოლო ოჯახური მდგომარეობით ან სხვა საპატიო მიზეზით დამატებით შეიძლება მიეცეს შვებულება არაუმეტეს ათი დღის ოდენობით.“. 3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის შრომითი ურთიერთობის იმგვარად მოწესრიგება, რომელიც ხელს შეუწყობს მის სრულფასოვან საბრძოლო მომზადებას. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის საფუძვლების შესაბამისობაში მოყვანას კანონმდებლობასთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მიახლოვებული იქნება ნატოს სტანდარტებთან და ხელს შეუწყობს მათი საბრძოლო მომზადების ამაღლებას. ამასთან, კანონპროექტის მიზანია დაიხვეწოს და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდეს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქათველოს კანონის შესაბამისი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის მიხედვით ცვლილებები შედის კანონის მე-11 მუხლში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისათვის დასვენების მიზნით, წესდება სამსახურიდან დროებით დათხოვნისა და შვებულების მიცემის ახალი წესი. აღნიშნული გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის საბრძოლო მომზადებისა და სპეციალობის მიხედვით შესაბამისი უნარ ჩვევების შეძენის მიზნით, აუცილებელია მისი საწყისი საბრძოლო მომზადება, როგორც ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებშია. ამ პერიოდში სამხედრო მოსამსახურე მომზადებული უნდა იქნეს, როგორც ფიზიკურად ასევე შეისწავლოს საჯარისო წესდებები და მიიღოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა სამხედრო მოსამსახურისათვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პირს სამხედრო სავალდებულო სამსახურის დამთავრების შემდგომ, მისი სურვილის შესაბამისად, სრულფასოვნად გააგრძელოს საკონტრაქტო სამხედრო სამსახური. აღნიშნულის მაგალითად შეიძლება მოყვანილ იქნეს ესტონეთის, ლიტვის და ფინეთის მაგალითები, როდესაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები გადიან მოსამზადებელ პერიოდს. ფინეთის შეიარაღებულ ძალებში პირველად საბრძოლო მომზადებას ახალწვეულები გადიან 8 კვირის ვადით, ესტონეთის შეიარაღებულ ძალებში ჯარისკაცი გადის საბაზისო 3 თვიან მომზადებას. აღნიშნული მომზადებები მოიცავს: ერთეულ და ფიზიკურ მომზადებას. სწავლობენ შეიარაღებას, ადგილმდებარეობაზე ორიენტირებას, საველე სწავლებებზე მოქმედებას, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, სამხედრო სამსახურში ქცევის წესებს და სამსახურის შესახებ საკანონმდებლო დოკუმენტებს. აღნიშნული პრაქტიკის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დამკვიდრების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შეიცვალოს მიდგომა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა დასვენებისა და შვებულების მიცემის წესში, რათა მათ სრულყოფილად შეძლონ აითვისონ სამხედრო საქმე. ლიტვის მაგალითზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდში მოსამსახურეს 2-ჯერ ეძლევა 7 დღიანი მოკლევადიანი შვებულება და შესაძლებელია მიეცეს ოჯახური პირობებით კიდევ ერთი 7 დღიანი შვებულება, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის (9 თვე) პერიოდში ჯამში შეადგენს 21 დღეს. შესაბამისად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთათვის დგინდება დასვენების დღეების დაწესებისა და შვებულების მიცემის ახალი წესი.  საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში, რომელიც როგორც წესი, შეადგენს ათ კვირას, პირველი ოთხი კვირის განმავლობაში მოსამსახურეს არ მიეცემა დასვენების დღე სამსახურიდან დათხოვნის უფლებით, ხოლო მომზადების პერიოდის ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში არაუმეტეს სამი შაბათი და კვირა დღე, ქვედანაყოფისათვის განსაზღვრული განრიგის შესაბამისად.  საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდგომ, სამხედრო სავალდებული სამსახურის ვადის ამოწურვამდე ყოველკვირეულად ორი დღე შაბათი და კვირა. სამხედრო მოსამსახურეს ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების გამოყენების უფლება შეიძლება შეეზღუდოს, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნებში და სწავლებებში, ასრულებს საყარაულო სამსახურს ან მის მიმართ მოქმედებს შესაბამისი საჯარისო წესდებით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ნაწილიდან დათხოვნის უფლების ჩამორთმევას. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც გაითვალისწინებს სამხედრო ნაწილიდან დათხოვნის უფლების ჩამორთმევას, აისახება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებულ წედებაში. ამასთან, შვებულება, ნაცვლად ორი კვირისა შეიცვლება და მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების შემდეგ, მიეცემა სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში არაუმეტეს თხუთმეტი დღის ოდენობით, ხოლო ოჯახური მდგომარეობით ან სხვა საპატიო მიზეზით დამატებით შეიძლება მიეცეს შვებულება არაუმეტეს ათი დღის ოდენობით. პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას აგრეთვე კანონის 21-ე მუხლში. