„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/228/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საზღვაო შრომის კონვენცია“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მეზღვაურს, რომელიც ფლობს STCW კონვენციის წევრი სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატს, უფლება აქვს, იმსახუროს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, თუ მისი კომპეტენციის სერტიფიკატი აღიარებულია სააგენტოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად.” ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სააგენტო ყველა საჭირო ზომის მიღებით, რაც შესაძლებელია მოიცავდეს აღჭურვილობათა და პროცედურათა ინსპექტირებას, დაადასტურებს, რომ კომპეტენციის სერტიფიკატისა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა და ჟურნალების წარმოების სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები სრულადაა დაცული შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ;“ 2. 49-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მეზღვაური, რომელსაც გააჩნია მოქმედი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, უფლებამოსილია გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის ამ კანონითა და STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“ ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გააჩნია საქართველოს მიერ გაცემული კომპეტენციის დამადასტურებელი მოწმობა, აისახება შესაბამის სამედიცინო მოწმობაში, რომელსაც ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს მხოლოდ სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება. შერჩეული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემა გაყალბებისაგან დამცავი ნიშნის მქონე ბლანკზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე.“ გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. მიუხედავად ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებისა, მეზღვაური, რომელიც ფლობს ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებულ კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე სამუშაოდ, შეუძლია საქართველოს დროშის ქვეშ განახორციელოს საქმიანობა მისი სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია მოქმედი სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია მისი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის გამცემი სახელმწიფოს მიერ.“ დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემამდე ან ასეთი სერტიფიკატის განახლებამდე, ასევე ყველა ისეთი მეზღვაურის შემთხვევაში, რომლის სერტიფიცირებაც მოითხოვება STCW კოდექსის შესაბამისად, მეზღვაური ვალდებულია ჰქონდეს ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული სამედიცინო მოწმობა.“ 3. 50-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია არაუმეტეს სამი თვით. თუ სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა ამოიწურა რეისის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული სამედიცინო მოწმობა დარჩება ძალაში მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მეზღვაურს საშუალება ექნება უფლებამოსილი ექიმისგან მიიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა. 3. გადაუდებელ შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია დაუშვას მოქმედი სამედიცინო მოწმობის არმქონე მეზღვაური სამუშაოზე მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე.“ 4. 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტო თითოეულ განაცხადს განიხილავს IMO-ს ასამბლეის A-890 რეზოლუციის შესწორებული ან მისი ჩამნაცვლებელი რეზოლუციის რედაქციის და 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენციის რეგულაცია 3.2 „საკვები და საკვებით მომსახურების“ დებულებების, ცვლილებათა გათვალისწინებით.“ 5. 63-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აქვთ თუ არა გემზე მომსახურე მეზღვაურებს, რომლებსაც კონვენციის შესაბამისად უნდა ჰქონდეთ სერტიფიკატები, სათანადო სერტიფიკატი ან იმის მტკიცებულება, რომ მათ შესაბამის ადმინისტრაციას მიმართეს განცხადებებით დადასტურების თაობაზე STCW-ის კოდექსის I/10 რეგლამენტის მე-5 პუნქტის შესაბამისად;“ ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ) გემის დროშის ადმინისტრაციის მიერ იმ მოთხოვნების შეუსრულებლობა, რომლებიც დადგენილია STCW კოდექსის შესაბამისად სამანქანე ან სანავიგაციო ვახტის გაწევისთვის;“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2006 წლის თებერვალში, 94-ე შრომის საერთაშორისო კონფერენციის მე-10 საზღვაო სესიაზე მიღებულ იქნა საზღვაო შრომის კონვენცია 2006 (MLC 2006). აღნიშნული კონვენცია განსაზღვრავს მეზღვაურთა უფლებებს ღირსეული სამუშაო პირობებისადმი. იგი მოიცავს თითქმის ყველა ასპექტს მათი მუშაობისა და ცხოვრების შესახებ, მათ შორის: მეზღვაურთა მინიმალური ასაკი, მეზღვაურთა შერჩევა და შრომითი მოწყობა, მეზღვაურთა შრომის ხელშეკრულებები, ხელფასები, სამუშაო დროისა და დასვენების დროის ხანგრძლივობა, შვებულებით სარგებლობის უფლება, ხელფასის გადახდის წესი, რეპატრიაციის წესი, დასვენების საშუალებები, საკვები და საკვებით მომსახურების წესი, ჯანმრთელობის დაცვა, სამედიცინო მომსახურება, სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება და სოციალური უსაფრთხოების დაცვა. აღნიშნული კონვენცია მსოფლიოს 1.5 მლნ-ზე მეტ მეზღვაურს უზრუნველყოფს ფართო უფლებებითა და სამუშაო ადგილზე დაცვის გარანტიებით. საქართველო გეგმავს ზემოაღნიშნული კონვენციის რატიფიცირებას და იღებს ვალდებულებას სრულად მოიყვანოს შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობა კონვენციის დებულებებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით მომზადდა, საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად არეგულირებს მეზღვაურთა სამედიცინო მოწმობების გაცემის წესს, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისა და ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების საკითხებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს მიერ ამ „საზღვაო შრომის შესახებ“ კონვენციის რატიფიკაცია და მისი დებულებების კანონმდებლობაში ასახვა, ასევე კონვენციიდან გამომდინარე „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავება უმნიშვნელოვანესია, რადგან პირველ რიგში ეს გააუმჯობესებს ქართველი მეზღვაურების შრომით და სოციალურ სტატუსს და საქართველოს დროშას გახდის უფრო მიმზიდველს. როგროც უკვე აღინიშნა, მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“. წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსია, ზემოაღნიშნულ კანონის პროექტთან და კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა და საკითხების ერთგვარად დარეგულირება. წარმოდგენილი ცვლილებები ძირითადად შეეხება მეზღვაურის სამედიცინო მოწმობების, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების სტანდარტების შესაბამისობას კანონპროექტთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილები უზრუნველყოფს მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და ახდენს მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში არსებული საჭირო ცვლილებების სისტემატიზაციას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: როგორც უკვე აღინიშნა, საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, საქართველომ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონის მიღება, რომელიც მეზღვაურებთან დაკავშირებით, დანარჩენ სხვა საკითხთან ერთად ასევე დაარეგულირებს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობების გაცემის საკითხს. მომზადებული კანონპროექტი, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე დასაქმებამდე ყოველი მეზღვაური, ვალდებულია ფლობდეს მოქმედ მეზღვაურის სამედიცინო მოწმობას, რომელიც ადასტურებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება გემზე შესასრულებელ მოვალეობებს. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღიარება მიემართება სერტიფიკატს და არა ეროვნებას. არსებული რედაქცია დისკრიმინაციული საქართველოს იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც გააჩნიათ სხვა სახელმწიფოთა მიერ გაცემული სერტიფიკატები. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ცვლილება ასახავს ზუსტად STCW კონვენციის ტექსტს. დროშის სახელმწიფომ უნდა დაადასტუროს აღნიშნული საკითხი და არა სხვა სახელმწიფოების ინფორმაციას დაეყრდნოს ცალსახად. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ცვლილება ითვალისწინებს შემდეგს: წინამდებარე კანონი აძლევს სრულ ეფექტს STCW კონვენციას. სამედიცინო სტანდარტები აღნიშნულ კონვენციაში შეეხება იმ პირებს, რომლებიც განაცხადს აკეთებენ კვალიფიკაციის ან კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მისაღებად ან განსაახლებლად. ხსენებული წესები არ შეეხება ყველა მეზღვაურს. მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი შეიცავს დებულებებს, რომლებიც ადგენენ სტანდარტებს ყველა მეზღვაურისთვის და იძლევიან (MLC კონვენციის შესაბამისად), STCW კონვენციის სტანდარტის გამოყენების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების კანონში შეტანილია შესაბამისი ცვლილება, ხოლო მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი შემოიტანს ახალ დებულებას, რომელიც შეეხება ყველა რიგით მეზღვაურს. და ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც გემზე მუშაობს და ხვდება ტერმინის „მეზღვაური“ განმარტების ქვეშ. 49-ე მუხლის მე-4 პრიმა პუნქტის შემოტანა საჭირო გახდა, რათა დაფარულ იყოს ისეთი შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე მეზღვაურს გააჩნია, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაცემული სერტიფიკატები, შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და არ შეუძლია უშუალოდ სააგენტოს მიერ შერჩეულ ექიმთან გაიაროს სამედიცინო შემოწმება. 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ცვლილება ემსახურება ამავე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში შეტანილი ცვლილებების განმტკიცებას, რომლებიც ამ დებულებების STCW კოდექსზე მოქმედების შეზღუდვას ემსახურება. ასევე, ასახავს მუხლის სისტემატიზაციას. ცვლილება 57-ე მუხლის მე-3 პუნქტში აღიარებს, რომ რეზოლუცია A-890 აღარ არის ერთადერთი რეზოლუცია, რომელიც ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების პრინციპებს განსაზღვრავს. ასევე მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად ითვალისწინებს დებულებებს საკვებისა და საკვებით მომსახურების შესახებ. მეზღვაურთა სამედიცინო მოწმობების გაცემის, ასევე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის აღიარების წესს არეგულირებს „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონი. კანონის 50-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია, თუ STCW-ის კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში მეზღვაურმა უნდა აიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გარეშე ან ისეთი სამედიცინო მოწმობით მუშაობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის მოქმედების ვადა გასულია, სააგენტო უფლებამოსილია კომპანიის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. ვინაიდან, „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, სრულად შეესაბამება საზღვაო შრომის კონვენციას, აღნიშნულ საკითხს კონვენცია სხვაგვარად არეგულირებს, რაც შესაბამისად ასახულია კანონპროექტში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე, უნდა მოვიდეს შესაბამისობაში კონვენციასთან და ორივე კანონმა მეზღვაურთა სამედიცინო მოწმობების ვადის გაგრძელების საკითხი უნდა დაარეგულიროს ერთნაირად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2024 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან მისი ამოქმედება დაკავშირებულია „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულებების აღებას. არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: მეზღვაური, რომელსაც გააჩნია მოქმედი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, უფლებამოსილია გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის ამ კანონითა და STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, მეზღვაურზე გაიცემა სამედიცინო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადაა 2 წელი. სამედიცინო მოწმობა გაიცემა სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი ექიმის მიერ. სააგენტო ამტკიცებს სამედიცინო მოწმობის ფორმას. რომელიც სრულად შეესაბამება საზღვაო შრომის კონვენციას 2006 (MLC 2006). იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მოწმობას ვადა გასდის რეისის განმავლობაში, სააგენტო უფლებამოსილია გააგრძელოს სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა 3 თვით. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია არაუმეტეს სამი თვით. თუ სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა ამოიწურა რეისის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული სამედიცინო მოწმობა დარჩება ძალაში მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მეზღვაურს საშუალება ექნება უფლებამოსილი ექიმისგან მიიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა. გადაუდებელ შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია დაუშვას მოქმედი სამედიცინო მოწმობის არმქონე მეზღვაური სამუშაოზე მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე. აღნიშნული მოთხოვნა დადებითად აისახება მეზღვაურებზე, ვინაიდან მეზღვაურს არ უწყდება შრომითი ხელშეკრულება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.