ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№517
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.023728
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №517

2022 წლის 3 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2.doc

წინასიტყვაობა

G:\My Drive\Gov\2022\სექტემბერი\268ca3a7-96f8-443e-b18f-2ff5e18f7838.jfifჩვენი ქვეყანა ბოლო წლებში არაერთი, მათ შორის, გლობალური მოვლენებით გამოწვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ხელისუფლებისა და ხალხის საერთო ძალისხმევით, ხელშესახები პროგრესი იქნა მიღწეული მრავალი მიმართულებით.

სტაბილურობითა და ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპით დღეს საქართველო გამორჩეული ქვეყანაა რეგიონსა და მთლიანად ევროპაში. მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, დღეს ყველაზე ახლოს ვართ ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანთან − დასავლეთის თავისუფალ ერთა ოჯახში გაწევრიანებასთან.

შემდგომი წინსვლა, უკეთესი ხვალინდელი დღის შენება მომავლის სწორ და მკაფიო ხედვას, და, ამავე დროს, წლების განმავლობაში ერთობლივი ძალისხმევით უკვე მიღწეულს უნდა დაეფუძნოს. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობებიც, რომლებსაც, მწვავე კრიზისებთან ერთად, თანამედროვე საერთაშორისო ვითარება გვთავაზობს.

ამ მიზნების მისაღწევად, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც, დაგროვებული გამოცდილებისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, აყალიბებს მომავლის ხედვას, განსაზღვრავს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებს, ძირითად პრინციპებსა და მიზნების მიღწევის კონკრეტულ გზებს.

ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანმა პროგრესმა, ინკლუზიურმა დღის წესრიგმა უნდა უზრუნველყოს ახალი შესაძლებლობები, მშვიდობა და უსაფრთხოება, მეტი კეთილდღეობა და ცხოვრების მაღალი სტანდარტი თითოეული მოქალაქისათვის, უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისათვის.

დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას, რაც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ თანასწორობას, რეგიონული უთანასწორობის შემცირებას, ხარისხიანი ჯანდაცვის, განათლების, საზოგადოებრივ სხვა სიკეთეთა მეტ ხელმისაწვდომობას, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოს, დემოკრატიის გაძლიერებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

დაგეგმილი მასშტაბური რეფორმები დააჩქარებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას, რაც ქართველი ხალხის ურყევ ნებას წარმოადგენს.

ამ პროცესში ჩვენი უმთავრესი რესურსი, ის, რაც წარმატების რწმენას გვიძლიერებს, ქართველი ხალხის, თითოეული ადამიანის ნიჭი და შესაძლებლობებია. ჩვენი ისტორიული მიზნების მისაღწევად, იმისათვის, რომ მშვიდობის, პროგრესისა და კეთილდღეობის გზაზე გავაგრძელოთ წინსვლა, ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ.

მსურს, გავიხსენო დიდი ილია ჭავჭავაძის მოწოდება:

„ხელი მიეც შენს მეზობელს, შეერთდით, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ, ქვეყანაში რიგიანად იცხოვროთ“.

ხელისუფლების მაქსიმალური ძალისხმევით, საზოგადოების ჩართულობითა და სახალხო ენთუზიაზმით ჩვენ ყველაზე ამბიციური მიზნების მიღწევა შეგვიძლია.

მოხარული ვარ, საქართველოს მთავრობის სახელით, წარმოგიდგინოთ „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც მშვიდობის, კეთილდღეობის და ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შენების საფუძვლებს ქმნის.

C:\Users\NWork\AppData\Local\Microsoft\Windows\INetCache\Content.Word\pm.png

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

სარჩევი

აბრევიატურები და შემოკლებები 1

შესავალი 4

1. არსებული სიტუაციის ანალიზი 6

2. სტრატეგიის ხედვა, მიზნები და ამოცანები 87

2.1 საგარეო პოლიტიკა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება 89

2.1.1 საგარეო პოლიტიკა 89

2.1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება 106

2.1.3 საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი 111

2.1.4 დანაშაულის პრევენცია და პრობაცია 115

2.1.5 პენიტენციური სისტემა 117

2.1.6 საერთაშორისო ურთიერთობები სამართლებრივ სფეროში 119

2.1.7 სამართალშემოქმედებითი პროცესის განვითარება 119

2.2 ეკონომიკური განვითარება 121

2.2.1 მაკროეკონომიკური სტაბილურობა 121

2.2.2 საგარეო ვაჭრობა 123

2.2.3 სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობა 126

2.2.4 კაპიტალის ბაზარი 131

2.2.5 წიაღისეული და სამთომოპოვება 134

2.2.6 ენერგეტიკა 136

2.2.7 ტრანსპორტი და ლოგისტიკა 141

2.2.8 ციფრული ეკონომიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები 145

2.2.9 ტურიზმი 147

2.2.10 ინფრასტრუქტურის განვითარება 149

2.2.11 რეგიონული განვითარება 153

2.2.12 სოფელი და სოფლის მეურნეობა 154

2.2.13 გარემოს დაცვა 163

2.3 სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება 170

2.3.1 ჯანმრთელობის დაცვა 170

2.3.2 სოციალური დაცვა 177

2.3.3 დასაქმება 179

2.3.4 შრომითი უფლებები 180

2.3.5 შრომითი მიგრაცია 181

2.3.6 განათლება და მეცნიერება 182

2.3.7 ახალგაზრდული პოლიტიკა 194

2.3.8 კულტურა 197

2.3.9 სპორტი 198

2.3.10 სახელმწიფო სერვისები 200

2.3.11 სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია 203

2.4 სახელმწიფო მმართველობა...........................................................................................................207

3. სტრატეგიის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება 212

აბრევიატურები და შემოკლებები

ALMP შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა
AU აფრიკის კავშირი
B2C ბიზნესი მომხმარებელს (Business to consumer)
CA ადმინისტრაციული საბჭო
CEDAW გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი
CRC გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი
CSDP ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა
CSR კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
DCFTA ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება
EaP აღმოსავლეთ პარტნიორობა
ECDC ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი
EFTA ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია
EIB ევროპის საინვესტიციო ბანკი
EIDSS დაავადებათა ზედამხედველობის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა
ENTSO-E ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ქსელი
ETF ევროპის განათლების ფონდი
EuFMD დაავადება თურქულის კონტროლის ევროპული კომისია
FDI პირდაპირი უცხოური ინვესტიცია
FIPA უცხოური ინვესტიციების დაცვის შეთანხმება
FSAP საფინანსო სექტორის შეფასების პროგრამა
FTA თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება
FTE ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება
GDDEI საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა
GII გლობალური ინოვაციების ინდექსი
GLOSIS ნიადაგის მსოფლიო საინფორმაციო სისტემა
GMP კარგი საწარმოო პრაქტიკა
GPS გლობალური პოზიციონირების სისტემა
HACCP საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა
HRC გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო
ICAO სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
ICC სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
ICT საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
ILP ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა
INSEAD ევროპის ბიზნესის ადმინისტრირების ინსტიტუტი
ISAF საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე ძალები
ISO სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
IT ინფორმაციული ტექნოლოგიები
ITU ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი
MICS მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევა (მიქსი)
NDC ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი
NEET განათლების, დასაქმების, გადამზადების პროგრამების მიღმა მყოფი
NEHAP გარემოს ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმა
NFI პირველი ეროვნული ინვენტარიზაცია
NSDI ეროვნული სივრცითი მონაცემთა ინფრასტრუქტურა
OBS ღია ბიუჯეტის კვლევა
OECD ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია
OGP ღია მმართველობის პარტნიორობა
OIE ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
PEFA სახელმწიფო ხარჯები და ფინანსური ანგარიშვალდებულება
PIMA საზოგადოებრივი ინვესტიციების მენეჯმენტის შეფასება
PIRDP რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა
PISA მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა
POC საფოსტო საექსპლუატაციო საბჭო
ProQA სამედიცინო პრიორიტეტულობის სადისპეტჩერო სისტემა
R&D სამედიცინო პრიორიტეტულობის სადისპეტჩერო სისტემა
RBC ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევა
RIA რეგულირების ზეგავლენის შეფასება
RSM მტკიცე მხარდაჭერის მისია
SDG გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები
SME მცირე და საშუალო მეწარმეობა
STEAM მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა
TADAT სავალუტო ფონდის საგადასახადო ადმინისტრაციის შეფასების ინსტრუმენტი
TSA მიზნობრივი სოციალური დახმარება
UHC საყოველთაო ჯანდაცვა
UNCTAD გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია
UNESCO გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია
UNWTO მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია
UPU მსოფლიო საფოსტო კავშირი
WEF მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
ა(ა)იპ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
ადზ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი
აშშ ამერიკის შეერთებული შტატები
გაერო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
დსთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა
დღგ დამატებული ღირებულების გადასახადი
ეუთო ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია
იპრმ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი
მგვ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება
მშპ მთლიანი შიდა პროდუქტი
ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი
პჯდ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება
საქსტატი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სთძ საქართველოს თავდაცვის ძალები
სსგს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
სსდ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
სსიპ საჯარო სამართლის იურიდიული პირი
სსმ სპეციალური საჭიროების მქონე
სსსმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი
სსტც სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი
უპგ უწყვეტი პროფესიული განვითარება
ფჯ ფსიქიკური ჯანმრთელობა
შპს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
შსს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შშმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

შესავალი

21-ე საუკუნის მესამე ათწლეული მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნისათვის არაერთი ახალი გამოწვევით დაიწყო. კორონავირუსის პანდემიით განპირობებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემები და გლობალური ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისი დრამატულად აისახა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. პანდემიის გრძელვადიანი ეფექტები ჯერაც მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად რჩება სწრაფი განვითარების გზაზე.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიამ კიდევ უფრო კომპლექსური, ცვალებადი და მყიფე გახადა მსოფლიო უსაფრთხოება. იზრდება პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური საფრთხეები. განსაკუთრებული გამოწვევაა საერთაშორისო წესრიგის შეცვლის მცდელობები, როგორც კონვენციური, ისე ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით.

ამ ურთულესი საერთაშორისო ვითარების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ეკონომიკის, სოციალური, საგარეო-პოლიტიკური, დემოკრატიის მშენებლობისა და სხვა მიმართულებებით. სტაბილურობითა და ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების ტენდენციებით საქართველო გამორჩეული ქვეყანაა რეგიონსა და ევროპაში.

უნდა აღინიშნოს, რომ შეცვლილი საერთაშორისო რეალობა, პრობლემებთან ერთად, ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ტექნოლოგიების განვითარებისა და გლობალური კონკურენციის ახალ პირობებში საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებით კიდევ უფრო დაჩქარდება ქვეყნის სტაბილური წინსვლა.

იმისათვის, რომ მდგრადი და ინკლუზიური განვითარება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე თანაბრად აისახოს, საჭიროა რეფორმების განგრძობადობის უზრუნველყოფა, პოლიტიკის სისტემური და კოორდინირებული დაგეგმვა, ვითარების საფუძვლიანი ანალიზი, რესურსებისა და პოტენციალის სწორი შეფასება და მათი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა საქართველოს განვითარების სტრატეგია − გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მთავრობის ერთიან ხედვას წარმოადგენს და მდგრადი განვითარების ყველა ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას აერთიანებს.

სტრატეგია შემუშავებულია მტკიცებულებებზე დაფუძნებული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოების პრინციპების შესაბამისად. განსაზღვრავს ინდიკატორებს პროგრესის გასაზომად და მონიტორინგის განსახორციელებლად, როგორც შუალედური პერიოდის, ისე სამიზნე 2030 წლისათვის.

დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებს და გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის პრიორიტეტს − წევრი ქვეყნების ერთიან ძალისხმევას ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისათვის. ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას − ქართველი ხალხის ურყევ ნებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შესახებ. სტრატეგია სრულად შეესაბამება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების დღის წესრიგს და ასოციირების შეთანხმების პრინციპებს. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა ისტორიულმა ნაბიჯმა − ევროკავშირის წევრობის თაობაზე ოფიციალურმა განაცხადმა და ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაუხსნა. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საერთო ევროპული ღირებულებებისადმი და გამოთქვამს მზადყოფნას, სტრატეგიის განხორციელებისას ითანამშრომლოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან.

2030 წლამდე საქართველოს მთავრობა გაატარებს რეფორმებს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის განვითარების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერების, კარგი მმართველობის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებისათვის. აღსანიშნავია, რომ მოცემული სტრატეგიის პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობდა „ადამიანის უფლებათა დაცვის 2022 − 2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაზე“, როგორც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმთავრეს პოლიტიკის დოკუმენტზე.

სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების უწყებათაშორისი კოორდინაციის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის №154 დადგენილებით შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მინისტრები, სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

წარმოდგენილი სტრატეგიის პირველი თავი ეთმობა თითოეულ სექტორში არსებული სიტუაციის სიღრმისეულ ანალიზს − პრობლემების, მათი გამომწვევი ფაქტორებისა და უარყოფითი შედეგების იდენტიფიცირებას. მეორე თავში აღწერილია ამ პრობლემათა გადაჭრისთვის დასახული მიზნები და ამოცანები. მომდევნო თავში წარმოდგენილია განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩო.

არსებული სიტუაციის ანალიზი

საგარეო პოლიტიკა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება

საგარეო პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი გზით აღდგენის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის დეოკუპაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ქვეყნის გამთლიანებისა და ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

აღნიშნული მიზნების განხორციელების პროცესში არსებობს არაერთი გამოწვევა, რაც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ გადადგმული უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯებიდან.

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესია კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შესაბამისი ფორმატების მეშვეობით თავისი წვლილი შეაქვს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტი სამართლებრივად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით, რაც დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენების ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ 2022 წელს დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს განხორციელებული მძიმე დანაშაულების ჩამდენთა მიმართ სამართლებრივი დევნის შესახებ.

მიმდინარე ოკუპაციით წარმოქმნილი გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომელიც, ერთი მხრივ, მიმართულია დეოკუპაციის მიზნის მიღწევისკენ, ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანზე ორიენტირებული, პროაქტიული და თანმიმდევრული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებისკენ, სტატუს-ნეიტრალური, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული მიდგომებისა და ახლებური ხედვების საფუძველზე.

აღნიშნული ამოცანების განხორციელება ითვალისწინებს ყველა სახელისუფლებო სტრუქტურისა და პროფილური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობასა და ძალისხმევის კონსოლიდაციას.

საყურადღებოა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი. ევროკავშირის წევრობისთვის მოსამზადებლად კომპლექსური სამუშაოს განხორციელების მიზნით, დღის წესრიგში დადგა ადამიანური, ინსტიტუციური და ფინანსური შესაძლებლობების მობილიზაციის/გაძლიერების საკითხი. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცების, ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის კუთხით განგრძობადი პროცესის უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ აისახება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე და, შესაბამისად, განსაზღვრავს ევროკავშირში გაწევრიანების ტემპს.

ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაცია და ევროკავშირთან მეტი სექტორული ინტეგრაცია საქართველოს მოკლე და საშუალოვადიან ამოცანას წარმოადგენს, რაც ქვეყანას მაქსიმალურად დააახლოებს ევროკავშირთან. ამ მიმართულებით, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაცია, რაც მოითხოვს ყველა დარგობრივი უწყების აქტიურ ჩართულობას და მათი კომპეტენციის ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულებას საქართველო-ევროკავშირის ასოციირების შეთანხმებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ყოველწლიურ ეროვნულ გეგემებში გაწერილი ვადების შესაბამისად. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასოციირების შეთანხმების, განსაკუთრებით კი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) განხორციელებას. ასევე, საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პოტენციალის სრულად ათვისებასა და გაწევრიანების წინა ინსტრუმენტის (IPA) ეფექტიანად განხორციელებას.

უკანასკნელ პერიოდში ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების გარემოს მკვეთრი გაუარესების ფონზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და გაწევრიანების საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდა. ამ კონტექსტში, გამოწვევად იკვეთება − 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურების მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების აღსრულება, რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა“, რადგან ამ დრომდე ალიანსის შიგნით არ მომწიფებულა პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანების თარიღის თაობაზე. ამას, გარკვეულწილად, ხელს უშლის მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც მეტწილად განპირობებულია რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებებით საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ. წლების განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი სერიოზულად უშლიდა ხელს ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და სამხედრო მოსამსახურეების რიცხოვნობით წარმოადგენდა მისიების (ISAF, RSM) ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორს. სწორედ ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობით, საქართველო ალიანსის სანდო და ერთგულ პარტნიორად იქნა აღიარებული ნატოს მიერ და 2014 წელს ნატოს „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსიც დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დამყარებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტია უმთავრესი ეფექტიანი მექანიზმია ქვეყნებს შორის ფართო და სიღრმისეული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის, მათ შორის, დემოკრატიისა და მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. აშშ-ის კონგრესში საქართველოს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ქვეყნისთვის საკვანძო საკითხებზე მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები, ტრადიციულად, ასახულია აშშ-ის მნიშვნელოვან საკანონმდებლო აქტებსა და რეზოლუციებში. უმაღლეს დონეზეა აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომელიც ახალ ეტაპზე გადავიდა 2021 წელს გაფორმებული შეთანხმებით − „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის შესახებ“ (GDDEI).

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისთვის ისევე, როგორც მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია ევროპის ტრადიციულად მოკავშირე ქვეყნებთან თანამშრომლობის გაგრძელება და შემდგომი გაღრმავება. ამასთან, რიგ მოწინავე ქვეყანასთან არსებული პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე აყვანა. გადაიდგა არაერთი მნიშნელოვანი ნაბიჯი: დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის პოლიტიკური ფორმატი − „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ შეიქმნა. ამასთან, საქართველო გახდა ევროკავშირთან ასოციირებული პირველი ქვეყანა, რომელთანაც ბრიტანეთმა ყოვლისმომცველი ორმხრივი „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“  შეთანხმება გააფორმა. საფრანგეთთან შეიქმნა ასევე სტრატეგიული ხასიათის „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი“. რეგულარულ პლატფორმად ჩამოყალიბდა მაღალი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი ქართულ-გერმანულ-ფრანგული პოლიტიკური სამკუთხედი. დაფუძნდა ქართულ-გერმანული ფორუმი. უკრაინასა და საქართველოს შორის დაფუძნდა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭო. მოქმედებს ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე საქართველო-ლიეტუვის კომისია, ასევე საქართველოსა და პოლონეთს შორის − „თბილისის კონფერენცია“. დასკვნით ეტაპზეა სტრატეგიული პარტნიორობის პლატფორმის ჩამოყალიბება რუმინეთთან. 

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულმა სამხედრო აგრესიამ მძიმე დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების არსებულ არქიტექტურას, არამედ ევროპის, როგორც მშვიდობისა და კეთილდღეობის, სამხედრო აგრესიისგან დაცული, ინტეგრირებაზე ორიენტირებული სივრცის კონცეფციას. ახალი რეალობა მოითხოვს ევროპის მხრიდან რუსეთის მიერ შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სერიოზულ გამოწვევებზე რეაგირების აქამდე არსებული მიდგომების, მექანიზმების, შესაბამისი შესაძლებლობების ხელახალ გააზრებასა და მათ კორექტირებას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მკვეთრად შეცვალა რეგიონის გეოპოლიტიკური მოცემულობა, რამაც მნიშვნელოვანწილად ახალი კომპლექსური გამოწვევები წარმოშვა რეგიონის ქვეყნებისათვის. მიუხედავად ამისა, საქართველო აქტიურად ატარებს თავის პროაქტიულ პოლიტიკას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. აქტიურად ხორციელდება სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და თურქეთთან, დინამიკურად ვითარდება ურთიერთთანამშრომლობა სომხეთთან. საქართველო ყოველთვის გამოდიოდა მშვიდობიანი თანაარსებობისა და რეგიონში ურთიერთმომგებიანი ინტერაქციის მხარდამჭერად. არსებობს რიგი მნიშვნელოვანი რეგიონული საკითხებისა, რაც მოითხოვს მყისიერ რეაგირებას სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც. ეს საკითხებია ენერგო და სატრანსპორტო დერეფნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების გადაწყვეტა და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის მხარდაჭერა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ განხორციელება, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ არის მიმართული. ქ. თბილისში, საქართველოს შუამავლობით გამართული პირველი შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის რეგიონული დიალოგის ხელშეწყობის წარმატებულ ნაბიჯად შეფასდა, როგორც მონაწილეთა, ასევე პარტნიორთა მხრიდან.

გარდა ამისა, 2021 წელს, აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებების დროს დაკავებული 15 სომეხი სამხედრო ტყვე საქართველოს შუამავლობით, პრემიერ მინისტრის უშუალო ჩართულობით და კონლფიქტში ჩართული ორივე მხარის ინტერესების დაცვით გაათავისუფლა.

ასევე გამოწვევაა რეგიონში არსებული კონფლიქტების გამწვავების ან/და ახალი კონფლიქტების გაღვივების საფრთხე. საქართველოს გააჩნია მტკიცე პოზიცია, შეინარჩუნოს მაქსიმალური ნეიტრალურობა რეგიონში კონფლიქტებთან მიმართებით, რაც განახორციელა კიდეც კონფლიქტის მიმდინარეობისას, გამოვიდა რა არაერთი სამშვიდობო ინიციატივით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც ყურის ცალკეულ ქვეყნებთან, ასევე ყურის რეგიონის თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC) ურთიერთობების განვითარება. ამ მიზნით შემუშავდა და შეთანხმდა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან ერთობლივი სამოქმედო გეგმა (2022 − 2026 წ.წ.).

მნიშვნელოვანია არაბული ქვეყნების ლიგასთან თანამშრომლობის ფორმატების შემუშავება და ამოქმედება. აღნიშნული ფორმატები მიზნად ისახავს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას არაბული ლიგის ქვეყნებს შორის. ქართული მხარის პროაქტიური ჩართულობა ამ პროცესში ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

აფრიკის კავშირში საქართველოს მიერ დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებამ, საელჩოების გახსნამ ეგვიპტეში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ეთიოპიაში, ასევე ამ საელჩოებიდან გადაფარვის ქვეყნების ზრდამ ხელი შეუწყო მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებას, რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარებას, ცალკეულ ქვეყნებთან სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზის გაფართოებას, პოლიტიკურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

საქართველო-აფრიკის ურთიერთობების დინამიკურ განვითარებას აფერხებს ტერიტორიული სიშორე, საქართველოში აფრიკული ქვეყნების საელჩოების არარსებობა და, შესაბამისად, მუდმივი კომუნიკაციის ნაკლებობა, აგრეთვე აფრიკის ქვეყნებში არსებული მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური პრობლემები და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები.

საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს აზიის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოსთან. პოლიტიკური თვალსაზრისით, ორმხრივ ფორმატში ქვეყნებს შორის არ არსებობს ღია საკითხები, რაც ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საუკეთესო საშუალებას იძლევა.

ჩინეთის მიერ ინიციირებულ „ერთი სარტყელი − ერთი გზის“ პროექტში მონაწილეობა საქართველოსთვის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, რაც ასევე მნიშვნელოვანია ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის განვითარებისთვის.

პოლიტიკის სფეროში იაპონიასთან საქართველოს ტრადიციულად მეგობრული და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს“ ხაზით, საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ამ ფონზე ნაკლებად აქტიურია ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, თუმცა 2021 წლის ივნისში ამოქმედდა მხარეთა შორის დადებული ორი ხელშეკრულება − ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და ინვესტიციების წახალისების შესახებ, რაც თანამშრომლობის განვითარების კარგ საფუძველს ქმნის.

ინდოეთთან არსებული მეგობრული ურთიერთობების ფონზე, ჯერ კიდევ გამოსაყენებელია პოლიტიკის, ეკონომიკისა თუ ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროში არსებული პოტენციალი. ეს განსაკუთრებით ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, რაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მიზანშეწონილობაზე მიუთითებს.

სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, აუცილებელია ამ ეტაპზე აუთვისებელი შესაძლებლობების გამოყენება ორმხრივი ინტერესის მქონე პრაქტიკულად ყველა სფეროში. ამ მხრივ აღსანიშნავია თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების დაწყება. რაც შეეხება აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის წამყვანი ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებს, არსებული რეალობის გათვალისწინებით, საჭიროა მაქსიმალური დაახლოება ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიზნით.

წლების განმავლობაში ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩამოყალიბებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები შემდგომი განვითარების პოტენციალს შეიცავს, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და გლობალური უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით.

ავსტრალიის თანამეგობრობასა და ახალ ზელანდიასთან ჩამოყალიბებულმა ურთიერთობებმა თანდათანობით პარტნიორული ხასიათი შეიძინა. ამასთან, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა რეგიონის კუნძულოვან სახელმწიფოებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების აწყობის მიმართულებით.

საქართველოს პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების უმეტესობასთან. მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი და რეგიონის რიგი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გამოხატული მხარდაჭერა ხაზს უსვამს საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას.

პანდემიისა და სხვა გლობალური გამოწვევების ფონზე, რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა დამძიმდა, რამაც შესაძლოა, განაპირობოს ამ ქვეყნების მოწყვლადობის ზრდა. ამასთან, არსებობს რეგიონის ქვეყნებთან არაერთ სფეროში, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი.

საერთო ღირებულებებზე დამყარებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და დინამიკურად მზარდი პარტნიორობა აკავშირებთ საქართველოსა და კანადას. კანადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია, რაც მოიცავს აქტიურ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიმართულებით, კანადასთან გრძელდება მოლაპარაკებები უცხოური ინვესტიციების დაცვის შეთანხმებაზე (FIPA).

2008 წლის მაისიდან, გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს საქართველოს რეზოლუციას − „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, 2017 წლიდან, ყოველწლიურად იღებს რეზოლუციას − „თანამშრომლობა საქართველოსთან“. ამასთანავე, ბოლო წლებში, საქართველო გაეროს ფარგლებში აქტიურად ერთვება უფრო მეტ თემატურ პროცესში, რაც ზრდის მის მნიშვნელობას ორგანიზაციაში.

ეუთოს ფარგლებში 2014 წელს დაარსდა საქართველოს მეგობართა ჯგუფი, რომელიც მას შემდეგ, ყოველი წლის განმავლობაში, აკეთებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებებს. ამასთან, ეუთო-ს ყოველწლიური მინისტერიალის ფარგლებში ასევე კეთდება ორგანიზაციის ყოფილი, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეების განცხადებები, რომელშიც ასახულია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა წევრები დღევანდელი მდგომარეობით 18-მდეა გაზრდილი.

2014 წლიდან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ყოველწლიურად იღებს გადაწყვეტილებას − „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“. 2021 წლიდან დოკუმენტში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, პირველად დაფიქსირდა (არასაპარლამენტო დონეზე) რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილებით, წელიწადში ორჯერ მზადდება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში − „კონფლიქტი საქართველოში“. აღსანიშნავია საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარეობა (2019-2020).

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს კანდიდატები არჩეულ იქნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის: ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის (CRC) წევრად, გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) წევრად და სხვა. გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია საქართველოს წევრობა შემდეგ არჩევით და მმართველ ორგანოებში: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (HRC), გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭო, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ადმინისტრაციული საბჭო (CA), საფოსტო საექსპლუატაციო საბჭო (POC) და სხვა.

დღეისათვის ქვეყნის განვითარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობა ხასიათდება ნაკლები აქტიურობით და არასაკმარისი მონაწილეობით. ერთი მხრივ, ეს განპირობებულია შედარებით მცირემასშტაბიანი პროგრამებით, რომელიც ვერ მოიცავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სასურველ რაოდენობას და სრულყოფილად ვერ პასუხობს დიასპორის სხვადასხვა ნაწილის საჭიროებებს. ამასთან, დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი სათანადოდ ვერ პასუხობს სახელმწიფოს მიერ დიასპორასთან დაკავშირებით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს.

მთავრობის მიერ შემუშავდა პროექტი − „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“ და შექმნილია სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, თუმცა აუცილებელ საჭიროებად რჩება საკვირაო სკოლების პედაგოგთა პერიოდული გადამზადება შემუშავებული სახელმძღვანელოების მეთოდოლოგიური მიდგომების გაცნობის მიზნით.

მნიშვნელოვანია საკონსულო დაცვის ეფექტიანად განხორციელება, რომლის ერთ-ერთი ელემენტია საკონსულო სერვისების მაღალი ხელმისაწვდომობა. ზოგიერთ ქვეყანაში, გეოგრაფიული განფენილობიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის პრობლემას წარმოადგენს საელჩოებში/საკონსულოებში ვიზიტი, რაც დაკავშირებულია შორ მანძილზე მგზავრობის დისკომფორტსა და ფინანსურ ხარჯთან. თუმცა, თავის მხრივ, დამატებითი საკონსულო დაწესებულებების გახსნა მოითხოვს დამატებით ფინანსებს და ასევე დამოკიდებულია მიმღები ქვეყნის თანხმობაზეც. გარდა ამისა, საკონსულო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, პრიორიტეტულია თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმჯობესება სერვისის მიწოდების პროცესში.

ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის მხრივ, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისათვის თავისუფალი გადაადგილების არეალის გაფართოებისაკენ. დღეის მდგომარეობით, მათ შესაძლებლობა აქვთ, უვიზოდ იმოგზაურონ მსოფლიოს 73 ქვეყანაში, ხოლო დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს − 85 ქვეყანაში. არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით პრიორიტეტულია რეადმისიის განაცხადების მართვის ელექტრონული სისტემის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა და მისი პოპულარიზაცია.

საერთაშორისო ურთიერთობებში, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით, კულტურის კომპონენტის აქტიური ჩართვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტ გაღრმავებას, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს როლის გაზრდასა და აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის წარმოებისათვის  ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ევროპული საბჭოს 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებამ წარმოქმნა დამატებითი ძალისხმევის გაწევის აუცილებლობა, რაც მიმართული იქნება ევროპის ქვეყნებში კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვისკენ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, შემოქმედებითი, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოტენციალისა და ევროპული იდენტობის წარმოჩენის ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია UNESCO-ის სიებსა თუ ქსელებში ქართული ნომინაციების შეტანის/გაწევრიანების წარმატებული პრაქტიკა. ნომინაციების სიაში შეტანა და საერთაშორისო მსხვილ ფორმატებში განსაკუთრებული სტატუსების მიღება განსაკუთრებულ ვალდებულებებს გულისხმობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქვეყნის მხრიდან UNESCO-ისა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ პლატფორმების რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება.

თავდაცვისუნარიანობა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ეროვნული ღირებულებები და ინტერესები განისაზღვრება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით, ხოლო ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები მოცემულია საფრთხეების შეფასების დოკუმენტში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვა ხორციელდება ეროვნული თავდაცვის სტრატეგიით და ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს. ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მის სისტემაში შემავალი ყველა ელემენტის განვითარებას. აღნიშნული ეფუძნება „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“ დოკუმენტს, ხოლო აღსრულება მიმდინარეობს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესის შედეგად შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციების საფუძველზე, რომლებიც ასახულია „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021 − 2025“ დოკუმენტსა და მის სამოქმედო გეგმაში.

თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ეფუძნება ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების ანალიზს, აგრეთვე ხელმისაწვდომ რესურსებსა და სთძ-ის არსებული შესაძლებლობების შეფასებას. ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია. ამასთან, უკანასკნელ პერიოდში ფართო შავი ზღვის რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა წამოწიეს მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის აქტუალობა. რუსეთის ფედერაციის აგრესიული საგარეო პოლიტიკა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების საშიშროება არ გამქრალა.

აღნიშნულ საფრთხეზე საპასუხოდ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, თავდაცვის მართვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლება არსებული მექანიზმების დახვეწის გზით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა კრიტიკული შესაძლებლობების განვითარებით. ამ კუთხით, ძირითადი აქცენტი სახმელეთო შესაძლებლობების განვითარებაზე კეთდება, თუმცა ყურადღება ასევე ეთმობა საჰაერო და კიბერსივრცის შესაძლებლობებისა და თავდაცვის ინფრასტრუქტურის განახლებას. აუცილებელია, საარტილერიო საცეცხლე საშუალებების მართვისა და კონტროლის სისტემის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების შემდგომი გაძლიერება და სადაზვერვო შესაძლებლობების შემდგომი განვითარება მოწინააღმდეგის აღმოჩენის, თვალთვალის, მიზანჩვენებისა და ძალთა დაცვის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. მნიშვნელოვანი იქნება თავდაცვის ძალების ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება და სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების ამაღლება.

კრიტიკული შესაძლებლობების განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, რაც გულისხმობს სამხედრო წვრთნისა და განათლების შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას, რათა სამხედრო პერსონალის წვრთნების დაგეგმვის, აღსრულებისა და შეფასების სისტემა ბოლომდე აკმაყოფილებდეს თანამედროვე დასავლურ ქვეყნებში დანერგილ სტანდარტებს.

უმჯობესდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისა და ჯარისკაცთა და ოფიცერთა სოციალური მხარდაჭერის პირობები. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამხედრო მოსამსახურეთა წვრთნებსა და განათლებაზე, ასევე სამეთაურო-საშტაბო სწავლებების ორგანიზებაზე, უწყებათაშორისო კოორდინაციის გაღრმავებასა და საერთაშორისო წვრთნების მასპინძლობაზე.

თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების პარალელურად, ყურადღება ეთმობა თავდაცვითი სამხედრო მრეწველობის პოტენციალის ამაღლებას. ამ კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სსიპ − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას.

სთძ-ის ტრანსფორმაციის პროცესს აძლიერებს საქართველოს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. სთძ იღებს კონკრეტულ სარგებელს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, შესაბამის პროგრამებსა და მექანიზმებში ჩართულობით. კიდევ უფრო გაღრმავდა და მრავალგანზომილებიანი გახდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს სხვა პარტნიორი ქვეყნების ჩართულობის დონის ასამაღლებლად. „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ მექანიზმის შემოღებით, ნატო მეტად არის წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში. ასოციირების შეთანხმებითა და ასოციირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების შესრულება ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან (EDA) ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმება, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (European Peace Facility – EPF) ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება, ევროკავშირის მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის (PESCO) პროექტებში მონაწილეობა და ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტოსთან (ENISA) თანამშრომლობა. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფართო შავი ზღვის რეგიონში არსებული ძალთა ბალანსის ცვლილების პარალელურად, აუცილებელია პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს საქართველოს შეკავების პოტენციალის გაზრდის მიმართულებით.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით აღსანიშნავია აქტიური ჩართულობა საერთაშორისო სწავლებებში, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სთძ-ის შესაბამისი ელემენტები განაგრძობენ მონაწილეობას ისეთ მნიშვნელოვან მრავალეროვნულ სწავლებებში, როგორიცაა: ნატო-საქართველოს სწავლება (NATO-Georgia Ex), სწრაფი პასუხი (Swift Response), მტკიცე სული (Agile Spirit), ტროას ნაკვალევი (Trojan Footprint), ღირსეული პარტნიორი (Noble Partner), კავკასიის არწივი (Caucasian Eagle) და სხვა.

საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დანაშაულთან ბრძოლის გაუმჯობესებისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით.

საყურადღებოა, რომ 2019 წელთან შედარებით, 2020-2021 წლებში წლიურად რეგისტრირებული დანაშაულის კლება დაფიქსირდა (2019 წელი − 64 123; 2020 წელი − 56 596; 2021 წელი – 56 343)1, თუმცა მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ეფექტიანი ბრძოლა დანაშაულთან და კიდევ უფრო გაუმჯობესდეს დანაშაულის კლების მაჩვენებელი.

კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, სპეციალიზაციისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების მკაფიო გამიჯვნა. თუმცა, არსებული მდგომარეობით, კომპეტენციების გამიჯვნის პროცესი შეეხო მხოლოდ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ქ. თბილისის პოლიციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტებს და არ განხორციელებულა სრულად საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პროექტი, რომლის ფარგლებში, ქ. თბილისში დაინერგა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. მნიშვნელოვანია მისი სრულად ამოქმედება ქვეყნის მასშტაბით.

ეფექტიანი საპოლიციო საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სამართლებრივი რეგულაციები, რაც წარმოადგენს საბჭოთა მოდელს და არის მოძველებული.

განსაკუთრებით საყურადღებოა გამოძიების ხარისხის მონიტორინგის სისტემა, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიანი გამოძიების მექანიზმები. ასევე ერთ-ერთ ყურადსაღებ გამოწვევას წარმოადგენს არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება, მათ მიმართ სპეციალური მიდგომების დანერგვა და მათზე მორგებული გარემოს ჩამოყალიბება.

დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლისა და გამოძიების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბაზაზე პირველად შეიქმნა ბიოლოგიური ექსპერტიზის სამსახური. თუმცა, დეპარტამენტის ბაზაზე არსებული აღჭურვილობა მუდმივად საჭიროებს განახლებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თანამედროვე სტანდარტებთან სრული შესაბამისობა.

გამოწვევას წარმოადგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და მათ შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა მაღალი მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიმართულებით არაერთი სოციალური კამპანია განხორციელდა და ხორციელდება, საზოგადოების ცნობიერების დონე კვლავ არასაკმარისია.

საქართველოში, ბოლო ათი წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის კოდექსით წარმოებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა 2016 წელს დაფიქსირდა. 2021 წელს სისხლის სამართლის კოდექსით წარმოებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რიცხვი, 2016 წელთან მიმართებით, შემცირდა 17%-ით. ასევე შემცირებულია, როგორც დაღუპულთა (23%-ით), ასევე დაშავებულთა რიცხვი (23%-ით)2. აღნიშნული უკავშირდება იმ კომპლექსურ აქტივობებს, რაც ბოლო წლებში განხორციელდა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით.

მიუხედავად ამისა, გზებზე არსებული მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა. 2021 წლის მდგომარეობით, საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი (12 გარდაცვალების შემთხვევა 100,000 მოსახლეზე) 2.7-ჯერ აღემატებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ სიკვდილიანობის მაჩვენებელს, რომელიც შეადგენდა 4.4 გარდაცვალების შემთხვევას 100,000 მოსახლეზე3.

2016 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ფიქსირდება გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით წარმოებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სტატისტიკის არასტაბილური ტენდენცია. საერთო ჯამში, აღნიშნულ პერიოდში შემთხვევათა 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა4, რაც ძირითადად განპირობებულია ადმინისტრირების გაუმჯობესებით.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე შეგროვებული მონაცემები არასრულფასოვანია და არ იძლევა სიტუაციის რეალური სურათის აღქმის საშუალებას. 2021 წლის სტატისტიკურ მონაცემებში ყველაზე დიდი პროცენტული წილი (59%) „სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევას“ ეკავა5. იმავდროულად, სრულყოფილად ვერ ხერხდება გზებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული „შავი წერტილების“ დადგენა. აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრისა და ერთიანი ბაზის ამოქმედების მიზნით, შეიქმნა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე ამოქმედებულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული პლატფორმა. მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმის სრულყოფილი დანერგვა და ამოქმედება, რაც დაკავშირებულია როგორც შესაბამის მატერიალურ-ტექნიკურ შესაძლებლობებთან, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის გამართულ ფუნქციონირებასთან.