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხდება მხოლოდ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, რაც პრაქტიკაში ქმნის პრობლემებს, ვინაიდან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საკითხები მოწესრიგებულია არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ კანონქვემდებარე აქტებითაც. კერძოდ, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხები. ზემოაღნიშნულ საკითხებს არეგულირებს:  „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულება (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილება);  „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანება;  „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანება. შესაბამისად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია პირის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები. მაგალითად:  ატესტაციის უარყოფითი შედეგები;  კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვა;  ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა;  ფიზიკური ან/და სროლის ნორმატივების ჩაუბარებლობა. ამდენად, ბუნებრივია ყველა საკითხის რეგულაცია ვერ მოექცევა კანონის ფარგლებში, შესაბამისად, მიზანშეწონილია სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის საკითხები რეგულირდებოდეს, აგრეთვე კანონქვემდებარე აქტებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქათველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის წესი აგრეთვე განისაზღვრება საქართველოს კანონქვემდებარე აქტებითაც. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 11. სამუშაო დრო და დასვენების უფლება 1. სამხედრო მოსამსახურის ყოველკვირეული სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევების გარდა, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობას. 2. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს დასვენებისათვის ყოველკვირეულად ეძლევა ერთი დღე, ხოლო სამხედრო სასწავლებლის მსმენელს/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს – შესაბამისი სასწავლო გეგმის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვირაში ერთი დღისა. 3. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, საჭიროების შემთხვევაში ტარდება ყოველკვირეული სამსახურებრივი დროის საერთო ხანგრძლივობის შეუზღუდავად. 4. სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. 5. ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით. მოკლევადიანი შვებულება მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. 51. „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეძლევა დამატებითი შვებულება 30 დღემდე ვადით. დამატებითი შვებულება არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებების ანგარიშში. 6. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ეძლევა ორკვირიანი შვებულება, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მე-12 თვისა. 7. სამხედრო სასწავლებლის მსმენელს/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს სასწავლო გეგმით დადგენილ ვადებში ეძლევა საარდადეგებო შვებულება. 8. სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, რომელსაც ოფიცრის პირველადი წოდება ენიჭება, დანიშნულების ადგილზე გაგზავნამდე ეძლევა 30დღიანი შვებულება, თუ სასწავლო გეგმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 9. სამხედრო მოსამსახურე ქალს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისათვის შვებულება ეძლევა საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 21. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა 1. სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. 2. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ბ) ავადმყოფობის გამო; გ) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის; ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; ვ) ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი; თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე; ი) პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა). 3. სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა უნდა აღადგინოს იმავე თანამდებობაზე და იმ ნაწილში, რომელშიც გადიოდა სამსახურს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე, ხოლო უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებს აღადგენს საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო მათ ჩაეთვლებათ ნამსახურობის წლებში. სამხედრო მოსამსახურეს საკუთარი უფლებების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს.