„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 101 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 363 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამართლის ნორმების ცოდნის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას
გაითვალისწინება მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების
სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული
სამართლის, ცოდნის დონე. ამ მახასიათებლით მოსამართლის შეფასების მიზნით შემფასებელი
ითვალისწინებს მოსამართლის მიერ განხილულ საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებში
სამართლის ნორმების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
პრეცედენტული სამართლის, გამოყენების სისწორეს და რელევანტურობას. აღნიშნული
მახასიათებლით მოსამართლის შესაფასებლად შემფასებელი აგრეთვე გამოითხოვს
მოსამართლის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებს და
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებას.“;
2. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების აპარატების სტრუქტურაში
გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის კვლევაზე ორიენტირებული
სტრუქტურული ერთეული, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება მოსამართლეებისთვის ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ხელმისაწვდომობაში
ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პერიოდული
ანალიზი და აღნიშნული მიმართულებით საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობის
განხორციელება.“;
3. 6638 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6638. მოქმედი მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლება
მოქმედი მოსამართლე ვალდებულია 3 წელიწადში 5 დღე მაინც დაუთმოს სკოლაში
კვალიფიკაციის ამაღლებას. მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მის
საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა სავალდებულო
კომპონენტად უნდა ითვალისწინებდეს სწავლებას ადამიანის უფლებების სამართლის (მათ
შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის)
საკითხებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
2022 წლის 3 მარტს საქართველომ წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი.
2022 წლის 2 მაისს საქართველომ ევროკავშირის ელჩს საქართველოში კითხვარის პირველი,
ხოლო იმავე თვის 10 მაისს კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. ევროკომისიის დასკვნა
ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით გამოქვეყნდა 2022 წლის 17
ივნისს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოს უნდა მიეცეს ევროკავშირის წევრობის
პერსპექტივა და ამავდროულად რეკომენდაცია გასცა 12 პუნქტის შესრულების თაობაზე. 2022
წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ
დასახელებული 12 რეკომენდაციის შესრულების შემდეგ საქართველოსთვის კანდიდატის
სტატუსის მინიჭების მზადყოფნის თაობაზე.
2022 წლის 11 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის მიერ
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიდან მე-11
პუნქტის შესრულების უზრუნველყოფა. აღნიშნული მე-11 პუნქტის თანახმად, საქართველომ უნდა
მიიღოს
შესაბამისი
კანონმდებლობა,
რომელიც
უზრუნველყოფს
საქართველოს
სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების
პროაქტიულად გათვალისწინებას. სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ, 2022 წლის 12 ივლისს შედგა
სამუშაო ჯგუფის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა, ხოლო 13 ივლისს სამუშაო შეხვედრა
გაიმართა გაფართოებულ ფორმატში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საკითხთან
დაკავშირებით იდეების თავმოყრა და ურთიერთგაცვლა, ასევე შესაძლო საკანონმდებლო
ცვლილებების ფარგლების გამოკვეთა. შედეგად, სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდა იმ საკითხების
იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს ევროკომისიის მე-11 რეკომენდაციის შესრულებას და ამ
მიზნით მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების სამუშაო დოკუმენტი, რაც
მოსაზრებების წარმოსადგენად გაეგზავნა დაინტერესებულ პირებს. შემუშავებული
კანონპროექტები საჯაროდ გამოქვეყნდა პარლამენტის ვებ-გვერდზე, რის თაობაზეც საჯაროდ
ეცნობა საზოგადოებას.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება განეკუთვნება
საქართველოს ნორმატიულ აქტებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს
კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას
და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი
იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ნორმატიული
აქტების ურთიერთმიმართების აღნიშნული წესი წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან
განაცხადს, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ღიაა საერთაშორისო
თანამეგობრობის პროგრესული მიღწევების ეროვნულ დონეზე განსახორციელებლად.
