„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.02.2020
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/442/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-10
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 29-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) არ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ხელს შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.“. 2. 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხვის და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე, თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ან აქვს შესაძლებლობის ისეთი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს.“. 3. 44-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. ადვოკატს არა აქვს უფლება, იმოქმედოს ბრალდებულის მითითებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ადვოკატს ასევე არა აქვს უფლება, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე ბრალდებისა და სასჯელის ნაწილში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებულს აქვს შესაძლებლობის ისეთი შეზღუდვა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.“. 4. 45-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თუ აქვს შესაძლებლობის ისეთი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას;“. 5. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს შესაძლებლობის ისეთი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;“. 5. 50-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ის პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება.“. 6. 53-ე მუხლის: ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) პროცესის მონაწილე აქვს შესაძლებლობის ისეთი შეზღუდვა, რაც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს.“; ბ) 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 7. 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაზარალებულს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შეზღუდვიდან გამომდინარე, სპეციფიკური საჭიროების გათვალისწინებით.“. 8. 75-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს ან თუ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამო მას არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.“. 9. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 117. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან/და მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკითხვა/დაკითხვა უნდა განხორციელდეს შეზღუდვის შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათ მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტური განხორციელება. 2. ყრუ-მუნჯის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) მონაწილეობით. თუ გამოსაკითხი/დასაკითხი პირი ყრუა, მისთვის შეკითხვების დასმა შეიძლება წერილობით, ხოლო თუ იგი მუნჯია, მას შეუძლია შეკითხვებს პასუხები წერილობით გასცეს. 3. მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება ექიმის ნებართვით საჭიროების შემთხვევაში მისი დასწრებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციით გარანტირებული უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული დაბრკოლებების აღმოფხვრას. ცვლილების განხორციელება „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განპირობებულია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების უზრუნველყოფას და მათთვის თანაბარი შესაძლებლობის შექმნას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება განაპირობა კონვენციით უზრუნველყოფილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების რეალიზების რეალური გარანტიების არსებობის აუცილებლობამ, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გაიზრდება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხარისხი სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის 29-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში, რომელშიც „ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი“ იცვლება „შესაძლებლობის შეზღუდვით“ და განისაზღვრება, რომ პირი უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში, თუ არ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ხელს შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას. 38-ე მუხლის მე-8 ნაწილში განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრება, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხვის და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე, თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს შესაძლებლობის ისეთი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს. 44-ე მუხლის პირველ ნაწილში ტერმინოლოგიურად ზუსტდება და „ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი“ იცვლება „შესაძლებლობის შეზღუდვით“. ასევე, ტერმინოლოგიურად ზუსტდება 45-ე მუხლის „გ“ ქვეპუნტი, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 50-ე მუხლის მე-2 ნაწილი. 45-ე მუხლის „გ“ ქვეპუნტის თანახმად, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი, თუ აქვს შესაძლებლობის ისეთი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას; ხოლო 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ის პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება. 53-ე მუხლის პირველ ნაწილს ემატება „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ფართოვდება თარჯიმნის ცნება და პროცესში მისი მონაწილეობა გათვალისწინებულია მაშიანც, როდესაც პროცესის მონაწილეს აქვს ისეთი შეზღუდული შესაძლებლობა, რაც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს. ამასთან, აღნიშნული ცვლილება იწვევს ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ამოღებას, ვინაიდან იგი მითითებას აკეთებს „პირზე, რომელსაც ესმის ყრუ-მუნჯთა ნიშნები“. 58-ე მუხლს მე-2 ნაწილის შემდეგ ემატება 21 ნაწილი, რომლის თანახმად, უზრუნველყოფილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაზარალებულისათვის ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება შეზღუდვიდან გამომდინარე, მისი სპეციფიკური საჭიროების გათვალისწინებით. 75-ე მუხლის პირველი ნაწილი ზუსტდება ტერმინოლოგიურად. კერძოდ, მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს ან თუ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამო მას არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები. რაც შეეხება კოდექსის 117-ე მუხლს, ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებასთან ერთად, რაც იწვევს მუხლის სათაურის ახლებურად ჩამოყალიბებას, განისაზღვრება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკითხვა/დაკითხვა უნდა განხორციელდეს შეზღუდვის შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათ მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტური განხორციელება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის 1.4 პუნქტში (ადამიანის უფლებების დაცვა) აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად გააგრძელებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის იმპლემენტაციას და შშმ პირთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, რაც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედებას უკავშირდება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიზანია გაერო-ს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია და მისი პრაქტიკული აღსრულებადობის უზრუნველყოფა. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობდნენ სამინისტროებისა და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების, ა(ა)იპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ (რომელიც, თავის მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არაერთ ორგანიზაციას აერთიანებს), აგრეთვე შესაბამისი პროფილის ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაერო-ს განვითარების ფონდისა და UNICEF-ის წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.