„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.08.2019
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/386/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ.87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების, ასევე ფინანსური გირავნობის მონაწილე პირის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ხორციელდება ამ კანონისა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით.”. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ” საქართველოს კანონისა და მხარეთა შორის არსებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებულ ურთიერთგაქვითვას ან საბოლოო ურთიერთგაქვითვას და მათ შედეგად განხორციელებულ ოპერაციებს სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, ადმინისტრაციული და მარეგულირებელი/ზედამხედველი ორგანო, ლიკვიდატორი, მეურვე, გაკოტრების/რეაბილიტიციის მმართველი, დროებით ადმინისტრატორი ან მსგავსი ფუნქციების განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა პირი.“. 3. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ამ ქვეპუნქტის დებულებები არ ვრცელდება იმ მოვალეზე რომელიც “ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული აქვს ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, ასეთი შეთანხმების ფარგლებში. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მიმართ გამოიყენება “ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური დებულებები.” 4. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენისა და შემოწმების დებულებები არ ვრცელდება იმ კრედიტორზე, რომელიც “ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სარგებლობს ურთიერთგაქვითვის/საბოლოო ურთიერთგაქვითვის უფლებით. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მიმართ გამოიყენება “ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა დერივატივების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური დებულებები.”. და 5. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: “11. კრედიტორისათვის ზიანის მომტან ქმედებად არ განიხილება “ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული ურთიერთგაქვითვა/საბოლოო ურთიერთგაქვითვა.“. 6. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამეურვეო ქონება იყიდება აუქციონის გზით, გარდა ფინანსური გირავნობის საგნისა, რომლის რეალიზაცია ხდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.”. 7. მე-40 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლით გათვალისწინებული კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა არ ვრცელდება იმ კრედიტორზე, რომლის მოთხოვნაც უზრუნველყოფილია ფინანსური გირავნობის მეშვეობით. ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.”. 8. 551 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის (ასევე მისი ცვლილების) თაობაზე, რეაბილიტაციის საქმის წარმოების დასრულებისა და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების რეგისტრაციის თაობაზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონპრექტით გათვალისწინებული რეგულირების სფეროს ნაწილში მეტი სიცხადისა და განჭვრეტადობის შემოტანის აუცილებლობით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღნიშნული ცვლილებით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესებს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი ნორმის გამოყენების შეზღუდვას ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მონაწილე მხარეთა მიმართ. აღნიშნული მიდგომა სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რომელიც გაზიარებულია წამყვანი საფინანსო ცენტრების სამართლებრივი სისტემების მიერ. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის საქართველოს მიზანია კანონი ურთიერთგაქვითვისა და „გადახდისუუნარობის შესაბამისობაში მოვიდეს დერივატივების შესახებ“ საქმის წარმოების „ფინანსური საქართველოს შესახებ“ გირავნობის, კანონპრექტთან, შესაბამისად, დაზუსტდეს გადახდისუუნარობის კანონმდებლობის მიდგომა ურთიერთგაქვითვისა და ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების მხარეების მიმართ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად კანონის მე-2 მუხლს ემატება ახალი შინაარსის დებულება რომელიც ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარის მიმართ აწესებს განსხვავებულ მოპყრობას გადახდისუუნარობის პროცესში. კანონპრექტის ნორმა პირდაპირ მიუთითებს „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების გათვალსიწინებაზე. კანონპროექტს ასევე ემატება ახალი 61 მუხლი ურთიერთგაქვითვისა და საბოლოოურთიერთგაქვითვის შესახებ რომელიც აწესებს კონკრეტულ შეზღუდვებს ადმინისტრაციული და მარეგულირებელი/ზედამხედველი ორგანოს, ლიკვიდატორის, მეურვის, გაკოტრების/რეაბილიტიციის მმართველის, დროებითი ადმინისტრატორის ან მსგავსი ფუნქციების განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა პირის უფლებამოსილებებთან მიმართბეით. კანონპროექტი ითვალისწინებს რომ ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული ურთიერთგაქვითვა/საბოლოო ურთიერთგაქვითვა არ განიხილება კრედიტორისათვის ზიანის მომტან ქმედებად, შესაბამისად ასეთი ოპერაციების გასაჩივრება სასამართლოში არ დაიშვება. კანონპრექტი გამორიცხავს სამეურვეო ქონების იმ ნაწილის რეალიზაციას აუქციონის გზით რომელიც წარმოადგენს ფინანსური გირავნობის საგანს. ფინანსური გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღების ან რეალიზაციის წესი განისაზღვრება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კანონპროექტის მე-40 მუხლი გამორიცხავს კრედიტორთა რიგითობის არსებული პრინციპის გამოყენებას ფინანსური გირავნობის მოგირავნის მიმართ, რითიც კიდევ ერთხელ განტკიცებულია „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გათვალისწინებული ფინანსური გირავნობის საგნის უპირობო და უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კანონპროექტის 551 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შეტყობინების ვალდებულება მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის მონაწილის ნაცვლად გავრცელდება საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი დაკავშირებულია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებულ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიასთან და მიზნად ისახავს დერივატივების ბაზრის განვითარების ხელშეწყობას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შესვლის კონკრეტულ თარიღს არ ითვალისწინებს და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არა არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით არ განიხილება ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ IV კარის, მე-6 თავის, მე-5 ნაწილის, მე-6 ქვენაწილისა და VI კარის მე-7 თავის 320-ე და 323-ე მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებიდან. IV კარის მე-6 ქვენაწილი განსაზღვრავს რეგულირების პრინციპებს ყველა შესაბამისი ფინანსური მომსახურებისთვის, ამავე ქვენაწილის 122-ე მუხლის თანახმად, „მომსახურების ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით მხარეები აღიარებენ საქართველოს მოქმედი და მომავალი კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების აუცილებლობას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან, რომელიც მოცემულია ამ შეთანხმების 116-ე მუხლის მე-3 პუნქტში და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, რომელიც წარმოდგენილია ამ შეთანხმების XV-A დანართში“. ხოლო 320-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები აღიარებენ „ფინანსური მომსახურების სფეროში წესებისა და პრაქტიკის ეფექტიანი ნაკრების არსებობის რელევანტურობას სრულყოფილად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და ორივე მხარეს შორის სავაჭრო კავშირების ხელშეწყობისათვის“, ამავე მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, სხვა საკითხებთან ერთად მათ შორის, „საქართველოს საფინანსო სისტემის, მისი სრული შემადგენლობით, სტაბილურობისა და სიძლიერის უზრუნველყოფისა“ და „ფინანსური სისტემის სხვადასხვა მონაწილეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის“ მიზნით. ამასთან, 323-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების მიხედვით: „საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XV-A დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად“. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 6 ივნისის ფინანსური გირაოს შესახებ 2002/47/EC დირექტივა. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, ასევე წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და იურიდიულმა კომპანიებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.