„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.05.2022
ავტორი
საქართველოს დაზვერვის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/151/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-23
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) მე-8 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირზე, თუ მას სამსახურიდან დათხოვნისას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებითა და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა.“ ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირზე, თუ მას სამსახურიდან დათხოვნისას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისსამსახურის სისტემაში ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებითა და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია მოქმედი კანონის დახვეწის და მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობით. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის კერძოდ, კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი მიზნებისათვის განსაზღრავს იმ უწყებების ჩამონათვალს, რომელ უწყებაში ნამსახური წლები ჩაეთვლება დაზვერვის სამსახურიდან დათხოვნილ პირს წელთა ნამსახურობაში. აღნიშნული პუნქტი შეიცავს ორ ხარვეზს: 1) ის წელთა ნამსახურობაში თვლის ჩამოთვლილ უწყებებში როგორც წოდებით, ისე წოდების გარეშე ნამსახურობის პერიოდს, რაც არასწორია და ეწინააღმდეგება კანონის მე-8 მუხლის პრინციპებს; 2) ეს პუნქტი სრულად არ განსაზღვრავს იმ საჯარო დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებშიც სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებებით ნამსახური წლები შეიძლება ჩაეთვალოს პირს წელთა ნამსახურობაში. მაგალითად, აღნიშნულ ჩამონათვალში არ შედის თავდაცვის სამინისტროში, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში და სხვა საჯარო სამსახურებში სპეციალური წოდებით სამსახურის პერიოდი. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურში არსებული წელთა ნამსახურობის დაანგარიშების პრაქტიკა განსხვავდება აღნიშნული მიდგომისგან და სრულად შეესაბამება წარმოდგენილი კანონპროექტის შინაარს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებასთან, კანონპროექტის პირველადი ვერსიის შეთანხმების დროს, მსგავსი პრობლემა აღნიშნული სამსახურის მხრიდანაც აქტიურად დაისვა. კერძოდ, კანონში მრავლად განსაზღვრული მითითებითი ნორმები ქმნის ბევრ ბუნდოვანებას შესაბამისი საკითხის რეგულირებისას. პროექტის წარმოდგენილი ვერსია კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმართებაში კანონის ნორმებს გახდის უფრო განჭვრეტადს და ამასთან სრულ შესაბამისობაში იქნება კომპენსაციების დაანგარიშების აქამდე არსებულ პრაქტიკასთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: არსებობს მოქმედი კანონის ტექნიკურად დახვეწის და საქართველოს დაზვერვის სამსახურში წელთა ნამსახურობის დაანგარიშების არსებულ პრაქტიკასთან კანონის თანხვედრაში მოყვანის აუცილებლობა. კანონპროექტის შეთანხმების პროცესში მსგავსი პრობლემა დაისვა ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდანაც. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს მოქმედი კანონის დახვეწას და მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, კერძოდ - სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა წელთა ნამსახურობის სწორად განსაზღვრას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმადაც სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის, დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებაში სპეციალური და სამხედრო წოდებით ნამსახური წლები. შესაბამისად, აღნიშნული პუნქტიდან ამოღებული იქნება კონკრეტული საჯარო დაწესებულებების ჩამონათვალი, ვინაიდან მოცემული ჩამონათვალი არ მოიცავს ყველა საჯარო დაწესებულებას, სადაც შესაძლებელია სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის გავლა. ცვლილება სრულად შეესაბამება საქართველოს დაზვერვის სამსახურში სახელმწიფო კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის დაანგარიშების არსებულ პრაქტიკას. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონის მე-8 მუხლს ასევე დაემატება მე-10 პუნქტი, რომლის თანახმად ზუსტდება, რომ ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებითა და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისი ამოქმედებისთვის რაიმე სპეციალური ვადის განსაზღვრას, შესაბამისად, კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს მოძიებას, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება არ არის დაკავშირებული საბიუჯეტო ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება არ არის დაკავშირებული საბიუჯეტო ხარჯებთან. კერძოდ, კანონის მე-8 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების ახალი რედაქციები არანაირ გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს დაზვერვისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მოსამსახურეების წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე და აქედან გამომდინარე საბიუჯეტო ხარჯებზე, რადგანაც ორივე უწყებაში აღნიშნულის დაანგარიშება ხდება სწორედ კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციების და პრინციპების მიხედვით. ამასთან, ცვლილება არ მოახდენს გავლენას არც ამავე სამსახურებიდან ადრე დათხოვნილი პირებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის სახით გასაცემ ხარჯებზე, რადგანაც წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისი უკუქცევითი ძალით ამოქმედებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს, ვინაიდან ცვლილება სრულად შეესაბამება საქართველოს დაზვერვის სამსახურში, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის დაანგარიშების არსებულ პრაქტიკას. კერძოდ, კანონის მე-8 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების ახალი რედაქციები არანაირ გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს დაზვერვისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მოსამსახურეების წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე და აქედან გამომდინარე მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგანაც ორივე უწყებაში აღნიშნულის დაანგარიშება ხდება სწორედ კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციების და პრინციპების მიხედვით. ამასთან, ცვლილება არ მოახდენს გავლენას არც ამავე სამსახურებიდან ადრე დათხოვნილი პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგანაც წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისი უკუქცევითი ძალით ამოქმედებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას არ იქონიებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს დაზვერვის სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.