უმნიშვნელოვანესია სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობების გაუმჯობესება. მიუხედავად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა, კვლავ არასაკმარისია ინფრასტრუქტურული რესურსი საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებაში.

სამართალდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე პოლიციის ატაშეების/მეკავშირე ოფიცრების მიერ სრულად არის მოცული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნები, თუმცა მნიშნელოვანია მეტი რესურსის მობილიზება და ქსელის გაფართოება, რათა არ შეფერხდეს ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ ეფექტიანი კოორდინაცია საერთაშორისო დონეზე. გარდა ამისა, ამჟამად 34 პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის, ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანასთან გაფორმებულია შეთანხმებები/მემორანდუმები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში/სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ და გრძელდება მოლაპარაკების პროცესი პარტნიორ ქვეყნებთან საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის განვითარების მიზნით.

უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახელწიფო საზღვრის ეფექტიანი მართვა და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების განვითარება. ამ კუთხით არსებული ინფრასტრუქტურული რესურსი (მათ შორის, ავტოპარკი და სპეციალური საშუალებები), ასევე სასაზღვრო უსაფრთხოებისა და სასაზღვრო კონტროლის სისტემები არასაკმარისია.

აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა დაცვის რეჟიმის გაძლიერებისა და თავშესაფრის (საერთაშორისო დაცვის) სისტემის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოში მოქმედი თავშესაფრის სისტემა საგრძნობლად გაძლიერდა. საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა წლების მიხედვით განსხვავებულია და ზრდისა თუ კლების ტენდენცია სხვადასხვა გარემოებას უკავშირდება. 2016-2018 წლებთან შედარებით, 2019 წელს დაახლოებით 25%-ით გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოში და 1,237 პირი შეადგინა. 2020 წელს საქართველოში საერთაშორისო დაცვა მოითხოვა 864-მა პირმა, ხოლო 2021 წელს − 743-მა პირმა. 2022 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში საერთაშორისო დაცვა მოითხოვა 804-მა პირმა. ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა მათი წარმოშობის ქვეყნების რაოდენობაც. თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი არის როგორც რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები, ასევე ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენის ქმედითი მექანიზმების დანერგვა. გამოწვევების საპასუხოდ, დახვეწას საჭიროებს როგორც თავშესაფრის მაძიებელთა პირველადი მიღების, ასევე თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას შესაბამის სამართლებრივ გარანტიებზე თუ სერვისებზე წვდომის საკითხებიც, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ზედაპირული სამედიცინო შემოწმებისა და სპეციფიკური საჭიროების მქონე პირების ადრეული იდენტიფიცირების მექანიზმის შემუშავების აუცილებლობა. მნიშვნელოვანია თავშესაფართან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან კიდევ უფრო დაახლოება და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების დებულებების ქართულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიცია.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საპოლიციო სერვისების განვითარებისა და მათი ხელმისაწვდომობის მიმართულებით. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის რეფორმის ფარგლებში შემუშავდა ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არსებული სერვისების „ერთი სარკმლის პრინციპით“ მიწოდებას, თუმცა, ის მთელი ქვეყნის მასშტაბით არ არის დანერგილი. გარდა ამისა, გამოწვევას წარმოადგენს ციფრული სერვისების სიმცირე.

გამოწვევად რჩება პროფესიონალი ადამიანური რესურსის გადინება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შს სამინისტროს მასშტაბით არსებული მატერიალურ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული ბაზა არასაკმარისია თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიანად გამკლავებისთვის.

დანაშაულის პრევენცია

2020 წლამდე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით, ქვეყანაში სპეციალური მიდგომები არ არსებობდა. ამ მიზნით ჩამოყალიბდა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომლის ოფისები არის მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, თუმცა არასრულწლოვნების შემთხვევებზე მიმართვებს იღებს მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, სრულფასოვნად ვერ ხდება ბენეფიციარებისათვის სერვისების ადგილზე მიწოდება, რაც შემთხვევების მართვისას სირთულეებს წარმოშობს. ასევე განსაკუთრებული გამოწვევაა რეგიონებში არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისათვის საჭირო სერვისების სიმწირე.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დელინქვენტური ქცევის ისეთი მწვავე შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნის დანაშაულის პრევენციის მიზნის მიღწევა ვერ ხერხდება გარე სერვისების მეშვეობით. არასრულწლოვნები უმეტეს დროს ატარებენ ქუჩაში, უარს ამბობენ ყოველგვარი მომსახურების მიღებასა და სპეციალისტებთან თანამშრომლობაზე. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.

დღეისთვის აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამა − სისხლის სამართლის მედიაცია აქტიურად გამოიყენება არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის საქმეებზე (2021 წლის მონაცემებით, წარმატებული მედიაციის მაჩვენებელი შეადგენდა 65%-ს), 2018 წლიდან მოქმედებს სისხლის სამართლის მედიაციის საპილოტე პროგრამა, რომლის ეფექტიან მუშაობას საკანონმდებლო/კანონქვემდებარე სამართლებრივი საფუძვლების სიმწირე მნიშვნელოვნად აფერხებს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირების გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის ფარგლებში დაინერგა სისხლის სამართლის მედიაცია, როგორც ერთ-ერთი სერვისი. ამ ეტაპზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს სულ 13 მედიატორი ჰყავს, რაც ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო რეკომენდაციებისა და სტანდარტების დანერგვისთვის, ასევე ყველა თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მოცვისთვის საკმარისი არ არის.

პრობაცია

გამოცხადების რეჟიმის ფარგლებში, პრობაციონერად იდენტიფიცირების ალბათობა, პირობით მსჯავრდებულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულებისთვის არსებითი გამოწვევაა. ამასთან ერთად, გარკვეულ მუნიციპალურ ლოკაციებზე პრობაციის ბიუროს ოფისების არარსებობა, დროული გამოცხადებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, პრობაციონერისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს.

აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად, 2021 წელს, მთავრობამ დაიწყო პრობაციის სისტემის მართვის გაუმჯობესება და, ამ მიზნით, თბილისის, თელავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში, ხოლო 2022 წელს − ხაშურის მერიაში, საპილოტე რეჟიმში, დანერგა პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლისა და მომსახურების ახალი მოწყობილობა − PROBBOX. აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, შესაძლებელი გახდა შესაბამისი ვალდებულებების მოხდისა და სერვისების უზრუნველყოფის დროს პრობაციონერთა მეტი ანონიმურობის დაცვა და მათი ელექტრონული კონტროლისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის არეალის გაფართოება.

ამჟამად ფუნქციონირებს PROBBOX-ის 7 მოწყობილობა, რომლითაც შესაბამის ქალაქებში პრობაციონერთა 50%-ამდე სარგებლობს. მოწყობილობების აღნიშნული რაოდენობა არ არის საკმარისი პრობაციის სისტემის მართვის სრულად გაუმჯობესებისთვის და მნიშვნელოვანია PROBBOX-ის მოწყობილობების დანერგვის ეტაპობრივი გაგრძელება.

პენიტენციური სისტემა

მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიმართულებით ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მიმდინარეობს როგორც პროფესიული მომზადების/გადამზადების, ისე დასაქმების პროექტები, თუმცა მათი ეფექტიანი განხორციელება რიგ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.

მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულების მხრიდან სხვადასხვა პროფესიულ კურსებზე მოთხოვნა არსებობს, მისი მიწოდება რიგ შემთხვევებში ვერ ხერხდება ტექნიკური, ინფრასტრუქტურული ან/და ფინანსური რესურსების სიმწირის გამო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯგუფური აქტივობების განხორციელება გართულებულია.

ასევე გამოწვევას წარმოადგენს წიგნადი ფონდისა და სასწავლო მასალების შევსება-განახლების საკითხიც. ამჟამად დაწესებულებებში არსებული ბიბლიოთეკები საჭიროებს განახლებას ინფრასტრუქტურული და ინვენტარიზაციის მიმართულებით.

სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებობს მცირე შრომის კერები, სადაც მსჯავრდებულები დაკავებულნი არიან ხელნაკეთი ნივთების შექმნით, გარდა ამისა, ისინი დასაქმებულები არიან პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიასა და სასადილოში, ასევე სამეურნეო სამსახურებში და იღებენ სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას.

მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით, ასევე მიმდინარეობს იმ ბენეფიციართა მომზადებაც/გადამზადებაც, რომლებიც იმყოფებიან პენიტენციური დაწესებულების გარეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბენეფიციართა უმრავლესობა სასწავლო პროგრამებისა და დასაქმების პროექტების მიმართ ინტერესს არ გამოხატავს.

პენიტენციურ დაწესებულებებში გამოწვევას წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა. 2017 − 2021 წლების მონაცემებით, ბაკალავრიატსა თუ მაგისტრატურაზე სწავლა დაიწყო/გააგრძელა ჯამში 180-მა სტუდენტმა. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 10-მა მსჯავრდებულმა, რომლებმაც სწავლა დაიწყეს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ორმა მსჯავრდებულმა კი ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდები. სისტემაში განთავსებულ მსჯავრდებულებს არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ კომპიუტერული სისტემით, დისტანციურ რეჟიმში დაესწრონ ლექციებს, გაეცნონ სასწავლო მასალას, რაც პრობლემას ქმნის სასწავლო პროცესში მათი სრულფასოვანი ჩართულობის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ არსებობს სპორტისა და ფიზიკური აქტივობის დანერგვის ინსტრუმენტები რამდენიმე მიმართულებით, როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ასევე კვალიფიკაციისა და ადამიანური რესურსების მობილიზების კუთხით, თუმცა პენიტენციური დაწესებულებების უმრავლესობას გააჩნია სპორტული ინფრასტრუქტურის დეფიციტი, ასევე ხშირ შემთხვევაში არსებული ინფრასტრუქტურა არის გაუმართავი და არ არის საკმარისი სპორტული ინვენტარი.

სამართლებრივ სფეროში საერთაშორისო ურთიერთობები

საგულისხმოა, რომ საქართველოს გაფორმებული აქვს არაერთი ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეთანხმება, რომელიც არეგულირებს კონკრეტულ სახელმწიფოთა შორის სამოქალაქო, კომერციულ და საოჯახო ურთიერთობებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევის წესებსა და პირობებს. ამასთან, მნიშვნელოვანი ყურადღება ენიჭება სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის გაძლიერებას სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მრავალმხრივ კონვენციებთან, კერძოდ კი, სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის ფარგლებში მიღებულ კონვენციებთან მიერთების გზით. სწორედ ამ მიზნით, 2021 წელს საქართველო მიუერთდა 1965 წლის კონვენციას „სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მომსახურების გაწევის შესახებ“ და 1970 წლის კონვენციას „სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში მტკიცებულების უცხოეთში გატანის შესახებ“. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა „სასამართლოს შერჩევის შეთანხმებების შესახებ“ 2005 წლის და „ბავშვთა მხარდაჭერისა და ოჯახის უზრუნველყოფის სხვა ფორმების შესახებ“ 2007 წლის ჰააგის კონვენციებსა და ამ უკანასკნელის დამატებით ოქმთან მიერთების მიზნით.

ძებნილ პირთა ექსტრადიციის მიმართულებით, ასევე უცხო ქვეყანაში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოში სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნითა და საქართველოში მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთარ ქვეყანაში დარჩენილი სასჯელის მოსახდელად, საქართველოს მთავრობა პარტნიორ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობს ათამდე მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად − ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე.

კანონმდებლობა და სამართალშემოქმედებითი პროცესი

დღეისათვის საქართველოს საკანონმდებლო ბაზა 500-ამდე საკანონმდებლო აქტს მოიცავს, რომლებიც მიღებულია სხვადასხვა დროს, განსხვავებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალობაში. მათი ანალიზისას არ ვლინდება ერთიანი მიდგომა, რომელსაც კანონმდებელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რეგულირების მეთოდის შერჩევის, მისი ფორმის, სტრუქტურისა თუ შინაარსის განსაზღვრისას ეყრდნობოდა. ამ წინაპირობებმა შექმნა ვითარება, როდესაც ხშირ შემთხვევაში ერთსა და იმავე სფეროში მოქმედებს მონათესავე შინაარსის მქონე რამდენიმე საკანონმდებლო აქტი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მაისში „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტი. ხოლო 2020 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია. საკანონმდებლო ბაზის მზადყოფნის მიუხედავად, დღეისათვის შექმნილი არ არის უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმი და დასრულებული არ არის სამართალშემოქმედებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებისა და შესაბამისი ბაზის ჩამოყალიბების პროცესი, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელი გახდება RIA-ს სტანდარტებთან დაკავშირებით საერთო მიდგომებზე შეჯერება და რეგულირების ზეგავლენის ინსტრუმენტის სრული მოცულობით ცხოვრებაში გატარება.

გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ხელმისაწვდომობა აფხაზურ ენაზე. ამჟამად, სსიპ − საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე განთავსებულია რამდენიმე ნორმატიული აქტი აფხაზურად, რაც ნიშნავს, რომ აფხაზურენოვანი მოსახლეობისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა შეზღუდულადაა ხელმისაწვდომი. იგივე შეიძლება ითქვას ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურად ოს, სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე − ამ შემთხვევაშიც რამდენიმე საკანონმდებლო აქტია ნათარგმნი შესაბამის ენებზე.

მოქმედ საკანონმდებლო აქტების ნაწილში შემორჩენილია არარელევანტური, თანამედროვე რეალობისთვის მოძველებული ტერმინები − „მკვდარი ნორმები“, მიდგომები − საბჭოთა პერიოდის რუდიმენტები, რომლებიც აღარ გამოიყენება ან დაკარგა აქტუალობა. ჯერ კიდევ იძებნება ისეთი კანონები, რომლებიც საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით გაუმართავია და საბჭოთა პერიოდის გავლენა აქვს. ხსენებულ მოძველებულ საკანონმდებლო აქტებში ჩარჩენილი უსარგებლო ტერმინები და მიდგომები, ხშირ შემთხვევაში, იწვევს გაუგებრობას, ორაზროვნებას და მიუღებელია დღევანდელი სამართლებრივი წყობილებისთვის. მსგავსი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა სხვადასხვა მიმართულებით ხელს უშლის საბჭოთა სამართალმემკვიდრეობისგან ქვეყნის სრულად გათავისუფლებას და აფერხებს შესაბამის სფეროებში ეფექტიანი და პროგრესული ნაბიჯების გადადგმას.

ეკონომიკური განვითარება

მაკროეკონომიკური სტაბილურობა

ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ეკონომიკური მდგრადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით. ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმების ფონზე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეკონომიკის სტრუქტურა და გაიზარდა ინკლუზიურობა. ადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკის, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა ყველა საგარეო შოკს. მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო 2019 წლიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის იმყოფება. 2020 წლის შემდეგაც, მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, ქვეყანამ შეინარჩუნა აღნიშნული ადგილი.

პანდემიამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას და შეანელა ის პოზიტიური ტენდენციები, რაც 2020 წლამდე ფიქსირდებოდა ეკონომიკის ყველა მიმართულებით. 2020 წელს ეკონომიკურმა კლებამ 6.8% შეადგინა. 2021 წლის თებერვლიდან ეკონომიკის ყველა სექტორში ფიქსირდებოდა მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები და ეკონომიკური აქტივობის დონე გაიზარდა, როგორც წინა წელთან, ასევე პანდემიამდე − 2019 წელთან შედარებით. ეს კი, თავის მხრივ, აისახება დასაქმების აღდგენასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით6 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი რეალურ გამოხატულებაში წინა წელთან შედარებით 10.4%-ით გაიზარდა, ხოლო პანდემიამდე პერიოდის (2019 წლის) მაჩვენებელს 2.9%-ით გადააჭარბა. რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომისა და დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, გლობალურად და რეგიონში მიმდინარე წელს საქართველო გამორჩეულია ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციით, კერძოდ იანვარ-ივლისის მდგომარეობით ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (10.3%). საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, 2022 − 2026 წლებში საშუალოდ 5.4%-ის ოდენობით7.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სტრუქტურული პრობლემა, სიღარიბე და შემოსავლების უთანასწორობის მაღალი დონე, მნიშვნელოვნად აფერხებს ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდისგან მიღებული სარგებლის გადანაწილებას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის. ბოლო პერიოდში, შემოსავლების უთანასწორობისა და სიღარიბის შემცირების მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული − ეკონომიკური ზრდა გახდა მეტად ინკლუზიური და გაიზარდა ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე.

2019 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე 2012 წელთან შედარებით 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა − 30 პროცენტიდან 19.5 პროცენტამდე. თუმცა, პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობასა და შემოსავლებზე და, შესაბამისად, გლობალურად სიღარიბის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. 2021 წელს ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ფონზე სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და ისტორიულ მინიმუმს − 17.5 პროცენტს მიაღწია, რაც 2020 წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამასთან, შემოსავლების უთანასწორობა − ე.წ. ჯინის კოეფიციენტი შემოსავლების მიხედვით ქვეყანაში, 2021 წლის მდგომარეობით, ისტორიულ მინიმუმზეა და 0.37-ს შეადგენს.

COVID-პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო ბიუჯეტის დეფიციტი გასცდა მშპ-ის 3%-იან ნიშნულს და 2020 წელს მშპ-ის 9.3%-ს მიაღწია, ხოლო 2021 წელს დეფიციტის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი 6.1%-ამდე შემცირდა. 2021 წლის ეკონომიკური აღდგენის, ფისკალური ინდიკატორების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა და ზომიერი ფისკალური კონსოლიდაციის მეშვეობით შესაძლებელი გახდა არსებული დეფეციტის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც შემდეგში კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესებისა და ბიუჯეტის მდგრადი დონის მიღწევის საშუალებას მოგვცემს.

დიაგრამა 1. ნაერთი ბიუჯეტის ბალანსი პროცენტულად მშპ-სთან

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

აღსანიშნავია, რომ შემცირების ტრენდის მიუხედავად, 2017 წლის შემდეგ, დოლარიზაციის მაღალი დონე კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. 2021 წლისთვის სესხების დოლარიზაცია მის ისტორიულ მინიმუმამდე − 50.9%-ამდე შემცირდა, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის 60%-ის ფარგლებში ფიქსირდებოდა.

ასევე უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილი საქართველოს მთავრობის ვალში ისტორიულად მაღალია, რაც ვალის მართვის უმთავრეს პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. 2020 წლის მდგომარეობით, ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებულმა ვალმა მთლიანი ვალის პორტფელის 20.9% შეადგინა, რაც რეგიონისა და სხვა შესადარი ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელს მკვეთრად ჩამორჩება.

საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ისტორიულად უარყოფითი აქვს (დეფიციტი), რაც, როგორც წესი, ფინანსდება საგარეო ვალით ან/და უცხოური ინვესტიციებით.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2016 წლიდან პერმანენტულად უმჯობესდებოდა, თუმცა, 2020 წელს COVID პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის შედეგად კვლავ გაუარესდა და მშპ-ის 12.5% შეადგინა. 2021 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა გაუმჯობესება დაიწყო და 10.1% შეადგინა.

დიაგრამა 2. მიმდინარე ანგარიშის ბალანსი მშპ-სთნ

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

აღსანიშნავია, რომ ვალის მართვის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ახალი სესხების აღების პრიორიტეტიზაციის ერთიანი ჩარჩოს არარსებობა, რომელიც აუმჯობესებს სესხების შეფასების მექანიზმს და ეფექტიანი ხარჯვის გარკვეულ გარანტიას იძლევა.

ფისკალური სისტემის მდგრადობისა და საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთი გამოწვევა სახელმწიფო საწარმოთა არაეფექტიანობაა, რომლის ერთ-ერთი მიზეზია სექტორში კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკების არარსებობა, რაც ხელს უშლის მართვის თითოეული რგოლის ეფექტიანობის მიღწევასა და საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ შემუშავებულია სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიის პროექტი, ასევე საქართველოს მთავრობამ 2021 წელს დაამტკიცა სახელმწიფო საწარმოთა კორპორაციული მართვის კოდექსი, რაც საფუძველია სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის დანერგვის ეტაპზე გადასასვლელად.

საგარეო ვაჭრობა

უკანასკნელი წლების განმავლობაში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ადგილობრივი ექსპორტის მიმართულება. კერძოდ, თუ 2021 წელს 2014 წელთან შედარებით ჯამურად ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით 48%-ით გაიზარდა, აქედან ადგილობრივი ექსპორტი შედარებით მაღალი ზრდით − 72%-ით განისაზღვრა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში − 2021 წელს 2014 წელთან შედარებით იმპორტი 17%-ით, ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25%-ით გაიზარდა. 2014 წლამდე, ქართული წარმოშობის პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გადიოდა მხოლოდ დსთ-ის ქვეყნებსა და თურქეთში. ამ ქვეყნებს ქართული პროდუქციის ექსპორტის საშუალოდ 54% ეკავა და წლების განმავლობაში ეს მონაცემი უმნიშვნელოდ იცვლებოდა. 2014 წელს, ქვეყნის მიერ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ვაჭრობის რეჟიმების განვითარების კუთხით გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯს, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებას, მოჰყვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), ჩინეთსა და ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან, ჰონკონგთან.

2014 − 2021 წლებში გაფორმებული შეთანხმებების გათვალისწინებით, ამჟამად, ქართული წარმოშობის პროდუქტებს შეუძლია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, რაც 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს. ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 2014 – 2021 წლებში 1 311 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 3.1 მილიარდს გადააჭარბა. ამ წლების განმავლობაში ექსპორტის ზრდა ძირითადად ახალი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების მქონე ქვეყნებთან მოხდა. ჯამურად ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გავიდა8.

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების შედეგად საექსპორტო ბაზრების წილი 2014 − 2021 წლებში გადანაწილდა გლობალური მასშტაბით.

დიაგრამა 3. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნების წილი საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში დსთ-ის ქვეყნების წილი შემცირდა 8 პ.პ-ით და 36% შეადგინა, თურქეთის წილი იგივე დარჩა და 10% შეადგინა, ასევე 9.2 პ.პ-ით შემცირდა იმ ქვეყნების წილი, ვისთანაც საქართველოს არ აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები და 13% შეადგინა (2014 წელი: 22.2%). ჩინეთის წილი გაიზარდა 17.8 პ.პ-ით და 19%-ს მიაღწია, ხოლო EFTA-ის წილი გაიზარდა 1.4 პ.პ-ით და 2%-ით განისაზღვრა9.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ჯერ კიდევ მაღალია ზოგიერთი პროდუქციის ექსპორტდამოკიდებულება ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე, მათ შორის, როგორებიცაა ღვინო (რუსეთი − 54,7%, უკრაინა − 10.5%, ჩინეთი − 6.8%, პოლონეთი − 5.8%, ბელარუსი − 4.6%), მინერალური წყალი (რუსეთი − 43%, უკრაინა − 18.5%, ლიეტუვა − 13.2%, ყაზახეთი − 8.9%, ბელარუსი − 5.7%) და ა.შ. გარდა ამისა, საქართველოში წარმოებული ათი ძირითადი საექსპორტო პროდუქციის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 75.4%-ს შეადგენს, მათი ექსპორტი კი, ძირითადად, ხორციელდება იმ ქვეყნებში, სადაც ქართული პროდუქციის ცნობადობა ისედაც მაღალია.

საგარეო ბაზრებზე სავაჭრო რეჟიმების განვითარების მიუხედევად, კვლავ გამოწვევად რჩება საგარეო ვაჭრობის განვითარების დონე, რაც გამოწვეულია საექსპორტო პროდუქციისა და საექსპორტო ბაზრების არასაკმარისი დივერსიფიკაციით. ჯერ კიდევ მაღალია ზოგიერთი სახის პროდუქციისა და საექსპორტო ბაზრების წილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამ იმპორტთან შედარებით, ექსპორტის ზრდის კუთხით, მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები მოიტანა. კერძოდ, 2021 წელს, 2014 წელთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან 5.2%-ით გაიზარდა და 3 026 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, იმპორტი გაიზარდა 1,4%-ით და 2 308 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 20%-ით გაიზარდა და 717 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტი, 2014 წელთან შედარებით, 57%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტის წილი 21 პ.პ-ით გაიზარდა საქართველოდან ევროკავშირში განხორციელებულ სრულ ექსპორტში და 89%-ით განისაზღვრა. შესაბამისად, 32%-იდან 11%-ამდე შემცირდა რეექსპორტის წილი.

საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაუახლოვდა DCFTA-ით 2027 წლამდე გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ნახევარს (ევროკავშირის 167 სამართლებრივი აქტი − 54%). შედეგად, ევროკავშირის ბაზარი კიდევ უფრო ფართოვდება ქართული პროდუქციისათვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი კომპანიებისთვის გაიხსნა ევროკავშირის შესყიდვების ბაზარი, რითაც ქართულ კომპანიებს საშუალება აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის მიერ სახელმწიფო შესყიდვებში გამოცხადებულ ტენდერებში.

საკანონმდებლო დაახლოების პროცესი და დაახლოებული კანონმდებლობის შემდგომი აღსრულება როგორც მთავრობისთვის, ისე კერძო სექტორისთვის რიგ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ევროკავშირის რეგულაციებისა და დირექტივების განხორციელება და შესაბამისი სტანდარტების დანერგვა ზრდის განმახორციელებელი ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის ფინანსურ ხარჯებს. გარდა ამისა, გამოწვევები დაკავშირებულია შესაბამისობის შეფასების ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან. საქართველოში ლაბორატორიების უმეტესობა ვერ ატარებს ტესტებს რეგულირებულ სფეროებში ევროპული ან საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. შესაბამისად, ქართულ ეკონომიკურ ოპერატორებსა და სახელმწიფო ორგანოებს პროდუქციის შესამოწმებლად მათი უცხოურ ლაბორატორიებში გაგზავნა უწევთ, რაც ფინანსური ტვირთია საჯარო და კერძო სტრუქტურებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ სსიპ − აწარმოე საქართველოში უზრუნველყოფს ექსპორტზე ორიენტირებულ ქართული კომპანიების სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას, მეწარმეებისთვის გამოწვევად რჩება არასაკმარისი ცნობადობა საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ართულებს ლოიალური მომხმარებლების შეძენასა და მათ შენარჩუნებას.

სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობა

2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1,242 მლნ აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის 6.6%-ს შეადგენს. 2021 წელს რეინვესტიციის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 62%-ია.

დიაგრამა 4. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა წლების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2010 − 2021 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და ზრდის ტემპი აჩვენებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არასტაბილური ტენდენციით ხასიათდება. გარდა არასტაბილურობისა, პრობლემას წარმოადგენს ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაც.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო ერთ-ერთი ლიდერია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფარდებით როგორც მშპ-სთან, ასევე − ერთ სულ მოსახლეზე.

დიაგრამა 5. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთ სულ მოსახლეზე (2020 წელი, აშშ დოლარი)

წყარო: გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია (UNCTAD)

დიაგრამა 6. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-ში ქვეყნების მიხედვით

წყარო: გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია (UNCTAD)

ამ პერიოდამდე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესობა მოდის ე.წ. ბუნებრივი რესურსების მაძიებელ და ახალი ბაზრის მაძიებელ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, რომელიც შეზღუდული პროდუქტიულობითა და ტექნოლოგიების გავრცელების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. მნიშვნელოვანია ქვეყანაში ხარისხობრივი ინვესტიციების არსებობა, რაც კვლავ რჩება გამოწვევად. ხარისხობრივი ინვესტიციების ზრდას, გარდა პანდემიისა, კიდევ რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს, რომელთა შორის გამოსარჩევია საქართველოს, როგორც საინვესტიციო ლოკაციის, შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, უცხოური ინვესტიციების მოპოვებისათვის არსებული მძაფრი კონკურენცია და არასტაბილური სიტუაცია რეგიონულ დონეზე.

ასევე საქართველოსათვის გამოწვევას წარმოადგენს ეფექტიანობაზე დაფუძნებული (efficiency-seeking) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილის ზრდა, რაც გულისხმობს ძირითადად საექსპორტო ბაზარზე ორიენტირებული საერთაშორისო მულტინაციონალური კომპანიების საქართველოში შემოყვანას.

უცხოური ინვესტიციების მსგავსად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინვესტიციების მოცულობისა და ხარისხის ზრდა. მთავრობა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას, რაც ამცირებს კერძო სექტორის ხარჯებს და ასტიმულირებს კერძო ინვესტიციებს, ხოლო, მეორე მხრივ, ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და კაპიტალის ფორმირებას, განსაკუთრებით, მაღალპროდუქტიულ და საექსპორტო დარგებში. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა ახორციელებს პროგრამებს სესხების/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების, საგარანტიო უზრუნველყოფისა და გრანტების მიმართულებით. 2021 წლის მონაცემებით, სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში მიერ შემოთავაზებული პროგრამების 1 ლარ ინვესტიციაზე მოზიდული კერძო ინვესტიცია 17 ლარს შეადგენდა, ხოლო 6 პროგრამისთვის კუმულაციური ბიუჯეტი 370 მლნ ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არ გვხვდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დივერსიფიცირებული წყაროები და ბიზნესისათვის მთავარ წყაროდ საბანკო სესხი რჩება, წლიური საპროცენტო განაკვეთი სესხებსა და ლიზინგზე კი საკმაოდ მაღალია. იგივე შეიძლება, ითქვას სესხის უზრუნველყოფის მოთხოვნაზე. შესაბამისად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ბიზნესისათვის. ასევე გამოწვევას ქმნის თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობა და განვითარებულ ქვეყნებში მიღებული ხარისხის სტანდარტების დანერგვა.

ქვეყანაში დამატებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად, განსაკუთრებით აქტუალური გახდა სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლება. ასევე ინვესტორი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია გასაღების ბაზრებზე წვდომა. ქვეყანაში არსებული სამომხმარებლო ბაზარი ვერ უზრუნველყოფს მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა წილი მოქმედ საწარმოთა 99.7%-ს შეადგენს, რაც ნათლად წარმოაჩენს მათ მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. 2015 − 2019 წლებში, სამეწარმეო საქმიანობის ყველა პარამეტრში მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა. კერძოდ, ბიზნესსექტორის ბრუნვა გაიზარდა 1.9-ჯერ, გამოშვება 1.6-ჯერ, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა − 1.2-ჯერ. მზარდია მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა, რაც 2019 წელს 48.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მთლიანი ბრუნვის 44.5%-ია. 2019 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის გამოშვებამ 27.7 მლრდ ლარი, მთლიანი გამოშვების 58% შეადგინა.

ასევე, 2019 წლის მონაცემებით, მცირე და საშუალო საწარმოების წილი ბიზნესსექტორში შექმნილ მთლიან დამატებულ ღირებულებაში (23.3 მლრდ ლარი) 59%-ს გაუტოლდა და ნომინალურ გამოხატულებაში 13.8 მლრდ ლარი შეადგინა.

მცირე და საშუალო ბიზნესის მწარმოებლურობამ 28,077 ლარი შეადგინა (2019 წ.). ბიზნესსექტორში დასაქმების თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმსხვილესია მცირე ზომის საწარმოები, სადაც 2019 წელს 339.2 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც მთლიან დასაქმებულთა 44.8%-ს შეადგენს, ჯამში, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში დასაქმებულთა წილი ბიზნესსექტორში მთლიანი დასაქმების 65%-ს უტოლდება.

2020 წელს, პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების შედეგად, მცირე და საშუალო საწარმოთა ბრუნვის, გამოშვებისა და დასაქმების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა: მცირე და საშუალო საწარმოთა ბრუნვა 1.8%-ით, გამოშვება 0.5%-ით, ხოლო დასაქმება 10%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.

მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების პროცესში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ოპერაციული გარემოს გაუმჯობესება, რაც ასევე გულისხმობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და არსებული მხარდამჭერი ინსტიტუტების გაძლიერებას.

ხელსაყრელი ბიზნესგარემოს არსებობის ფონზე, კვლავ მნიშვნელოვან საკითხად რჩება კომერციული დავების ეფექტიანად მოგვარება და დავების ალტერნატიული მოგვარების მექანიზმების (მედიაცია, არბიტრაჟი) ეფექტიანი გამოყენება. აღნიშნული მექანიზმები ხელმისაწვდომია საქართველოში, თუმცა, ჯერ ისევ საკმაოდ დაბალია მათი გამოყენებისა და ამ მიმართულებით მეწარმეთა ცნობიერების მაჩვენებელი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, კვლავ პრობლემად რჩება სერვისების ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით − რეგიონებში.

აღსანიშნავია, რომ პრობლემას წარმოადგენს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალის მომზადება-გადამზადება.

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთ მთავარი დაბრკოლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. საქართველოს საფინანსო სისტემაში დომინირებს კომერციული საბანკო სისტემა, ხოლო საფინანსო ბაზრის სხვა მიმართულებები ნაკლებად არის განვითარებული. მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის10 2019 წლის შედეგების მიხედვით, ფინანსებზე წვდომა სახელდება რიგით მეორე უმსხვილეს დაბრკოლებად. კვლევის მიხედვით, მცირე საწარმოთა 38%-ს აქვს საბანკო კრედიტი, ხოლო საშუალო საწარმოების − 48%-ს. აღსანიშნავია, რომ იგივე მაჩვენებელი მსხვილ საწარმოებში 58%-ს შეადგენს. ამასთან, კვლავ მაღალია გირაოს მოთხოვნები. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი მცირე საწარმოებისთვის საშუალოდ სესხის ოდენობის 191%-ია, ხოლო საშუალო საწარმოებისთვის − 195%.

მცირე საწარმოებთან მიმართებით კვლავ მაღალია საბანკო კრედიტზე უარის თქმის მაჩვენებელი. თუ დიდ საწარმოებში ის მხოლოდ 2.6%-ია, მცირე საწარმოებში იგი 20.6%-ს აღწევს.

ალტერნატიულ დაფინანსებაზე წვდომას სხვა ფაქტორებთან ერთად აფერხებს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური განათლებისა და უნარების დაბალი დონე. შესაბამისად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა მეწარმეების ფინანსური განათლების დონის ამაღლება.

კაპიტალის ბაზარი

კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, განხორციელდა დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, განახლდა ფასიანი ქაღალდების საკანონმდებლო ჩარჩო და დამტკიცდა საინვესტიციო ფონდების შესახებ ახალი კანონი. მიუხედავად აღნიშნულისა, კაპიტალის ბაზრის განვითარების დონე ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია. კერძოდ, ეკონომიკაში მსესხებლებსა და დამზოგველებს შორის კაპიტალის ალოკაცია არაეფექტიანი და შებოჭილია. ამის გამომწვევი მიზეზი რეგულირებული საბანკო სექტორის შეზღუდული რისკი-მომგებიანობის პროფილი და დანაზოგებისა და სესხების ბაზარზე საბანკო სექტორის კონცენტრაციაა. აგრეთვე კაპიტალის ბაზრის განვითარების დაბალი დონე გამოწვეულია, ერთი მხრივ, მიწოდების მხრიდან − სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის არასაკმარისი განვითარებით, კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და სააქციო ბაზრის განვითარების დაბალი დონით, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოების ჩაურთველობით აღნიშნულ ბაზარზე, ხოლო, მეორე მხრივ, მოთხოვნის მხრიდან საცალო და ინსტიტუციური ინვესტორების ნაკლებობით. როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის კუთხით არ არის განვითარებული რისკის მართვის ინსტრუმენტებიც.

პანდემიის დაწყებამდე ორი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ტრენდი გამოიკვეთა − რეალური ეკონომიკის ზრდიდან გამომდინარე დაფიქსირდა მოთხოვნის ზრდა გრძელვადიან კაპიტალზე და დაგროვებითი საპენსიო სქემისა და საინვესტიციო ფონდების გააქტიურებით გაჩნდა უფრო მეტი გრძელვადიანი ლარი. ეს ორი ტრენდი ბუნებრივად მიდრეკილია დაკავშირებისაკენ, რაც ითარგმნება კაპიტალის ეფექტიან დაბანდებაში, თუმცა ამის განხორციელებას ხელს უშლის ღრმა ლიკვიდობის მქონე ფინანსური ინსტრუმენტების არარსებობა.

კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის მიწოდების მხრიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სახელმწიფო სასესხო ფასიანი ქაღალდები წარმოადგენს. ფინანსთა სამინისტროს მიერ წინასწარ დაგეგმილი გრაფიკითა და მოცულობით ხშირად გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები ქმნის ე.წ. ურისკო შემოსავლიანობის მრუდს, რომლის საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს ინვესტორთათვის საბაზისო შემოსავლიანობის ინდიკატორს. კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად გაზრდილი სახელმწიფო ვალის ფარგლებში, აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენება დროებით შეფერხებული იყო, კაპიტალის ბაზრის მიწოდების მხარის განვითარებას, ასევე აფერხებს კორპორაციული დაფინანსების საკმაოდ მაღალი კონცენტრაცია საბანკო სესხებში. დღეისათვის ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი განვითარების საკმაოდ საწყის ეტაპზეა. კორპორაციული ობლიგაციების წარმატებით გამოშვების წინაპირობას ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს კომპანიის მიერ საკრედიტო რეიტინგის მოხვეჭა, რაც დაკავშირებულია ხარჯების გაწევასა და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან თანამშრომლობასთან. ამასთან, ფასიანი ქაღალდების გამოშვება დღეს ხორციელდება არაგარანტირებული პირობებით, შესაბამისად, ემიტენტი კომპანიის მიერ საბროკერო კომპანიისათვის გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების გაღება, როგორიცაა რეიტინგის მიღება, პროსპექტის შედგენა, კონსულტაციები და სხვა, არ წარმოადგენს კაპიტალის მოზიდვის გარანტიას, ანუემიტენტმა კომპანიამ გაღებული ხარჯების მიუხედავად ფასიანი ქაღალდების განთავსება შეიძლება, ვერც მოახდინოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო სესხი ხშირად უფრო მოსახერხებელი ინსტრუმენტია, სადაც კაპიტალის მოზიდვის სიცხადე უფრო მაღალია, ხოლო ხარჯი − დაბალი. რაც შეეხება გარანტირებულ განთავსებას, აღნიშნული, ბაზრის მცირე ზომიდან გამომდინარე, ხშირად რისკიანია თავად საბროკერო კომპანიისათვის. გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის კაპიტალის მოზიდვაში კონკურენცია ძირითადად საბროკერო კომპანიებსა და კომერციულ ბანკებს შორისაა. თუ საბროკერო კომპანია ობლიგაციის გამოშვებაში იღებს საკომისიოს, კომერციული ბანკი სესხის გაცემიდან და მომსახურებიდან იღებს პროცენტს. მცირე ბაზრის შემთხვევაში, თუ ეს ორი სუბიექტი დაკავშირებული საწარმოა და ბაზარზე დომინანტური პოზიციით სარგებლობს, ინტერესთა კონფლიქტის მართვის ინსტრუმენტების არარსებობის შემთხვევაში, მუდმივად წახალისდება მაღალმარჟიანი პროდუქტით კაპიტალის მოზიდვა − ჩვენ შემთხვევაში სესხით.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არსებობს ლიცენზირებული საფონდო ბირჟა, სააქციო ბაზარი არ არის განვითარებული, რაც კაპიტალის ბაზრის მიწოდების მხარის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე ძალზედ დაბალია ბაზარზე როგორც პირველადი ემისიების, ასევე მეორადი გარიგებების რაოდენობა და მათი მოცულობა. მეორადი ბაზრის პრობლემა, ისევ მცირე ბაზრისა და ობლიგაციებთან მიმართებით, კომერციული ბანკების კონცენტრირებით არის გამოწვეული. 2022 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში ჯამში 20 საბირჟო გარიგება იყო დადებული, საიდანაც 5 აქციების, ხოლო 15 ობლიგაციების გარიგებას წარმოადგენდა. რაც შეეხება მათ მოცულობას, აქციათა ჯამურმა ვაჭრობამ ბირჟაზე 1,530 ლარი, ხოლო ობლიგაციებით ვაჭრობის ჯამურმა ღირებულებამ 2,444,613 აშშ დოლარი შეადგინა. ბაზრის სიმცირიდან გამომდინარე, ასევე, ვინაიდან ემიტენტს შეუძლია საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე უფრო დიდი მოცულობის კაპიტალის მოზიდვა და თანაც უფრო ლიკვიდურ ბაზრებზე, ბირჟა პირველადი საჯარო შეთავაზების კუთხით არ არის დატვირთული.

მოთხოვნის მხრივ, დღეს საქართველოში როგორც ინსტიტუციური, ასევე საცალო ინვესტორების ნაკლებობაა. ადგილობრივ ინსტიტუციურ ინვესტორებში მოიაზრებიან დიდწილად კომერციული ბანკები, რაც ზრდის ინვესტორთა კონკრეტული ტიპის კონცენტრაციას, ეს კი, თავის მხრივ, ბაზარზე ავითარებს მხოლოდ შეზღუდულ ინსტრუმენტებს. გარდა ამისა, საცალო ინვესტორების შესახებ მონაცემები მწირია, რაც გამოწვეულია ფასიანი ქაღალდების ფლობის დანაწევრებული ინფრასტრუქტურით და საჭიროებს საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაახლოებას.

სამთომოპოვებითი სექტორი

სამთომოპოვებითი სექტორის რეფორმის ფარგლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ძირითად გამოწვევას დღეისათვის კვლავ წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების რაციონალური და მდგრადი სარგებლობის არასაკმარისი პრაქტიკა, რაც განპირობებულია არსებული სამთომოპოვებითი საკანონმდებლო სისტემით, რომელიც ვერ პასუხობს საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებს. გარდა ამისა, სამთომოპოვებითი სექტორის მდგრად განვითარებას ხელს უშლის დარგში სარგებლის გაზიარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების არარსებობა. აღნიშნული ფაქტორები კი აფერხებს სექტორის განვითარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში პასუხისმგებლიან საერთაშორისო ინვესტორთა მოზიდვას, დასაქმების ზრდასა და დამატებითი ღირებულებათა ჯაჭვის შექმნას.

2020 წელს სამთომოპოვებით მრეწველობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, იგი 88.6%-ით აღემატებოდა 2019 წლის მონაცემებს და 98.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.3%-ია. 2021 წლიდან სამთო-მოპოვებით სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება.

დიაგრამა 7. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა სამოთომოპოვებით სექტორში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

წიაღითსარგებლობის უფლების მინიჭების არსებული სააუქციონო სისტემა ვერ პასუხობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ამავდროულად, აუქციონის გამართვისას არ ხდება ინვესტორის ტექნიკური, ფინანსური თუ სხვაგვარი კლასიფიკაციის შემოწმება და არსებული ლიცენზიის სახეები არ შეესაბამება წიაღისეულის განვითარების ფაზებს. 2019 და 2020 წლების მონაცემებით, შეინიშნება გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შემცირების ტენდენცია, თუმცა, 2021 წლიდან გაცემული ლიცენზიების რაოდენობა მზარდია.

დიაგრამა 8. წიაღითსარგებლობის გაცემული ლიცენზიების რაოდენობა წლების მიხედვით

წყარო: სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო

არსებული ფისკალური რეჟიმი არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ზღუდავს ქვეყნის შესაძლებლობას, მიიღოს მაქსიმალური ფინანსური სარგებელი. წიაღითსარგებლობისთვის დადგენილი გადასახდელები ძირითადად ეფუძნება ათვისების გეგმებსა და მოძველებულ ფორმულებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში მობილიზებული თანხების ოდენობა მზარდია, არსებული საგადასახადო რეჟიმი ხისტია და არ იძლევა შემოსავლების ეფექტიანი გენერირების შესაძლებლობებს.

საბადოს აღდგენის, დახურვისა და რეაბილიტაციის მიზნით დღეს არსებული კანონმდებლობა ვერ ადგენს თანამედროვე მოთხოვნებსა და მიდგომებს. წიაღისეულის მოპოვების სფეროში ისტორიულად რეაბილიტაციისა და დახურვის პრაქტიკის არარსებობის შედეგად, წიაღისეულის ამოწურული საბადოების დიდი ნაწილი ყოველგვარი აღდგენის გარეშეა მიტოვებული, რაც იწვევს ფლორისა და ფაუნის დაკარგვას ქვეყნის მასშტაბით.

ენერგეტიკა

მიუხედავად ბოლო წლებში გატარებული რეფორმებისა, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობისა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხი, ენერგეტიკის დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, რაც დაკავშირებულია ენერგეტიკული სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფასთან. სხვადასხვა სცენარსა და გათვლებზე დაყრდნობით, ეკონომიკური განვითარების არსებული ტემპი უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვან ენერგოდეფიციტს გამოიწვევს, რაც არსებული გენერაციის წყაროების არასაკმარისი სიმძლავრეებით იქნება განპირობებული. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყანაში არსებული მოძველებული, არაენერგოეფექტური ტექნოლოგიები, ასევე მოსახლეობის თანამედროვე ენერგომომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზრის დღევანდელი სტრუქტურა არ იძლევა ელექტროენერგიის ფასის საბაზრო ღირებულებაზე რეალურ წარმოდგენას. იგი ძირითადად რეგულირებულია და ასევე არ ითვალისწინებს უბალანსობაზე პასუხისმგებლობას, რაც შეუსაბამობაშია ევროკავშირთან ასოციირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან. აღნიშნული ვალდებულების შესრულების პროცესი საქართველოში დაწყებულია და განხორციელებულია საქმიანობების განცალკევების მოთხოვნათა უდიდესი ნაწილი.

2021 წლის მდგომარეობით, საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 4 544 მგვტ იყო, აქედან: მარეგულირებელი ჰესები − 1993 მგვტ, სეზონური და დერეგულირებული ჰესები − 1376 მგვტ, ქარის სადგური − 21 მგვტ და თბოელექტროსადგურები − 1 154 მგვტ. ჯამური დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 74% მოდის ჰესებზე. მარეგულირებელი ჰესების წილი შეადგენს დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 44%-ს.

დიაგრამა 9. ელექტროენერგიის მიწოდების სტრუქტურა 2021 წლის მონაცემით

წყარო: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში გააქტიურდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა: 2011 − 2021 წლებში ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევიდა 47 ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით − 694 მგვტ. გარდა ამისა, 2016 წელს ექსპლუატაციაში შევიდა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, დადგმული სიმძლავრით − 20.7 მგვტ. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ადგილობრივი რესურსები ვერ აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნას, რაც იწვევს ელექტროენერგეტიკულ ბალანსში იმპორტის წილის ზრდას. იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი ქვეყანაში არსებული გენერაციის ობიექტების ძირითადი ნაწილის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასს საკმაოდ აღემატება. ამასთან, აღინიშნება მისი ზრდის ტენდენცია.

ენერგიაზე შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წახალისებასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი აქვს ენერგიის მომხმარებელ სექტორებში ენერგოეფექტურობის დანერგვას. ვინაიდან, ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზა ამჟამად განვითარების ეტაპზეა, გამოწვევად რჩება ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დანერგვა ენერგოინტენსიურ სექტორებში.

ქვეყნისთვის გარანტირებული ბაზისური სიმძლავრის ეფექტიანი საშუალებაა თბოსადგურები, რომლებიც დადებით ზეგავლენას ახდენს სისტემის საიმედოობაზე და ხელს უწყობს ცვლადი განახლებადი ენერგიების ინტეგრირებას სისტემაში. ამ მიმართულებით პრობლემურია არსებული თბოსადგურების მდგომარეობა, მოქმედი 6 თბოელექტროსადგურიდან სამის აგრეგატები მოძველებულია. აღსანიშნავია, რომ 2015 და 2020 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურები − გარდაბნის თბოსადგური 1 (231,2 მგვტ) და გარდაბნის თბოსადგური 2 (230 მგვტ).

მიუხედავად ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი სამუშაოებისა, კვლავ არსებობს გამოწვევები: ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი მოძველებულია და მათი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ასევე დაურეზერვებელია ან არასაკმარისად დარეზერვებულია შიდა სასისტემო მნიშვნელობის ხაზების ნაწილი.

ბუნებრივი გაზი საქართველოში წარმოადგენს ყველაზე მაღალი მოხმარების ენერგეტიკულ რესურსს. ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის შიდა მოპოვება მოთხოვნის 1%-საც კი ვერ აკმაყოფილებს.

დიაგრამა 10. ბუნებრივი გაზის მოთხოვნა-მიწოდება (მლნ მ3) წლების მიხედვით

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

უკანასკნელ წლებში განხორციელებული მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა გაზმომარაგების მაგისტრალური სისტემების ტექნოლოგიური საიმედოობა და ასევე აღინიშნება ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირების დინამიკა, თუმცა, გაზის განაწილების პროცესში ფიქსირებული დანაკარგები ჯერ კიდევ მაღალია. დანაკარგების ძირითადი განმაპირობებელი ქსელის მოძველებული ნაწილის არასაიმედოობა და აღრიცხვიანობის სისტემის არასათანადო გამართულობაა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკულ რესურსებზე წვდომის ხარისხის ამაღლების მიზნით, 2009-2021 წლების განმავლობაში გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში 466 770 ოჯახს მიეცა ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა გაზიფიცირების მორიგი სამწლიანი 2022 − 2024 წლების გეგმა.

ტრანსპორტი და ლოგისტიკა

კონკურენტუნარიანი ინტერმოდალური ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი მიზეზია ინვესტიციების ნაკლებობა ინტერმოდალურ ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა საზღვაო ნავსადგურები და ლოგისტიკური ცენტრები. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში გაქირავებადი ინდუსტრიული და სასაწყობო სივრცის ფართი დაახლოებით 1.16 მლნ კვადრატული მეტრია, ხოლო ჯამური ინდუსტრიული და სასაწყობო ფართი − 2.5 მილიონი კვადრატული მეტრი. გაქირავებადი საწყობებიდან დაახლოებით 1-2% მიეკუთვნება A-კლასის საწყობს.

ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი როლი გააჩნია საზღვაო ტრანსპორტს. საქართველოს ნავსადგურებში ტვირთების ნაკადის დიდი ნაწილი ტრანზიტულია. კერძო მმართველების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მიუხედავად, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებს მნიშვნელოვანი საოპერაციო შეზღუდვები გააჩნიათ მათი კონფიგურაციის გამო.

ამასთან, გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული ფიქსირებული გრაფიკის დადგენა. შავ ზღვაზე გემების შემოსვლა დამოკიდებულია ბოსფორის სრუტეზე და, შესაბამისად, რთულად პროგნოზირებადია.

გემების მომსახურეობის ხარჯების მიხედვით, შავი და მარმარილოს ზღვების აუზში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქართული ნავსადგურებია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არსებულ ნავსადგურებში სატარიფო პოლიტიკა არ ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას.

საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტი წარმოადგენს თითქმის სრულად დაურეგულირებელ დარგს. სს „საქართველოს რკინიგზას“ აკისრია რამდენიმე ისეთი ფუნქცია და მოვალეობა, რომელიც თავისი შინაარსით უფრო მეტად განეკუთვნება სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ საჯარო ვალდებულებას ან ფუნქციას. აღნიშნული ართულებს სს „საქართველოს რკინიგზის“, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის, მიერ თავისი კომერციული ინტერესების სრულად რეალიზებას და ამით გადაყვანის/გადაზიდვის ოპერაციებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

რკინიგზაზე დაფუძნებული მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის − შუა დერეფნის ფარგლებში ნაკლებად ხელმისაწვდომია ციფრული პლატფორმა, რომელიც მიმართული იქნება მთელ დერეფანზე მარტივი და გამჭვირვალე გადაზიდვების ორგანიზებაზე.

საქართველოს რკინიგზის განვითარებისათვის ერთ-ერთი გამოწვევაა საკონტრეილერო გადაზიდვების განვითარება, რომელიც ახალი ბაზრებიდან ტვირთების მოზიდვას ემსახურება, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი სატარიფო პოლიტიკითა და დროში ეფექტიანი მომსახურებით.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღებით, რაც წლების განმავლობაში არ ხორციელდებოდა. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №353 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს 2022 − 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია.

მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა, საგზაო უსაფრთხოების ხარისხი კვლავ გამოწვევად რჩება. გარდა ამისა, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში გამოწვევას წარმოადგენს არასათანადო რეგულირება, როგორც კომპანიების (ბაზარზე წვდომა), ასევე გადაზიდვებში ჩართული ფიზიკური პირების დონეზე (წვდომა პროფესიაზე).

ასევე გამოწვევაა ქვეყნის შიდა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, რაც უმეტესწილად დაკავშირებულია ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების მხრიდან მომსახურებისა და უსაფრთხოების დაბალ სტანდარტებთან, ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს არარსებობასთან, სუსტ და ლიბერალურ მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და ა.შ.

2021 წლის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 2.5 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელს 199.7%-ით აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის ფონზე, 2020 წლის პერიოდში სულ გადაყვანილ იქნა 0.8 მილიონი მგზავრი, რაც 2019 წელთან შედარებით 84.1%-ით ნაკლებია11.

საქართველოში საჰაერო ტრანსპორტით შემოსული ტვირთნაკადის მოცულობა მცირეა. 2021 წელს 18.0 ათასი ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული, რაც 2020 წლის მაჩვენებელს (19.6 ათასი ტონა) მცირედით, 8.4%-ით ჩამორჩება, ხოლო 2020 წელს დაახლოებით 19.6 ათასი ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც წინა წელთან შედარებით 21.2%-ით ნაკლებია.

დიაგრამა 11. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო და სამგზავრო რეისების (რეგულარული და ჩარტერული) მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა (ათასი ტონა)

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სატრანსპორტო გადაზიდვებში და ლოგისტიკის მიმართულებით გამოწვევას წარმოადგენს საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული სტანდარტების შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. არსებული პროგრამების უმეტესობა არ პასუხობს არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. დაბალია კერძო სექტორის ჩართულობა, როგორც პროფესიული, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით.

ციფრული ეკონომიკა და საინფორმაციო საზოგადოება

მიუხედავად იმისა, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში, შიდა სატელეკომუნიკაციო ბაზარი მნიშვნელოვნად გაფართოვდა ქვეყანაში, ციფრული ეკონომიკის განვითარების დონე არც ისე მაღალია, რასაც განაპირობებს ციფრული უთანასწორობა ქალაქსა და სოფელს შორის, მომსახურების მაღალი ფასები, მოსახლეობაში ციფრული უნარების ნაკლებობა, გლობალური ინტერნეტის, როუმინგისა და ამანათების ტრანსპორტირების მაღალი ტარიფები და ინსტიტუციური კოორდინაციის მექანიზმის ნაკლებობა.

2021 წლის მდგომარეობით, ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების აბონენტების სიმკვრივემ შინამეურნეობებში 86.7% შეადგინა, საიდანაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის აბონენტების სიმკვრივე შინამეურნეობებში 76%-ია12.

2021 წლის მდგომარეობით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების 1009 მილიონი აბონენტიდან, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებიდან (44% თბილისშია, ხოლო 56% − რეგიონებში), ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის მომხმარებელია 878 ათასი აბონენტი, რომელთა უდიდესი ნაწილი − 49% თბილისშია. ამ ტექნოლოგიის მომხმარებელთა 61% საქართველოს ხუთ დიდ ქალაქზე (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი) მოდის, ხოლო დანარჩენ ქალაქებზე, დაბებსა და სოფლებზე კი − 39%. აღნიშნული განაწილების ძირითადი მიზეზი რეგიონებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის შეზღუდული ხელმისაწვდომობაა. საქართველოში არსებული 3,385 სოფლიდან ისეთი სოფლების რაოდენობა, სადაც ფიქსირებულ ინტერნეტს ერთი აბონენტი მაინც მოიხმარს, 69%-ია.

საქართველოში მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობა დაახლოებით 202 ათასია, მაშინ, როცა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა 47,3 ათასს შეადგენს. რაც ნიშნავს, რომ ბიზნესსუბიექტების მხოლოდ 23%-ს აქვს ინტერნეტმომსახურება. აღნიშნული მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ იურიდიული პირებისათვის განკუთვნილი მომსახურება გაცილებით ძვირია, ვიდრე მსგავსი მომსახურება ფიზიკური პირებისთვის.

ამასთან, გამოწვევად რჩება იმ დასახლებული პუნქტების დაფარვა, რომელიც სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში არ შედის. კერძოდ, ის დასახლებული პუნქტები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200-ზე ნაკლებია და კერძო სექტორს ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების ინტერესი არ აქვს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოსა და ევროპის მობილურმა ოპერატორებმა უკვე დაიწყეს 5G ქსელების ექსპლუატაციაში გაშვება, საქართველოში კი, ეს პროცესები ჯერ არ დაწყებულა.

ქვეყანა, ციფრული წიგნიერების თვალსაზრისით, ჩამორჩება რეგიონისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანას. 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 31%-ს ჰქონდა ძირითადი ციფრული უნარები13 მაშინ, როცა OECD და ევროკავშირის 8 ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს გააჩნია ძირითადი ციფრული უნარები.

დიაგრამა 12. ICT უნარები EaP, OECD და ევროკავშირის 8 ქვეყანაში

წყარო: ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU)

მსოფლიო ბანკის ექსპერტების კვლევის მიხედვით, საქართველო, ერთი მხრივ, მოკლებულია რეგულარულად განახლებულ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორც უნივერსიტეტებში, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც აუცილებელია ICT განვითარების სწრაფი ტემპის გათვალისწინებით, მეორე მხრივ, კვალიფიციურ IT სპეციალისტებზე მაღალი გლობალური მოთხოვნის გამო, ადგილობრივი პროფესიონალები ხშირად ირჩევენ მაღალანაზღაურებად დასაქმებას საერთაშორისო ბაზარზე, რაც იწვევს ადგილობრივ სამუშაო ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის დეფიციტს.

დღეისათვის საქართველოში არ არის წარმოდგენილი ტექნოლოგიური გიგანტები (Google, Facebook, Amazon, Microsoft), რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალურ ინტერნეტბაზარზე და დებენ დიდ სახსრებს ციფრული ინფრასტრუქტურისა და საკაბელო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა სულ უფრო ახლოს მივიდნენ მომხმარებელთან თავიანთი მონაცემთა (Data) ცენტრების მეშვეობით. აღნიშნულის მიზეზია ევროპასთან დამაკავშირებელი შავი ზღვის არასაკმარისად განვითარებული/დივერსიფიცირებული წყალქვეშა ინფრასტრუქტურა.

ქვეყანაში იზრდება ციფრული მეწარმეობა და სწრაფი ტემპით ვითარდება ციფრული ეკონომიკა, რაც აისახება სხვადასხვა გლობალურ ინდექსსა და რეიტინგში. 2018 წელს საქართველო, UNCTAD–ის ბიზნესმომხმარებელთან (B2C) ელექტრონული კომერციის ინდექსის მიხედვით, 151 ქვეყნიდან 46-ე პოზიციაზე იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით ერთი პუნქტით გაუმჯობესებაა.

ციფრული სერვისების განვითარების მიმართულებით ქვეყანაში ხორციელდება სხვადასხვა პროგრამა და აქტივობები, თუმცა, ეს ძალისხმევა დანაწევრებულია და არ არსებობს ერთიანი ყოვლისმომცველი ხედვა და ინსტიტუციური კოორდინაციის მექანიზმი.

ტურიზმი

2018 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 16.9%-ით ზრდის მაჩვენებლით საქართველო მოხვდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტურიზმის ხუთეულში. რუსეთიდან მოგზაურობის შეზღუდვების მიუხედავად, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების მთლიანმა რაოდენობამ 2019 წელს 9.4 მილიონი, ხოლო შიდა მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 14.3 მილიონი შეადგინა. აღსანიშნავია 2019 წელს განხორციელებული საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, რომელმაც 5 მილიონს გადააჭარბა, რაც წლიური ვიზიტის ზრდის ტემპით 6.8%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც გლობალური ტურიზმის საშუალო ზრდის ტემპი დაახლოებით 4%-ია. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.2 მილიარდი, ხოლო ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრიების წილმა მშპ-ში 8.4% შეადგინა.14

კოვიდ-19-ის პანდემიამ და რთულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ გამოიწვია საერთაშორისო მოგზაურების ნაკადებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მკვეთრი კლება. პანდემიის მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოში 2020 წლის აპრილიდან დაიწყო, როდესაც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის კლებამ 94.5% შეადგინა. 2020 წლის დარჩენილ თითოეულ თვეში კი კლება 93%-ს აღემატებოდა.

თუმცა, 2021 წელს, საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად, ავიაციის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება. 2021 წლის ზაფხულის სეზონის პიკურ პერიოდში, საჰაერო მიმართულებების აღდგენის მაჩვენებელი 96%-ს შეადგენდა. ამავე სეზონზე აღდგენილი იყო ავიარეისების 88%, ხოლო 2021 წლის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 1,881,271 შეადგინა, რაც 2019 წლის 20.1%-იანი აღდგენის მაჩვენებელია.

ამასთან, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომისა და მისგან გამოწვეული რეგიონში არასტაბილური ტურისტული გარემოს მიუხედავად, საქართველოში ტურიზმის აღდგენის პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია. შესაბამისად, 2022 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში 2,344,329 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, აღდგენის მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 47.2%-ს შეადგენს. ტურისტული ვიზიტები 1,668,983-ით განისაზღვრა, აღდგენა 2019 წელთან კი 61.9%-ია.

ტურიზმის სექტორში გამოწვევად რჩება ქვეყნის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია საზღვრებს გარეთ, შიდა ტურიზმის სტიმულირება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ტურისტული პროდუქტების განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 2019 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული თანხა გლობალურ საშუალო მაჩვენებელს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ხარჯვის დაბალი ნიშნული, რაც 349 აშშ დოლარს შეადგენდა, ძირითადად განპირობებული იყო მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტების მაღალი წილით. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე სახმელეთო გზით შემოსული ვიზიტორების წილი ჯამური ვიზიტების რაოდენობაში საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა პანდემიის შემდგომ, 2021 წლის მონაცემებით, საჰაერო და სახმელეთო გზით განხორციელებული ვიზიტების წილი ჯამურ ვიზიტებში ერთმანეთს გაუთანაბრდა.

გამოწვევად რჩება მაღალმხარჯველუნარიანი მოგზაურების საქართველოში გაჩერების საშუალო ხანგრძლივობის ზრდა. აღსანიშნავია, რომ შიდა ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობამ 2021 წელს 16,943,820 შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 18.9%-იანი ზრდის მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, კვლავ ფიქსირდება შიდა ვიზიტორების დაბალი საშუალო დანახარჯები და მოკლე ღამისთევის საშუალო ხანგრძლივობა, რაც განპირობებულია როგორც მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობით, ასევე − ქცევითი მახასიათებლებით.

ქვეყანაში ჯერ კიდევ დგას ინდუსტრიაში კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობის პრობლემა, რაც განაპირობებს მომსახურების ხარისხის არასათანადო დონეს. ამ ეტაპისთვის, ტურიზმის განათლების მიმართულებით ძირითადი გამოწვევებია ტურიზმის პროფესიული სასწავლებლების სუსტი ქსელი, არასაკმარისი და არასათანადო სასწავლო პროგრამები, პედაგოგების ნაკლებობა და სხვა.

ინფრასტრუქტურა

მიუხედავად ბოლო დროს განხორციელებული უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტისა, ქვეყანაში საბაზისო ინფრასტრუქტურა სრულად ჯერ კიდევ არ არის განვითარებული და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი.

ამჟამად, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სიგრძე შეადგენს 6967.6 კმ-ს15.

დღეის მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის (European route E60/E70) 219 კმ-მდე მონაკვეთის გზის მშენებლობა დასრულებულია, რამაც საგრძნობლად შეამცირა გადაადგილების დრო. 2021 წლის მდგომარეობით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 90.7%, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 67.04%-ია კარგ მდგომარეობაში,16 რაც აჩენს დამატებითი პროექტების განხორციელების საჭიროებას.

გასათვალისწინებელია, რომ წყალმომარაგების საკითხი ქვეყნის რეგიონებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მწყობრიდან გამოსული და ზოგ შემთხვევაში, არარსებული ინფრასტრუქტურის გამო. ამჟამად, ქვეყანაში ლიცენზირებული პროვაიდერების რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობის 66%-ს მიეწოდება წყალმომარაგება17, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, შეფერხებებით ხასიათდება. ყველა რეგიონში არ არსებობს გამართული ინფრასტრუქტურული ქსელი და წყლის ხარისხის შემოწმების მექანიზმი.18

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ოპერირების არეალში, ურბანული დასახლებების 52%-ს მიეწოდება 24-საათიანი წყალმომარაგება19 და ის უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების მიწოდებას, დაახლოებით, 780 000 ადამიანისთვის.

რეგიონებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო დიდია მოპოვებული წყლის დანაკარგები, ასევე ხშირია ქსელზე ავარიები და მისგან გამოწვეული მიწოდების წყვეტები. გამოწვევას წარმოადგენს უმრიცხველო აბონენტების რაოდენობაც (37%), რაც აისახება წყლის უყაირათო მოხმარებაზე და ამასთან, ვერ ხერხდება უმრიცხველო აბონენტების მიერ მოხმარებული წყლის ზუსტი აღრიცხვა.

საქართველოს მთავრობის მხრიდან არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული მყარი არასახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. 2012 წელს დაფუძნდა შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“20, რომელც პასუხისმგებელია საქართველოს რეგიონებში (გარდა აჭარის ა/რ-ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიისა) არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების (ნაგავსაყრელების) მოწყობაზე, მართვასა და დახურვაზე და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობასა და მართვაზე.

აღსანიშნავია, რომ მაღალი რისკის ნაგავსაყრელები ეტაპობრივად დაიხურა, დარჩენილ ნაგავსაყრელებზე, რომელთა დროებითი ფუნქციონირება აუცილებელია გარდამავალ ეტაპზე, ჩატარდა კეთილმოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტებში წარმოქმნილი ნარჩენები ნაგავსაყრელებზე თავსდება, თუმცა არსებული ნაგავსაყრელების უმეტესობას აღარ აქვს ნარჩენების განთავსების რესურსი და საჭიროებს დახურვას.

გამოწვევებით ხასიათდება მუნიციპალიტეტებში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა. მიუხედავად ბოლო წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა, მუნიციპალიტეტებში საბაზისო ინფრასტრუქტურა სრულად ჯერ ისევ არაა განვითარებული. დახმარების საჭიროება დგინდება საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტები, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები, სრულად არ არის რეაბილიტირებული, აგრეთვე განვითარებას საჭიროებს რეკრეაციული სივრცეები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტები.

რეგიონული განვითარება

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს რეგიონებში სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული უთანასწორობის აღმოფხვრის მიმარულებით დაიგეგმა და განხორციელდა რეგიონული განვითარების პროგრამები.

გასული წლების მონაცემების გათვალისწინებით, როგორც ბიზნესსექტორში, ისე დაქირავებით დასაქმებულების წილით სამუშაო ძალაში21 არსებობდა უთანაბრობა თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებს შორის. ამასთან, თბილისის გარდა, ყველა რეგიონში, ძირითადად, სოფლის ტიპის დასახლებები ჭარბობს და ქალაქსა და სოფელს შორის არსებული ფარდობითი სიღარიბის დონეებს შორის ვლინდება უთანასწორობა22 .

სათანადო საცხოვრებელი პირობების ან სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, მაღალმთიან დასახლებათა ნაწილისათვის დამახასიათებელია სეზონური შრომითი მიგრაცია23. მცირე დასახლებათა მოსახლეობა ეკონომიკურად და სერვისებზე ხელმისაწვდომობის მხრივ დამოკიდებულია ახლომდებარე ურბანულ დასახლებებსა და კურორტებზე. მაღალმთიან დასახლებებში სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისებიც რეგიონის/მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებშია კონცენტრირებული და სოფლის კატეგორიის მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის ნაწილი ვერ ახერხებს ამ სერვისებით სარგებლობას. ამას ემატება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არასახარბიელო მდგომარეობა, რიგ შემთხვევებში კი − არარსებობა. აღნიშნულ დასახლებებში ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის არასათანადო დონეზე განვითარებისა და შესაბამისი ცოდნის არქონის გამო, აგრეთვე დაბალია ელექტრონული სერვისებით სარგებლობისა და მომსახურების დონეც.

ბიზნესსექტორის მაჩვენებლები მაღალმთიან დასახლებებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება ანალოგიურ მაჩვენებლებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე, ხოლო მთლიანი ქვეყნის შესაბამის მაჩვენებლებში უმნიშვნელო წილი უკავია. მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საწარმოთა ბრუნვა და გამოშვება ქვეყნის მასშტაბით ანალოგიური მონაცემების 5-5%-ს არ აღემატება. გამონაკლისია ტურისტული თვალსაზრისით პოპულარული მაღალმთიანი დასახლებები. მაღალმთიან ტერიტორიებზე სამეწარმეო სექტორში დასაქმებულთა, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მცირეა, ანალოგიურ მაჩვენებლებში ქვეყნის მასშტაბით უმნიშვნელო ადგილი უკავია და 5%-ს არ აღემატება24.

მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის ყველაზე მწვავე პრობლემა დაბალი შემოსავლები და უმუშევრობაა. შინამეურნეობების შემოსავლების ძირითადი წყარო პენსია და სახელმწიფო დახმარებაა. მაღალმთიანი დასახლებების უმრავლესობაში მოსახლეობის საქმიანობის და, შესაბამისად, შემოსავლების ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა.

სოფელი და სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდასაჭერად, მთავრობა ახორციელებს მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს, რაც გულისხმობს, როგორც ფერმერთა და აგრობიზნესით დაინტერესებულ პირთა პირდაპირ, საგრანტო დახმარებას, ასევე სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას სისტემური პროგრამების განხორციელების გზით.

ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში, 2021 წლის მდგომარეობით, ინვესტიციის ჯამური მოცულობა შეადგენს 3,99 მილიარდ ლარს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებაა 845,9 მილიონი ლარი.

სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით განხორციელებულმა საკანონმდებლო და სტრუქტურულმა რეფორმებმა, დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები მეღვინეობის მიმართულებით, გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი.

პროგრესი შეინიშნება საირიგაციო სისტემების გაუმჯობესების კუთხითაც. 2012-2021 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული სარწყავი და დამშრობი სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციის 384 პროექტი. შედეგად, 2021 წლის ბოლოსთვის, წყალუზრუნველყოფილმა ფართობებმა 160,153 ჰა, ხოლო დრენირებულმა ფართობებმა 43,469 ჰა შეადგინა. სულ, მელიორირებულმა მიწის ფართობმა ჯამში 203,622 ჰა შეადგინა, რაც 2012 წელთან შედარებით გაიზარდა 144,410 (გაზრდილია დაახლოებით 3-ჯერ) ჰექტრით.

მიწის რეფორმის ფარგლებში, ჩამოყალიბდა სსიპ − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მიწის ბალანსის შედგენა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, მიწათსარგებლობის სახელმწიფო მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

2020 წლის მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა 5.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 11.3%-ით აღემატება. 2020 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 6.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 10.4%-ით მეტია.

დიაგრამა 13. აგრობიზნესის გამოშვება (მლნ ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020 წლის მონაცემებით, დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა 3.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 12.1%-ით აღემატება.

2021 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1 142 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 200 მლნ აშშ დოლარით (21.2%) აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.

2021 წელს აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობაში უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 207.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22%-ით ნაკლებია 2020 წლის მაჩვენებელზე.

დიაგრამა 14. საგარეო ვაჭრობა (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

უკანასკნელ წლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისა და განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების მიუხედავად, აგროსასურსათო სექტორში კვლავ რჩება ისეთი გამოწვევები, რომელთა სწრაფი გადაწყვეტა აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.

აგროსასურსათო სექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება მოიცავს წარმოების საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად, პირველადი წარმოების განვითარებას, მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარებას, შემნახველი და გადამამუშავებელი სიმძლავრეების განვითარებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებას. საქართველოს აგროსასურსათო სექტორისთვის ზემოაღნიშნული სისტემა, ხშირ შემთხვევაში, გამოწვევას წარმოადგენს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მსოფლიოში აგროსასურსათო ბაზარი გლობალიზაციის ფონზე, სწრაფად ვითარდება და მუდმივად იხვეწება პროდუქციის წარმოების, განაწილებისა და მოხმარების სისტემები.

ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელიც იწვევს წარმოების მასშტაბების სიმცირესა და დაბალკონკურენტუნარიანობას.

მეცხოველეობის მიმართულებით ძირითად გამოწვევებს წარმოადგენს დაბალი პროდუქტიულობა, სანაშენე საქმიანობის განვითარების დაბალი დონე, პრობლემები საკვებწარმოებაში, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მექანიზაციის ნაკლებობა, წარმოების სტანდარტების გაუთვალისწინებლობა, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია საჭირო მცირე და საშუალო გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის არსებობა.

მნიშვნელოვანი გამოწვევებია აკვაკულტურის განვითარების მიმართულებით. დღესდღეობით ქვეყანა განიცდის მაღალი ხარისხის ჩასასმელი მასალის ნაკლებობას, სასელექციო-საჯიშე საქმიანობის სისუსტეს.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 − 2020 წლებში ხორბლის ნათესი ფართობები 2%-ით შემცირდა, აღნიშნული კულტურის წარმოება 116%-ით გაიზარდა და 102 ათასი ტონა შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის ზრდითაა განპირობებული. წარმოების ზრდის ფონზე საქართველოში ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი დაბალია და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 15%-ს შეადგენს.

ბოსტნეულის წარმოება 2014 − 2020 წლებში 15%-ით გაიზარდა და 176.1 ათასი ტონა შეადგინა. ეს ძირითადად უკავშირდება მოსავლიანობას, რომელიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება და 6.6 ტონა/ჰა-დან 11.1 ტონა/ჰა-ს მიაღწია (68%-ით). ბოსტნეულის იმპორტის ძირითადი ნაწილი მოდის არასეზონზე, რაც გამოწვეულია სეზონზე მოყვანილი ბოსტნეულის შესანახი საჭირო ინფრასტრუქტურის, თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების, სასათბურე მეურნეობების სიმცირით.

მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 2014 − 2020 წლებში საქართველოში 33%-ით გაიზარდა და 602.3 ათასი ტონა შეადგინა. ქვეყანაში მეხილეობის მიმართულებით დაბალი მოსავლიანობაა, რაც გამოწვეულია წარმოების ტექნოლოგიების დაუცველობით. დიდია მოძველებული ბაღების წილი, სერტიფიცირებული სანერგე მასალისა და შესანახი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, მოსავლის აღების შემდგომი დამუშავებისა და შენახვის არასათანადო პრაქტიკა, რაც იწვევს მაღალ დანაკარგებს მეხილეობაში.

მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს სერტიფიცირებული ვაზის ნერგებით ვენახების გაშენება, ვენახების კადასტრის სისტემის გამართვა საქართველოს მევენახეობის ზონებში, სახელმწიფოს გამოსვლა ყურძნის სუბსიდირებიდან, მევენახეთა ასოციაციების როლის ზრდა ადგილწარმოშობის მიკროზონების ეფექტიანი კონტროლისთვის, მსოფლიოში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება და ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

მეღვინეობის დარგში ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება ბაზრების დივერსიფიკაცია. ქართული ღვინის ექსპორტი კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, თუმცა, სხვა ქვეყნებში ექსპორტის ზრდის ხარჯზე წლიდან წლამდე მცირდება რუსეთის წილი საერთო ექსპორტში. 2012 წლის შემდეგ 40-იდან 60-ამდე გაიზარდა საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია და ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში სტაბილურად დამკვიდრდა აშშ, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. 2021 წელს ღვინის წარმოების მიმართულებით ისტორიული შედეგები დაფიქსირდა. საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 359%-ით აღემატება 2012 წლის ექსპორტის მაჩვენებელს.

მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოადგენს სურსათის უვნებლობის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლი, ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევა/შენარჩუნება და მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარული კეთილსაიმედოობის შენარჩუნება. სახელმწიფო კონტროლის მატებასთან ერთად, ყოველწლიურად იზრდება ბიზნესოპერატორთა ცნობიერებაც. 2019 წელს ჩატარდა 6,798 გეგმური ინსპექტირება, შეუსაბამობები არ დაფიქსირდა 1116 შემთხვევაში (16.4%), ხოლო 2021 წელს ჩატარდა 7,740 გეგმური ინსპექტირება და შეუსაბამობები არ დაფიქსირდა 1,479 შემთხვევაში (19.1%).

ქვეყანაში ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს ცხოველთა ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევა და შენარჩუნება. ეს შესაძლებელია ცხოველთათვის მანიპულაციების ჩატარებით, რომელთა რაოდენობა წლების მიხედვით ცვალებადია და დამოკიდებულია ეპიზოოტიური მდგომარეობისა და ცხოველთა სულადობის მკვეთრ ცვლილებაზე.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მინიმუმამდე შემცირებისა და მოსავლის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის კონტროლი, პრევენცია, ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების კლიმატურ პირობებზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება, სამელიორაციო მომსახურების არეალის გაზრდა და ბენეფიციართა სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესება. შპს „საქართველოს მელიორაციის“ მომსახურებაში იმყოფება 138 სარწყავი სისტემა, საიდანაც 74 არის საინჟინრო, 56 − ნახევრად საინჟინრო და ლოკალური დანიშნულების, ხოლო 8 სისტემა ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს და ექვემდებარება რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც გამოწვევას წარმოადგენს. სამელიორაციო ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, ჰიდროტექნიკური ნაგებობები ფუნქციონირებენ ავარიის ზღვარზე, დამშრობი არხები ამოვსებულია ნატანით, რაც საბოლოოდ განაპირობებს სისტემების არადამაკმაყოფილებელ ტექნიკურ მდგომარეობას. ხანდაზმული და ამორტიზებული სარწყავი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური გაუმართაობის შედეგად კვლავ სარწყავი წყლის გარეშე რჩება 204,202 ჰექტარი სავარგული, ხოლო დაშრობა და ჭარბი წყლების მოცილება ვერ ხორციელდება 71,695 ჰექტარზე. მიუხედავად იმისა, რომ გადადგმულია მნიშნელოვანი ნაბიჯები, ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმართაობა.

არ არსებობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის, მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა, ასევე მიწის ფონდის სრულყოფილი ინვენტარიზაციისა და, შესაბამისად, მიწის რესურსების შესახებ მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა, რის გამოც სრულფასოვნად ვერ ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დაცვა.

დღეისათვის საქართველოში კანონმდებლობით არ რეგულირდება საძოვრების რესურსების სრულყოფილი მართვა და საძოვრებით სარგებლობა. ამასთან, სხვადასხვა კანონი არაპირდაპირ ეხება და არეგულირებს საძოვრებით სარგებლობას, თუმცა − არასრულყოფილად. ზედამხედველობის არარსებობის პირობებში ადგილი აქვს გადაძოვებას, რის გამოც, საძოვრების დიდი ნაწილი დეგრადირებულია და მათი ნაყოფიერება შემცირებულია. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბრის №497 დადგენილებით დაამტკიცა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც ხელს შეუწყობს საძოვრების მართვისა და სარგებლობის მოწესრიგებას, მათ რაციონალურ გამოყენებასა და დეგრადაციისგან დაცვას.

გარემოს დაცვა

ქვეყანაში გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მიღებულ იქნა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი. 2021 წელს დამტკიცდა „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC)“ განახლებული დოკუმენტი. ასევე დამტკიცდა კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია. განხორციელდა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მიღებულ იქნა ნარჩენების მართვის კოდექსი და მისგან გამომდინარე 20 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია (2016 − 2030) და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა (2022 − 2026). წარმატებით მიმდინარეობს დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოება − 2016 − 2021 წლებში შეიქმნა 8 ახალი (5 აღკვეთილი, 1 ეროვნული პარკი, 2 დაცული ლანდშაფტი) და გაფართოვდა 3 (ეროვნული პარკი) დაცული ტერიტორია. ტყის სექტორის მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი − ტყის კოდექსი, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან საფუძვლებს ტყის ეკოსისტემური სერვისების ათვისებისა და გამოყენებისათვის. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უსაფრთხოებისა და დაცულობის სისტემები საქართველოში არსებულ რადიოაქტიური ნარჩენების საცავსა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხზე.

აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილება და მისი მავნე ზეგავლენა ეკოსისტემებსა და ეკონომიკაზე მძიმე საფრთხეს უქმნის საქართველოს მდგრად განვითარებას. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის, რთული რელიეფის, კლიმატური ზონების მრავალფეროვნების გამო, საქართველოს ახასიათებს კლიმატის ცვლილების მავნე შედეგების ფართო სპექტრი: სანაპირო ზოლის დაზიანება/ეროზია შავი ზღვის დონის აწევის გამო; წყალდიდობების, წყალმოვარდნების, მეწყრებისა და ღვარცოფების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდა; გვალვიანობის ზრდა, აღმოსავლეთ საქართველოს ნახევარუდაბნოების გაუდაბნოების პროცესის დაჩქარებით; ტემპერატურების აწევა, ექსტრემალური ტემპერატურები, ნალექიანობის რეჟიმების ცვლილება, წლის რესურსების შემცირება, ტყის ხანძრები, რომლებიც ამცირებენ ტყის საფარსა და მის პროდუქტიულობას; მყინვარების დაჩქარებული დნობა, რაც ხელს უწყობს ძლიერ წყალმოვარდნებსა და წყლის რესურსების კარგვას. მოსალოდნელია, რომ გლობალური დათბობის კვალდაკვალ, ზეგავლენა უფრო გაფართოვდება და გაძლიერდება.

საქართველოში გამოწვევად რჩება ანთროპოგენური ზეწოლა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხსა და რაოდენობაზე, რაც იწვევს მათ დაბინძურებას და ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს წყლის რესურსების შემცირების რისკს და საფრთხის ქვეშ აყენებს მის ხელმისაწვდომობას. კვლავ პრობლემას წარმოადგენს წყლის ობიექტებში გაუწმენდავი ურბანული და სოფლის მეურნეობის ობიექტების მიერ ჩამდინარე წყლების ჩაშვება, რასაც შედეგად მოყვება ამონიუმის აზოტით დაბინძურება.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ფართოვდება მონიტორინგის ქსელი, არსებული მონიტორინგის წერტილების რაოდენობა არ არის საკმარისი საქართველოს წყლის ობიექტების მდგომარეობის სრულყოფილად შესაფასებლად.

წყლის რაოდენობის მართვის ეფექტიანი პოლიტიკური მექანიზმების არარსებობის გამო, წყალმომხმარებლების მიერ ხდება წყლის არარაციონალური მოხმარება, რასაც თან ახლავს წყლის მნიშვნელოვანი დანაკარგები. 2020 წელს, სასმელი წყალმომარაგების საწარმოების მიერ წყალმომარაგების სისტემაში გაშვებული წყლის მოცულობამ შეადგინა 760 მილიონი მ3, საიდანაც 492 მილიონი მ3 წყალი დაიკარგა ქსელში, ეს უკანასკნელი წარმოადგენს სისტემაში გაშვებული წყლის 65%-ს.25

გამოწვევებია შავის ზღვის დაცვასა და ზღვის გარემოს კარგ ხარისხობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. გარემოსდაცვით გამოწვევებს წარმოადგენს ევტროფიკაცია, ცვლილებები ზღვის ცოცხალ სამყაროში, დაბინძურება და ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების ცვლილება, მათ შორის, უცხო სახეობების შემოსვლა. ზემოაღნიშნული გამოწვევების ძირითადი მიზეზები მოიცავს სამეწარმეო საქმიანობას, სოფლის მეურნეობას, საკანალიზაციო წყლების ჩაშვებას, საზღვაო ტრანსპორტსა და მის შედეგებს, ასევე კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებს. საზღვაო გარემოზე ზეწოლა მოიცავს ზღვის ბუნებრივი რესურსების ჭარბ მოხმარებას, რაც გამოწვეულია არამდგრადი თევზჭერითა და ბუნებრივი სისტემის ცვლილებით. ჭარბი თევზჭერა მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს შავი ზღვის წყლის რესურსებისთვის.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევად რჩება საქართველოს უმსხვილეს ქალაქებში, ასევე მსხვილ სამრეწველო ზონებთან/ობიექტებთან დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი. პრაქტიკულად ყველგან პრობლემურ დამბინძურებლებს უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები (PM) და აზოტის დიოქსიდი (NO2) წარმოადგენს.26 აზოტის ოქსიდების მთლიანი გაფრქვევების 41.3% ავტოტრანსპორტზე მოდის, რომელიც არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ურბანული ტიპის მსხვილ დასახლებებში, სადაც სატრანსპორტო ნაკადების უდიდესი ნაწილის კონცენტრაციაა.27 სამრეწველო სექტორი PM-ების გაფრქვევების უმთავრესი წყაროა ინდუსტრიულ ქალაქებსა და ზონებში. არაურბანულ დასახლებებში PM-ების გაფრქვევების მთავარი წყაროა გათბობისა და საკვების მომზადების მიზნით შინამეურნეობებში შეშის ფართოდ გამოყენება.

2021 წლის მდგომარეობით, საქართველოში რვა ავტომატური სადგურის საშუალებით ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, რაც არასაკმარისია, რადგან ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მინიმუმ 27 სადგური28.

კვლავ პრობლემად რჩება ნარჩენებით გამოწვეული გარემოს დაბინძურება. ეს უკავშირდება როგორც მუნიციპალური ნარჩენების, ასევე სპეციფიკური ნარჩენების ნაკადების მართვის პრობლემებს. დღეისათვის საქართველოში სრულად არ ხდება სპეციფიკური ნარჩენების სათანადო წესით შეგროვება და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად დამუშავება. დღესდღეობით ქვეყნის მასშტაბით შეგროვებული მუნიციპალური ნარჩენები ძირითადად ნაგავსაყრელებზე განთავსდება.29 ქვეყანაში არსებობს 100-ამდე ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო, თუმცა მათი ტექნოლოგიები ხშირ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე გარემოსდაცვით მოთხოვნებსა და სტანდარტებს. არ არსებობს ბიოდეგრადირებადი ნარჩენების გადამუშავების ინფრასტრუქტურა.

საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკი. არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა და ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს იმ მთავარ ფაქტორებს, რომლებიც აფერხებს საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის ევროპული პრაქტიკის დანერგვის პროცესს.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა სრულად ვერ პასუხობს ბიომრავალფეროვნების დაცვის მხრივ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, ასევე სრულად არ ასახავს საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელ საკითხებს. კანონმდებლობაში არ არის ასახული ზურმუხტის ტერიტორიების/საიტების დაარსებისა და მართვის, ასევე UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების მართვის, მათ შორის, გამოცხადების/აღიარების კრიტერიუმი და სხვა დაკავშირებული საკითხები. ბიომრავალფეროვნების სფეროში მთავარი გამოწვევა ბიომრავალფეროვნების კარგვაა. შედეგად მცირდება ეკოსისტემური მომსახურების სახით მიღებული გრძელვადიანი სარგებელი.

ბოლო 25 წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების ფართობი ეროვნულ დონეზე თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და 2021 წლის მონაცემებით შეადგენს 798 287 ჰექტარს. თუმცა, დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდა არ არის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და მართვის პირდაპირპროპორციული. კერძოდ, საქართველოში არსებული 94 დაცული ტერიტორია არ წარმოადგენს ერთიან ურთიერთდაკავშირებულ ქსელს. აღნიშნული ქსელის შექმნას ძირითადად ეკოლოგიური დერეფნების არსებობა უზრუნველყოფს, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ განსავითარებელია. ამის გამო ფერხდება სახეობების მიგრაცია და, შესაბამისად, საფრთხე ექმნება პოპულაციების მდგრადობას.

სახეობათა არამდგრადი მოპოვება და ბიომრავალფეროვნების რესურსებით უკანონო სარგებლობა (ბრაკონიერობა) როგორც დაცულ ტერიტორიებზე, ასევე მის გარეთ, ბიომრავალფეროვნების კარგვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. კერძოდ, 2017 − 2020 წლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა უკანონო ნადირობის 1 783 შემთხვევა, უკანონო თევზჭერის − 1 778 შემთხვევა, ხოლო ხე-ტყის უკანონო მოპოვების − უკანონო ხე-ტყის ტრანსპორტირების − 10 955 შემთხვევა.

დღეისათვის კვლავ გამოწვევად რჩება ტყის დეგრადაცია და ტყის ფასეულობების არასათანადო მართვა. ამ დროისთვის ტყეთმოწყობა (ინვენტარიზაცია) საქართველოს ტყის 21%-ზეა განხორცილებული და მომზადებულია განახლებული ტყის მართვის გეგმები, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მერქნული და არამერქნული რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და ტყის მდგრადი მართვის სისტემის სრულყოფილად დანერგვაზე.

ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების განვითარების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ არ არის დამკვიდრებული დიფერენცირებული მიდგომა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის დროს და ლიცენზირებას ექვემდებარება ყველა ტიპის საქმიანობა, რაც ამცირებს სისტემის ეფექტიანობას.

გარემოს რადიაციული ფონის მონიტორინგი ხორციელდება რეგულარულად, თუმცა, ადამიანური და ტექნიკური რესურსების სიმცირიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება მონიტორინგის სრულყოფილი განხორციელება. ამჟამად, მხოლოდ ექვსი ავტომატური სადგურიდან ხდება ინფორმაციის მიღება და დამუშავება, რაც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიის სრულ დაფარვას. გარდა ამისა, ქვეყანაში არ არსებობს გარემოს რადიაციული მონიტორინგის ლაბორატორია (გარდა სააგენტოს მფლობელობაში არსებული მობილური ლაბორატორიისა).

სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალი

ჯანდაცვა

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა შესაბამისობაში მოდის „დაბერების“ გლობალურ ტენდენციებთან: იზრდება 65 წლისა და მეტი ასაკის ადამიანების რაოდენობა (2021 წელს − 15.4%). სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე სტაბილურად იზრდება. 2021 წელს 71.4 წელი შეადგინა (ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელი − 82 წელი), ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა კი ამ პერიოდისთვის 65 წელია.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში, 2021 წელს სიკვდილიანობის ძირითადი ტვირთი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის − (76%); 5% − COVID-19-ითაა განპირობებული, 4% − ტრავმული დაზიანებებით, 2% − გადამდები დაავადებებით, დედათა და პერინატალური მდგომარეობით და კვებითი დარღვევებით, ხოლო 13% − უცნობი მიზეზებით.

საქართველოში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი უკანასკნელ დეკადაში სტაბილურად იკლებს (2010 წ. – 18.9 და 2021 წ. 10.0 − ათას ცოცხალშობილზე), თუმცა, კვლავ ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (3.7). დედათა სიკვდილიანობას კი წლების განმავლობაში ფლუქტუაცია ახასიათებს, 2021 წელს იგი 71.8-ია ასი ათას ცოცხალშობილზე, რაც უმეტესწილად ახალი კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

2015 წელს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებით, სეროპრევალენტობა ქვეყანაში 7.7%-იდან 6.8%-ამდე, ხოლო აქტიური დაავადება 5.4%-იდან 1.8%-ამდე შემცირდა. ქვეყანამ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია გადამდები დაავადებების ტვირთის შემცირების კუთხით. ტუბერკულოზის ყველა ფორმის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ასი ათას მოსახლეზე 2010 − 2020 წლებში თითქმის განახევრდა (98.4 – 2010 წელი და 236.3 – 2021 წელი). 2015 წლიდან ასევე აღინიშნება აივ/შიდსის ახალი შემთხვევების კლების დინამიკა (2015 წელი − 19.2 ასი ათას მოსახლეზე და 2021 წელი − 14.3 ასი ათას მოსახლეზე). ხელშესახები წინსვლის მიუხედავად, ქვეყანას კვლავ გააჩნია მთელი რიგი გამოწვევები ჯანმრთელობის მსოფლიო სტრატეგიით ან ეროვნული პრიორიტეტით განსაზღვრული რიგი ინფექციური დაავადების ელიმინაციის კუთხით.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებები ყოველწლიურად იზრდება (2012 წ. 450 მლნ ლარი – 2021 წ. − 1,4 მლრდ ლარი), თუმცა ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით დაბალია ევროპულ სტანდარტებთან შედარებით (2020 – 4.2%; ევროპის რეგიონის საშუალო − 4.9%).

თანაგადახდების კომპლექსური სისტემა და მომსახურების მოცულობის ნაკლები კონტროლი ზრდის შინამეურნეობების გაღარიბების რისკს − 2019 წელს, სამკურნალო სერვისებით გამოწვეული კატასტროფული ხარჯები 34.3%-ს შეადგენდა.

მთავრობამ დაიწყო სტრატეგიული შესყიდვის, სელექტიური კონტრაქტირებისა და ანაზღაურების შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების დანერგვა, რისთვისაც 2020 წელს შეიქმნა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, თუმცა, სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობები და მართვისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას საჭიროებს.

წამლის ფასების შემცირებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2022 წლის დასაწყისში განხორციელდა წამლის რეგისტრაციის რეჟიმის გამარტივება თურქეთთან. მიუხედავად ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფინანსური რესურსების ზრდისა, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, რასაც მეტწილად განაპირობებს სამკურნალწამლო საშუალებების მაღალი ღირებულება. მედიკამენტების გამო გაწეული კატასტროფული ხარჯები 2019 წელს 61%-ს შეადგენდა. საქართველოში არ გამოიყენება წამლების ფასების პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლის რეგულაციები და არ გამოიყენება „რეფერენს ფასებისა“ და ე.წ. „managed entry“ სისტემები, რომელთა ამოქმედებაზე უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ფარმაცევტული ნაწარმის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის სუსტი მექანიზმები წარმოადგენს. 2021 წელს დაიწყო და უახლოეს ხანში დასრულდება წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის მშენებლობა და აღჭურვა. 2020 წელს დაიწყო ფარმაცევტული სექტორის GMP შემოწმება და პირველად გაიცა GMP სერტიფიკატი. თუმცა, მწარმოებლების შემოწმების მასშტაბი კვლავ შეზღუდული რჩება სერტიფიცირებული ინსპექტორების ნაკლებობობის გამო, რაც იწვევს ადმინისტრაციული პროცესების შენელებას.

2021 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა 268 საავადმყოფო 20633 საწოლით (საწოლით უზრუნველყოფის მაჩვენებელი − 1000 მოსახლეზე 5,6). საწოლების დატვირთვის მაჩვენებელი დაბალია და 55.0%-ს შეადგენს (ევროკავშირის საშუალო − 74%). საავადმყოფოთა აკრედიტაციის სისტემის დანერგვის მიმართულებით გადაიდგა რიგი ნაბიჯები, თუმცა, აღსანიშნავია, რომ არსებული მარეგულირებელი გარემო, მათ შორის, ლიცენზირების/ნებართვების მექანიზმები ნაკლებად უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების მაღალ ხარისხს.

პირველადი ჯანდაცვის ქსელი წარმოდგენილია 320 პჯდ დაწესებულებით ქალაქის/მუნიციპალიტეტის დონეზე, ხოლო სოფლად მსახურობს 1250 სოფლის ექიმი და 1556 სოფლის ექთანი. 1 სულ მოსახლეზე ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურებისთვის მიმართვიანობის საშუალო მაჩვენებელი ბოლო დეკადაში 2-იდან 4.0-ამდე გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შედეგად, თუმცა, მაინც დაბალია ევროპის რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე (6 ვიზიტი ერთ სულზე).

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ინტეგრაცია, რომელთა მიწოდებაც ამჟამად ფსიქიატრების მიერ ხორციელდება. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების, განსაკუთრებით, ბავშვთა ფსიქიატრების, ფსიქიატრიის ექთნებისა და სოციალური მუშაკების მწვავე დეფიციტი.

საქართველოში ევროპის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და სწრაფად მზარდი ექიმთა რაოდენობა აღინიშნება − 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ყოველ 100 ათას მოსახლეზე 606.6 ექიმია, მაშინ როდესაც ევროპის რეგიონში საშუალო რიცხვი 314-ია. მიუხედავად გამოხატული სიჭარბისა, ექიმები არათანაბრად არიან განაწილებული ქვეყნის მასშტაბით და, ძირითადად, დედაქალაქში კონცენტრირდებიან (72%).

დამატებით ხაზგასასმელია საექთნო საქმის კუთხით არსებული გამოწვევები − ექიმების სიჭარბე კონტრასტს ქმნის ექთნების მწვავე დეფიციტთან (1:0.8), რაც დიდწილად დაკავშირებულია საქართველოში საექთნო საქმის დაბალ სოციალურ აღიარებასთან, დაბალ პოპულარობასთან, არასათანადო განვითარებასა და შრომის ანაზღაურებასთან.

საქართველო ზედამხედველობის მოქმედებათა პაკეტის კუთხით ლიდერი ქვეყანაა გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების დღის წესრიგის ფარგლებში (ECDC). თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეპიდზედამხედველობის სისტემის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების შესაძლებლობების განვითარების აუცილებლობა და EIDSS-ს, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემასა და ლაბორატორიების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის კავშირებისა და ინტეროპერაბელურობის გაუმჯობესების, რუტინული იმუნიზაციით მოცვის, ადამიანური რესურსების მოზიდვისა და უწყვეტი განვითარების საჭიროება.

მიუხედავად არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ლაბორატორიის კარგად განვითარებული სისტემისა, საგანგებო მდგომარეობებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის კვლავ გაუმჯობესებას საჭიროებს მარეგულირებელი გარემო ლაბორატორიების ხარისხის უკეთესი კონტროლისა და რეგიონული ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად არაერთი განხორციელებული ღონისძიებისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეაგირების საშუალო დრო 30-40 წუთს შეადგენს, რაც რეკომენდებულ 8-15 წუთს 4-5-ჯერ აღემატება.

2014 წლიდან ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემები კვლავაც ფრაგმენტირებულია მონაცემთა შეგროვების, ხარისხის, სტანდარტიზაციისა და მტკიცებულებების გენერირების კუთხით.

2021 წლიდან, 50 ამბულატორიაში დაიწყო ტელემედიცინის პროექტის განხორციელება. 2022 წელს კიდევ 50 სოფლის ამბულატორიის აღჭურვა მოხდება ციფრული ჯანდაცვის ტექნოლოგიებით. თუმცა, კოვიდ-19-ის პანდემიამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ყველა სეგმენტს არ აქვს ციფრულ ტექნოლოგიებზე თანაბარი წვდომა, ამიტომ არსებობს რისკი, რომ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებამ შეიძლება, ხელი შეუწყოს უთანაბრობას ჯანდაცვის მიმართულებით.

სოციალური დაცვა

სოციალური დაცვის მიმართულებით არსებობს სხვადასხვა პროგრამა და სოციალური სერვისები, თუმცა სოციალური დაცვის გარანტიები გაბნეულია ეროვნულ კანონმდებლობაში და არ იქმნება ერთიანი სურათი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებს სიცოცხლის ყველა ეტაპზე.

მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემა და შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია ბოლოს 2015 წელს გადაიხედა. არსებითად შეიცვალა მეთოდოლოგიაში არსებული მთელი რიგი პარამეტრები. მეთოდოლოგია უფრო მეტად ორიენტირებულია ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე, თუმცა, ის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების არაპირდაპირი, სტატისტიკური ფორმულაა და აუცილებელია, პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს და უფრო მეტად იყოს ორიენტირებული არა მხოლოდ ბავშვების, არამედ სხვა საჭიროების მქონე შინამეურნეობებზე.

2021 წლის ივლისიდან 150 ლარამდე გაიზარდა ბავშვის ბენეფიტის ოდენობა და ამ ბენეფიტის მისაღები ზღვრული ქულა ნაცვლად 100 000-ისა, განისაზღვრა 120 000-ით. გარდა ამისა, უკანასკნელ პერიოდში ასევე გაიზარდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების რაოდენობა. სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ასაკობრივ ჭრილში 18 წლიდან 60 წლამდე საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა საერთო ჯამთან მიმართებით 46%-ს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში საარსებო შემწეობის დანიშვნა საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა და ოჯახის მიმართვიდან საარსებო შემწეობის დანიშვნამდე დაახლოებით 150 დღეა საჭირო.

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა“ მოიცავს ბავშვების მიტოვების პრევენციისა და ოჯახების მხარდაჭრისკენ მიმართულ არაერთ სოციალურ მომსახურებას, თუმცა სოციალური მომსახურებები გეოგრაფიულად არათანაბრად არის გადანაწილებული, რაც აფერხებს მომსახურებებზე ბავშვების ხელმისაწვდომობას.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში ეტაპობრივად იზრდება ლიმიტები, რიგ ქვეპროგრამებში საკმაოდ დიდია მომლოდინეთა რიგი, რაც გამოწვეულია მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ან/და სპეციალისტების სიმწირით.

ამასთან, შშმ პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად ხორციელდება შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტი, თუმცა შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის მიზნით, საჭიროა, კიდევ უფრო გაიზარდოს პრევენციული და სოციალურ ინტეგრაციაზე დაფუძნებული ტიპის მომსახურებები.

გამოწვევას წარმოადგენს ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის შრომის ბაზარზე სრულყოფილი მონაწილეობის შეზღუდული შესაძლებლობა, რასაც თან ერთვის უმუშევრობის/ეკონომიკურად პასიურ პერიოდში სოციალური დაცვის ნაკლებობა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე დევნილთა მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. დღეის მდგომარეობით, 23000-ზე მეტი დევნილი ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი ღირსეული საცხოვრისით. მიუხედავად ამისა, 2020 წლის მონაცემებით, დევნილი ოჯახების მხოლოდ 45%-ია უზრუნველყოფილი გრძელვადიანი განსახლების პროგრამების ფარგლებში, ხოლო ათასობით ოჯახი ისევ გაუსაძლის პირობებში აგრძელებს ცხოვრებას.

გარდა ამისა, წლების მანძილზე ქვეყნის მასშტაბით მომხდარი სხვადასხვა სტიქიური მოვლენის შედეგად, უამრავი ოჯახი დაზარალდა და დარჩა უსახლკაროდ. ამას ემატება ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით განვითარებული სხვადასხვა სახის სტიქიური მოვლენები, რომლებიც საფრთხეს უქმნის იქ მაცხოვრებელი პირების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით, 2013 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, შესყიდული და სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონების პროცესი, რომლის ფარგლებშიც უძრავი ქონების 70% უკვე გადაეცა ეკომიგრანტ ოჯახებს კერძო საკუთრებაში. მიუხედავად ამისა, გამოწვევები ისევ რჩება, რომელთა შორის უმთავრესია ეკომიგრანტთა უსაფრთხო გარემოში განსახლება.

დასაქმება

2021 წლის ბოლოს უმუშევრობის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.0% შეადგინა. ამასთანავე, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 1.2%-ით გაიზარდა, ხოლო დასაქმების დონე − 1.7 პროცენტული პუნქტით.30 აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემიამ განსაკუთრებული გავლენა იქონია შრომის ბაზარსა და ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებლების ზრდაზე.

კვალიფიციური სამუშაო ძალა გადამწყვეტ როლს ასრულებს დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდაში, მაგრამ საქართველოში არსებული სამუშაო ძალის განათლების ხარისხი და უნარები აფერხებს ბიზნესის კეთებისა31 და ქვეყანაში შემოდინებული ინვესტიციების სამუშაო ადგილებად გარდაქმნის შესაძლებლობას. გამოწვევას წარმოადგენს ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის შრომის ბაზარზე სრულყოფილი მონაწილეობის შეზღუდული შესაძლებლობა, რასაც თან ერთვის უმუშევრობის/ეკონომიკურად პასიურ პერიოდში სოციალური დაცვის ნაკლებობა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ განხორციელებულ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სერვისებში 2021 წელს ჩაერთო 6579 სამუშაოს მაძიებელი. მათ გაეწიათ სხვადასხვა მომსახურება. შედეგად, 2021 წელს დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების ფარგლებში დასაქმდა 3812 სამუშაოს მაძიებელი.

დღეის მდგომარეობით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო წარმოდგენილია ყველა მუნიციპალიტეტში. მნიშვნელოვანია სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერება, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განვითარება და გეოგრაფიული დაფარვის არეალის გაფართოება, რათა ხელმისაწვდომი იყოს თითოეული სამუშაოს მაძიებლისთვის.

შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება

ღირსეული შრომის პირობების შექმნის მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან არაერთი პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორისაა შრომის პირობებზე ზედამხედველობის სისტემის ინსტიტუციონალიზაცია. ჩატარებული ათასობით სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირების შედეგად კომპანიებში ფიქსირდება გაუმჯობესებული, თუმცა, კვლავ ხარვეზული შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემები. გაძლიერდა შრომის ინსპექციის მანდატი შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობის მიმართულებით, აღნიშნულმა ცვლილებებმა რადიკალურად შეცვალა სურათი და განსაკუთრებულად შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება გამოიწვია სამშენებლო სექტორში, რაც გამოიხატება სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების კლებაში, თუმცა, მძიმე მრეწველობის სექტორი კვლავ მოითხოვს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესებას.32 აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა მაჩვენებელი 2019 წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 62%-ით შემცირდა, ხოლო დაშავებულთა მაჩვენებელი − 18%-ით.33 2021 წლის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იქნა მიღებული, სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 31%-ით არის შემცირებული.34

2021 წლიდან ფუნქციონირებას შეუდგა სტრუქტურულად დამოუკიდებელი აღმასრულებელი ორგანო − სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახური. გაიზარდა შრომის ინსპექტორთა რაოდენობა, შეიქმნა რეგიონული წარმომადგენლობები იმერეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მიუხედავად ამისა, აღსრულების სისტება გაუმჯობესებას საჭიროებს, რაც დამატებით ინტერვენციებს მოითხოვს.

შრომითი მიგრაცია

ემიგრაციის მასშტაბისა და საზღვარგარეთ წასვლის ძირითადი მოტივების გათვალისწინებით, ემიგრაცია საქართველოდან უპირატესად საზღვარგარეთ დასაქმებასთან ასოცირდება. თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ზედმეტად ლიბერალური სამართლებრივი ჩარჩოსა და ემიგრაციის/იმიგრაციის აღრიცხვის გამართული სისტემის არარსებობის გამო, სტატისტიკური მონაცემები საქართველოდან შრომითი ემიგრანტებისა და საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალქაეების (შრომითი იმიგრანტების) შესახებ არ არის სრულყოფილი.

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმები არ არის საკმარისი და ეფექტიანი აღნიშნული სფეროს რეგულირებისათვის.

კომპანიების (რომელთა საქმიანობა უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმებას ან/და საზღვარგარეთ დასაქმებაში დახმარებას) მხრიდან არ ხდება საკუთარი საქმიანობის დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. არ არსებობს შესაბამისი მონიტორინგის გამართული მექანიზმები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა არარეგისტრირებული კომპანიების გამოვლენასა და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ნორმის დაკისრებას. შესაბამისად, ვერ ხდება შრომით ემიგრაციასთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაციის მოგროვება. ასევე პრობლემას წარმოადგენს რეგისტრირებული კომპანიების მიერ შესაბამისი ანგარიშების წარუდგენლობაც.

რაც შეეხება შრომითი იმიგრაციის ნაწილს, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სფეროში არსებული მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო ვერ უზრუნველყოს აღნიშნული სფეროს რეგულირებასა და ამ სფეროში არსებული რელევანტური და სწორი ინფორმაციის მოპოვებას. პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ განსაზღვრული ვალდებულების შესრულება, რომელიც გულისხმობს დასაქმებულ უცხოელთან დაკავშირებით ინფორმაციის შესაბამისი უწყებისთვის მიწოდებას. 2015 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემოსული ანგარიშების საფუძველზე, საქართველოში დასაქმებულია უცხო ქვეყნის 734 მოქალაქე, მაშინ, როდესაც სსგს-ის მონაცემებით, 2015 − 2018 წლებში უცხოელებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების 40,7% შრომითი ბინადრობის ნებართვებია.35 ამასთან, მხოლოდ 2019 წელს − უცხო ქვეყნის 41,359 მოქალაქე.

არალეგალური შრომითი ემიგრაცია საქართველოსთვის კვლავ რჩება აქტუალურ გამოწვევად, ვინაიდან, არ მცირდება მასშტაბები და არ იცვლება მისი ხასიათი. ეს კი, პირველ რიგში, გამოწვეულია სწორედ იმით, რომ ქვეყანაში არ არსებობს საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების რეალური შესაძლებლობები. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების კვალობაზე, არსებობს რეალური რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ გზით შეეცდებიან ევროკავშირის ქვეყნებში გასვლას და იქ არალეგალურად დასაქმებას, რამაც შეიძლება, „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედებას შეუწყოს ხელი.

შრომითი ემიგრაციის დადებითი ეფექტის გაზრდა შესაძლებელია დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სქემების განვითარებით. შესაბამისად, 2013 − 2019 წლებში განხორციელდა ცირკულარული მიგრაციის საპილოტე პროექტები გერმანიასა და პოლონეთში, რომელთა ფარგლებშიც, ჯამში, საქართველოს 105 მოქალაქე დასაქმდა. გარდა ამისა, 2013 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და საფრანგეთს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულებას. შეთანხმებები გაფორმდა გერმანიასთან, ბულგარეთსა და ისრაელთანაც. პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან.

განათლება და მეცნიერება

საქართველომ მიაღწია სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში მონაწილეობის მაღალ მაჩვენებლებს. თითქმის აბსოლუტურია სავალდებულო ზოგადი განათლების მიღების მაჩვენებელი. მიუხედავად დადებითი დინამიკისა, შედარებით დაბალია საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისა და დასრულების მაჩვენებლები, თუმცა, მონაცემები განსხვავდება გეოგრაფიული არეალის მიხედვით. ასევე საგრძნობლად გაიზარდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის მაჩვენებლები და 2012 − 2021 წლებში 28%-იდან თითქმის 63,4%-ს მიაღწია. რაც შეეხება პროფესიულ განათლებაში ჩართვის მსურველთა რაოდენობას, 2019 წლის მიღების ფარგლებში, აპლიკანტთა რაოდენობა 19,000-ს შეადგენდა, 2020 წელს (პანდემიის პირობებში) 14,000-ამდე შემცირდა, ხოლო 2021 წლის მონაცემებით კვლავ გაზრდილია და 19,000-ს შეადგენს. სკოლამდელი განათლების საფეხურზე განსაკუთრებით მაღალია „სასკოლო მზაობის პროგრამებში“ 5-6 წლის ბავშვების მონაწილეობა (87.3%)36. 2012 − 2020 წლებში, ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რიცხვი 500-იდან 11,281-ამდე გაიზარდა.

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სწავლა-სწავლების ხარისხის ზრდის, საგანმანათლებლო ლიდერების მომზადების, სკოლაზე დაფუძნებული პროფესიული განვითარებისა და მასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ამოქმედდა პროგრამა − „ახალი სკოლის მოდელი“. ეროვნული უმცირესობების სკოლებში მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ბილინგვური განათლების მოდელის გამოყენებით.

გაიზარდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, დაინერგა მრავალფეროვანი პროგრამები, ზრდასრულთა პროფესიული განათლების სისტემა. ასევე 2020 წელს სტუდენტები პირველად ჩაირიცხნენ ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლის დასრულების შემდეგაც გაცემული დიპლომი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან. პროფესიული განათლების პროგრამებში უმეტესწილად 15-24 წლის ახალგაზრდები არიან ჩართულნი, მათი წილი ყოველწლიურად 60%-ს აჭარბებს.

2019 წლიდან სისტემაში დანერგილი ყველა პროგრამა ხორციელდება მოდულური მიდგომით, რომელიც ხასიათდება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობითა და სწავლის შედეგებზე ორიენტაციით, პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებითა და სწავლება-შეფასების თანამედროვე მიდგომებით.

ჩამოყალიბდა პროფესიული განათლების მართვის ახალი მოდელი, რომლის საფუძველზეც 2021 წელს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთობლივად  დააფუძნეს „პროფესიული უნარების სააგენტო“.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მოკლევადიანი მობილობის სტიპენდიების მიღების მაჩვენებლით და 141 ქვეყნიდან მე-6 ადგილს იკავებს37. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის პროცესში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება, რომელიც მიზნად ისახავს, გახდეს სწავლის, კვლევისა და ტექნოლოგიების ცენტრი რეგიონში.

2016 წლიდან საქართველო გახდა Horizon 2020-ის ასოციირებული წევრი, რამაც შექმნა თანამედროვე კვლევისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისათვის თანამშრომლობისა და დაფინანსების ახალი შესაძლებლობები. ხოლო 2021 წლიდან საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩოპროგრამა Horizon Europe-ში ასოციირების საერთაშორისო შეთანხმებას შეუერთდა. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.

გასული წლების განმავლობაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, განათლებისა და მეცნიერების სისტემაში უმთავრეს გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება განათლების ხარისხი და საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების ინსტიტუციური გაძლიერება.

განათლების ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევები თავს იჩენს განათლების სისტემის ყველა საფეხურზე, რაც გამოიხატება დაბალ აკადემიურ მიღწევებსა და განათლების სხვადასხვა საფეხურის დაძლევის სირთულეში. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2018 წლის შედეგების მიხედვით, 78 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოში 15 წლის მოზარდებმა მათემატიკაში 67-ე, კითხვაში 71-ე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 74-ე ადგილი დაიკავეს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მქონე მოსწავლეთა საშუალოდ 15-20%-მა შეწყვიტა სწავლა სავალდებულო განათლების დასრულების შემდეგ ან ვერ ჩააბარა საშუალო საფეხურის დამამთავრებელი (საატესტატო) გამოცდები. საგულისხმოა, რომ უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელშიც წარუმატებლობის მაჩვენებელი 25%-იდან 35%-ამდე მერყეობს.

განათლების ყველა საფეხურზე განათლების ხარისხისა და რელევანტურობის კუთხით არსებული გამოწვევები დაკავშირებულია სწავლების ხარისხსა და მასწავლებელთა კომპეტენციებთან. 2021 წლის მონაცემების მიხედვით, სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 9477 მასწავლებლიდან ნახევარზე მეტმა ვერ გადალახა შესაბამისი საგნის გამოცდაზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ამის გარდა, მასწავლებლობა ჯერ კიდევ რჩება არამიმზიდველ პროფესიად, რაზეც მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულთა შორის მაღალია დაბალი აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტების წილი, რომლებმაც ასევე დაბალი შედეგები აჩვენეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მასწავლებლის კარიერა ნაკლებად მიმზიდველია დაბალი ანაზღაურების გამოც.38

სკოლამდელ განათლებასთან შედარებით, ზოგადი განათლების საფეხურზე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება მაღალია. სკოლის მასწავლებლის შრომის ანაზღაურება ყოველწლიურად მზარდია, თუმცა, მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა, განათლებაში ხელფასი ყველაზე დაბალია სხვა სექტორებთან შედარებით.39

სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს არ აქვთ საკმარისი შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, რათა განსაზღვრონ და შეაფასონ თავიანთი ინდივიდუალური საჭიროებები სკოლის მართვის, ასევე პედაგოგიური და დარგობრივი კომპეტენციების გაუმჯობესების მიმართულებით. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულ მასწავლებელთა უმრავლესობა არ ფლობს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებისა და შეფასების მეთოდებთან დაკავშირებულ შესაბამის კომპეტენციებს, რადგან ათიდან მხოლოდ ერთ მასწავლებელს აქვს ჩაბარებული პროფესიული უნარებისა და საგნის გამოცდა მინიმალური გამსვლელი ქულით.40

კვლავ გამოწვევად რჩება პროფესიული განათლების სექტორის მცირე ზომა და მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი. 2020 წლის მაჩვენებლის მიხედვით, 15-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის მხოლოდ 3.5% იყო ჩართული პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირეა 25 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის შემთხვევაში. მცირე მასშტაბი უკავშირდება ხელმისაწვდომობასა და ინკლუზიურობას, არსებულ გეოგრაფიულ, ფინანსურ, ინფორმაციულ ბარიერებს, დაბალ იმიჯს, საგანმანათლებლო ქსელის ნაკლებ შესაძლებლობას, განსაკუთრებით, რეგიონებში და მხარდამჭერი სერვისების ნაკლებ განვითარებას.

პროფესიული განათლების კურსდამთავრებულების შრომის ბაზარზე გადასვლა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება და უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი, შესაბამისობა შრომის ბაზრის საჭიროებებთან, ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობა, საკვანძო კომპეტენციების განვითარება.

ინკლუზიური განათლების ხარისხის გაძლიერების მიმართულებითა და ინკლუზიურობის ხარისხის ასამაღლებლად მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს იმ სპეციალისტების კვალიფიკაციის ზრდა და კომპეტენციის ამაღლება, რომლებიც სსსმ პირებს აწვდიან განათლებას.

გამოწვევებია ენის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც სრულად ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის აღსრულებასა და მის ჯეროვან ფუნქციონირებას.

კანონმდებლობით ვერ რეგულირდება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის შემოწმება, რადგან არ არსებობს ერთიანი საგამოცდო სისტემა ქართულ ენაში. მიუხედავად წლების განმავლობაში გატარებული მასშტაბური ღონისძიებებისა, ქართული ენის ცოდნის დონე მოსწავლეებში საკმაოდ დაბალია. ქართული ენის სწავლების ხარისხი არ არის უზრუნველყოფილი ენის ფლობის სტანდარტზე დაფუძნებული შემოწმების სისტემით.

საქართველოს კონსტიტუციით აფხაზური ენა არის სახელმწიფო ენა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართულთან ერთად. იუნესკოს კლასიფიკაციით, აფხაზური არის „უმეტესად საფრთხეში მყოფი ენა“.

კვლავ გამოწვევად რჩება საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის საკითხი, სტუდენტებისთვის ხარისხიანი საერთაშორისო სასწავლო გამოცდილების მიცემა და გაცვლით პროგრამებში ჩართულობა, რაც გამოწვეულია სისტემური და სისტემატური მიდგომების ნაკლებობით. უმაღლესი განათლებისა და კვლევის სექტორებში კვლავ სახეზეა მმართველობის, დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული კონკრეტული გამოწვევები. კვლევის მიმართულებით კი აღსანიშნავია, რომ მეცნიერებათა აკადემიის კვლევითი ინსტიტუტების ინტეგრაცია უნივერსიტეტებთან არ არის სრულყოფილი და ფუნქციურად გამართული. კვლევისა და ინოვაციის დარგში არსებულ პრობლემებს ემატება სექტორის დაბალი დაფინანსებაც, ასევე უმაღლესი განათლების დაწესებულებებს, საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის მცირე თანამშრომლობა.

საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს კურსდამთავრებულების შემდგომი დასაქმება და სასწავლო პროგრამებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობა. უმაღლესი განათლების პროგრამები არ არის სათანადოდ მოქნილი, რათა უზრუნველყოს შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება, სუსტია უნივერსიტეტისა და ბიზნესის თანამშრომლობაც. კურსდამთავრებულთა შორის მაღალია როგორც უმუშევრობის (5%), ასევე კვალიფიკაციის შეუსაბამო დასაქმების მაჩვენებელი (25%). უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მქონე დასაქმებულთა მესამედზე მეტი მუშაობს მათი კვალიფიკაციისთვის შეუსაბამო სამუშაოებზე.41

უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი სტუდენტების სტიმულირებას, რათა ხელი შეეწყოს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ძირითადი წყარო არის სწავლის საფასურის გადასახადი, რომელსაც ფარავს სახელმწიფო გრანტები და შინამეურნეობები.42

არსებული კარიერული სისტემა, ანაზღაურება, საპენსიო პოლიტიკა და სადოქტორო პროგრამები საკმარისად ვერ უწყობს ხელს მაღალკვალიფიციური და ეფექტიანი უმაღლესი განათლებისა და კვლევის სფეროების პერსონალის განვითარებასა და შენარჩუნებას. კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი მკვლევარებისთვის კარიერული განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია. ნაკლებად არის წარმოდგენილი სტრუქტურირებული სადოქტორო სწავლების სისტემა. 8000-ზე მეტი დოქტორანტი არის სტატუსშეჩერებული (მთლიანი რაოდენობის 59%, 2019 წელს), მათი სწავლების ვადები საკმაოდ ხანგრძლივია, დასრულების მაჩვენებელი დაბალია და მხოლოდ 35%-ს შეადგენს.

კვლევისა და ტექნოლოგიების სფეროში მოძველებული და ფრაგმენტირებული ინფრასტრუქტურა, აგრეთვე შესაბამისი დაწესებულებების მიერ ძვირადღირებული და თანამედროვე აღჭურვილობისა და კვლევითი საშუალებების გაზიარების ნაკლებობა განაპირობებს კვლევის არასათანადო ხარისხსა და დაბალ პროდუქტიულობას.

ციფრული ტრანსფორმაციის კვალდაკვალ გამოწვევებს შორისაა არა მხოლოდ უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარება, არამედ უშუალოდ ციფრული განათლებისა და მეცნიერების განვითარების დაბალი დონე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, ინოვაციის შესაძლებლობის ქვეთავში საქართველო 141 ქვეყანას შორის 91-ე ადგილს იკავებს. ასევე INSEAD-ის 2021 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის (GII) მიხედვით, საქართველოს 132 ქვეყანას შორის 32.40 ქულით 63-ე ადგილზეა. ამავე რეიტინგში ბიზნესის ტექნოლოგიურობის დონის კომპონენტში საქართველო 61-ე ადგილზეა.

მიუხედავად მიმდინარე პროექტების არსებობისა, ინოვაციური და სამეწარმეო ეკოსისტემის სიმწიფის (ე.წ. maturity) დონე არ პასუხობს კონკურენტულ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, რაც განპირობებულია ინოვაციურ ფინანსებზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობით, ინოვაციურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობით, კვლევების კომერციალიზაციის სიმცირითა და კომპანიების გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში ჩართვის დაბალი მაჩვენებლით.

ვინაიდან, საქართველო წარმოადგენს პატარა ბაზარს, ის არ იძლევა ინვესტიციების საკმარისი დივერსიფიკაციისა და რისკის შემცირების შესაძლებლობებს პოტენციური ინვესტორებისთვის. ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშნელოვანი საკითხია ენჯელ და ვენჩურული საინვესტიციო ეკოსისტემის ხელშეწყობის მარეგულირებელი მექანიზმის არარსებობა, რაც სტარტაპების ჩამოყალიბებისა და ზრდისთვის აუცილებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ფინანსებზე ამგვარი შეზღუდული ხელმისაწვდომობა ხელს უშლის კომპანიებს, რომლებსაც სურთ, ინვესტიციები ინოვაციურ ბიზნესსაქმიანობებში განახორციელონ. გასათვალისწინებელია, რომ ბაზარზე არ არსებობს ინსტიტუციური კერძო საინვესტიციო ფონდები, რომლებიც ინვესტიციას განახორციელებენ რისკის შემცველ ინოვაციურ ბიზნესებში.

2018 − 2021 წლებში, ქვეყნის მასშტაბით, დაფინანსებულია 200-ზე მეტი ტექნოლოგიური სტარტაპი. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ფინანსებზე წვდომისა და რელევანტური ციფრული უნარების ხელშეწყობის მასშტაბური ღონისძიებები საკმარისად განვითარებული არ არის.

ეკოსისტემის მონაწილეთა შესაძლებლობის გაძლიერების კუთხით, საქართველოში ფუნქციონირებს სტარტაპების უნარებისა და ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტები. 2020 წელს ქვეყანაში შემოვიდა მსოფლიოს წამყვანი 500 Startup აქსელერატორი. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება სტარტაპების ინტერნაციონალიზაცია, შესაბამისი პრეაქსელერაციისა და აქსელერაციის მასშტაბური პროგრამების ჩატარება (მათ შორის, რეგიონებში) და კვლევასა და განვითარებაზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარება.

საქართველოში ICT მიმართულებით ჩატარებულმა შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი ადამიანური რესურსი, რომელიც დააკმაყოფილებს ეროვნული და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს.

საქართველოს კვლევით დაწესებულებებში გამოყენებითი მეცნიერების კომერციალიზაციის წარმატებული მაგალითების რაოდენობა მცირეა. ასევე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ბიზნესსა და მეცნიერებას შორის კოორდინაციის ნაკლებობა. ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტები ვერ უზრუნველყოფენ მაღალინტელექტუალური პროდუქტისა და სერვისის წარმოებას. შესაბამისად, ვერ ხორციელდება მათი კონკრეტულ ინდუსტრიებში და ადგილობრივ ბაზარზე დანერგვა ან/და ექსპორტზე გატანა.

ახალგაზრდული პოლიტიკა

დღეის მდგომარეობით, ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ/დემოკრატიულ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, გამოავლინა, რომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების 75%-ს არ მიუღია მონაწილეობა სამოქალაქო აქტიურობასთან დაკავშირებულ აქტივობებში.43

აღსანიშნავია მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარებაც, სადაც აქტივობების განხორციელება ძირითადად იგეგმება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ და არა − ახალგაზრდების ინიციატივით. ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღებასა თუ სხვადასხვა პროცესში ჩართულობა დაბალია. 2019 − 2021 წლებში ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში (მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის შეხვედრებში, საკითხების განხილვაში, ინიციატივის/პროექტის წარდგენაში და სხვა) მონაწილეობა ახალგაზრდების მხოლოდ 7.8%-მა მიიღო.44

ახალგაზრდების 56% თვლის, რომ მათი ხმა გავლენას ახდენს პოლიტიკური არჩევნების შედეგებზე და, შესაბამისად, ხმის უფლების მქონე ახალგაზრდები ძირითადად მონაწილეობენ არჩევნებში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდების 49%-ის აზრით, მათი ინტერესები მხოლოდ მცირედით არის გათვალისწინებული პოლიტიკურ დღის წესრიგში45.

ასევე ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშემწყობი მექანიზმებისა და პლატფორმების სიმცირე და კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობებზე შეზღუდული წვდომა აფერხებს ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას.  ქვეყანაში არ არსებობს ახალგაზრდული საქმიანობის პროფესიული სტანდარტი, ხარისხის კონტროლის მექანიზმები და ახალგაზრდული მუშაკების აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები. 

გამოწვევას წარმოადგენს არაფორმალური განათლება და მასში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობის სიმცირე. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მონაცემებით, ახალგაზრდების 35.1% მიეკუთვნება ე.წ. NEET კატეგორიას (არ არის დასაქმებული, არ დადის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, არ არის ჩართული არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობაში).46 ამასთან, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების 37% ფიქრობს, რომ არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს47.

ახალგაზრდების ხარისხიანი ჰობი განათლების კუთხით, ქვეყნის მასშტაბით, ფუნქციონირებს სხვადასხვა პროფილის 400-ამდე დაწესებულება, თუმცა არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს შეთავაზებული პროგრამების ხარისხი, უსაფრთხოების ნორმები, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. აქტუალურია ახალგაზრდებში კულტურული ობიექტებისადმი გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემაც, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. ნაკლებია შშმ პირებზე ადაპტირებული სპორტული და სხვა ტიპის გასართობი ინფრასტრუქტურაც. 

ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მოხალისეობრივ საქმიანობაში, მათ შორის, შიდა და საერთაშორისო მობილობის პროგრამებში ახალგაზრდების ჩართულობა. 2019 − 2021 წლებში, მოხალისეობრივ აქტივობებში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების 60%-ს არ მიუღია მონაწილეობა.48 ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მოხალისეობრივი   საქმიანობის წამახალისებელი მექანიზმების სიმცირე და მოხალისეობის შედეგად მიღებული ცოდნისა თუ უნარების აღიარების მექანიზმების არარსებობა49.

აღსანიშნავია, რომ 2019 − 2021 წლებში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მხოლოდ 0.4%-ს აქვს მიღებული მონაწილეობა საერთაშორისო მოხალისეობრივ პროგრამაში, ხოლო 0,9% მოხალისე მონაწილეობდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მოხალისეობრივ პროგრამაში.50 მობილობის აქტივობებში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე შესამჩნევად ნეგატიური გავლენა აქვს ტექნოლოგიებზე შეზღუდულ წვდომას და ციფრული კომპეტენციების ნაკლებობას.51

ქვეყანაში მცირე რაოდენობით არის ახლგაზრდებზე მორგებული სოციალური საწარმოები, რომელთა მიზანს ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების ხელშეწყობა წარმოადგენს (2021 წლისთვის მხოლოდ 8%-ს შეადგენდა). 52

კულტურა

აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2017 წელს დააფუძნა სსიპ − შემოქმედებითი საქართველო, რომელიც შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემისა და შემოქმედებითი სტატისტიკის განვითარებას უწყობს ხელს.

2020 წლის მონაცემებით, კულტურის წილმა ქვეყნის მშპ-ში შეადგინა 1.1% და მოიცვა დასაქმებულთა 5.6%, ხოლო ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურების წილმა ეკონომიკაში კი − 7.1%.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის კულტურული ცხოვრება, კულტურული ღონისძიებები და აქტივობები უმთავრესად დედაქალაქშია კონცენტრირებული. დაბალია საზოგადოების და, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა კულტურასა და შემოქმედებით ინდუსტრიებში. ვიზიტორთა ნაკლებობაა, განსაკუთრებით, ადგილობრივ თეატრებსა და მუზეუმებში. კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ყველა სფეროში შეიმჩნევა კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. 2020 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 1,5%-ს ერთხელ მაინც მიუღია მონაწილეობა კულტურულ აქტივობაში, რაც მონაწილეობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ სტაბილურად ხორციელდება კულტურის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (ყოველწლიურად, თითქმის 13-15 მლნ-ით ფინანსდება), ის კვლავ საჭიროებს მზარდ ინვესტიციებს განვითარებისთვის, ან ხშირ შემთხვევაში, სადაც ინფრასტრუქტურა განვითარებულია, არ ხერხდება მისი ეფექტიანად მართვა.

საქართველოში 200-ზე მეტი სახელოვნებო სკოლაა/სასწავლებელია, სადაც 4000-ამდე მასწავლებელია დასაქმებული, თუმცა, სწავლა-სწავლების ხარისხის შემოწმება შეუძლებელია შესაბამისი საგანმანათლებლო სტანდარტების არარსებობის გამო. ასევე ფიქსირდება სტუდენტთა დეფიციტი სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში, მთელ რიგ სპეციალობებსა და დასაქმების ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის მდგრადობის საშუალოზე მაღალი მაჩვნებელია (75%) დაფიქსირებული. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაზე, სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაზე. თუმცა, მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის/რეაბილიტაციის მიმართულებით, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ძეგლებს, ასევე − კულტურულ ფასეულობებს. აღნიშნული, სხვა მიზეზებთან ერთად, კვალიფიციური კადრების დეფიციტითაა გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში არსებულ ნაკლოვანებებს უკავშირდება. კულტურისა და სახელოვნებო განათლების სისტემა არ მოიცავს მთელ რიგ სპეციალობებს, რომელთა საჭიროება აშკარაა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში.

აღსანიშნავია, რომ კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გაიზარდა საქართველოს კულტურული მარშრუტების რიცხვი. 2021 წლისათვის საქართველო მიერთებულია 5 ევროპულ კულტურულ მარშრუტზე, ხოლო ადგილობრივი სერტიფიცირებული მარშრუტების რაოდენობა 9-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმარისად არ არის გამოყენებული კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალი რეგიონების ურბანულ და სოფლად არსებულ ადგილებში.

სპორტი

საგულისხმოა, რომ როგორც მასობრივი, ისე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებისათვის, გასულ წლებში, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. 2021 წელს, სპორტის სხვადასხვა სახეობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, სპორტის 60-ამდე სახეობაში დაფინანსდა ასობით ღონისძიება, ეროვნული და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრის ორგანიზების ან/და მათში მონაწილეობის მიღების მიზნით. შედეგად, მიუხედავად პანდემიის გამო შეცვლილი რეალობისა, საერთაშორისო ასპარეზზე, ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს, ჯამში, 585 მედალი (198 − ოქროს, 179 − ვერცხლის, 208 − ბრინჯაო).

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სპორტის სფეროს საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, რომელიც ვერ ასახავს სფეროში არსებულ რეალობას და ვერ პასუხობს საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

მიუხედავად რიგი გადადგმული ნაბიჯებისა, ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობა, სკოლამდელი ფიზიკური აღზრდის, სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტის განვითარება. პრობლემა გამოწვეულია სპორტისა და ფიზიკური აქტივობის სარგებლის შესახებ ცნობიერების დაბალი დონით, ინფრასტრუქტურის ნაკლებობით. ხაზგასასმელია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სპორტზე ხელმისაწვდომობის, ასევე ხანდაზმულთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის დაბალი დონე. ასევე აღსანიშნავია ქართულ სპორტში ქალთა მონაწილეობა და მათი ჩართულობის დაბალი მაჩვენებლი.

ქვეყანაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი სპორტის ყველა სახეობის განვითარებისათვის. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ობიექტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. ასევე ნაკლებადაა განვითარებული მოსახლეობის ფართო ჯგუფების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისები. პრობლემას წარმოადგენს სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე ადაპტირება. ქვეყნის ტერიტორიაზე ნაკლებადაა ხელმისაწვდომი სპორტული/საწვრთნელი ბანაკები, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული მოედნები, სტადიონები, სპორტის სასახლეები, საწყლოსნო კომპლექსები, საჩოგბურთო კორტები, ყინულის დარბაზები და სპორტული ბაზები, მასობრივი სპორტული ობიექტები და მულტიფუნქციური სპორტული სივრცეები, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები და სპორტსმენები.

მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ქვეყანაში არ ფუნქციონირებს საკმარისი საწვრთნელი ბაზები სპორტსმენებისათვის და ასევე რეგიონებში არ არსებობს შესაბამისად აღჭურვილი სპორტული ცენტრები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება კვალიფიციური მწვრთნელებითა და ფიზიკური აღზრდის სპეციალისტებით და მოემსახურება ადგილობრივი ახალგაზრდების სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართვას.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში არ არსებობს თანამედროვე სტანდარტების სასპორტო განათლების სისტემა, რომელიც მოემსახურება როგორც მასობრივ, ისე მაღალი მიღწევების სპორტს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები განიცდიან ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიური პერსონალის, ლიცენზირებული მწვრთნელების, სპორტის სფეროსთვის საჭირო კადრების დეფიციტს.

ქვეყანაში არ არსებობს სპორტსმენის მომსახურების ერთიანი სისტემა, რომლითაც სრულყოფილი სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური სერვისის თვალსაზრისით.

სახელმწიფო სერვისები

საქართველომ სახელმწიფო სერვისების მიწოდების, განვითარებისა და გაუმჯობესების მხრივ დიდ პროგრესს მიაღწია. დღეის მდგომარეობით, იუსტიციის სახლის 115 ტერიტორიული ორგანო (ცენტრი და ფილიალი) ფუნქციონირებს, თუმცა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სოფლები იმდენადაა დაშორებული მათგან, რომ მოსახლეობას უძნელდება სასურველი მომსახურების მიღება. გარდა ამისა, 9 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში იუსტიციის სახლის სერვისები ჯერ კიდევ ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით გაიცემა, სადაც არსებული ინფრასტრუქტურა და ტექნიკა მოძველებულია, მომსახურების სტანდარტი განსხვავებულია და ვერ ხორციელდება ლოდინისა და ტრანზაქციის დროების ეფექტიანი მართვა.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი (MY.GOV.GE), სადაც განთავსებულია 700-ზე მეტი მომსახურება. თუმცა, ციფრული სერვისების მიწოდების არხების მრავალფეროვნების ნაკლებობამ დღის წესრიგში დააყენა სერვისების ხელმისაწვდომობის მობილური არხის განვითარების საკითხი, ალტერნატიული (მობილური) გარემოს შექმნითა და ცნობიერების ამაღლების გზით. დღეის მდგომარეობით, პორტალი ხელმისაწვდომია მხოლოდ ვებაპლიკაციის სახით და მასზე განთავსებული სერვისებით სარგებლობისთვის საჭიროა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, ელექტრონული პირადობის მოწმობის წამკითხველი მოწყობილობა. სერვისების მიწოდების არხების ნაკლებობა ასახვას ჰპოვებს ციფრული სერვისების გამოყენებადობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სახლი თანამედროვე ორგანიზაციაა, მას, ამ ეტაპზე, არ გააჩნია უნიკალური სივრცე, სადაც ბიზნესსუბიექტი მხოლოდ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიღებას განსხვავებული კონცეფციის გარემოში შეძლებს. კერძო სექტორს არ აქვს შესაძლებლობა, ჰყავდეს კვალიფიციური მრჩეველი − „პერსონალური ასისტენტი“, რომელიც მომხმარებლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს და ხელმისაწვდომი იქნება დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

აღსანიშნავია, რომ სსიპ − საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ეროვნული საარქივო ფონდისადმი მიკუთვნებული, ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე 4 მილიონზე მეტი ქაღალდისფუძიანი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტების სახელმწიფოებრივი და ისტორიული ღირებულების გამო, დიდია მათდამი ინტერესი და მკვლევარების მხრიდან მიმართვიანობის ინტენსივობა. თუმცა, სწორედ დედანი დოკუმენტების ხშირი გამოყენება მათ დაზიანებას იწვევს. შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს და სამომავლოდ ორიენტირებული იქნება სხვადასხვა სახის ელექტრონული კატალოგებისა და სერვისების შექმნის პროცესი, რომლის შემადგენელი კომპონენტია ქაღალდისფუძიანი დედანი დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადატანა.

მიწის ფონდი და დამისამართება

მიწის რეგისტრაციასა და საკადასტრო რუკების შედგენასთან დაკავშირებული არაერთი რეფორმის ჩატარების მიუხედავად, დღეს საქართველოს ურბანული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ მდებარე მიწის ნაკვეთების უმეტესობა ისევ არ არის სათანადოდ რეგისტრირებული ან/და აღრიცხული ერთიან საკადასტრო მონაცემთა ბაზაში, დღემდე არ დასრულებულა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესი.

საქართველოს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, განსხვავებული სამართლებრივი ნორმებისა და მეთოდოლოგიების არსებობის გამო, რეგისტრაცია წარმოებდა სისტემური და ერთგვაროვანი მიდგომის გარეშე. კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა საამზომველო საქმიანობის ერთიან სტანდარტს, რის გამოც აზომვითი სამუშაოები სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიზუსტით შესრულდა. ამ დრომდე არ არის სრულყოფილად შესწავლილი და სისტემატიზებული უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული და განკერძოებული მიწის ნაკვეთების დადგენა.

2016 წლის პირველი აგვისტოდან დაიწყო რეფორმა, რომლის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა. 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სისტემური და სპორადული წესით რეგისტრირებულია 1,384,353 ჰა-ზე მეტი ფართობი. ასევე 1978 დავა მორიგებით დასრულდა. გარდა ამისა, სუბსიდირების პროექტის ფარგლებში, 281 499 სარეგისტრაციო განცხადებაზე სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდა წარმოების ფარგლებში წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესრულების საფასური.

მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტებზე დელეგირებული უფლებამოსილების გამო, ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, პრაქტიკაში შეიქმნა რიგი დაბრკოლებები, რამაც, ზოგ შემთხვევაში, სპორადული წესით რეგისტრაციის პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. შესაბამისად, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც, გამოცხადდა სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეფორმის ფარგლებში, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტებზე დელეგირების გარეშე, ცენტრალიზებულად, წინასწარ შედგენილ გრაფიკზე დაყრდნობით, 59 მუნიციპალიტეტში 3 წლის განმავლობაში მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ ახორციელებს მიწის სისტემურ რეგისტრაციას.

სამისამართო მომსახურებასთან დაკავშირებით, ქვეყნის ისტორიაში პირველად 2012 წელს შეიქმნა სამისამართო რეესტრი, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც, დღეის მდგომარეობით, თავს უყრის ინფორმაციას საქართველოში არსებული (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) გეოგრაფიული ობიექტების მოქმედი სახელწოდებებისა და უძრავი ნივთების მისამართების შესახებ.

დღეის მდგომარეობით, მისამართების არარსებობის პრობლემა მწვავედ დგას სოფლის ტიპის დასახლებებში. სოფლების 75% დღემდე დაუმისამართებელია. სოფლების განაშენიანებულ ტერიტორიებზე ქუჩები არ არის სახელდებული, შესაბამისად, უძრავ ნივთებს არ აქვთ მინიჭებული ნუმერაცია და განსაზღვრული ინდივიდუალური მისამართები.

განაშენიანებული ტერიტორიის დაფარვით, დასახლებების სრულად დამისამართების პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, რისი გამომწვევი მიზეზებიც მუნიციპალიტეტებში შესაბამისი რესურსის, გეოგრაფიული ობიექტების დადგენილი კლასიფიკაციისა და ტექნიკური მახასიათებლების არარსებობა, ასევე სოფლის სახელწოდებებთან დაკავშირებით უზუსტობები, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციაში არსებული შეუსაბამობებიაა.

სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია

გასული წლების განმავლობაში, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი − გაუმჯობესდა კანონმდებლობა, ძალისხმევა მიმართული იყო ინსტიტუციური მიდგომებისა და მექანიზმების გასაძლიერებლად. მიღწეული შედეგების თვალსაზრისით, ეთნიკური უმცირესობების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის, განათლების ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფო ენის სწავლების, სამოქალაქო ჩართულობის, ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების, კულტურული მრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების კუთხით, მთლიანობაში, პოზიტიურად იქნა შეფასებული.53 ამავდროულად, გამოიკვეთა, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული საჭიროებები და გამოწვევები, რაც გავლენას ახდენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესზე, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონე, რაც განაპირობებს საჯარო ცხოვრებაში არასაკმარის მონაწილეობას.

ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებით 2014 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით ფიქსირდება, რომ ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების 44,5% და ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების 73,9% თავისუფლად არ ფლობს ქართულ ენას54.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური განათლების ყველა დონეზე შეიქმნა ქართული ენის მაღალ დონეზე შესწავლის შესაძლებლობები და სამართლებრივი გარანტიები, ენის სწავლებაში სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უმაღლესი და ზრდასრულთა განათლების დონეზე დგას თანმიმდევრული, განგრძობითი და ერთიანი სისტემის შემუშავების პრობლემა.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია რეგიონებში ახალგაზრდა, პროფესიონალი და მაღალი მოტივაციის კადრების წარგზავნა, თუმცა არაქართულენოვანი სკოლების მოთხოვნა ქართული ენისა და ლიტერატურის ქართულენოვან პედაგოგებზე ჯერ დაკმაყოფილებული არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა, სკოლამდელი განათლების შესაძლებლობები ჯერ კიდევ არაეფექტიანადაა გამოყენებული, როგორც ზოგადი განათლებისა და ქართული ენის შესწავლის მოსამზადებელი ეტაპი და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის წარმოების საწყისი.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს 300-ამდე არაქართულენოვანი საჯარო სკოლა და სექტორი (სკოლების საერთო რაოდენობის 14%), რაც პროპორციულია მოსწავლეთა რაოდენობის (52 000-ამდე მოსწავლე, საერთო რაოდენობის 10%). თუმცა, მუნიციპალური ცენტრიდან მოშორებული სოფლების სკოლებში ფიქსირდება კვალიფიციური პედაგოგიური კადრების დეფიციტი; არაქართულენოვან მოსწავლეებს არათანაბარ საგანმანათლებლო გარემოს უქმნის არაქართულენოვან სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის აცდენა ქართულენოვან სკოლებთან მიმართებით და მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამების არასისტემურობა.

უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, შემუშავებულია სპეციალური საშეღავათო პოლიტიკა,55 რომელიც გულისხმობს „ქართული ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“56 (ე.წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამა“) გავლის შემდგომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასურველ სპეციალობაზე ჩარიცხვას. პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა, 2010 წელთან შედარებით (247 აბიტურიენტი), თითქმის 5-ჯერ გაიზარდა და 2021 წელს 1191 შეადგინა. გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროგრამის განვითარება.

2016 წლიდან, არაქართულენოვან აპლიკანტებს აქვთ შესაძლებლობა, პროფესიული ტესტირება აზერბაიჯანულ, სომხურ ან რუსულ ენაზე გაიარონ და სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხონ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ქართული ენის მოდულის დასრულების შემდგომ კი, დაეუფლონ სასურველ პროფესიას. ამავდროულად, პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებლების ქსელის გაფართოების შედეგად გაიზარდა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს პროფესიული განათლების მიღების ხელმისაწვდომობა.

პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის თვალსაზრისით, ხელშესახები შედეგებისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბოლო წლებში აღინიშნება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობის ზრდა. თუმცა, ჯერ კიდევ დაბალია მათი რაოდენობრივი მაჩვენებელი ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებში, საჯარო სექტორში. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ სოციალიზაციასა და, ზოგადად, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება მედიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ამ კუთხით ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, მათ შორის, მიწოდებული ინფორმაციის სიმწირე, მიწოდების ხარისხი და ინტენსივობა. მუნიციპალური ცენტრიდან მოშორებულ ცალკეულ სოფლებში ინფორმაციის მისაღებად უცხო ქვეყნის ალტერნატიულ საინფორმაციო არხებს ირჩევენ, რაც დიდწილად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მათ დამოკიდებულებაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, მთლინად საინტეგრაციო პროცესებზე და ნოყიერ ნიადაგს უქმნის დეზინფორმაციის გავრცელებას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მნიშვნელოვნად გაიზარდა განხორციელებული სახელმწიფო პროექტების რაოდენობა, თუმცა, რიგ შემთხვევებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ეკონომიკური უფლებების რეალიზებისა და სოციალური სიკეთეებით სარგებლობის თვალსაზრისით, ბარიერებს აწყდებიან სახელმწიფო ენის არცოდნის, გეოგრაფიული ფაქტორისა და ინფორმირებულობის დაბალი ხარისხის გამო.

თანასწორი და ტოლერანტული გარემოს განმტკიცების კუთხით დგას კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობის, საქართველოში მცხოვრები ეთნოსების დაახლოებისა და ერთიანი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლების საჭიროება. ამ მიზნით, სახელმწიფო აფინანსებს თეატრების, მუზეუმების, კულტურული ცენტრების საქმიანობას, ხორციელდება სხვადასხვა პროექტი, რომლებიც მიმართულია ეთნოკულტურების პოპულარიზაციასა და მხარდაჭერაზე. ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, მიმდინარეობს ძეგლების ინვენტარიზაციის, რეაბილიტაციისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესი.

სახელმწიფო მმართველობა

მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, 2015 წლიდან ქვეყანაში მიმდინარეობს საჯარო მმართველობის რეფორმა და გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფო მმართველობის სისტემის ეფექტიანობის კუთხით და აღნიშნული მიმართულება ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას.

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, რომელიც ევროპულ პრინციპებზე დაფუძნებული საჯარო მმართველობის ხერხემალია და ხელს უწყობს მთავრობის მხრიდან ღია, გასაგები, პროგნოზირებადი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ინკლუზიური პოლიტიკის განხორციელებას, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

შემუშავდა „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი“57, რომელმაც, მთავრობის ერთიანი მიდგომის (whole-of-government approach) საფუძველზე, ჩამოაყალიბა პოლიტიკის დაგეგმვის ცენტრალიზებული სისტემა და ხელი შეუწყო მთავრობის საქმიანობის მტკიცებულებებზე დაფუძნებულობისა და შედეგებზე ორიენტირებულობის ხარისხის ამაღლებას. სამართლებრივ დონეზე პირველად გაიწერა პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საჯარო კონსულტაციების გამართვის საჭიროება, რაც ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის ფარგლებში შეფასდა, როგორც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში საზოგადოების მონაწილეობის გასაზრდელად58.

იმის გათვალისწინებით, რომ სისტემის ამოქმედებიდან ჯერ მხოლოდ რამდენიმე წელია გასული, დადებითი ტენდენციაა მთავრობის წინაშე წარსადგენი პოლიტიკის დოკუმენტების ხარისხის გაუმჯობესების კუთხითაც59:

სამთავრობო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და მათზე ეფექტიანი მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით, საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პირველად შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრენინგმოდული − „საჯარო პოლიტიკის ანალიზი“ და 2018 − 2020 წლებში, ჯამში, 45 უწყების 288 საჯარო მოხელე გადამზადდა60.

პოლიტიკის დაგეგვისა და კოორდინაციის სისტემის განვითარების მიზნით, მუშაობა მიმდინარეობს პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნაზე, რომელიც პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ყველა შესაძლო საფეხურს გახდის ციფრულს.

პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის ეფექტიანი მუშაობისა და განახლებული მეთოდოლოგიური სტანდარტების ხარისხიანი აღსრულების გზაზე კვლავ რჩება გამოწვევები, როგორიც არის სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაცია; პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების კუთხით შესაბამისი უნარების ნაკლებობა. იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკის შემუშავების პროცესის ინკლუზიურად წარმართვისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საჭიროების შესახებ საჯარო უწყებებისათვის სამართლებრივი ვალდებულება 2020 წლიდან ამოქმედდა, ჯერ კიდევ პრობლემურია დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის არხებისა და ფორმატების შერჩევა და შედეგებზე ორიენტირებული კონსულტაციების გამართვა. ამასთანავე, საჯარო უწყებებში კვლავ დაბალია მონაცემთა შეგროვებისთვის, ანალიზისა და ინტერპრეტაციისათვის, ასევე ხარჯთაღრიცხვისა და ბიუჯეტირების განხორციელებისთვის საჭირო უნარები.

საქართველოს მთავრობისათვის მუდმივად პრიორიტეტულია მმართველობის ღიაობა, გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულებით ქვეყანაში ჩამოყალიბებულია სისტემური მიდგომა და არსებული ხედვა ძირითადად გაერთიანებულია სამ პოლიტიკის დოკუმენტში: „საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, ასევე „ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ და „ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმა“.

ღია მმართველობის მიმართულებით შემუშავდა არაერთი ინოვაციური პლატფორმა, მათ შორის, პირველი პეტიციების პორტალი (Ichange.gov.ge), პირველი ღია მონაცემთა პორტალი (Data.gov.ge), ასევე მოქალაქის პორტალი − My.gov.ge, რომელიც პანდემიის პერიოდში ონლაინ სერვისების მიწოდების მთავარ მექანიზმად იქცა. ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული რეფორმების შედეგად, 2017 წელს საქართველო 1 წლის ვადით − ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარედ, ხოლო 2019 წელს − OGP-ის მმართველ კომიტეტში 3 წლის ვადით აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, საქართველოში პირველად შეიქმნა ღია მმართველობის მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს როგორც სახელმწიფო უწყებებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

არსებული მიღწევების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გაძლიერდეს საჯარო სექტორის მხრიდან ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, ამაღლდეს მოქალაქეების ცნობიერების დონე სახელმწიფო მმართველობისა და ამ მიმართულებით არსებული მექანიზმების შესახებ, რაც კვლავ გამოწვევად რჩება.

საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, კარგი მმართველობის უზრუნველყოფისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში გაძლიერდეს უწყებათაშორისი კოორდინაცია და მათ შორის პროცესში ჩაერთოს ხელისუფლების ყველა შტო. გამოწვევად რჩება ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე ანტიკორუფციული მექანიზმების განხორციელება და ანტიკორუფციული პოლიტიკის დეცენტრალიზაცია, აგრეთვე კარგი მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება.

სახელმწიფო სერვისების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და მომხმარებელთა კმაყოფილების დონის გაუმჯობესებასთვის შემუშავდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, სადაც წარმოდგენილია ახალი, ერთიანი სტანდარტები, მიდგომები და პრინციპები. გარდა ამისა, შემუშავდა ერთიანი სტანდარტების ექვსი სახელმძღვანელო/მეთოდოლოგია. ტრენინგების საშუალებით გადამზადდა სერვისების გამცემი სხვადასხვა საჯარო უწყების 250-ამდე წარმომადგენელი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ბოლო ათწლეულებში სახელმწიფო სერვისების მიწოდების განვითარებისა და გაუმჯობესების მხრივ დიდ პროგრესს მიაღწია,61 ჯერ კიდევ არსებობს ისეთი გამოწვევები, როგორიც არის სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების მიმართულებით ერთიანი სტანდარტების არარსებობა, მათ შორის, არაერთგვაროვანი და არარეგულარული მომსახურების ხარისხის კონტროლი; საფუძვლიანი და მდგრადი შიდა მონიტორინგისა და მომსახურების ანგარიშვალდებულების პრაქტიკის არარსებობა, ამასთან, სახელმწიფო სერვისების, მათ შორის, ელექტრონული სერვისების შექმნის/მიწოდების არასტრუქტურირებული პროცესი ერთიანი მიდგომების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში ამოქმედდა საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი − „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი. დოკუმენტმა შექმნა სამართლებრივი საფუძველი ეფექტური და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც მერიტოკრატიულ პრინციპზეა დაფუძნებული და უზრუნველყოფს პროფესიონალიზმის წახალისებას, ხელშეწყობასა და დაფასებას. მიღებულ იქნა ასევე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი და საჯარო დაწესებულებებმა დანერგეს რანგირების ახალი სტანდარტი. მნიშვნელოვნად გაიზარდა ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების შესაძლებლობები და დაიხვეწა მართვის ინსტრუმენტები, მათ შორის, დაინერგა საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა, ამოქმედდა სისტემური პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტები, შეიქმნა მრავალი მატერიალური და ელექტრონული რესურსი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა საჯარო მოხელეებისთვის. ასევე საჯარო სამსახურში ეთიკური სტანდარტების გაუმჯობესებისათვის განახლდა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების შევსებისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემა და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მოხელთა ტრენინგი ეთიკისა და საჯარო სამსახურში ქცევის სტანდარტებზე.

მიუხედავად აღნიშნულისა, კვლავ რჩება გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია ღირებულებებებზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებასთან, საჯარო სამსახურში არსებული ადამიანური რესურსის პროფესიონალიზმის ამაღლებასთან, ოპერაციული ადამიანური რესურსების მართვის სისტემიდან სტრატეგიული ადამიანური კაპიტალის მართვის სისტემაზე გადასვლასთან, ელექტრონული მართვის მექანიზმების სრულყოფასა და ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების როლის გაძლიერებასთან. გარდა ამისა, გამოწვევები დაკავშირებულია ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და ეთიკური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების მიზნებიდან გამომდინარე არსებული ანტიკორუფციული მექანიზმების სრულყოფასთან.

გასათვალისწინებელია, რომ საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრესის შეფასება, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებული ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესრულების კვალდაკვალ, მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა საერთაშორისო შეფასების მეშვეობით, როგორიცაა: PEFA, OBS, FTE, TADAT, PIMA და სხვა. PEFA-ის მეთოდოლოგიის თვითშეფასების ანგარიშები და მათი ვალიდაცია სისტემატურად ხორციელდება და ბოლო შეფასების (2018) მიხედვით, მეთოდოლოგიით გათვალისწინებული 31 ინდიკატორიდან 81%-ში შეფასება აკმაყოფილებს საუკეთესო და კარგ სტანდარტს, თუმცა, კვლავ საყურადღებოა არაერთი მიმართულება, მათ შორის, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის საკითხები, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში გამოვლენილი შედარებითი სისუსტეები, რაზეც გრძელდება მუშაობა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის ფარგლებში.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანობის გაზრდისა და გაძლიერების მიზნით. მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, რომელმაც გააერთიანა და ორგანული კანონის რანგში აიყვანა მანამდე ცალკე არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. ამასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს კონსტიტუციაში, რომელმაც შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ახალი, დამატებითი კონსტიტუციური გარანტიები. 2019 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა 2020 − 2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც პრინციპული ნაბიჯია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლების რეალიზაციის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება საჯარო ხელისუფლების სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობის ადგილისა და საჯარო საკითხების გადაწყვეტაში მისი როლის საკითხი. თვითმმართველი ერთეულის მცირე ფინანსური და მატერიალური ბაზა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უშლის ადგილობრივი თვითმმართველობის რეალურ განხორციელებას. აგრეთვე ორგანული კანონით გათვალისწინებული საკუთარი უფლებამოსილებები ხშირ შემთხვევაში სათანადო დონეზე ვერ სრულდება სათანადო რესურსების ნაკლებობის გამო.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების ხარჯების წილის ოდენობით მშპ-ში საქართველო, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, იმყოფება საშუალო დონეზე დაბლა, მაგრამ არა ბოლო რიგებში, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთარი შემოსავლების წილი მშპ-სთან მიმართებით საკმაოდ დაბალია და ამასთან ფინანსური უთანაბრობაა მუნიციპალიტეტებს შორის62.

მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა ელექტრონული და ციფრული არხების მეშვეობით. აღნიშნული უკავშირდება სერვისების მიწოდების თანამედროვე და ინოვაციური ფორმების დანერგვასა და, ზოგადად, მუნიციპალური სერვისების დიგიტალიზაციას. მსოფლიო პანდემიამ აჩვენა მოსახლეობისათვის მუნიციპალური სერვისების ელექტრონულად მიწოდების აუცილებლობა, რაც ასევე გამომდინარეობს და თანხვედრაშია კარგი მმართველობის პრინციპების დამკვიდრებასთან.

სტრატეგიის ხედვა, მიზნები და ამოცანები

ხედვა

განვითარების გრძელვადიანი ხედვა საქართველოს ხელისუფლებას უმთავრეს პოლიტიკურ მიზნებად უსახავს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას, დემოკრატიის, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.

ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი ამოცანებია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება, რაც ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის უმთავრესი წინაპირობებია.

ახალ შესაძლებლობათა მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენებით, ინფრასტრუქტურის არსებითი ტრანსფორმაციით საქართველო იქცევა საკვანძო ეკონომიკურ ჰაბად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებსა და განვითარების მიმართულებებს.

შედეგად, 2030 წლისთვის მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება უზრუნველყოფს დასაქმების ზრდას, მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, შეამცირებს რეგიონულ უთანასწორობას.

უმთავრესი კაპიტალი, რასაც ქვეყნის წინსვლა უნდა დაეფუძნოს − საქართველოს მოსახლეობის ნიჭი და შესაძლებლობებია. ამიტომ, განათლება, როგორც ყველა საზოგადოებრივი სიკეთის საფუძველი − სახელმწიფოს პრიორიტეტია. ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, თითოეული ადამიანის კომპეტენციებისა და უნარების განვითარების ხელშწყობა ცოდნაზე დაფუძნებულ და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ჩამოაყალიბებს.

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მდგრადი განვითარება კიდევ უფრო გაზრდის ჯანდაცვის ხარისხსა და ხელმისაწვდომობას, გააუმჯობესებს საჭიროებებზე მორგებულ სამედიცინო სერვისებს, შეამცირებს ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯებს და მოქალაქეებს დაიცავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისგან.

სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევას და ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფას. ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარება მომავალ თაობათა ინტერესების გააზრებას დაეფუძნება.

სახელმწიფოს მთავარ ორიენტირად რჩება სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ განუხრელი სვლა.

უსაფრთხოების გარემოს მზარდი გამოწვევებიდან გამომდინარე, განხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების კიდევ უფრო განსამტკიცებლად. ტოტალური თავდაცვის მიდგომაზე დაფუძნებით, ამაღლდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სტრატეგიული მზადყოფნის დონე. შესაბამისი მექანიზმებით ქვეყნის შიდა უსაფრთხოების გაუმჯობესება საქართველოს მოსახლეობას მშვიდ და სტაბილურ გარემოს შეუქმნის.

განსაკუთრებული ძალისხმევა იქნება მიმართული დემოკრატიული ინსტიტუტების, მართლმსაჯულების სისტემის, კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ. კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა განუხრელი დაცვა თითოეულ მოქალაქეს თვითრეალიზაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის თანასწორ შესაძლებლობას შეუქმნის.

საქართველოს განვითარების სტრატეგია ქმნის მყარ საფუძველს მომდევნო წლებში ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი პროგრესისა და წარმატებული მომავლისთვის, გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ მიზანთან. ერთიანი სამთავრობო ძალისხმევა, ფართო საზოგადოების ჩართულობა და საერთაშორისო პარტნიორების უწყვეტი მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს შემდგომი წინსვლის გარანტიაა.

მთავრობა 2030 წლისთვის დასახული მიზნების ერთგულია, გლობალურ დონეზე ქვეყნის პოზიციების ასამაღლებლად ისწრაფვის და ძალისხმევას არ დაიშურებს სტრატეგიული ხედვის რეალობად ქცევისათვის.

სტრატეგიული პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები

ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე გამოვლინდა როგორც გამოწვევები, ასევე ახალი შესაძლებლობები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა როგორც არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე არსებული შესაძლებლობებით სარგებლობის მიზნით.

საქართველოს მთავრობამ მოცემულ სტრატეგიაში განსაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები, შესაბამისი მიზნები და ამოცანები, რომელთა შესრულებითაც 2030 წლისთვის ქვეყანამ უნდა მიაღწიოს დასახულ სამიზნე მაჩვენებლებს. განსაზღვრული მიზნები სრულად პასუხობს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის მთავარ გამოწვევებს და მათი მიღწევა უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ განვითარებასა და მოსახლეობის კეთლდღეობას.

მიზნები და ამოცანები წარმოდგენილია თითოეული სექტორული პრიორიტეტის მიხედვით შემდეგ ქვეთავებში.

2.1 საგარეო პოლიტიკა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება

2.1.1 საგარეო პოლიტიკა

მიზანი: საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი გზით აღდგენის ხელშეწყობა

საქართველომ უნდა მიაღწიოს ხელშესახებ შედეგებს ქვეყნის დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების უზრუნველყოფის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

ამოცანა: რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა

საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის, ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

მთავრობა ყველა ღონეს იხმარს საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და გაძლიერებისათვის და საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი მხარდაჭერის მობილიზების მიზნით.

გაგრძელდება საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, მათ შორის, რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების, ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისთვის. საქართველო გააგრძელებს მუშაობას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მისიის მანდატის შესაბამისად.

რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფისა და რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით, გაგრძელდება ძალისხმევა მოლაპარაკებების ფორმატების (ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით სხვა ფორმატები, რომლებიც ხელს შეუწყობენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას) ინსტრუმენტის ეფექტიანი გამოყენებისკენ.

მუშაობა გაგრძელდება გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების დაცვით ფუნქციონირებისთვის, რათა მოხდეს იპრმ-ის შეხვედრების ეფექტიანი გამოყენება ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე სათანადო რეაგირებისათვის.

ამოცანა: ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში  და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებათა დაცვის, ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა 

საგანგებო ყურადღება დაეთმობა რუსეთის ოკუპაციისა და უკანონო, პროვოკაციული ქმედებების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილი მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესებას, მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანი გამოყენებისა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერების გზით. მთავრობა განაგრძობს ნაბიჯების გადადგმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების უზრუნველსაყოფად.

კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, გაგრძელდება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოების წევრებს შორის სავაჭრო და ბიზნესსაქმიანობის განვითარება და კონკრეტული პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ხარისხიანი განათლების ყველა საფეხურზე შეუფერხებელი წვდომის ხელშეწყობა. საგანგებო ყურადღება იქნება მიმართული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ისევე, როგორც ადგილზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიზნით. გაგრძელდება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ ხარსხიანი ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა, ასევე სხვა სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ამასთან, გაგრძელდება ძალისხმევა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისა და ადგილზე ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, ჯანდაცვითი, სასოფლო-სამეურნეო, კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა პროექტების განხორციელების მიზნით, მათ შორის, „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის“ ფარგლებში.

ამოცანა: ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა 

მთავრობის საქმიანობა მიმართული იქნება ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების მიმართულებით, ყველა შესაბამისი პლატფორმისა და მექანიზმის გამოყენების გზით. ამ მიზნით, გაგრძელდება ასევე ძალისხმევა შესაბამის მოლაპარაკებების ფორმატებში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხის საგნობრივი განხილვის უზრუნველყოფისა და პროგრესის მიღწევისთვის. ამავდროულად, გაგრძელდება იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ზრუნვა მათი უფლებების დაცვის, ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.

ამოცანა: საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოების წევრებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერების გზით, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში არსებითი პროგრესის მიღწევა და კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისთვის შესაბამისი წინაპირობების შექმნა

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე, საქართველოს მთავრობა საგანგებო ყურადღებას მიმართავს პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებით − შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივის − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ თანმიმდევრული განხორციელების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევისა და საერთაშორისო მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის მიზნით. გაძლიერდება ძალისხმევა საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოების წევრებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული სიკეთეებისა და სერვისების გაზიარების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პროცესი დაეფუძნება სტატუს-ნეიტრალურ, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებსა და ახლებურ ხედვებს; ამოქმედდება ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით შემუშავებული შერიგებისა და ჩართულობის განახლებული სტრატეგიის პრინციპები; პრიორიტეტული იქნება საზოგადოებათაშორისი დიალოგის არსებული მექანიზმების შენარჩუნება და შემდგომი გაფართოება, ასევე ახალი დეპოლიტიზირებული და შედეგზე ორიენტირებული პლატფორმების შექმნა. ძალისხმევა კვლავ მიმართული იქნება შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერისა და საერთაშორისო საზოგადოების ეფექტიანი ჩართულობის შემდგომი გაძლიერების უზრუნველსაყოფად. ამასთან, სამშვიდობო პროცესსა და სახალხო დიპლომატიის ინიციატივებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალთა და ახალგაზრდათა როლისა და ჩართულობის შემდგომი გაძლიერების ხელშეწყობას.

ამოცანა: საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცება და კონსოლიდაცია63

კვლავ გაგრძელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე. წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაცია, ცალკეულ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პროაქტიული მუშაობითა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზით.

მიზანი: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობა

ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო პერიოდში ევროპაში განვითარებული გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჩქარებინა 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანაზე პირობის აღსრულება და განაცხადი 2022 წლის 3 მარტს გააკეთა. ევროკავშირის საბჭოს 7 მარტის გადაწყვეტილებისა და ევროკომისიის 17 ივნისს გამოქვეყნებული მოსაზრების საფუძველზე, 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, საკვანძო წინაპირობას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მთავრობის მიზანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება და გაწევრიანებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა.

ამოცანა: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შიდასახელმწიფოებრივი კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერება

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მნიშვნელოვანი და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ამისათვის მთავრობა უზრუნველყოფს შესაბამისი კოორდინირებული ღონისძიებებისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას, მათ შორის, ევროპული საბჭოს ზემოხსნებული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პრიორიტეტებზე პროგრესს. დიდი მნიშვნელობა ექნება ევროკავშირის შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე მოლაპარაკებების დასაწყებად მზადებას, მათ შორის, ინსტიტუციური და საკოორდინაციო შესაძლებლობების გაძლიერების ჩათვლით. ძალისხმევა მიმართული იქნება ასოციირების შეთანხმების განხორციელებისა და DCFTA-ის შესაძლებლობების სრულად რეალიზაციისა და გაწევრიანებისწინა ინსტრუმენტის (IPA) ეფექტიანი განხორციელბისთვის საჭირო ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებისაკენ.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული საქართველო-ევროკავშირის 2021 − 2027 წლების ასოციირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განსახორციელებლად.

ასოციირების შეთანხმებით ნაკისრი სამართლებრივი აპროქსიმაციის ვალდებულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, სამართლებრივი აპროქსიმაციის პროცესი გაუმჯობესდება, დაფუძნდება სამართლებრივი აპროქსიმაციის ერთგვაროვანი პრაქტიკა, განხორციელდება შესრულების ვადებზე კოორდინირებული მონიტორინგი.

ევროკავშირის სამართალთან აპროქსიმაციის პროცესის შეფასებისა და კოორდინაციის მიზნით, შეიქმნება სამართლებრივი აპროქსიმაციის ელექტრონული პლატფორმა, რომელშიც სახელმწიფო უწყებები ასახავენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სფეროებში და რა მოცულობით განხორციელდა ასოციირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ევროკავშირის კანონმდებლობის ასახვა ეროვნულ კანონმდებლობაში.

გაუმჯობესდება უწყებებს შორის კოორდინაცია, ვინაიდან, უწყების მიერ ელექტრონულ პლატფორმაზე შესაბამისი ნორმატიული აქტის განთავსების მომენტიდან ყველა შესაბამისი უწყება ჩართული იქნება სამართლებრივი შეფასების პროცესში და ექნებათ შესაძლებლობა მოსაზრებების გაზიარებისთვის. გამარტივდება ევროკავშირის მიერ მონიტორინგის განხორციელების დროს ანგარიშგება სამართლებრივი დაახლოების შესრულების მდგომარეობაზე.

ამოცანა: ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის უზრუნველყოფა და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობა; ევროკავშირის „ოთხ თავისუფლებაზე“ წვდომა

ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ხელშემწყობი ფაქტორია.

ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს ევროკავშირთან შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით, რაც ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი იქნება ასოციირების შეთანხმებით, განსაკუთრებით კი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გახსნილი შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებისთვის. ასევე საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებლის, უმნიშვნელოვანესი ფუნქციის დამკვიდრების კუთხით.

მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ევროკავშირთან ინსტიტუციური და სექტორული ინტეგრაციის, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია. ჩატარდება კანონმდებლობის თავსებადობის ანალიზი (ე.წ. „gap assessment“), რაც აუცილებელია ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კუთხით შემდგომი ნაბიჯებისა და ამოცანების განსაზღვრისა და წარმატებული სექტორული ინტეგრაციისათვის.

გარდა ამისა, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში ჩართულობისა და სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სექტორულ პოლიტიკასა და ინსტიტუციებთან მაქსიმალური თავსებადობის მიღწევას.

მნიშვნელოვანი იქნება 2020 შემდგომი მიზნების/ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პოტენციალის ათვისება ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. ამასთანავე, ყურადღება დაეთმობა როგორც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ე. წ. „ტრიოს“, ასევე სხვა ფორმატებში ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებას.

მიზანი: საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანების მიმართულებით ალიანსთან შეთანხმებული გეგმის განხორციელება, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება

საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სასიცოცხლო ინტერსსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანების მიმართულებით ალიანსთან შეთანხმებული გეგმის განხორციელება, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და საბოლოოდ ნატოში გაწევრიანება.

ამოცანა: ალიანსში ინტეგრაციისთვის ნატოსთან პრაქტიკული, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება, ინტეგრაციული მექანიზმების მაქსიმალური გამოყენება

2022 წლის ივნისში ნატოს მადრიდის სამიტზე მიღებულ ახალ სტრატეგიულ კონცეფიაში აღიარებულ იქნა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა და კიდევ ერთხელ დადასტურდა ალიანსის ერთგულება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.

საქართველოს ძალისხმევა მიმართული იქნება „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტის“ დროულ და ეფექტიან იმპლემენტაციაზე, რომელიც მადრიდის სამიტზე იქნა მიღებული. აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების იმპლემენტაცია კიდევ უფრო განავითარებს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებსა და თავდაცვისუნარიანობას.

საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს ნატოს მომდევნო სამიტების დღის წესრიგში საქართველოს გაწევრიანების საკითხის ასახვისა და საქართველოს თემატიკის აქტუალობის შენარჩუნების მიზნით. დიდი ყურადღება დაეთმობა გაწევრიანებისკენ მიმავალი, კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმის შემუშავებას, მის ალიანსთან შეთანხმებასა და განხორციელებას.

ამავე დროს, საქართველო გადადგამს ქმედით ნაბიჯებს ქვეყნის სრულ მზადყოფნაში მოსაყვანად ნატოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისათვის, რომელიც, თავის მხრივ, მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს. გაგრძელდება აქტიური მუშაობა ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ინტეგრაციული მექანიზმების (ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი) ეფექტიანი გამოყენებისათვის, რაც უზრუნველყოფს წევრობისთვის საჭირო ყველა პრაქტიკული კრიტერიუმის სრულად დაკმაყოფილებას და ქვეყნის სრულყოფილ მზაობას გაწევრიანების პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის.

ასევე მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს კიდევ უფრო მეტი ჩართულობა და ამ გზით წევრობისთვის მზადყოფნის დადასტურება. ხელი შეეწყობა შავი ზღვის რეგიონში ალიანსის მეტად აქტიურ ჩართულობასა და ამ საკითხზე ალიანსის ყველა ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. ამასთან, განსაკუთრებით აქტუალურია ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით. თანამედროვე უსაფრთხოების გარემოს არაპროგნოზირებადი ბუნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, საქართველომ ნატოსთან ურთიერთავსებადობა აამაღლოს ასევე არაკონვენციური უსაფრთხოების გამოწვევბთან გამკლავების კუთხით.

უმნიშვნელოვანესი იქნება აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ. აღნიშნული მოიცავს სტრატეგიულ კომუნიკაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გაგრძელდება საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იმ პროგრესისა და სიკეთეების შესახებ, რაც ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის თანმდევია. ამავდროულად, საქართველოს დიპლომატიური მისიები განაგრძობენ საზღვარგარეთ აქტიურ კომუნიკაციას ქვეყნის პოზიციონირების მიზნით.

მიზანი: ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელება და შემდგომი გაღრმავება

ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და უფრო მაღალ დონეზე აყვანა საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს.

ამოცანა: აშშ-საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, მათ შორის, გაძლიერებული სამხედრო-პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტებით

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების, დემოკრატიული და მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

საქართველოს პრიორიტეტი იქნება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება და გაფართოება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა, მათ შორის, დემოკრატიისა და მმართველობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების მიმართულებით. მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ფორმატების მაქსიმალურად ეფექტიანად და სრულად გამოყენება პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.

დიდი ყურადღება დაეთმობა აშშ-სთან უმაღლეს და მაღალ დონეზე პოლიტიკური დიალოგის, კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერებას. აშშ-სთან მიმდინარე თანამშრომლობის გასაღრმავებლად მყარ საფუძველს ქმნის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა. შესაბამისად, ყურადღება დაეთმობა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ არსებული ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ უფრო განმტკიცებას და არსებული მხარდაჭერის შემდგომ ასახვას აშშ-ის მნიშვნელოვან საკანონმდებლო აქტებსა და რეზოლუციებში.

პრიორიტეტული იქნება აშშ-ის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს ინსტიტუციური დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური განვითარების, მზაობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ასევე ნატოში ინტეგრაციის პროცესში, მათ შორის, „საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივისა“ (GDDEI) და სხვა არსებული მექანიზმების წარმატებული იმპლემენტაცია, ინსტიტუციური ჩარჩოს გაფართოება და, საჭიროებისამებრ, ახალი ეფექტიანი ჩარჩომექანიზმების შექმნა, თანამედროვე გეოპოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს აშშ-სთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცების, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების, მაღალტექნოლოგიური და მსხვილი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის, ერთობლივი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით.

რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში საქართველო ხელს შეუწყობს აშშ-ის ჩართულობის მაქსიმალურ ზრდას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინვესტიციების თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანი იქნება აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობა გლობალურ გამოწვევებთან, მათ შორის, საერთაშორისო ჯანდაცვისა და ჰიბრიდული საფრთხეების, ასევე ტერორიზმთან ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების პროცესში. პრიორიტეტული იქნება კულტურული, სამეცნიერო, აკადემიური და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერება.

ამოცანა: ევროპის ტრადიციულად მოკავშირე ქვეყნებთან თანამშრომლობის გაგრძელება და შემდგომი გაღრმავება, ამასთან, რიგ მოწინავე ქვეყნებთან არსებული პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე აყვანა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიისა და ევროპაში შექმნილი სრულიად ახალი რეალობის გათვალისწინებით, ევროპულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უსაფრთხოების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელების, ასევე ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით. საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის მიზნის მისაღწევად, განვითარდება თანამშრომლობის ფართო სპექტრი ევროპულ ქვეყნებთან, სრულფასოვნად იქნება გამოყენებული არსებული სტრატეგიული ფორმატები, ასევე შეიქმნება ახალი მექანიზმები, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგების გათვალისწინებით და ურთიერთობები გადაყვანილი იქნება სტრატეგიულ ჭრილში. ხელი შეეწყობა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისათვის პოლიტიკურად მხარდამჭერი ქვეყნების წრის გაფართოებას.

აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის გადაიდგმება ნაბიჯები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან არსებული სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობის განვითარებისა და იტალიის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანის, საფრანგეთის რესპუბლიკასთან „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით, ასევე ხელი შეეწყობა ქართულ-გერმანულ-ფრანგული პოლიტიკური სამკუთხედის, როგორც ღირებული, ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული ინსტრუმენტის, განვითარებას. დიდი ყურადღება მიექცევა გაერთიანებულ სამეფოსთან „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების შესაძლებლობების სრულად ათვისებას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის გაფართოებას, მათ შორის, უორდროპის სტრატეგიული დიალოგის გაძლიერებას.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ნორდიულ და ბენილუქსის ქვეყნებთან, ასევე შვეიცარიასთან მზარდი დინამიკის შენარჩუნებას და თანამშრომლობის ახალი, პერსპექტიული მიმართულებების გამოკვეთას. აქცენტი გაკეთდება სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პოტენციალის სრულად ათვისებასა და ახალ ნიშნულზე გადაყვანაზე. უმნიშვნელოვანესი იქნება ბალტიის ქვეყნებთან ტრადიციულად მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერება, ასევე ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება. ყურადღება გამახვილდება პოლონეთთან სტრატეგიული დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებაზე.

საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, უკრაინასთან, რომელმაც განიცადა რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომელთანაც ამავე დროს საქართველოს აკავშირებს ევროპული ღირებულებები და შავი ზღვის აუზი, აქვს ბევრი საერთო გამოწვევა და ორივე ქვეყანა დგას ევროპაში შექმნილი ახალი რეალობებისა და ასევე ახალი შესაძლებლობების პირისპირ, გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით, საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხვადასხვა მიმართულების ასამოქმედებლად და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად.

გეოგრაფიულად სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესი იქნება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, კერძოდ, რუმინეთსა და ბულგარეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებით. 

ამოცანა: მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება და გაუმჯობესება საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად

უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია საქართველოს, როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი სახელმწიფოს, როლის გამყარება და მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) დაბალანსებული, პარტნიორული და ურთიერთსასარგებლო სამეზობლო პოლიტიკის წარმოება ტერიტორიული მთლიანობის დაცვის,  სუვერენიტეტის, კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების განმტკიცების, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპების შესაბამისად.

ძალისხმევა მიიმართება საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის, მიერ სტაბილური, უსაფრთხო და მაღალი დონის სატრანზიტო ფუნქციის უზრუნველყოფისაკენ. ამისათვის, საქართველო ხელს შეუწყობს 2021 წლის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებული „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ პრაქტიკულ განხორციელებას, რაც გულისხმობს რეგიონულ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ჰუმანიტარულ, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურისა და სხვა მიმართულებებით. აღნიშნული ინიციატივა არ წარმოადგენს რეგიონში არსებული არცერთი სხვა ფორმატის საწინააღმდეგო ან ჩანაცვლებით ფორმატს, არამედ ის მიმართულია სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის სივრცედ ჩამოყალიბებისაკენ.

პრიორიტეტული იქნება საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის, საქართველო-თურქეთის ორმხრივი/მრავალმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება, არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და ახალ ნიშნულზე გადაყვანა. ხელი შეეწყობა არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, ახალი ერთობლივი რეგიონული ეკონომიკური ღონისძიებებისა და პროექტების ინიციირება-განხორციელებას, სამეცნიერო, კულტურული და ხალხთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას.

დღეისათვის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა განისაზღვრება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტით, რომლის მოგვარება უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირების პატივისცემისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე.

ამოცანა: ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან

ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაბალანსებლად და არსებული შესაძლებლობების გამოსაყენებლად მნიშნელოვანი იქნება აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება და ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანა. ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის უზრუნველყოფისათვის, ხელი შეეწყობა რეგიონის ქვეყნებთან მყარი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და რეგიონულ სატრანზიტო, ეკონომიკურ, სავაჭრო პროექტებში აქტიურ ჩართულობას, ასევე რეგიონში ქვეყნის ხილვადობის შესამჩნევად გაზრდას.

გადაიდგმება ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც მსოფლიოს მეორე წამყვან ეკონომიკას წარმოადგენს. საქართველოს ამოცანა იქნება ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკის განვითარება. დიდი ყურადღება მიექცევა პროექტში − „ერთი სარტყელი − ერთი გზა“ აქტიურ მონაწილეობას, რათა გაიზარდოს საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ქვეყნის, გეოგრაფიული მნიშვნელობა, მისი სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობები და შეიქმნას შესაძლებლობა ტრანს-კასპიური სატრანსპორტო კორიდორის (Trans-Caspian Transport Corridor/Middle Corridor) განვითარებისათვის.

საქართველო გადადგამს ნაბიჯებს იაპონიასთან, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალასთან, ტრადიციულად მეგობრულ და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში დამყარების/განმტკიცების მიმართულებით. დიდი ყურადღება დაეთმობა კორეის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გააქტიურებას მთელ რიგ მიმართულებებში, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში. ძალისხმევა იქნება მიმართული აღნიშნულ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად.

პოლიტიკური დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით, ასევე აქტიური მუშაობა იქნება მიმართული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის  რეგიონის ეკონომიკურად მზარდ ქვეყნებთან − ინდონეზიასთან, მალაიზიასთან, ტაილანდთან, ასევე ვიეტნამის სოციალურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მიმართულებების გასააქტიურებლად, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში საქართველოს ცნობადობის გაზრდას, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში მხარდაჭერის მოპოვებას.

მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ინდოეთის რესპუბლიკასთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ქვეყნებს შორის პოლიტიკის, ეკონომიკისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაზე, მათ შორის, თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების გაფორმების მიმართულებით. პრიორიტეტული იქნება პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ავსტრალიის თანამეგობრობასა და ახალ ზელანდიასთან, ასევე კუნძულოვან სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით.

ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი ბუნებრივი რგოლის კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში.

ამოცანა: ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და აფრიკის ქვეყნებთან

რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნება განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ქვეყნის ხილვადობის გაზრდა − გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების, მათ შორის, საექსპორტო არეალის გაფართოების, ტურისტებისა და ინვესტიციების სტაბილური მოზიდვისათვის. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცებისათვის კიდევ უფრო გაიზრდება აქტივობა საქართველოს მიმდინარე და ახალ რეგიონულ პროექტებში ჩართულობისა და რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

ყურის ქვეყნების მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის გათვალისწინებით, ყურადღება დაეთმობა რეგიონთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ქართული პროდუქციისთვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების მოპოვების გზით. რეგიონის ტურისტული პოტენციალის სრული ათვისების მიზნით, ხელი შეეწყობა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გაზრდას რეგიონის ქვეყანასთან. პარალელურად, გაგრძელდება საქართველოში ყურის ქვეყნებიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან რეზიდენტი დიპლომატიური წარმომადგენლობების გაფართოების პროცესი.

მნიშნელოვანი იქნება არაბული ქვეყნების ლიგასთან თანამშრომლობის ფორმატების შემუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა. გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები აღნიშნულ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებისა და ლიგის ფარგლებში არსებული საინვესტიციო ფონდებით სარგებლობის მისაღწევად.

აფრიკის კავშირში (AU) დამკვირვებლის სტატუსის პრაქტიკული გამოყენება, აფრიკის კონტინენტზე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფარვის არეალის ზრდა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლება ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებას აფრიკის ქვეყნებთან მიმართებით, ასევე კონკრეტულ მრავალმხრივ ფორმატებში ჩართულობასა და აფრიკის საექსპორტო ბაზრების ათვისებას.

ამოცანა: ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ლათინური ამერიკის ქვეყნებთან

საქართველო გააძლიერებს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან პოლიტიკურ დიალოგსა და თანამშრომლობას, ასევე რეგიონულ და სხვა მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციას.

გადაიდგმება ნაბიჯები ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკური კონტაქტების გაძლიერების, ასევე კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით. ხელი შეეწყობა სექტორულ თანამშრომლობასა და საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების რეგიონში პოპულარიზაციას.

მნიშვნელოვანია ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონულ ორგანიზაციებთან (CARICOM, Pacific Alliance, SICA, OAS) თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება, მათ შორის, ამ ორგანიზაციების ეგიდით გამართულ ფორუმებში მონაწილეობისა და ერთობლივი პროექტების ინიციირებისა და განხორციელების გზით.

ამოცანა: ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება კანადასთან

კანადასთან, როგორც საქართველოს ტრადიციულ მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოსთან, რომელიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ყველა საკვანძო მიმართულებით, არსებობს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი.

საქართველოს მიერ გაწეული იქნება ძალისხმევა კანადასთან მაღალი და უმაღლესი დონის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და არსებული მტკიცე მხარდაჭერის შემდგომი მობილიზების, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების სფეროებში დინამიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კანადასთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებასა და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის გაფართოებას.

მიზანი: საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დაცვა/რეალიზაცია და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის განმტკიცება

საქართველო გაგრძელებს მაქსიმალური ყურადღების დათმობას მრავალმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის პოზიციონირებაზე. საქართველოს მიზანია მრავალმხრივი პლატფორმების გამოყენებით ქვეყნის ინტერესების გატარება, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ხელშეწყობა, საქართველოს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრის, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს სათანადოდ წარმოჩენა, საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული გლობალური საკითხების გადაჭრაში აქტიური ჩართულობა და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლება, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტიტუტებსა და ორგანოებში მაღალი და ეფექტიანი წარმომადგენლობის გზით.

ამოცანა: საქართველოს პრიორიტეტების განსახორციელებლად მრავალმხრივი პლატფორმების მაქსიმალური გამოყენება

მაქსიმალური ძალისხმევა იქნება მიმართული გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს პლატფორმების გამოყენებისაკენ, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად.

გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, მათ შორის, ძალისხმევა იქნება მიმართული საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების, მდგრადი განვითარებისა და სხვა აქტუალური მიმართულებებით გამოცდილების გაზიარების უზრუნველსაყოფად.

ამოცანა: საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მიმდინარე აქტუალურ პროცესებში ჩართულობისა და მათ არჩევით და მმართველ ორგანოებში ქვეყნის წარმომადგენლობითობის გაზრდა

აღნიშნული ამოცანის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი იქნება გაეროში, ეუთოსა და ევროპის საბჭოში მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილ ფორმატებში მაქსიმალური ჩართულობა და გლობალური პრობლემების საპასუხო ძალისხმევაში, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში ხელმძღვანელი როლის შესრულებით წვლილის შეტანა. ზემოხსენებულ ორგანიზაციებთან გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა და ხელი შეეწყობა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და წარმატებული რეფორმატორი სახელმწიფოს, იმიჯის განმტკიცებასა და შესაბამისი დაგროვილი გამოცდილების საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაზიარებას.

უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა, რათა ამ ორგანიზაციების ფორმატების შესაძლებლობების აქტიური გამოყენებით მოხდეს სასურველი მიზნების მიღწევა − რეფორმებისა და პროექტების, მიღებული შედეგების შესახებ ცნობადობის გაზრდა, პოპულარიზაცია, ლიდერის, სანდო პარტნიორისა და მიმზიდველი ქვეყნის იმიჯის მეტად განმტკიცება, ტექნიკური დახმარების მოზიდვა და სხვა.

საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის გასაძლიერებლად გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების არჩევით სტრუქტურებში საქართველოს წარმომადგენელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით და საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურებში საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების (მათ შორის, „სექონდმენთების“ ტიპის პოზიციებზე) ხელშესაწყობად.

საქართველოს, როგორც საერთაშორისო პასუხისმგებლიანი მოთამაშის წარმოსაჩენად, ყურადღება დაეთმობა შეიარაღებაზე კონტროლის, მასობრივი განადგურების იარაღის, გაუვრცელებლობისა და განიარაღების, ასევე ნდობის აღდგენის მექანიზმების მიმართულებით არსებულ მრავალმხრივ თუ ორმხრივ ფორმატებსა და ინიციატივებში აქტიურ მონაწილეობას, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაში მნიშნელოვანი წვლილის შეტანას.

საქართველო გააგრძელებს მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში კონსტრუქციულ თანამშრომლობას, სხვადასხვა სახის ახალი ტიპის საფრთხეების − ტერორიზმის, ჰიბრიდული საფრთხეების, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, იარაღით უკანონო ვაჭრობის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა საფრთხეთა წინააღმდეგ.

მიზანი: დიასპორის გაძლიერება, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განმტკიცება და დიასპორაში არსებული ადამიანური კაპიტალის ჩართვა ქვეყნის განვითარების პროცესში. საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი დაცვა

საქართველო გააგრძელებს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერას, მათში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება დიასპორასთან მდგრადი კავშირების, უწყვეტი კომუნიკაციისა და ორმხრივად სარგებლიანი თანამშრომლობის განვითარებისათვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნების ხელშესაწყობად. საქართველოსათვის ასევე მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების კიდევ უფრო ეფექტიანი დაცვა, საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ამოცანა: დიასპორის მონაწილეობის ხელშეწყობა ქვეყნის განვითარების პროცესში

სხვადასხვა სახის პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების დახმარებით გაძლიერდება ძალისხმევა საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, სამშობლოსთან მდგრადი კავშირების განვითარებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით. უფრო ეფექტიანი და ინტენსიური კომუნიკაციის დასამყარებლად, გაგრძელდება ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმის სრულყოფა და აქტიური მუშაობა წარიმართება ჩართულობის ასამაღლებლად ახალი შესაძლებლობებისა და გზების იდენტიფიცირებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობას, მაღალკვალიფიციური თანამემამულეების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, დიასპორის წარმომადგენელთა მეშვეობით ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობას.

გაგრძელდება ფორუმების, თემატური შეხვედრებისა და საინფორმაციო ღონისძიებების ჩატარება დიასპორასთან უწყვეტი კომუნიკაციის, მათი ინფორმირებისა და მათგან უკუკავშირის მიღების მიზნით. ყურადღება გამახვილდება ადგილსამყოფელ ქვეყნებში დიასპორის წარმომადგენელთა მიერ საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის, ბიზნესგარემოს, ასევე ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული ზოგადი პროგრესისა და შესაძლებლობების პოპულარიზაციის მხარდაჭერაზე.

ძალისხმევა მიემართება საზღვარგარეთ ქართული საკვირაო სკოლებისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსების, შემოქმედებითი კოლექტივებისა და გაერთიანებების მხარდასაჭერად, ასევე გაგრძელდება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ხელშეწყობა ახალი ქართული კულტურული კერების დაფუძნებისთვის.

გაგრძელდება დიასპორასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის სრულყოფაზე მუშაობა, მიგრაციულ პროცესებში მიმდინარე დინამიკის, არსებული ვითარებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რათა მან ადეკვატურად უპასუხოს სახელმწიფოს მიერ დიასპორასთან დაკავშირებით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს.

ამოცან: საქართველოს საკონსულო დაწესებულებების დაფარვის არეალის გაფართოება, უცხო ქვეყნებთან საკონსულო ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდა

საკონსულო სერვისების მაღალი ხელმისაწვდომობისა და საკონსულო დაცვის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საქართველო გააგრძელებს მუშაობას საკონსულო დაწესებულებების დაფარვის არეალის გასაფართოებლად. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის მაღალი ხარისხის, კვალიფიციური და კომფორტული საკონსულო მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად, ჩატარდება რეგულარული სამუშაოები საკონსულო თანამდებობის პირების პროფესიული შესაძლებლობებისა და უნარების გასაუმჯობესებლად და საკონსულო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შემდგომ განსავითარებლად.

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების უკეთ რეალიზებისთვის სამართლებრივი ბაზის შექმნის მიზნით, გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები უცხო ქვეყნებთან საკონსულო ურთიერთობების გასაღრმავებლად, პრიორიტეტული მიმართულება იქნება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველო-ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობას, რეადმისიის განაცხადების მართვის ელექტრონული სისტემის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფისა და მისი პოპულარიზაციის გზით.

მიზანი: აქტიური კულტურული დიპლომატიის გამოყენებით საქართველოს საერთაშორისო ხილვადობის გაზრდა და საერთაშორისო კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში ქვეყნის ჩართულობის ხელშეწყობა

გაგრძელდება კულტურის კომპონენტის გამოყენებით აქტიური ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა და არსებულ ფორმატებში ჩართულობის ეფექტიანობის გაზრდასა და ახალი ქმედითი ფორმატების შექმნაზე მუშაობა. ქვეყნის წარმოჩენაზე მიმართული ქმედებების განხორციელებისას, აქცენტი გაკეთდება საქართველოს ევროპულ იდენტობაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში.

ამოცანა: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, შემოქმედებითი, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოტენციალისა და ევროპული იდენტობის წარმოჩენა

ძალისხმევა მიმართული იქნება საქართველოს, როგორც რეგიონის კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჰაბის, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისაკენ.

მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმებში საპატიო ან განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მონაწილეობა, ასევე მასშტაბური პრესტიჟული ღონისძიებების საქართველოში ჩატარების მიზნით საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება.

ქართული კულტურის წარმოჩენის ერთ-ერთი ეფექტიანი ინსტრუმენტია გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) სიებში ნომინაციების შეტანა და ქსელებში გაწევრიანება. საქართველო გააგრძელებს UNESCO-სთან აქტიურ თანამშრომლობას ამ და სხვა მიმართულებებით.

გაძლიერდება ასევე თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.

2.1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება

მიზანი 1: ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება

მომდევნო წლების განმავლობაში ძირითადი ყურადღება გამახვილდება ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, არტილერიის, დაზვერვისა და საინჟინრო კომპონენტების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რადგანაც მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერატიული ეფექტიანობის თვალსაზრისით. ასევე აქცენტი გაკეთდება ჰიბრიდული და კიბერგანზომილებების შესაბამისი კომპონენტების შემდგომ განვითარებაზეც. სთძ-ისთვის მნიშვნელოვანია, გააჩნდეს ყველა აღნიშნულ და მრავალ სხვა განზომილებაში მოწინააღმდეგის გავლენის შემცირების უნარი.

ყურადღება დაეთმობა ძალთა გამაძლიერებლების განვითარებას. სამინისტროს ექნება წვევამდელთა გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტიანი სისტემები. ამასთან, შემუშავდება ეროვნული წინააღმდეგობის კონცეფცია, რომლის აღსრულებაშიც, სთძ-სთან ერთად, სხვა სახელმწიფო უწყებები იქნებიან ჩართულები. მნიშვნელოვანია, რომ რეზერვისა და მობილიზაციის, ასევე მოხალისეების მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებში უზრუნველყოფილი იქნება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა მონაწილეობა. ვეტერანთა სახით დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილება და ცოდნა აგრეთვე მოხმარდება ახალგაზრდა თაობის ცოდნის გაღრმავებას, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, შეისწავლონ თავდაცვისა და უსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები.

თავდაცვის სამინისტრო აქცენტს გააკეთებს ეროვნული მასშტაბის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მხარდამჭერი შესაძლებლობების განვითარებაზეც, რასაც ხელს შეუწყობს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებსა და სამოქალაქო უსაფრთხოების სუბიექტებს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, უწყებათაშორისი სწავლებებისა და წვრთნების ჩატარება. აღნიშნული უზრუნველყოფს ეფექტიან უწყებათაშორის კოორდინაციასა და თავსებადობას, რაც გააძლიერებს ერთიან სამთავრობო მიდგომას და ხელს შეუწყობს ეროვნული წინააღმდეგობის სისტემის ჩამოყალიბებას, რითაც, საერთო ჯამში, გაზრდის ტოტალური თავდაცვის მიდგომის ეფექტიანობას.

ამოცანა 1.1: თავდაცვის მართვის მექანიზმების გაუმჯობესება

დაიხვეწება და განგრძობად სახეს მიიღებს თავდაცვის მართვის სტრუქტურული/ორგანიზაციული გამოწვევების ფორმალური ანალიზის პროცესი. პოლიტიკის წარმოებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მუდმივ, უწყვეტ პროცესად გარდაქმნის მიზნით, მოხდება პრობლემის ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავების დელეგირება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებზე. ამასთან, გრძელვადიანი ორგანიზაციული განვითარების ხედვის მიხედვით, მეტი ყურადღება დაეთმობა პერსონალის განვითარებას, წახალისებასა და ინიციატივის გაღვივებას.

დაინერგება რისკების მართვის ერთიანი ფორმალიზებული მიდგომა სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის გასაძლიერებლად. კერძოდ, 2030 წლისთვის მოხდება რისკის მართვის სისტემის ინტეგრაცია თავდაცვის სამინისტროში არსებულ ყველა მნიშვნელოვან პროცესში, სამინისტროს სისტემის ყველა სტრუქტურულ და ორგანიზაციულ დონეზე. რისკების მიმართ პრევენციული მიდგომის დანერგვით რისკები დაექვემდებარება მონიტორინგს, რის შედეგადაც გაიზრდება განსაზღვრული ამოცანების შესრულებისა და დასახული მიზნების მიღწევის ალბათობა.

ბიუჯეტის აღსრულების პროცესის მხარდაჭერის მიზნით, შემუშავდება რესურსების მართვის პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობს თავდაცვის სამინისტროში აღნიშნული მიმართულებით ფორმალიზებული პოლიტიკისა და პროცედურების ინსტიტუციონალიზაციას, ასევე თანამედროვე რესურსების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის ფარგლებშიც მოხდება თავდაცვის შესაძლებლობების ალტერნატივების ანალიზი და დაუფინანსებელი მოთხოვნების იდენტიფიცირება.

ამოცანა: თავდაცვის კრიტიკული შესაძლებლობების განვითარება

„საქართველოს თავდაცვის ძალები − 2030“ დოკუმენტის შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიმდინარეობს სთძ-ის შესაძლებლობების თანმიმდევრული განვითარება. პრიორიტეტი კრიტიკული შესაძლებლობების განვითარებას ენიჭება. ამათგან, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ყურადღება ჯავშანსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე გამახვილდება. საჰაერო თავდაცვის კუთხით, დაგეგმილია როგორც ახლო მანძილზე, ასევე საშუალო მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების განვითარება.

ახლო და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილია სთძ-ის საარტილერიო შესაძლებლობების გაუმჯობესება და ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ პერიოდში ასევე დაგეგმილია საარტილერიო ცეცხლის მართვისა და კონტროლის სისტემის მოდერნიზება, რაც გაზრდის საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერის ეფექტიანობას. გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია შორსმსროლელი, ზუსტი, საარტილერიო შესაძლებლობების გაძლიერება.

მოხდება როგორც ტაქტიკური დონის, ასევე ოპერატიული დონის სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება, რათა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა მოხდეს რეალურ დროსთან მაქსიმალურად მიახლოებულ რეჟიმში და გაიზარდოს მისი ეფექტიანობა.

განვითარდება თავდაცვის ძალების მობილურობისა და კონტრმობილურობის შესაძლებლობები და გაუმჯობესდება აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ქვედანაყოფების საშუალებები. გაიზრდება სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობები, რამდენადაც მათი როლი მნიშვნელოვანი იქნება ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობის ორგანიზების პროცესში. გაგრძელდება არსებული საავიაციო პარკის აღდგენა/მოდერნიზება.

გაუმჯობესდება კიბერთავდაცვის შესაძლებლობები, რამდენადაც კიბერგანზომილების როლი განუხრელად იზრდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე გამოწვევების ხასიათიდან გამომდინარე.

დაგეგმილია მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების შესაძლებლობების გაძლიერება. დაიხვეწება და ნატოს სტანდარტებთან დაახლოვდება თავდაცვის ძალების მართვა და კონტროლი და სრულფასოვნად დაინერგება ამოცანით მართვის მიდგომა.

ამოცანა 1.2: სამხედრო პერსონალის წვრთნისა და განათლების პროცესის გაუმჯობესება

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებასა და მის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას. შედეგად, მეტი ყურადღება გამახვილდება სამხედრო განათლებაზე, მომზადებაზე, წვრთნაზე, დაკომპლექტებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. აღნიშნული ნაბიჯები მნიშვნელოვანია ორგანიზებული წინააღმდეგობის გასახანგრძლივებლად, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას შეეძლოს დროული და სათანადო ზეწოლის მოხდენა აგრესორ ქვეყანაზე.

სამხედრო პერსონალის წვრთნების დაგეგმვის, აღსრულებისა და შეფასების სისტემა ბოლომდე უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე, დასავლურ ქვეყნებში დანერგილ სტანდარტებს. ამისათვის, აქცენტი გაკეთდება არა მარტო ბატალიონის, არამედ ბრიგადებისა და სარდლობების დონის სწავლებების ორგანიზება-ჩატარებაზე, ოპერატიულ-სტრატეგიული დონის საბრძოლო მოდელირებებს ექნება სისტემური ხასიათი. 2030 წლისთვის დასრულდება საწვრთნელი ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი. ქართველი სამხედროები და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ისარგებლებენ თანამედროვე, დასავლური სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურით. აღნიშნული საკითხის მოწესრიგება პირდაპირ გავლენას იქონიებს სთძ-ის ქვედანაყოფების მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის დონეებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება ნატოს სტანდარტებთან თავსებადი საწვრთნელი და საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებას, რაც თვისობრივად გააძლიერებს საქართველოს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობებს, რის შედეგადაც, საქართველო მზად იქნება, უმასპინძლოს პარტნიორ ქვეყნებს ნატოსთან თავსებადი საწვრთნელი ინფრასტრუქტურით.

დაიხვეწება სამხედრო განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, გვარეობებზე მორგებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების სახით. საერთო საჯარისო ცენტრის განვითარება, მასში სკოლების ინტეგრირება მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესების ინსტიტუციონალიზაციისთვის, რაც ერთიანი სტანდარტების ჩამოყალიბებასთან ერთად გაზრდის სასწავლო პროცესის ხარისხს. ერთ სივრცეში ინტეგრირებული სკოლები სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით უზრუნველყოფენ საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას. სკოლებში არსებული კურსების მეშვეობით განხორციელდება ყველა საბრძოლო ფუნქციისთვის საჭირო სასწავლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებულ ყველა ძირითად სამხედრო სააღრიცხვო სპეციალისტთა მომზადებასა და გადამზადებას.

სრულად იქნება გამოყენებული ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) პოტენციალი. ორგანიზაციული და ანალიტიკური შესაძლებლობების შემდგომი განვითარებით, სკოლა ჩამოყალიბდება ფართო შავი ზღვის რეგიონულ ცოდნის ცენტრად, რომელიც ხელს შეუწყობს ნატოსა და ევროკავშირთან ინსტიტუციური თავსებადობის ზრდას.

ამოცანა 1.3: სამხედრო მრეწველობის განვითარება

სამხედრო სამეცნიერო კვლევითი შესაძლებლობების, თანამედროვე სამხედრო სისტემებისა და შეიარაღების განვითარების კუთხით, სსიპ − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ რჩება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს აქტივად ადგილობრივი და უცხოური სამხედრო ინდუსტრიული ბაზრებისთვის. მისი მოქმედების მთავარ სფეროდ განისაზღვრება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დიზაინი, აწყობა და სერიული წარმოება თანამედროვე სამხედრო ტენდენციებისა და საჭიროებების შესაბამისად. ამ პრიორიტეტული მიმართულების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სსსტც „დელტას“ საწარმოო შესაძლებლობები თანდათანობით გაძლიერდება რეგიონულ და ევროპულ სამხედრო-სამეცნიერო ბაზრებზე დამკვიდრებისა და წარმოებული პროდუქციის რაოდენობის გაზრდის მიზნით. ყურადღება გამახვილდება სთძ-ისა და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაში ჩართული შესაბამისი სტრუქტურების აღჭურვა-მომარაგებაზეც, რისთვისაც მოხდება სსსტც „დელტას“ საწარმოო შესაძლებლობების თანმიმდევრული ზრდა. ეს ასევე გაზრდის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის შედეგად მიღებულ ფინანსურ შემოსავალს, რომელიც, თავის მხრივ, მოხმარდება სთძ-ის სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილებას. ხარისხის მაღალი დონის შენარჩუნება დარჩება ძირითად სახელმძღვანელო პრინციპად. შეიარაღებული მექანიზირებული საშუალებების, ჯავშანმანქანების, ტყვიაგაუმტარი/დაჯავშნული ჟილეტებისა და ჩაფხუტების, ტექსტილის, საბრძოლო მასალების ხაზის განვითარებისა და საჰაერო საშუალებების მოდერნიზაციის პროექტები განხორციელდება „დელტასა“ და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში.

ამოცანა 1.4: საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვა

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაცია განუხრელად ზრდის საკუთარ კონვენციურ სამხედრო შესაძლებლობებს სამხრეთ სამხედრო ოლქში და თავის სასარგებლოდ ცვლის ფართო შავი ზღვის რეგიონში არსებულ ძალთა ბალანსს, უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება კომუნიკაციებისა და პარტნიორობის გაღრმავებას ნატოსა და ევროკავშირთან, განსაკუთრებით კი − ამ ორგანიზაციებში შემავალ შავი ზღვის ქვეყნებთან. მნიშვნელოვანია არსებული საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერება, რათა ეფექტიანად მოხდეს საერთაშორისო მხარდაჭერისა და გამოცდილების მობილიზება საკუთარი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.

გაგრძელდება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარება ორმხრივი თანამშრომლობის დაგეგმვის, უმაღლესი დონის ვიზიტების, ექსპერტთა შეხვედრების, პროფესიული განვითარების პროგრამებისა და სამხედრო წვრთნების გზით. საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდასაჭერად, ალიანსთან პარტნიორობის გაღრმავება და თანამშრომლობის ყველა არსებული პრაქტიკული მექანიზმის ეფექტიანად გამოყენება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ძირითადი აქცენტი გაკეთდება სთძ-ის ნატოსთან თავსებადობის გაზრდაზე სხვადასხვა კომპონენტში.

პრიორიტეტად დარჩება ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან − ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლის ძირითადი მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდა და საბრძოლო მზადყოფნის განვითარება იქნება. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემდეგ, დაიწყება ახალი ინიციატივა − საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას, რომელსაც შეუძლია ტერიტორიული თავდაცვისთვის საჭირო საბრძოლო მზადყოფნის გენერირება და  შენარჩუნება, საფრთხეების აღკვეთა და ნატოსა და სხვა საერთაშორისო კოალიციების ოპერაციებში ეფექტიანად მონაწილეობა.

ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში, გაგრძელდება თანამშრომლობა ევროკავშირსა და ევროპელ პარტნიორებთან. აღნიშნული მოიცავს ასოციირების შეთანხმებისა და ასოციირების დღის წესრიგის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას, ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებსა და მისიებში მონაწილეობას, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებას კიბერუსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში.

2.1.3 საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი

მიზანი 2: დანაშაულთან ბრძოლის გაუმჯობესება და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

განხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს დანაშაულთან კიდევ უფრო ეფექტიან ბრძოლას, პრევენციული ღონისძიებების გატარებითა და რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესების გზით.

ხელი შეეწყობა დანაშაულის გახსნის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, რაც, ერთი მხრივ, პოლიციის საზოგადოებასთან მჭიდრო და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ხოლო, მეორე მხრივ, გამომძიებელთა დამატებით სპეციალიზაციას გულისხმობს.

ამოცანა 2.1: საპოლიციო საქმიანობისა და საგამოძიებო სისტემის განვითარება

კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, სპეციალიზაციისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დაგეგმილია ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების მკაფიო გამიჯვნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეფორმის ფარგლებში, ასევე განხორციელდება საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნა, რაც, თავის მხრივ, გაზრდის გამომძიებელთა საქმიანობის ეფექტიანობას. ამ მიზნით, ასევე განახლდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები.

მთავრობა ასევე ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის მექანიზმის განვითარებას, კერძოდ, აქცენტი გაკეთდება გამოძიების ხარისხის მონიტორინგის სისტემაზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიანი გამოძიების მექანიზმებზე. ასევე გაუმჯობესდება არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხი და მათ მიმართ სპეციალური მიდგომები დაინერგება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვნებზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბებას. გამომძიებლებისთვის შემუშავდება ზემოაღნიშნული დანაშაულების გამოძიების სრულყოფილი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რის შედეგადაც გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზები მინიმუმამდე დავა.

სამართალდამცავთა პრაქტიკული საქმიანობისა და კომპეტენციების შესწავლის/შეფასების მიზნით, გადაიხედება სამართლებრივი ბაზა და, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებები.

მთავრობა ხელს შეუწყობს შს სამინისტროს სისტემაში საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის, როგორც პრევენციული საპოლიციო მიდგომის დანერგვას მთელი ქვეყნის მასშტაბით. გაგრძელდება მართლწესრიგის ოფიცრის რეფორმა. განხორციელდება შესაბამის მოსამსახურეთა მასშტაბური გადამზადება.

თანამედროვე და რთულ კრიმინალურ გამოწვევებზე საპასუხოდ, გაგრძელდება ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის (Intelligence-led Policing) დანერგვა, რაც გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროში ანალიტიკური ქსელის ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას, შესაბამისი ადამიანური რესურსების მობილიზაციას, განვითარებასა და თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი ბაზის დახვეწას.

დანაშაულის გახსნის მაჩვენებლისა და საგამოძიებო შესაძლებლობების განვითარების მიზნით, იგეგმება შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარება, მათ შორის, ISO სტანდარტებთან მიახლოებისა და დნმ ბანკის შექმნის კუთხით.

ამოცანა 2.2: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლება

საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრირებისა და გზებზე წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება კომპლექსური ღონისძიებები, მათ შორის, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარება. აქტიურად გაგრძელდება გზებზე ნომრის ამომცნობი ე. წ. „ჭკვიანი ვიდეოკამერებისა“ და ზოგადი ხედვის ვიდეოკამერების დამონტაჟება და სიჩქარის მზომი სექციური რადარების დამატება. ასევე იგეგმება უკონტაქტო პატრულირების შემდგომი განვითარება. გაგრძელდება მუშაობა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული სტანდარტების საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების კუთხით.

საგზაო უსაფრთხოების შესახებ სრული სურათის შესაქმნელად და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ქვეყანაში დაინერგება CADaS-ის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა ელექტრონული პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ლოკაციების GPS კოორდინატების ავტომატურ ფიქსაციასა და რუკაზე შესაბამის ინდიკაციას. შედეგად, შესაძლებელი გახდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შავი წერტილების იდენტიფიცირება და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ხელშემწყობი ფაქტორებისა და გარემო პირობების შესახებ დეტალიზებული ინფორმაციის მოძიება და ანალიზი.

სრულად ამოქმედდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის რეალურ პირობებში ჩაბარების პრაქტიკა.

მაღალი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რიცხვის შემცირებისა და მათი გამომწვევი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების აღკვეთის მიზნით, მთავრობის მხრიდან გაგრძელდება სოციალური კამპანიების წარმოება.

ამოცანა 2.3: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობების განვითარება

კიდევ უფრო გაუმჯობესდება შსს სსიპ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სერვისების მიწოდების ხარისხი, მოხდება შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და შემცირდება მაღალ პრიორიტეტულ შემთხვევებზე რეაგირების დრო.

გაგრძელდება ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის (ProQA) დანერგვა (სისტემა შედგება სამი პროტოკოლისგან: საპოლიციო, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო).

მთავრობა ასევე ხელს შეუწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობების გაუმჯობესებას, როგორც თანამედროვე სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის განვითარებისათვის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის მართვის უწყვეტი პროცესის ეფექტიანი განხორციელებისათვის. აღნიშნული მიმართულების გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, გაძლიერდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციონირება და გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

ამოცანა 2.4: საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება

გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე ევროპოლსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან. მნიშვნელოვნად გაფართოვდება პოლიციის ატაშეების ქსელი და მნიშვნელოვნად გაიზრდება პარტნიორ საერთაშორისო უწყებებთან გაცვლილი ოპერატიული ინფორმაციის რაოდენობა.

ამოცანა 2.5: სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერება

სახელწიფო საზღვრის ეფექტიანი მართვის მიზნით, განვითარდება სასაზღვრო უსაფრთხოებისა და სასაზღვრო კონტროლის სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი (მათ შორის, ავტოპარკი და სპეციალური საშუალებები). საოპერაციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, დაინერგება სხვადასხვა ტიპის ელექტრონული დაკვირვების სისტემების ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები სანაპირო და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტების დანაყოფებში. ასევე დაიხვეწება არსებული სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა.

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ დარჩება საქართველოს მიერ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ გაფორმებული შეთანხმების წარმატებული განხორციელება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებისთვის.

გაგრძელდება თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა დაცვის რეჟიმის გაძლიერება და თავშესაფრის (საერთაშორისო დაცვის) სისტემის ეფექტიანობის გაზრდა. მუდმივი გამოწვევების საპასუხოდ, დაიხვეწება თავშესაფრის მაძიებელთა პირველადი მიღებისა და თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას შესაბამის სამართლებრივ გარანტიებსა თუ სერვისებზე წვდომის საკითხები და შემუშავდება დამატებითი მექანიზმები. საქართველოს კანონმდებლობა კიდევ უფრო დაახლოვდება ევროკავშირის თავშესაფრის კანონმდებლობასთან შესაბამისი დირექტივების დებულებების ქართულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის გზით.

მიზანი 3: საზოგადოების მომსახურების ეფექტიანობის გაზრდა

საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობა, რის შედეგადაც გაუმჯობესდება დისტანციური სერვისების მიწოდების არეალი და ხარისხი, ასევე შემცირდება სერვისების მიწოდების დრო.

ამოცანა 3.1: საზოგადოებრივი სერვისების განვითარება და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

მთავრობა ხელს შეუწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვას, რაც გულისხმობს საზოგადოებისთვის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არსებული სერვისების „ერთი სარკმლის პრინციპით“ მიწოდებას.

ასევე გაუმჯობესდება სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისები და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად. განხორციელდება მომსახურების სააგენტოს სერვისების მნიშვნელოვანი ნაწილის გაციფროვნება/დიგიტალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს დისტანციური სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას.

მიზანი 4: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული განვითარება

საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული განვითარება, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის ხარისხი.

ამოცანა 4.1: შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსებისა და სოციალური გარანტიების განვითარება

შს სამინისტროში გაგრძელდება მაღალკვალიფიციური, მოტივირებული ადამიანური რესურსის მიღება. ასევე სოციალური გარანტიების განვითარების უზრუნველყოფით, კერძოდ კი, პოლიციელთა საშუალო შრომის ანაზღაურების გაზრდით, შემცირდება პროფესიონალი ადამიანური რესურსის გადინების მაჩვენებელი.

გარდა ამისა, გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკომპლექტებული მოსამსახურეების მუდმივი გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამების მიხედვით.

ამოცანა 4.2: შსს-ის ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება

საპოლიციო და საგანგებო სიტუაციების მართვის სერვისების დროული და ეფექტიანი მიწოდების მიზნით, დაგეგმილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა (როგორც ავტოპარკისა და სპეციალური აღჭურვილობის, ასევე შესაბამისი შენობა-ნაგებობების კუთხით).

2.1.4 დანაშაულის პრევენცია და პრობაცია

მიზანი 5: დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა

ქვეყნის მასშტაბით, გაძლიერდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციას. უზრუნველყოფილი იქნება აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და ფართო გამოყენება, დანაშაულის პრევენციისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის დახვეწისა და განმეორებითი და დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პირების მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის მიზნით.

ამოცანა 5.1: სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სამიზნე ჯგუფის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, გაიხსნება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის 6 რეგიონული ოფისი. განხორციელდება ახალი სარეაბილიტაციო პროგრამებისა და პროექტების დანერგვა, არსებული პროგრამების დახვეწა და უწყებათაშორისი სქემის გამართვა.

ამოცანა 5.2: აღდგენითი მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის მედიაციის სერვისსა და მედიატორებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

განხორციელდება მედიატორთა რეესტრის მექანიზმის იმპლემენტაცია, შემუშავდება/განახლდება მედიატორთა რეესტრი, რომელში ჩარიცხული პირებიც გაივლიან თეორიული და პრაქტიკული გადამზადების პროგრამას. მედიატორთა ადამიანური რესურსი გადანაწილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ეტაპობრივად გაიხსნება მედიაციის პროცესისათვის სპეციალურად მოწყობილი სივრცეები.

მიზანი 6: პრობაციის სისტემის მართვის გაუმჯობესება

პრობაციონერების ელექტრონული კონტროლი და შესაბამისი მომსახურება, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მეტი ანონიმურობის დაცვით განხორციელდება.

ამოცანა 6.1: პრობაციონერთა კონტროლისა და მომსახურების სისტემის გაუმჯობესება

საქართველოს ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და მუნიციპალურ შენობებში დანერგილი იქნება 250 ერთეული PROBBOX - პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლისა და მომსახურების ინოვაციური მოწყობილობა. PROBBOX-ის მოწყობილობების საშუალებით, პრობაციონერები ელექტრონულ კონტროლს, პრობაციის ბიუროში გამოცხადების გარეშე, თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით გაივლიან. მათთვის, ერთი ფანჯრის პრინციპით, უზრუნველყოფილი იქნება გამოცხადების რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლეობის მოხსნაზე, საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა, რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა, გამოცხადების რეჟიმის შემსუბუქებისა და შინაპატიმრობის მომსახურების საფასურის გადახდა, პრობაციის ოფიცრის მონაცემები და შეტყობინებები, შეთავაზებები დასაქმების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი მომსახურებები.

2.1.5 პენიტენციური სისტემა

მიზანი 7: პენიტენციურ სისტემაში უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, განისაზღვრა სტრატეგიული მიზანი, რომელიც მოიცავს მსჯავრდებულებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების, დასაქმების, სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ასევე არასრულწლოვანი ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულებისთვის მცირე ოჯახური ტიპის დაწესებულებების შექმნას, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

ამოცანა 7.1: მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა

შემუშავდება პენიტენციურ სისტემაში და მის გარეთ მსჯავრდებულთა დასაქმებისა და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ერთიანი მიდგომა. როგორც დასაქმების, ისე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების თითოეული პროგრამა იქნება მსჯავრდებულთა ინტერესებზე დაფუძნებული.

გაიზრდება დასაქმების პროგრამების რაოდენობა დაწესებულებებში, რათა გაჩნდეს უფრო მეტი მსჯავრდებულის ჩართვის შესაძლებლობა. პენიტენციურ სისტემაში პროფესიული განათლების მიმართულებით იგეგმება პროფესიათა მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზება. გათვალისწინებული იქნება უფრო მეტი მსჯავრდებულის საჭიროება, რის შედეგადაც გაიზრდება პროგრამებში ჩართულ პირთა რაოდენობა.

შემუშავდება კერძო სექტორთან თანამშრომლობის ერთიანი პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს თითოეულ მსჯავრდებულს, დასაქმდეს თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ყოველგვარი მასტიგმატიზირებელი ფაქტორების გარეშე. აღნიშნული პლატფორმის ძირითადი იდეაა მსჯავრდებულთა უწყვეტ ფორმატში დასაქმება დაწესებულებაში ყოფნიდან გათავისუფლების შემდგომ ეტაპებამდე.

პენიტენციურ დაწესებულებებში ხარისხიანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი გამოწვევაა სისტემისთვის. ყველა სახის საშიშროების რისკის მქონე მსჯავრდებულისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლების მიღებისა და სწავლის შესაძლებლობა, გარდა მსჯავრდებულისა, რომელსაც განესაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი. შეიქმნება ისეთი ციფრული სივრცე და პროგრამები, რომლებიც, ერთი მხრივ, მსჯავრდებულებს მისცემს შესაძლებლობას, სრულყოფილად მიიღონ განათლება, მეორე მხრივ კი, დაცული იქნება პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოება და სისტემის ნორმალური ფუნქციონირება.

პენიტენციურ დაწესებულებებში მოეწყობა სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამოქმედდება მსჯავრდებულების მწვრთნელებად მომზადების პროგრამები. შეიქმნება სპორტული კლუბები, მოეწყობა სპორტული ფესტივალები, რაც გაზრდის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჩართულობას სპორტულ აქტივობებში და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია, სასჯელის მოხდის პროცესში არასრულწლოვნებს ჰქონდეთ მაქსიმალურად ოჯახთან მიახლოებული გარემო, სადაც გათვალისწინებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მორგებული იქნება მის საჭიროებებზე, განვითარების ეტაპის მიხედვით. ასევე აუცილებელია, გამარტივდეს მსჯავრდებული არასრულწლოვნების საზოგადოებაში რეინტეგრაცია და პენიტენციური სისტემის დატოვების შემდგომ მოხდეს ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. არსებული საკითხის გადასაწყვეტად შეიქმნება მცირე ზომის ოჯახური ტიპის დაწესებულებები, რომლებშიც განთავსდებიან არასრულწლოვანი ბრალდებულები/მსჯავრდებულები, მათ ექნებათ გარე სამყაროსთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციის შესაძლებლობა, ოჯახური გარემო და განვითარების შესაძლებლობა.

ამოცანა 7.2: ბრალდებულების/მსჯავრდებულებისა და პენიტენციური სისტემის მოსამსახურეების საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა

გაუმჯობესდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები, რაც გულისხმობს ახალი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობასა თუ მიმდინარე დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას. პენიტენციურ დაწესებულებებში შემცირდება გადატვირთულობა და პატიმრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ერთ მსჯავრდებულზე გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართი 4 კვ/მ-იდან გაიზრდება 6 კვ/მ-მდე, ხოლო ყოველ მომდევნო მსჯავრდებულზე დაემატება 4 კვ/მ.

დაიხურება ე. წ. საბჭოური ზონები და ისინი ჩანაცვლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ორიენტირებული პენიტენციური დაწესებულებებით. გარდა ამისა, დაგეგმილია მცირე ზომის დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობაც.

ასევე, პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ სამუშაოს ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად, დაგეგმილია თანამშრომელთა მოსასვენებელი სივრცეების ახალი სტანდარტით მოწყობა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს მათ საჭიროებებს. პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარეობს სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და თანამშრომელთათვის სასადილოების მოწყობა. ასეთი ტიპის ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა უკვე მიმდინარეობს დაბა ლაითურში, რომელიც მორგებულია როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებზე.

2.1.6 საერთაშორისო ურთიერთოებები სამართლებრივ სფეროში

მიზანი 8: სამართლებრივ სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებისა და უფლებების განუხრელი და ეფექტიანი დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს პარტნიორ სახელმწიფოებთან მჭიდრო ინსტიტუციურ თანამშრომლობასა და სამართლებრივი ბაზის გაფართოებას. ამასთანავე, საქართველოში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის შემდგომი განვითარებისთვის და, მეორე მხრივ, მართლმსაჯულების სფეროში ქართული რეფორმების ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამართლებრივ სფეროში ურთიერთობის გაღრმავებას.

ამოცანა 8.1. საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ პირთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების გზით

სამოქალაქო, კომერციული და საოჯახო ურთიერთობების ხელშეწყობა, განსაკუთრებით, ასეთი ურთიერთობების ინტერნაციონალიზაციის შემთხვევაში, საჭიროებს შესაბამის მარეგულირებელ ბაზას, რა მიზნითაც, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების ნუსხის გაფართოებას, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ეფექტიანად და გაჭიანურების გარეშე დაიცვან საკუთარი ინტერესები, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ.

ამასთანავე, საქართველოს მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტია მართლმსაჯულების ეფექტიანი აღსრულება, რა მიზნითაც, ძებნილ პირთა ექსტრადიციისა და უცხო ქვეყანაში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა მიერ სასჯელის დარჩენილი ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე მოხდის უზრუნველყოფისათვის, განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გამყარება იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ საქართველოს მიერ ხელმოწერილი რელევანტური საერთაშორისო შეთანხმებების წევრებს.

პარტნიორ სახელმწიფოებთან მყარი ინსტიტუციური კავშირებისა და მართლმსაჯულების სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის გათვალისწინებით, გაგრძელდება თანამშრომლობა მეგობარ ქვეყნებთან შესაბამისი მემორანდუმებისა და შეთანხმებების გაფორმების გზით.

2.1.7 სამართალშემოქმედებითი პროცესი

მიზანი 9: კანონმდებლობისა და სამართალშემოქმედებითი პროცესის განვითარება

სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განვითარების შედეგად კანონმდებლობა უფრო მეტად გახდება სიღრმისეულ ანალიტიკასა და მეცნიერებაზე დაფუძნებული, სისტემატიზებული, საზოგადოებისთვის გასაგები და აღქმადი. საქართველოში მცხოვრები აფხაზი, ოსი და სხვა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს საკანონმდებლო აქტების ხელმისაწვდომობა მათ მშობლიურ ენებზე.

ამოცანა 9.1. სისტემატიზაციის ხარისხისა და სამართლებრივი სიცხადის გაუმჯობესებისათვის კანონმდებლობის ფართომასშტაბიანი კოდიფიკაცია

განხორციელდება საკანონმდებლო ბაზის სრულყოფილი ანალიზი კანონმდებლობის სისტემატიზაციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საკანონმდებლო აქტების დაჯგუფების, შინაარსობრივად მსგავსი აქტების კოდიფიცირებისა თუ ახალი აქტების შემუშავების გზით.

საკანონმდებლო ბაზის სისტემატიზაციისა და ჰარმონიზაციის მიზნით, საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის რეფორმა წარიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით, სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა დაწესებულებათა აქტიური ჩართულობით და შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.

აღნიშნული პლატფორმა უზრუნველყოფს კანონმდებლობის კოდიფიკაციის პროცესის წარმართვას − არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზს, რეფორმირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრას, შესაბამისი რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტების მომზადებას.

ამოცანა 9.2. სამეცნიერო დასკვნებსა და სიღრმისეულ ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების განვითარების ხელშეწყობა

რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მექანიზმის სრულფასოვანი დანერგვისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის მზადყოფნის მიუხედავად, კვლავაც გასატარებელია მთელი რიგი ღონისძიებები, რათა შეიქმნას უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმი, დასრულდეს სამართალშემოქმედებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეთა გადამზადების პროცესი და ჩამოყალიბდეს საჯარო მოსამსახურეთა ბაზა, რომლის ფარგლებშიც, საჭიროების შემთხვევაში, დონორი ორგანიზაციების ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდება RIA-ს სტანდარტებთან დაკავშირებით საერთო მიდგომებზე შეჯერება და რეგულირების ზეგავლენის ინსტიტუტის სრული მოცულობით ცხოვრებაში გატარება.

ამოცანა 9.3. საკანონმდებლო აქტების განახლება და ხელმისაწვდომობის გაზრდა

კვლავ გაგრძელდება აფხაზი, ოსი და სხვა ეთნიკური უმცირესობებისთვის პრიორიტეტული საკანონმდებლო აქტების იდენტიფიცირება, ეტაპობრივი თარგმნა და საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე განთავსება.

სამართლებრივი სისტემის გაჯანსაღებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, სამართლებრივი აქტები გათავისუფლდება საბჭოთა რუდიმენტებისგან, მოძველებული ტერმინების/ნორმებისა და მიდგომებისგან.

კანონები შეირჩევა მიღების პერიოდისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. შერჩეული საკონონმდებლო აქტები გადაისინჯება როგორც ტერმინოლოგიურ დონეზე, ისე შინაარსობრივი კუთხით.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდიდან ამოღებული იქნება ყველა ის ძალადაკარგული აქტი, რომელსაც ჯერ კიდევ ტექნიკურად უნარჩუნდება აქტუალობის შესახებ აღნიშვნა.

2.2 ეკონომიკური განვითარება

2.2.1 მაკროეკონომიკური სტაბილურობა

მიზანი 1: მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელება

ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკის შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და გამოყენება. საშუალოვადიან პერიოდში ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება მის პოტენციურ დონესთან მიახლოებული, მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში გამოწვევა აღარ იქნება ვალთან დაკავშირებული პრობლემები და ფისკალური მდგრადობა იქნება ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი წინაპირობა. ამასთანავე, ეკონომიკის ამგვარი განვითარება ქვეყანას სოციალური ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებასაც მისცემს, რაც აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაში აისახება.

დასახული მიზნის მიღწევით 2030 წლისათვის ეკონომიკური ზრდა იქნება საშუალოდ 5%-ის ფარგლებში, ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს, ხოლო აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 11%-ზე ნაკლები იქნება.

ამოცანა 1.1: ფისკალური კონსოლიდაცია და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება

2021 წლიდან არსებული ეკონომიკური აღდგენის, საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური ინდიკატორების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა და ზომიერი ფისკალური კონსოლიდაციის მეშვეობით, შესაძლებელია ბიუჯეტის დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება და ფისკალური მდგრადობისათვის საჭირო დონის მიღწევა. აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 2024 წლისთვის მშპ-ის 2.7% იქნება, 2027 წლისათვის - მშპ-ის 1.8%-ს მიაღწევს, ხოლო 2030 წლისათვის 1.5%-ამდე შემცირდება.

ამოცანა 1.2: საგარეო მოწყვლადობის შემცირება

მომდევნო წლების განმავლობაში გაუმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რაც სხვადასხვა ეკონომიკური ინდიკატორის გაუმჯობესებით არის შესაძლებელი. 2024 წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდება 6.2%-ამდე, ხოლო 2030 წელს 3%-ს მიაღწევს.

შემცირებული დოლარიზაციის ტენდენციები ქვეყანაში არსებული ლარიზაციის ღონისძიებების თვალსაჩინო შედეგია. ამ კომპლექსური ღონისძიებების შენარჩუნებით და მისი სხვადასხვა კომპონენტით გამდიდრების/დახვეწის შედეგად კვლავ გაგრძელდება როგორც სესხების, ისე დეპოზიტების დედოლარიზაციის ღონისძიებები და 2024 წლისათვის დეპოზიტების დოლარიზაცია, სავარაუდოდ, შემცირდება 51.0%-ამდე, 2027 წლისათვის − 48.6%-ამდე, ხოლო 2030 წლისათვის კი − 46.3%-ამდე.

ამოცანა 1.3: ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკის განხორციელება

არსებული საგადასახადო დანახარჯების შეფასების დოკუმენტებთან ერთად, საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილია სხვა გადასახადების საანალიზო დოკუმენტების შემუშავებაც. აღნიშნული ანგარიშების საფუძველზე, გადაიხედება არსებული საგადასახადო შეღავათები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია, რაც გულისხმობს გამოვლენის შემთხვევაში, არაეფექტიანი საგადასახადო შეღავათების ეტაპობრივად გაუქმებას, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, არ დაირღვეს გადასახადის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და სამართლიანობის პრინციპები. ეს ყოველივე ასევე ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდასა და ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას.

როგორც წესი, პროდუქტიულობის გაუმჯობესებით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ფაქტორია წმინდა ექსპორტის ზრდისათვის, რაც მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებისა და საგარეო რისკების შემცირების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. სწორი ეკონომიკური რეფორმებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფონზე შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს ენდოგენური ფაქტორებით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა და 2024 წლისათვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კვლავ მნიშვნელოვნად შემცირდეს, 2027 წლისათვის მან -3.8%-ს მიაღწიოს და 2030 წლისათვის მშპ-ის -3%-ის ფარგლებში დაფიქსირდეს.

ამოცანა 1.4: ვალის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესება

დოლარიზაცია ასევე პრობლემას წარმოადგენს ვალის მართვის მიზნებისათვისაც, სადაც უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილი საკმაოდ მაღალია. აღნიშნული ამოცანის ინდიკატორის შუალედურ მაჩვენებლად 2024 წლისთვის განსაზღვრულია მთავრობის ვალის პორტფელში ლარში დენომინირებული ვალის წილის 26.4%-ამდე, 2027 წლისთვის 36.4%-ამდე, ხოლო საბოლოო მაჩვენებლად (2030 წლისთვის) 40.4%-ამდე ზრდა. აღსანიშნავია, რომ საბოლოო მაჩვენებლის მიღწევა შესაძლებელია იმ სცენარით, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო ბაზარზე გამოშვებული 500 მლნ აშშ დოლარის მოცულობის მქონე, 2026 წელს დასაფარი, საქართველოს ევროობლიგაციების ლარში დენომინირებული ვალით რეფინანსირებას.

ამავე დროს, ვალის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის დაგეგმილია არარეზიდენტი ინვესტორების წილის ზრდა მთავრობის ფასიანი ქაღალდების მფლობელებში. არარეზიდენტი ინვესტორების წილის ზრდით მოხდება ინვესტორთა ბაზრის დივერსიფიკაცია, რაც შეამცირებს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ვალის ხარჯს და გაზრდის ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში.

აღნიშნული ამოცანის მისაღწევად დაგეგმილია რიგი ღონისძიებები: ბენჩმარკის გაზრდილი ზომა, JP Morgan-ის GBI-EM ინდექსში ჩართვა, პირველადი დილერების სისტემის გაფართოება/სრულ სისტემაზე გადასვლა, ინვესტორებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, მუდმივი კომუნიკაცია ინვესტორებთან, ვალის მართვის გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადობის ზრდა და EuroClear-ის შემოყვანა. ყოველივე ზემოაღნიშნული ღონისძიების გათვალისწინებით, არარეზიდენტი ინვესტორების წილის ინდიკატორის შუალედურ მაჩვენებლად 2024 წლისთვის განსაზღვრულია 20%, 2027 წლისთვის − 25%, ხოლო საბოლოო მაჩვენებლად (2030 წლისთვის) − 30%.

