„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.08.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#07-3/229/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 342 მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 342 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ გამოიყენება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის აღნიშნული ჩანაწერი ზღუდავს ახლად აღმოჩენილ გარემოებად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენების შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი“. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სპეციალურ წესს ადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებად გამოყენებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვა არ ვრცელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება. გასათვალისწინებელია, რომ 342 მუხლი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს დაემატა 2010 წლის 27 აპრილის №3046–Iს ცვლილებით. აღნიშნული ცვლილების განმარტებით ბარათში არაფერია მითითებული იმის შესახებ, თუ რა მიზნით იქნა გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევის საერთო წესიდან გამონაკლისი მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიზნებისთვის. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ 2019 წლის 16 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება Nბს-327-309(2კ-07), რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე „სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი №58240/08) გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 342 მუხლის მიუხედავად, პირდაპირ კონვენციის ნორმებზე დაყრდნობით შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოსა“ და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოლიდარულად დააკისრა გ. სარიშვილის სასარგებლოდ კომპენსაციის - 20 000 ლარის ანაზღაურება. 2022 წლის 11 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიდან მე-11 პუნქტის შესრულების უზრუნველყოფა. აღნიშნული მე-11 პუნქტის თანახმად, საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინებას. სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ, 2022 წლის 12 ივლისს შედგა სამუშაო ჯგუფის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა, ხოლო 13 ივლისს სამუშაო შეხვედრა გაიმართა გაფართოებულ ფორმატში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საკითხთან დაკავშირებით იდეების თავმოყრა და ურთიერთგაცვლა, ასევე შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლების გამოკვეთა. სამუშაო ჯგუფის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, ერთ-ერთ ღონისძიებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 342 მუხლით დადგენილი შეზღუდვის მოხსნა, მით უფრო, რომ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც კონკრეტულ საქმეზე კონვენციის ნორმებზე დაყრდნობით, აღნიშნული შეზღუდვა არ იქნა გამოყენებული. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 342 მუხლი შეიცავს პირდაპირ მითითებას, რომლითაც გამოირიცხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამოყენება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისთვის, აუცილებელია ცვლილების განხორციელება მითითებულ საკანონმდებლო აქტში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად, მოიხსნება შეზღუდვა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამოსაყენებლად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიღების შედეგად, მოიხსნება შეზღუდვა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამოსაყენებლად. აღნიშნულის შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ერთ-ერთ საფუძვლად მიჩნეული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტის ძალაში შესვლა არ არის დაკავშირებულ ორგანიზაციულ-ტექნიკური ან ინფრასტრუქტურული ხასიათის მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელებასთან, ამდენად, მიზანშეწონილია მისი ამოქმედება დაუყოვნებლივ, გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ იქნება დაკავშირებული ხარჯებთან.ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს შეიძლება გავლენა ჰქონდეს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, თუ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებად გამოყენება რაიმე ფორმით დაკავშირებული იქნება განსახილველ საქმეში ამ ბავშვის მონაწილეობასთან. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავება მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2022 წლის 11 ივლისს საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი