„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.02.2023
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/248/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-20
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 106-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1061-1063 მუხლები : „მუხლი 1061. მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევა 1. მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევა, გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში, - გამოიწვევს დაჯარიმებას - 4 000 ლარის ოდენობით. 2. მატარებლის მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში, - გამოიწვევს დაჯარიმებას - 1 000 ლარის ოდენობით. 3. მატარებლის სამართავად გადაცემა იმ პირისთვის, რომელსაც არ აქვს მატარებლის მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს , გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას - 4 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში, - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. მუხლი 1062. საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დარღვევა საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დარღვევა, გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში, - გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. მუხლი 1063. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესების დარღვევა სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესების დარღვევა, გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში, - გამოიწვევს დაჯარიმებას -10 000 ლარის ოდენობით.“. 2. 211-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2111-ე მუხლი: ,,მუხლი 2111. საქართველოს ეკონომიკასა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო ამ კოდექსის 1061, 1062 და 1063 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირს.“ 3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 ნაწილი: „111. ამ კოდექსის 1061, 1062 და 1063 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებით ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის თანმდევ პროექტს. „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში – ასოცირების შეთანხმება) თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას. სარკინიგზო სფეროსთან მიმართებით საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მოხდეს ქართული და ევროკავშირის სამართლის ერთმანეთთან დაახლოება. კერძოდ, ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით, საქართველომ უნდა მოახდინოს თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის 2007/59/EC დირექტივასთან “იმ მატარებლის მემანქანეთა სერტიფიცირების შესახებ, რომლებიც მართავენ ლოკომოტივებსა და მატარებლებს გაერთიანების სარკინიგზო სისტემაში” (შემდგომ - 2007/59/EC დირექტივა) და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 11 მაისის დირექტივა (EU)2016/798 „რკინიგზის უსაფრთხოების შესახებ“ (შემდგომ - (EU)2016/798 დირექტივა). ამასთან აღსანიშნავია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ტექსტით გათვალისწინებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის 2004/49/EC დირექტივასთან დაახლოება, თუმცა აღნიშნული საკანონმდებლო აქტი გაუქმდა 2020 წლის 30 ოქტომბერს და იგი ჩაანაცვლა (EU)2016/798 დირექტივამ. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით ეროვნული კანონმდებლობა უახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობის მიერ დადგენილ ახალ სტანდარტებს, რაც გათვალისწინებულია (EU)2016/798 დირექტივით. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში იმ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება მემანქანეთა მართვის მოწმობის და სერტიფიცირების წესები და პირობები, სარკინიგზო უსაფრთხოების წესები და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესები, საჭირო გახდება შესაბამისი მოთხოვნებისა და პირობების დარღვევის პრევენცია და აღმოფხვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება კანონის ეფექტურობა. ა.ა.ბ)არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტში მითითებული მოთხოვნებისა და დებულებების სათანადო აღსრულებისთვის, საჭიროა განისაზღვროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის და მემანქანის სერტიფიცირების წესების, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში დადგენილი სარკინიგზო უსაფრთხოების წესის და სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესების დარღვევისთვის. ამასთან, აუცილებელია აღნიშნული სამართალდარღვევების სათანადო ადმინისტრირებისთვის დადგინდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანო. გამომდინარე აქედან, აღნიშნული საკითხების მოსაწესრიგებლად საჭიროა საკანონმდებლო აქტის მიღება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის და მემანქანის სერტიფიცირების წესების, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში დადგენილი სარკინიგზო უსაფრთხოების წესის და სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესების დარღვევისთვის. ამასთან, სამართალდარღვევების სათანადო ადმინისტრირებისთვის დადგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველი, სახდელის შეფარდების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანო, რომელიც იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1061 - 1063 მუხლები, რომლითაც ხდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის გაცემასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის; სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის დასახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესების დარღვევისათვის. კოდექსს დაემატა 2111-ე მუხლი, რომელიც ადგენს რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვის კომპეტენციას. ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლს ემატება 111 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება 1061 - 1063 მუხლებით დადგენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი შეესაბამება „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის № 517 დადგენილებით დამტკიცებულ „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიას“, რომლის თანახმად, გაგრძელდება სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირისაქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებისა და რეგულაციების ეფექტიანად დანერგვა და შესრულება. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვარიდან, ვინაიდან, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი ადმინისტრაციული ჯარიმების შემოღებას, ოპტიმალურად იქნა მიჩნეული საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლა განისაზღვროს 2025 წლის 1 იანვრიდან, რათა ამ დროის შუალედში შესაძლებელი გახდეს შესაბამისი ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საწყის ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის სხვა პროგრამების ფარგლებში არსებული რესურსები, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით განისაზღვრება ახალ სამართალდარღვევათა სახეები, კერძოდ, განისაზღვრება პასუხისმგებლობა: (ა) მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევისთვის 1 000 – 10 000 ლარის დიაპაზონში; (ბ) საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის 10 000 – 20 000 ლარის დიაპაზონში; (გ) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესების დარღვევისთვის 5 000 – 10 000 ლარის დიაპაზონში. სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეგულირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სუბიექტი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ მოვალეობებს განახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით განისაზღვრება ახალ სამართალდარღვევათა სახეები, კერძოდ, განისაზღვრება პასუხისმგებლობა: (ა) მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევისთვის 1 000 – 10 000 ლარის დიაპაზონში; (ბ) საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის 10 000 – 20 000 ლარის დიაპაზონში; (გ) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესების დარღვევისთვის 5 000 – 10 000 ლარის დიაპაზონში. შესაბამისად, კანონპროექტს ექნება ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ სამართალდარღვევას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენა, რისთვისაც განისაზღვრება პასუხისმგებლობა შესაბამისი ოდენობის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების სახით. აღნიშნული ოდენობები მითითებულია კანონპროექტის 1061-1063 მუხლებში და მათი განსაზღვრა მოხდა სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სპეციფიკისა და სხვა სატრანსპორტო დარგებში განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელების ოდენობის ერთგვაროვნების პრინციპის გათვალისწინებით. განისაზღვრება პასუხისმგებლობა: (ა) მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევისთვის 1 000 – 10 000 ლარის დიაპაზონში; (ბ) საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის 10 000 – 20 000 ლარის დიაპაზონში; (გ) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესების დარღვევისთვის 5 000 – 10 000 ლარის დიაპაზონში. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონპროექტი გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 293-ე მუხლიდან, რომლის თანახმად მხარეთა შორის თანამშრომლობის სფეროები მათ შორის მოიცავს დარგობრივი სტრატეგიების განვითარებას საგზაო, სარკინიგზო, საავიაციო, საზღვაო ტრანსპორტსა და ინტერმოდალურობასთან დაკავშირებული ეროვნული სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ტექნიკურ აღჭურვილობასა და სატრანსპორტო პარკების განახლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნების ჩათვლით, ასოცირების შეთანხმების XXIV და XV-D დანართებში განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხოლო 296-ე მუხლის თანახმად, „საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XXIV და XV-D დანართებში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართების დებულებების შესაბამისად.“ XXIV დანართში (ტრანსპორტი) მითითებულია საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება 2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/59/EC დირექტივასა „იმ მატარებლის მემანქანეთა სერთიფიცირების შესახებ, რომლებიც მართავენ ლოკომოტივებსა და მატარებლებს გაერთიანების სარკინიგზო სისტემაში“ და 2004 წლის 29 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/49/EC დირექტივასთან „გაერთიანების რკინიგზების უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ძალადაკარგულია (EU) 2016/798 დირექტივით „რკინიგზის უსაფრთხოების შესახებ“. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:   2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/59/EC დირექტივა „იმ მატარებლის მემანქანეთა სერტიფიცირების შესახებ, რომლებიც მართავენ ლოკომოტივებსა და მატარებლებს გაერთიანების სარკინიგზო სისტემაში“; 2016 წლის 11 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა (EU) 2016/798 „რკინიგზის უსაფრთხოების შესახებ“, რომელმაც გააუქმა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული 2004/49/EC დირექტივა „გაერთიანების რკინიგზების უსაფრთხოების შესახებ“. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას/დაწესებულებას, ექსპერტს, სამუშაო ჯგუფს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მომიხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.