ნორმატიული აქტების იერარქიის წესი, რომლის თანახმადაც საერთაშორისო ხელშეკრულება და
შეთანხმება უპირატესი იურიდიული ძალით სარგებლობს კანონების (ფორმალური
მნიშვნელობით) მიმართ, ადგენს არა მხოლოდ კოლიზიური შემთხვევების გადაჭრის წესს,
არამედ ზოგად ამავდროულად გამოხატავს ზოგად პრინციპს, რომლის თანახმადაც
კანონმდებელი უნდა მიისწრაფოდეს ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო
სამართლებრივ სტანდარტებთან მიახლოებისკენ. ამ მხრივ, საქართველოსთვის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია,
რომელიც ადგენს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს, ხოლო ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი ამ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების
პრაქტიკული აღსრულების პროცესში არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი. ეს არის არა უბრალოდ
მექანიზმი
კონვენციის
ნორმებთან
ეროვნული
კანონმდებლობის
თავსებადობის
უზრუნველსაყოფად, არამედ მისი ინტერპრეტაციის საუკეთესო საშუალება. კონვენციასთან
მიერთებით, საქართველომ გამოხატა მზაობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
პრეცედენტული სამართლის განვითარების კვალდაკვალ ეროვნულ დონეზეც იზრუნოს
არსებული სტანდარტების დასამკვიდრებლად. ქართულ კანონმდებლობაში ამ დრომდეც იყო
განხორციელებული ცვლილებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
იურისპრუდენციის ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში მეტად იმპლემენტაციის თვალსაზრისით:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის
მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ერთ-ერთ
საფუძვლად განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან
დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება. იგივე გარემოება წარმოადგენს
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველს (საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი).
საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების
აქტიური გამოყენება ეროვნულ დონეზე, კანონშემოქმედებით პროცესთან ერთად, არის
დამატებითი შესაძლებლობა ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ადამიანის
უფლებების დაცვის საუკეთესო თანამედროვე სტანდარტებთან დასაახლოებლად მისი უწყვეტი
პროგრესის შენარჩუნების მიზნისთვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლებასთან,
იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფუნქციებთან, ასევე მოსამართლეთა შეფასებასთან და
სასამართლოს აპარატის სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებულია
საქართველოს ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ“, შესაბამისი საკითხების
ახლებურად მოწესრიგება საჭიროებს სწორედ ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების
განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტი ხელს შეუწყობს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის მოსამართლის საქმიანობის შეფასების
კრიტერიუმებში და მიეთითება, რომ მოსამართლის შეფასებისას მოხდება ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების არა მხოლოდ რაოდენობრივი
კომპონენტის, არამედ მათი რელევანტურობის გათვალისწინებაც. ამის გარდა მიეთითება, რომ
საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოებში სავალდებულო იქნება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის ფუნქციის მქონე
სტრუქტურული ერთეულის არსებობა. ამ ერთეულის ფუნქცია იქნება მოსამართლეებისთვის
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
პრეცედენტული
სამართლის
ხელმისაწვდომობაში ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების პერიოდული ანალიზი და აღნიშნული მიმართულებით საინფორმაციო და
საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება.
მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ მოქმედი მოსამართლე ვალდებული
იქნება 3 წელიწადში 5 დღე მაინც დაუთმოს სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლებას. კვალიფიკაციის
ამაღლების პროგრამა სავალდებულო კომპონენტად უნდა ითვალისწინებდეს სწავლებას
ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
პრეცედენტული სამართლის) საკითხებზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტის ძალაში შესვლა არ არის დაკავშირებულ ორგანიზაციულ-ტექნიკური ან
ინფრასტრუქტურული ხასიათის მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელებასთან,
ამდენად, მიზანშეწონილია მისი ამოქმედება დაუყოვნებლივ, გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის და იუსტიციის
უმაღლესი საბჭოსთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
პრეცედენტული სამართლის საკითხების დამატება განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს არსებული ასიგნებების ფარგლებში. სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების
აპარატების მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება არ
მოითხოვს დამატებით ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს, ვინაიდან ეს ღონისძიებები
განხორციელდება ამ სასამართლოების არსებული რესურსების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
ასეთი არ არსებობს
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავება მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2022 წლის 11 ივლისს საქართველოს სასამართლოებში ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების
საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების
თაობაზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი.