„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.02.2021
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 060000000.05.001.019578) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი, დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის წახალისებისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, განსაზღვრავს მედიაციის წარმართვის პრინციპებს, მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესებს, მედიატორის უფლებამოსილებებს, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესებს, აგრეთვე მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება - კომერციული დავის მოგვარების მიზნით მიღწეული წერილობითი შეთანხმება, რომელიც, „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად, წარმოადგენს საერთაშორისო ხასიათის შეთანხმებას.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 და 132 მუხლები: „მუხლი 131. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება 1. მხარეთა შეთანხმებით, საერთაშორისო სამედიაციო მორიგება შეიძლება ცნოს და აღასრულოს სასამართლომ. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლო. 2. საქართველოს უზენაესი სასამართლო საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების საკითხს განიხილავს ამ კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად. მუხლი 132. საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომელიც არ ექვემდებარება ცნობასა და აღსრულებას 1. ცნობასა და აღსრულებას არ ექვემდებარება საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომელიც: ა) დადებულია იმ დავის მოსაგვარებლად, რომელიც წარმოიშობა ერთ-ერთი მხარის (მომხმარებლის) მიერ პირადი, საოჯახო ან საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის დადებული გარიგებიდან; ბ) დადებული იმ დავის მოსაგვარებლად, რომელიც გამომდინარეობს საოჯახო, მემკვიდრეობის ან შრომით სამართლებრივი ურთიერთობებიდან; გ) დამტკიცებულია სასამართლოს მიერ ან დადებულია სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოების დროს და ექვემდებარება აღსრულებას, როგორც სასამართლო გადაწყვეტილება ამ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს სახელმწიფოში; დ) გაფორმებულია და ექვემდებარება აღსრულებას, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. 2. ამ კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ცნობისა და აღსრულების წესები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რაზედაც საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეები შეთანხმდნენ. 3. ამ კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ცნობისა და აღსრულების წესები არ გამოიყენება იმ საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მხარეც არის სახელმწიფო ან ნებისმიერი სახელმწიფო უწყება, ან ამ სახელმწიფო უწყების სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი.“. მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე მიღწეულ იმ საერთაშორისო სამედიაციო მორიგებებზეც, რომლებიც აღსასრულებლად წარმოდგენილია ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV16 თავის შესაბამისად. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე” (ე.წ. სინგაპურის კონვენცია „მედიაციის შესახებ“) (შემდგომ - კონვენცია) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის N73/198 რეზოლუციით 2018 წლის 20 დეკემბერს დამტკიცდა. საქართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია კონვენციაზე ხელმოწერა და მისი სავალდებულოდ აღიარება, რამდენადაც, კონვენციის მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ის ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის გაფართოებას და განვითარებას. ამასთან, საქართველო გახდება მორიგების შეთანხმებების გამოყენებისა და აღსრულების თაობაზე უნიფიცირებული საერთაშორისო ინსტრუმენტის მონაწილე. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც კონვენციას შეუერთდა. კერძოდ, კონვენცია ხელმოსაწერად გაიხსნა 2019 წლის 7 აგვისტოს სინგაპურში. სწორედ 2019 წლის 7 აგვისტოს, კონვენციის ხელმოწერის ცერემონიალზე, სხვა 46 სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საქართველოს სახელით ხელი მოაწერა კონვენციას. კონვენციაზე ხელმოწერით ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმ მიზნისაკენ, რომელიც რეგიონში საქართველოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების ცენტრად, საარბიტრაჟო და სამედიაციო ჰაბად ჩამოყალიბებას გულისხმობს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2019 წლის 7 აგვისტოს ხელმოწერის ცერემონიალზე საქართველოსთან ერთად კონვენციას ხელი მოაწერა გაერო-ს 40-ზე მეტმა ქვეყანამ, რომელთა შორისაა სინგაპური, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, ირანი, თურქეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, მალაიზია, ავღანეთი, ჩილე, პარაგვაი, ფილიპინები, ყატარი, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, სერბეთი. დღეისათვის კონვეცია ხელმოწერილია 53 სახელმწიფოს მიერ. ამასთან, მოცემულ ეტაპზე კონვენცია რატიფიცირებულია სინგაპურის, საუდის არაბეთის, კატარის, ბელარუსიის, ეკვადორისა და ფიჯის მიერ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ კონვენციის ხელმოწერის შემდეგ დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოს პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების მიზნით. ამასთან, კონვენციის რატიფიცირების პარალელურად, საჭიროა მის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. აქვე უნდა ითქვას, რომ საკუთრივ კონვენცია ძალაში შევიდა 2020 წლის 12 სექტემბერიდან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილია, რომ დაუშვებელია პარლამენტში ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა, რომელიც იწვევს ცვლილებას საქართველოს კანონმდებლობაში, თუ მას თან არ ახლავს კანონპროექტი შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ. ამ დანაწესის შესაბამისად, კონვენციის სავალდებულოდ აღიარება, რაც უნდა განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების გზით, მოითხოვს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობაში, კერძოდ, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონების ცალკეულ ნორმებში. წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში. „მედიაციის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი, ისევე, როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ითვალისწინებს მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების (სამედიაციო მორიგება) აღსრულების მექანიზმებს, თუმცა, არ მოიცავს მედიაციის შედეგად მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებების აღსრულებას, რაზეც აპელირებს კონვენცია. ამდენად, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ კანონმდებლობაში გაჩნდება „საერთაშორისო სამედიაციო მორიგების“ ცნება და მისი ცნობისა და აღსრულების წესები, აგრეთვე იმ გარემოებათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის პირობებშიც საერთაშორისო სამედიაციო მორიგება არ ექვემდებარე ცნობასა და აღსრულებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონვენციის ხელმოწერისა და მისი სავალდებულოდ აღიარებისას საქართველოს მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული კონვენციით დაშვებული ორი დათქმის გაკეთება, რამდენადაც ისინი უზრუნველყოფს კონვენციით შემოთავაზებული მექანიზმების დაბალანსებულად გამოყენების შესაძლებლობას; შესაბამისად, კონვენციის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც: ა) კონვენციით გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმის გამოყენებასა და მის ფარგლებზე მითითებულია კონკრეტულ მორიგების შეთანხმებაში; ბ) საუბარია მხოლოდ კერძო პირების (და არა სახელმწიფოს ან მისი რომელიმე უწყების) მონაწილეობით არსებულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით შედგენილ მორიგების შეთანხმებებზე. წინამდებარე ცვლილებების მიზანია აგრეთვე ამ დათქმების შესაბამისი დებულებების კანონმდებლობაში ასახვა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის დებულებების „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ასახვით, ერთი მხრივ, შესრულდება კონვენციის სავალდებულოდ აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენის აუცილებლობის თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის განვითარებას, უზრუნვეყოფს რა საქართველოს საკანონმდებლო სიბრტყეში საერთაშორისო სამდიაციო მორიგების აღსრულების შესაძლებლობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც ადგენს კანონის მიზანს, ჩამონათვალში ემატება მითითება მითითება საერთაშორისო სამედიაციო მორიგების აღსრულების წესების განსაზღვრის თაობაზე, ხოლო მე-2 მუხლს („ტერმინთა განმარტება“) ემატება „საერთაშორისო სამედიაციო მორიგების“ ცნება. კანონპროექტით კანონს ემატება 131 და 132 მუხლები, რომლებიც საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების კონვენციით დადგენილი წესრიგის კანონმდებლობაში ასახვის მიზანს ემსახურება. 131 მუხლით დადგენილია, რომ საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ცნოს და აღასრულოს სასამართლომ. აღსრულებაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლო. აქვე განსაზღვრულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების საკითხს განიხილავს ამავე კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად. რაც შეეხება 132 მუხლს, მასში მოცემულია იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის პირობებშიც საერთაშორისო სამედიაციო მორიგება არ ექვემდებარება ცნობასა და აღსრულებას. აქვე მითითებულია, რომ ამ კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ცნობისა და აღსრულების წესები არ გამოიყენება იმ საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მხარეც არის სახელმწიფო ან ნებისმიერი სახელმწიფო უწყება, ან ამ სახელმწიფო უწყების სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. კანონის მოქმედება ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე მიღწეულ იმ საერთაშორისო სამედიაციო მორიგებებზეც, რომლებიც აღსასრულებლად წარმოდგენილია ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV16 თავის შესაბამისად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება შეთანხმებებთან, საქართველოს აგრეთვე, ისეთი და ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიზანია „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფა. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და საერთო სასამართლოებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.