ამოცანა 1.5: სახელმწიფო კორპორაციების კორპორატიზაცია

სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის ფარგლებში მოხდება სექტორის რეგულირება ერთიანი სამართლებრივი ჩარჩოს შესაბამისად, რაც, საერთო ჯამში, უზრუნველყოფს კორპორაციული მართვის თითოეული რგოლის ეფექტიანობის ზრდასა და მათი საქმიანობის ხარისხის მდგრადობის შენარჩუნებას. აღნიშნული საბოლოოდ გადაითარგმნება სახელმწიფო საწარმოების მიერ გადახდილი დივიდენდების მნიშვნელოვან ზრდაში. პირველ ეტაპზე შეირჩევა რამდენიმე სახელმწიფო საწარმო, რომელშიც განხორციელდება რეფორმის პილოტირება.

შედეგად, სახელმწიფო საწარმოებს გაუჩნდებათ პოტენციალი, დამოუკიდებლად მოიზიდონ სახსრები კომერციული პირობებით. აღნიშნული, ერთი მხრივ, წაახალისებს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, ეტაპობრივად გამოთავისუფლდება ფისკალური სივრცე სახელმწიფო საწარმოებზე ბიუჯეტიდან გადასესხებული/გადასასესხებელი თანხების შემცირების გამო.

2.2.2 საგარეო ვაჭრობა

მიზანი 2: საგარეო ვაჭრობის განვითარება

საგარეო ვაჭრობის განვითარების მიზნით, სახელმწიფო გააგრძელებს ლიბერალურ საგარეო სავაჭრო პოლიტიკას, რაც გულისხმობს ექსპორტ-იმპორტის გამარტივებულ პროცედურებს სატარიფო და არასატარიფო რეგულირების ჩათვლით და ასევე სავაჭრო პოლიტიკის შემუშავების პროცესში გამჭვირვალობის ზრდის უზრუნველყოფას. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საგარეო სავაჭრო ბრუნვის თანმიმდევრულ ზრდას, ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და საექსპორტო პროდუქციის სტრუქტურის გაუმჯობესებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მომდევნო წლებში გაგრძელდება საგარეო ბაზრების დივერსიფიცირების, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისა და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების ხელშეწყობის პროცესი. შედეგად, გაიზრდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების ქვეყნების რაოდენობა და 2030 წლისთვის დაემატება 7 ქვეყანა − ისრაელი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, სერბეთი, აშშ, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდონეზია. ამასთანავე, გაიზრდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტში და ქართული წარმოშობის პროდუქტებს წვდომა ექნებათ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სამომხმარებლო ბაზრის 2/3-თან, რაც მსოფლიო მოსახლეობის 72%-ს წარმოადგენს.

ამოცანა 2.1: საგარეო ბაზრების დივერსიფიცირება (FTA)

ქართული საექსპორტო პროდუქციის სტიმულირებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გაგრძელდება მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების განვითარებაზე. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვასთან დაკავშირებით. იგეგმება საქართველო-ისრაელს, საქართველო-კორეასა და საქართველო-არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ერთობლივი, ორმხრივი დეკლარაციების გაფორმება და თითოეულ მათგანთან მოლაპარაკებების დაწყება. ასევე მიმდინარეობს პროცესი  თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ტარიფების შემდგომ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის დამატების შესახებ. სახელმწიფო გააგრძელებს მუშაობას აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს კონსულტაციები მოლდოვასთან საქართველო-მოლდოვას ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის ოქმის პროექტზე, რომელიც მოიცავს დებულებას მხარეთა მიერ ევროკავშირთან ვაჭრობისას კუმულაციური მეთოდის გამოყენებას.

საგარეო ბაზრების დივერსიფიცირების შედეგად, ქართულ პროდუქციას შეექმნება მეტი მოცულობის ხელსაყრელი რეჟიმის ბაზარი და კიდევ უფრო მეტი პროდუქცია გავა იმპორტის ტარიფების გარეშე, გაიზრდება ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის დივერსიფიკაციას გლობალური მასშტაბით.

ამოცანა 2.2: საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა

DCFTA-ის ამოქმედებით, ქართული პროდუქციისათვის გაიხსნა 500-მილიონიანი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე სამომხმარებლო ბაზარი.

საერთო ჯამში, DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების საფუძველზე, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია ევროკავშირის 152 საკანონმდებლო აქტთან. პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და 2027 წლის ჩათვლით, სულ, ჯამურად, მოხდება 309 აქტთან დაახლოება სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, საჯარო შესყიდვების, საბაჟო და მომსახურების (ფოსტა, ტელეკომუნიკაციები) სფეროებში. შედეგად, საქართველოს ბაზარზე განთავსდება უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტი, გაუმჯობესდება ხარისხის ინფრასტრუქტურა, გაიზრდება ქართული საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობა ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას. კიდევ უფრო გამარტივდება საბაჟო პროცედურები, დაუახლოვდება ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობას, დაიხვეწება საჯარო შესყიდვების სისტემა.

ამოცანა 2.3: ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების მხარდაჭერა

ექსპორტიორი კომპანიების ხელშეწყობისა და ქართული საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, განხორციელდება კონკრეტული ღონისძიებები, მათ შორის, საწარმოებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების მოპოვების მიზნით, გაგრძელდება ტექნიკური დახმარების კომპონენტის განხორციელება. აღნიშნული გულისხმობს ექსპორტიორებისთვის თანადაფინანსების მექანიზმის შეთავაზებას, ასევე პროდუქტის ბრენდინგის ფინანსურ მხარდაჭერას, რომ წარმოებული საქონელი, შეფუთვისა და საკომუნიკაციო მესიჯების კუთხით, მორგებული იყოს სამიზნე საექსპორტო ბაზრებს. ამასთანავე, საერთაშორისო ქსელში შესვლის თანადაფინანსება მნიშვნელოვან სტიმულირებას მოახდენს ქართული პროდუქციის საერთაშორისო ქსელების დახლებზე განთავსების მიმართულებით. საქონლის გადაზიდვასთან, დასაწყობებასა და პროდუქციის დროულ მიწოდებასთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად, 2030 წლამდე მოხდება ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ქართული პროდუქციისთვის განკუთვნილი ლოგისტიკური ცენტრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

სახელმწიფო გააგრძელებს ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების თანადაფინანსებას საერთაშორისო ღონისძიებებში (გამოფენები, შოურუმები, სავაჭრო მისიები და მსგავსი ხასიათის აქტივობები) მონაწილეობისათვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე და უზრუნველყოფს ადგილობრივი მწარმოებლების დაკავშირებას საერთაშორისო შემსყიდველებთან. დამატებით, ტრენინგების, სემინარების, ინდივიდუალური თუ ჯგუფური შეხვედრების, მათ შორის, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად აამაღლებს კვალიფიკაციას ექსპორტიორ კომპანიებში.

2.2.3 სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობა

მიზანი 3: საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა

ინვესტიციები ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, რომლის საჭიროებაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში განსაკუთრებით მაღალია, რამდენადაც ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების განხორციელებით ასევე გაიზრდება ექპორტი და დაიკლებს უმუშევრობის დონე. ასევე გაიზრდება ექსპორტის კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში და შემცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.

საქართველოს მთავრობა მომდევნო წლებშიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას, რაც შეამცირებს კერძო სექტორის ხარჯებს და დაასტიმულირებს კერძო ინვესტიციებს, ხოლო, მეორე მხრივ, ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, ხელს შეუწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და კაპიტალის ფორმირებას, განსაკუთრებით, მაღალპროდუქტიულ და საექსპორტო დარგებში. კერძო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების, სახელმწიფო კაპიტალური ხარჯებისა და ინვესტიციების ეფექტიანობის გაუმჯობესების შედეგად, 2025 წლისთვის საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მშპ-სთან მიმართებით ინვესტიციების 25%-ის მიღწევას და გრძელვადიან პერიოდში ინვესტიციების დასტაბილურებას და 2030 წლისთვის 25%-ის დონეზე შენარჩუნებას.

ამოცანა 3.1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა

საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რადგან ის წარმოადგენს ქვეყანაში კაპიტალის, ცოდნისა და ტექნოლოგიის შემოდინების მნიშვნელოვან საშუალებას, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის სწრაფი ზრდის სტიმულირებას.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მაღალია, ქვეყნისათვის კვლავ პრიორიტეტული იქნება, დამატებით, ისეთი სახის ინვესტიცია, რომელიც ორიენტირებულია ექსპორტზე, ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე ცოდნის გადმოტანას და ახალი მიმართულებების (სექტორების) განვითარებას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივი გაუმჯობესება ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენის ზრდას მთლიან შიდა პროდუქტზე, პროდუქტიულობასა და წმინდა ექსპორტზე. 2024 წლისთვის საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მშპ-სთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 6%-ის მიღწევას, ხოლო გრძელვადიან პერიოდში, მიმდინარე ანგარიშის შემცირების პარალელურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დასტაბილურებას და 2030 წლისთვის 5%-იან დონეზე შენარჩუნებას.

COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ქვეყნებს შორის გაზრდილი კონკურენციის საპასუხოდ, მათ შორის, განსაკუთრებით ე. წ. Efficiency-seeking ინვესტორების მოსაზიდად, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს შესთავაზებს ახალ და უფრო ხელსაყრელ საინვესტიციო წინადადებებს. ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოს, უკეთ ინტეგრირდეს გლობალურ ეკონომიკაში და უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს საერთაშორისო ღირებულებათა ჯაჭვში.

მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანაა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია და გლობალური ინდუსტრიის ლიდერი კომპანიების ქვეყანაში შემოყვანა. 2030 წლამდე დაგეგმილია პრიორიტეტული სექტორებიდან 20,000 კომპანიის შესწავლა და პერსპექტიული ინვესტორების იდენტიფიცირება, რომლებთანაც მოხდება პროაქტიული კომუნიკაცია.

საერთაშორისო კომპანიებთან უფრო მჭიდრო და პირდაპირი კავშირების შესაქმნელად, ინვესტორებთან მუშაობა გაგრძელდება ახალი მექანიზმების გამოყენებით. მათ შორის, მოხდება სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალიზებული წარმომადგენელი კომპანიების დაქირავება, რომლებიც, საზღვარგარეთ მათი ოფისების მეშვეობით, პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს პოტენციალს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იმუშავებენ ქვეყანაში ახალი კომპანიების შემოყვანაზე.

ქვეყნის საინვესტიციო შეთავაზების პოპულარიზაციისა და მიზნობრივი კომპანიების დაინტერესებისათვის ეფექტიანი შეთავაზების გაკეთების გზით, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობას, რომლებიც კონსულტაციას უწევენ საერთაშორისო კომპანიებს და ეხმარებიან მათ ახალი საინვესტიციო პროექტებისთვის ქვეყნების შერჩევაში (ე. წ. location advisers/საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები; იდენტიფიცირებულია 40-ამდე მსგავსი კომპანია გლობალური მასშტაბით). ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და პრიორიტეტული სექტორების პოპულარიზაციის მიზნით, გაგრძელდება საერთაშორისო მედიაარხების აქტიური გამოყენება, ასევე პრიორიტეტული სექტორების მიხედვით ბიზნესმედიისა და ბიზნესასოციაციების საქართველოში ჩამოყვანა.

მსოფლიოში მაღალკონკურენტული პირობების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს, რომ პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზოს უფრო შეღავათიანი და ხელსაყრელი პირობები. მაგალითად, ქვეყანამ უკვე დანერგა ახალი სახელმწიფო პროგრამა უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისათვის − ე. წ. FDI გრანტი, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემდეგ კომპანიებისთვის კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურებას. ამ ეტაპზე, აღნიშნული მექანიზმი მაღალტექნოლოგიურ წარმოებას, სერვისების ექსპორტს, ლოგისტიკისა და თვითმფრინავების მომსახურების სფეროებს ფარავს. მომდევნო წლებში აღნიშნული და სხვა მექანიზმები გაფართოვდება; ამასთანავე, განიხილება ახალი მექანიზმების ამუშავებაც, როგორებიცაა: საგადასახადო შეღავათები, სამუშაო ძალის წინასწარი გადამზადება და სხვა ინიციატივები.

ამოცანა 3.2: ადგილობრივი ინვესტიციების ხელშეწყობა

მნიშვნელოვანია კერძო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების, სახელმწიფო კაპიტალური ხარჯებისა და ინვესტიციების ეფექტიანობის გაუმჯობესება, რის შედეგადაც გაიზრდება ინვესტიციების მოცულობა მშპ-სთან მიმართებით.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის საქართველოს მთავრობა ახორციელებს პროგრამებს სესხების/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების, საგარანტიო უზრუნველყოფისა და გრანტების მიმართულებით. მომდევნო წლებში, ბაზრის განვითარებასთან ერთად, ყურადღება დაეთმობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამების განახლებასაც, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ ეფექტიანობასა და ბიზნესის ხელშეწყობისათვის სწორი პროდუქტის შეთავაზებას.

გაგრძელდება საჭიროებებზე მორგებული მექანიზმების შეთავაზება ბიზნესსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან კონსულტაციის გზით, რათა სწორად აისახოს ბაზრის მოთხოვნები და საჭიროებები პროგრამების შეთავაზებაში.

მომდევნო წლებში გაგრძელდება სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვა და პრივატიზაციის პროცესი, რომლის ეფექტიანი მიმდინარეობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, წარმოებებისა და მომსახურე ობიექტების ამუშავებას და  სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას. მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული, მოქნილი და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, მოხდება ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია და დიგიტალიზაცია, შედეგად, ერთი მხრივ, გამარტივდება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ხოლო, მეორე მხრივ, გაიზრდება სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესის ეფექტიანობა.  ამასთანავე, მეტად მოქნილად და სრულყოფილად განხორციელდება პოტენციური ინვესტორებისათვის საინვესტიციო პაკეტების მომზადება/შეთავაზება. ასევე გაგრძელდება და გაფართოვდება პროგრამები, რომლებიც ინვესტორებს შესთავაზებს გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს („100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“) და ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას საქართველოში.

მიზანი 4: მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა

საქართველოს მთავრობის მიზანს წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, პანდემიამდე არსებული დადებითი ტენდენციების აღდგენა და გაუმჯობესება. ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ფონზე, 2030 წლისათვის, მცირე და საშუალო საწარმოებს საშუალება მიეცემათ, დამატებით 100 ათასამდე მოქალაქე დაასაქმონ, 50 პროცენტით გაზარდონ მწარმოებლურობა და 60 პროცენტით მეტი წილი შეიტანონ ეკონომიკაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში.

ამოცანა 4.1: მცირე და საშუალო საწარმოთა ოპერაციული გარემოს, სამეწარმეო უნარებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

ევროკავშირისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, განხორციელდება საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა. მოხდება საქართველოს კანონმდებლობის დინამიკური დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან და აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებული იქნება მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებები. ამ მიზნით, დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების მცირე და საშუალო მეწარმეობის ტესტი (RIA SME Test) და გაფართოვდება RIA-ს მოქმედების მასშტაბები.

დამატებით, ასევე გაგრძელდება მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და განვითარება, რათა მათ უკეთ უპასუხონ მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომელთა შესაძლებლობებისა და უნარების გაძლიერებას, ასევე თავად ინსტიტუტების დაფინანსების მდგრადობის უზრუნველყოფას. გარდა ამისა, განხორციელდება გავლენის შეფასება შერჩეული სახელმწიფო დახმარების პროგრამებისთვის.

ასევე გაგრძელდება მუშაობა მცირე და საშუალო საწარმოების საქმიანობის სტატისტიკური აღრიცხვის მიმართულებით, მათ შორის, მოკლევადიანი ბიზნესსტატისტიკის წარმოების, სტატისტიკური ბიზნესრეგისტრის გაუმჯობესების, საწარმოთა ზომის მიხედვით გენდერულ ჭრილში ბიზნესსტატისტიკის წარმოების, ICT-ის სფეროში საწარმოთა ზომის მიხედვით სტატისტიკის წარმოების, ექსპორტზე მოვაჭრე, მათ შორის, დამწყები ექსპორტიორების რაოდენობის შესახებ საწარმოთა ზომების მიხედვით სტატისტიკის წარმოების მხრივ. კონკურენციის კანონმდებლობის დახვეწისა და განვითარების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანი იქნება მისი ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფა, რაც ქვეყანაში შექმნის კონკურენტულ სამოქმედო გარემოს. ასევე განხორციელდება მეწარმეების ცნობიერების ამაღლება, რათა მათ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია შეცვლილი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პროცედურული ნორმების შესახებ.

ამასთანავე, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება ბიზნესდავების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებასა და მათ პოპულარიზაციაზე მცირე და საშუალო მეწარმეთა შორის. ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, ერთი მხრივ, სისტემის პოპულარიზაციას და ცნობიერების ამაღლებას, ხოლო, მეორე მხრივ, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის როლის ზრდას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის წარმოქმნილი დავების მოგვარების მიმართულებით. ასევე ყურადღება დაეთმობა საგადასახადო დავების სისტემის რეფორმას.

დამატებით, გაგრძელდება სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა, მათ შორის, ერთიანი პორტალის my.gov.ge-ს მეშვეობით. ასევე გაძლიერდება პროგრამა − „სახელმწიფო შენი პარტნიორია“, რომელიც, თავის მხრივ, ზრდის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით რეგიონებში.

გარდა ამისა, სახელმწიფო ხელს შეუწყობს გადახდისუუნარობის ახალი კანონმდებლობის შესაბამისი სისტემის განვითარებას, მათ შორის, კერძო აღმასრულებლებისა და რეაბილიტაციის სისტემების განვითარებას და ამ მიმართულებით კომპანიების ცნობიერების ამაღლებას.

მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობის მიზნით, პერიოდულად ჩატარდება კვლევები და განხორციელდება შრომის ბაზრის ანალიზი. ამასთანავე, შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსის შემცირების ხელშეწყობისთვის, მოხდება, როგორც შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარება, ისე პროფესიული ორიენტაციის, კარიერული დაგეგმვისა და სხვა შესაბამისი სერვისების მიწოდება.

სახელმწიფო გააგრძელებს მეწარმეობაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას, მათ შორის, პროფესიული განათლების ქსელის გაფართოების, პოპულარიზაციის, მრავალფეროვანი პროგრამებისა და კურსების შეთავაზების, მეწარმეობრივი კულტურის დანერგვისა და ცნობიერების ამაღლების, პროფესიულ სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა სამეწარმეო იდეების მხარდაჭერის მექანიზმების დანერგვის გზით. ასევე გაგრძელდება პროფესიულ სასწავლებლებსა და მცირე და საშუალო მეწარმეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების გზით.

ბიზნესპასუხისმგებლიან ქცევასთან (RBC) დაკავშირებით განხორციელდება ბიზნესასოციაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ცნობიერების ამაღლება. დამატებით, ასევე მოხდება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სახელმძღვანელოს შექმნა ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის) მიმართულებით და კომპანიების მხარდაჭერა აღნიშნული სტანდარტების დანერგვაში.

ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად, განხორციელდება არსებული სახელმწიფო პროგრამების პერიოდული განახლება და მათი მუდმივი განვითარება. დღეისათვის, სსიპ − აწარმოე საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიზნით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების კუთხით, ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს: უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილი, საკრედიტო-საგარანტიო სქემა და მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის მექანიზმი.

მომდევნო წლებში გაგრძელდება პროგრამის უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილი, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლონ ერთდროულად სამი კომპონენტით: სესხის/ლიზინგის საგნის პროცენტის თანადაფინანსება, გარანტიით უზრუნველყოფა და გრანტი (კონკრეტული საქმიანობებისთვის). ასევე შექმნილია და იგეგმება მხარდაჭერის დამატებითი მექანიზმების განხორციელება შემდეგი საპილოტე რეგიონებისთვის: იმერეთი, კახეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: წარმოება, სასტუმროები, ტურისტული სერვისები და ბალნეოლოგიური კურორტები.

ამასთანავე, გაგრძელდება პროგრამა საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, სახელმწიფოს მიერ კომერციული ბანკების ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების ნაწილობრივი უზრუნველყოფის გზით.

განხორციელდება მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მიკრო და მცირე მეწარმეების ფინანსურ მხარდაჭერას მიკროგრანტების საშუალებით. პროგრამა დაფარავს საქართველოს მთლიან ტერიტორიას და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოებისა და სერვისების დივერსიფიკაციას, თანამედროვე ბიზნესპრაქტიკების გავრცელებასა და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.

დამატებით, სახელმწიფო განახორციელებს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების შექმნას, მათ შორის, განვითარდება ლიზინგი და ფაქტორინგი. აღნიშნული განხორციელდება საკანონმდებლო-მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწის გზით, პარალელურად კი განხორციელდება მეწარმეების ცნობიერების ამაღლება დაფინანსების ალტერნატიული ინსტრუმენტების დადებითი მხარეების შესახებ.

ასევე აღსანიშნავია, რომ განხორციელდება „Venture Capital (VC)“64 და „business angels“65 ეკოსისტემის შემდგომი განვითარება, რაც, ერთი მხრივ, შესაძლებლობას მისცემს ქართულ სტარტაპებს, მიიღონ უფრო მეტი დაფინანსება ადრეულ ეტაპზე მათი განვითარებისთვის და, მეორე მხრივ, მიმზიდველ გარემოს შექმნის უცხოელი ინვესტორების მოზიდვისათვის.

მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური ანგარიშგების გამართული სისტემის ფუნქციონირება ანგარიშგების სანდოობის გაზრდისთვის. გაგრძელდება აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის მეშვეობით.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, გაფართოვდება გირავნობის საგანი, რაც ხელს შეუწყობს მეწარმეებს მიწის გირავნობის საგნად გამოყენებაში.

2.2.4 კაპიტალის ბაზარი

მიზანი 5: კაპიტალის ბაზრის განვითარება

კაპიტალის ბაზრის განვითარებით გაჩნდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და დანაზოგების ალტერნატიული და უფრო მოქნილი ინსტრუმენტები. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკაში რესურსების ეფექტიან ალოკაციას და დაეხმარება ეკონომიკის მდგრად განვითარებას. კაპიტალის ეფექტიანი ალოკაცია მოითხოვს კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას, შესაბამისად, რეფორმის ყველა ეტაპზე მოხდება კონკურენციის ხელშემწყობი გადაწყვეტილებების მიღება. ამასთანავე, კაპიტალის ბაზრის განვითარების შედეგად საქართველოს შესაძლებლობა გაუჩნდება, მიიღოს პერსპექტიული ბაზრის კლასიფიკაცია (ე. წ. frontier market), რაც საქართველოს ბაზრის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს მეტად გააღვივებს და უზრუნველყოფს უფრო მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას, როგორც პორტფელური ინვესტიციების (პირდაპირ), ასევე პირდაპირი ინვესტიციების (ირიბად) მიმართულებით.

ამოცანა 5.1: ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდა (მიწოდების ზრდა)

კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო სასესხო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, რისთვისაც აუცილებელია სახელმწიფო სასესხო ფასიანი ქაღალდების ემისიების შენარჩუნება. შესაბამისად, სახელმწიფო გააგრძელებს ბენჩმარკ ბონდების გამოშვების პოლიტიკას. დასრულდება პირველადი დილერების პროგრამა და მოხდება უკუგამოსყიდვის პროგრამის დანერგვის უპირატესობების შესწავლა. ასევე გადაიხედება ღია ბაზრის ოპერაციების პოლიტიკა FSAP-ის რეკომენდაციების შესაბამისად და საჭიროების გათვალისწინებით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები. გაკეთდება შეფასება სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებით. საცალო ინვესტორებისათვის კი გამარტივდება წვდომა სახელმწიფო სასესხო ფასიანი ქაღალდების შეძენის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარება ხელს შეუწყობს კომპანიების დაფინანსების ინსტრუმენტების დივერსიფიცირებას. ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული სექიურითიზაციის სამართლებრივი ჩარჩო დაეხმარება არასაფინანსო კომპანიებს, რომლებიც ეძებენ დაფინანსებას საკუთარი პროგნოზირებადი შემოსულობების გაყიდვით (გატანით საბალანსო უწყისიდან). ამასთანავე, გაგრძელდება იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარება, რაც საფინანსო სექტორისათვის იქნება ხელსაყრელი ინსტრუმენტი იაფი დაფინანსების მისაღებად (იპოთეკით უზრუნველყოფილი პორტფელი გაზრდილი რეიტინგის შესაძლებლობას აჩენს, რაც, თავის მხრივ, აიაფებს კაპიტალის მოზიდვას). ასევე ბაზარზე დაფუძნებული ინსტრუმენტების განვითარების მიზნით, გაგრძელდება უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის ბაზრის ანალიზი.

სააქციო ბაზრის განვითარება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს კერძო სექტორს, მოიპოვოს დაფინანსება ალტერნატიული გზით, ხოლო, მეორე მხრივ, წვდომას გაუხსნის ინვესტორებს უფრო მრავალფეროვან პროდუქტებზე. პარალელურად, ლარიზაციის პოლიტიკის გატარება, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ადგილობრივი საწარმოების მხრიდან აქციების ადგილობრივად გამოშვებას და აგრეთვე ინვესტორების მიერ მათ შეძენას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საცალო ინვესტორთათვის სააქციო ბაზრის ხელმისაწვდომობის ზრდა, რასაც ხელი შეეწყობა თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვითა და სააქციო ბაზრის შესახებ ცნობადობის ამაღლების ღონისძიებების განხორციელებით. გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე შეფასდება კომერციული ბანკების მიერ ბირჟის მფლობელობის საკითხი და ინტერესთა კონფლიქტის მართვის სტანდარტი შუამავლებთან დაკავშირებით. შემუშავდება პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საწარმოებს და მოახდენს იმ საწარმოების იდენტიფიცირებას, რომელთა პრივატიზება (ან გარკვეული მინორიტარული წილის შეთავაზება) იქნება შესაძლებელი წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით.

ასევე, საფინანსო სექტორის განვითარებისა და ბაზარზე მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გაჩენის უზრუნველსაყოფად, შემუშავდება მარეგულირებელი ჩარჩო ფაქტორინგისათვის, რომელიც ფაქტორინგული კომპანიების საშუალებით მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის სამუშაო კაპიტალის მოზიდვას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, განახლდება ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, კერძოდ, მცირე საწარმოთათვის დაშვებული იქნება ე. წ. სახალხო დაფინანსების (crowdfunding-ის) მექანიზმებით ფინანსების მოზიდვა.

ამოცანა 5.2: ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ბაზის განვითარება (მოთხოვნის ზრდა)

მომდევნო წლებში პრიორიტეტული იქნება ინსტიტუციური ინვესტორების ბაზის დივერსიფიცირება და მათთვის სტიმულირების მექანიზმების დანერგა. კაპიტალის ბაზარზე ინვესტორები ძირითადად არიან კომერციული ბანკები, რომლებიც სასესხო ფასიან ქაღალდებს მათთვის დამაკმაყოფილებელი რეიტინგის შემთხვევაში იძენენ, რეპო ტრანზაქციით აგირავებენ ეროვნულ ბანკში და, შესაბამისად, იზიდავენ იაფ კაპიტალს. პირველადი დილერების პროგრამის სრულფასოვანი დანერგვითა და ბაზარზე მეტი საინვესტიციო ფონდის გამოჩენით უნდა გაიზარდოს მეორადი ბაზრის მიმართ ინტერესი, შედეგად კომერციული ბანკის გარდა, სხვა ინვესტორების დაინტერესებაც გაიზრდება ემისიებში. საჭირო გახდება არსებული რეგულაციის გადაფასება და ფინანსურ ინსტრუმენტებთან მიმართებით ნეიტრალური საგადასახადო პოლიტიკის გატარება. მსგავსი ინსტიტუციური ინვესტორების განვითარებისათვის გაგრძელდება, როგორც კერძო საპენსიო სისტემის რეფორმა, აგრეთვე დაზღვევის რეფორმა. ორივე ერთად გრძელვადიანი ლარის დამატებით რესურსს შექმნის, რაც ბაზარზე გააჩენს კიდევ უფრო მეტ წნეხს საბაზრო ინსტრუმენტების დანერგვისა და კოლექტიური დანაზოგების აკუმულირებისათვის. სადაზღვევო პროდუქტების განვითარების მიმართულებით, შემუშავდება სიცოცხლის დაზღვევის ინსტრუმენტების შესაბამისი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული სამართლებრივი ჩარჩო, რაც გავლენას მოახდენს არა მარტო ინსტიტუციური ინვესტორების განვითარებაზე, არამედ რიგითი მოქალაქეებისათვის გაზრდის გრძელვადიან დანაზოგებზე ხელმისაწვდომობას. ამასთანავე, სახელმწიფო გააგრძელებს საერთაშორისო და რეგიონულ საინვესტიციო ფონდებთან, აგრეთვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დიალოგს და დანერგავს მასტიმულირებელ მექანიზმებს, რათა ხელი შეუწყოს მათ მიერ ინვესტიციის განხორციელებას და ადგილობრივ დონეზე ცოდნის გაზიარებას.

პორტფელური ინვესტიციების განვითარების ხელშესაწყობად და საერთაშორისო ინვესტორთა მოზიდვის მიზნით, შეიქმნება ფინანსური ცენტრი, რომელიც საერთაშორისო კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოდან გასწიონ მომსახურება აქტივების მართვის, დაგროვილი კაპიტალის ე. წ. wealth management-ის, სასაქონლო ვაჭრობისა და ფინტექ სერვისების მიმართულებით. ამგვარი ცენტრის ფუნქციონირებისა და ინვესტორთა მოზიდვისათვის შემუშავდება საჭირო სამართლებრივი და ფისკალური ჩარჩო. ასევე განვითარდება ტრასტების სამართლებრივი ჩარჩო, რაც ნებისმიერი პირისათვის უზრუნველყოფს ტრასტის მექანიზმით ქონების მისი სურვილისა და საჭიროებისამებრ მართვის შესაძლებლობას  და ქართულ ბაზარზე გააჩენს ქონების/კაპიტალის და მასთან დაკავშირებული გადასახადების დაგეგმვის  საუკეთესო შესაძლებლობას. ასეთი შესაძლებლობა მიმზიდველს გახდის ქართულ ბაზარს უცხოელი ინვესტორებისათვის, რომ საქართველოდან მართონ აქტივები.

2.2.5 წიაღისეული და სამთომოპოვება

მიზანი 6: სამთომოპოვებითი სექტორის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარება

სამთომოპოვებითი სექტორის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს წიაღით სარგებლობის პროცესის ეფექტიანი მართვა, რაც გულისხმობს წიაღით სარგებლობის პროცესში ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებას. აღნიშნულის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა, მოხდება დამატებითი შემოსავლების გენერირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. 2030 წლისთვის სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გაიზრდება 80 მლნ აშშ დოლარამდე, ასევე გაიზრდება სამთომოპოვებით სექტორის დამატებითი ღირებულების მოცულობა და მიაღწევს 650 მლნ ლარს, ხოლო სამთოპოვებითი მრეწველობის პროდუქტების (ნედლი, დამუშავებული და ნახევრად დამუშავებული მინერალები) ადგილობრივი ექსპორტი მიაღწევს 1.7 მლრდ აშშ დოლარს.

ამოცანა 6.1: წიაღით სარგებლობის პროცესის ეფექტიანი მართვა

წიაღის სექტორის სტრატეგიული განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია სამართლიანი და პროგნოზირებადი საგადასახადო რეჟიმის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ინვესტიციების მოზიდვას, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას. განახლდება არსებული ფისკალური რეჟიმი და ცალკეული წიაღისეულის სახეებზე დაინერგება საბაზრო ფასზე დაფუძნებული როიალტის სისტემა. ასევე გადაიხედება სექტორში არსებული მოსაკრებლების განაკვეთები.

კარგად მართული და ბაზარზე ორიენტირებული წიაღის სექტორის განვითარების მიზნით, გაუმჯობესდება ლიცენზირების პროცესი, მოხდება შესწავლისა და მოპოვების ეტაპების ერთმანეთისგან გამიჯვნა და განახლებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შემუშავება. დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შედეგად, 2030 წლისთვის 6000-ამდე გაიზრდება გაცემული ლიცენზიების რაოდენობა.

ამასთანავე, გაძლიერდება მუშაობა გეომონაცემთა დამუშავებისა და მართვის მიმართულებით. აღნიშნული ეხება, როგორც რუკების შედგენას, ასევე გეოლოგიურ დაგეგმვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. დაინერგება გეოლოგიური რუკების შედგენისა და გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე პრაქტიკა და მოხდება გეომონაცემთა უსაფრთხო განთავსება, რითაც მონაცემები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

წიაღით სარგებლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობას. არსებულ რეგულაციებში უზრუნველყოფილი იქნება საბადოს აღდგენის, დახურვისა და რეაბილიტაციის მიზნით შესაბამისი მოთხოვნების არსებობა, რაც დაავალდებულებს ლიცენზიატს, ლიცენზიის მიღებისთანავე წარმოადგინოს რეკულტივაციის პროექტი, რათა გამოირიცხოს სალიცენზიო ფართობის აღდგენის გარეშე მიტოვების შემთხვევები. საბადოს აღდგენის მიზნით, დაინერგება ფინანსური გარანტიების მექანიზმი (ე. წ. Bonding სისტემა). ამასთანავე, სალიცენზიო პირობად განისაზღვრება სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად დაზიანებული ნიადაგის რეკულტივაცია, რაც გულისხმობს ნიადაგის დაზიანებული საფარისა და წიაღის მოპოვების დაწყებამდე არსებული ეკოსისტემის აღდგენას. ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, საქმიანობის დაწყებამდე განახორციელოს ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ტერიტორიის რეკულტივაციის გეგმის შემუშავება და დადგენილი წესით წარმოდგენა. გაძლიერდება წიაღით სარგებლობის პროცესში მონიტორინგის ინსტრუმენტები, კერძოდ, დაინერგება გარემოსდაცვითი მართვის გეგმების შემუშავების ვალდებულება არსებული და ახალი ინვესტიციებისათვის.

დამატებით, დაინერგება სოციალური პასუხიმგებლობის პრინციპი და განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უზრუნველყოფს სამთო მოპოვებასთან დაკავშირებული სამუშაოების უარყოფითი ზემოქმედების შემსუბუქებას, ამასთანავე, სამუშაოების დასრულების შემდგომ დადებითი ეკონომიკური სარგებლის შენარჩუნებასა და გაზრდას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, განხორციელდება კონკრეტული პროექტების ანალიზი სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობების გათვალისწინებით და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დამატებითი ღირებულების ჯაჭვის განვითარებაზე მუშაობას, რათა ქვეყანაში სასაქონლო პროდუქტებით შეიქმნას დამატებითი ღირებულება. მნიშვნელოვანია, რომ სასარგებლო წიაღისეულის დამუშავება ხორციელდებოდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საექსპორტო მიზნებისთვის.

სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად, სოციო-ეკონომიკური და ფინანსური სარგებლიანობის გაზრდა, გარემოსდაცვითი მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება და დამატებითი ღირებულების ჯაჭვის შექმნა უზრუნველყოფს სამთომოპოვებითი სექტორის მდგრად განვითარებას, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

2.2.6 ენერგეტიკა

მიზანი 7 : საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფა

ენერგორესურსების მოხმარების დინამიკის დაბალანსებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით, მაქსიმალური ძალისხმევა იქნება მიმართული ადგილობრივი ენერგორესურსების უფრო სწრაფად და რაციონალურად ათვისებაზე, კონკურენტული ბაზრისა და საინვესტიციო გარემოს შექმნაზე, ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებასა და ენერგორესურსებზე წვდომისა და მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფაზე.

ამოცანა 7.1: ენერგეტიკული ბაზრის განვითარება

სახელმწიფო გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის დინამიკური განვითარებისთვის, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს საბაზრო ურთიერთობებზე დამყარებული მიწოდების სერვისების დანერგვასა და სამართლიან ფასწარმოქმნას. შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბდება თავისუფალი და კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი.

ენერგეტიკის სექტორის რეფორმირება, პირველ რიგში, გულისხმობს კონკურენტული ბაზრის ისეთი სეგმენტების შექმნასა და განვითარებას, როგორებიცაა დღით ადრე ბაზარი და დღიური ბაზარი, რომლებიც წარმოადგენს მოკლევადიანი პროდუქტებით ვაჭრობის ძირითად პლატფორმას ბაზრის მონაწილეებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ დღით ადრე ბაზარი არის ენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი და არა ერთადერთი სეგმენტი, მიიჩნევა, რომ სწორედ ეს სეგმენტი აძლევს სწორ და სამართლიან საფასო სიგნალებს ბაზრის მონაწილეებს. შესაბამისად, აღნიშნული სეგმენტის გამართული და გამჭვირვალე ფუნქციონირება განსაზღვრავს სამომავლოდ უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოს ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებასა და მის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას.

მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში, ასევე დაინერგება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი (შემდგომში − საბალანსო ბაზარი). საბალანსო ბაზარი წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთ ფუნდამენტურ სეგმენტს და მისი გამართული ფუნქციონირება აუცილებელია საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის შეუფერხებელი მუშაობისა და განვითარებისთვის.

ამასთანავე, ელექტროენერგიის დაბალანსების სახელმძღვანელოს მიხედვით, გადამცემი სისტემის ოპერატორს ქსელის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა აქვს. დაგეგმილია ENTSO-E სტანდარტების შესაბამისი პროდუქტების შექმნა, სამომავლო მოთხოვნების შესაბამისობისთვის, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის კონცეფცია განსაზღვრავს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების ბაზრის ახალ სამიზნე (კონკურენტულ) მოდელზე გადასვლის პირობებს. კერძოდ, აღნიშნული მოიაზრებს კონკურენტული ბაზრის შექმნის მიზნით, გენერაციისა და მიწოდების საქმიანობის სატარიფო რეჟიმისაგან დერეგულირების ეტაპებს, რისი საბოლოო მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და გენერაციის სექტორის სწრაფი განვითარება. შედეგად, ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება დღით ადრე და საათობრივ ჭრილში, რეალურ საბაზრო ფასებში, ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობა.

გასათვალისწინებელია, რომ, კონცეფციის მიხედვით, საბითუმო საჯარო მომსახურების ერთ-ერთ კომპონენტს ასევე წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიით ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობა და მასთან დაკავშირებულ უბალანსობაზე პასუხიმგებლობა. ამჟამად მიმდინარეობს მეორადი კანონმდებლობის დახვეწა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციაში“ ცვლილების (საბითუმო საჯარო მომსახურების წესი) შემუშავება, რომელიც უახლოეს პერიოდში დამტკიცდება.

2021 წლის 2 სექტემბერს საქართველოს მთავრობის №447 დადგენილებით დამტკიცდა „ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფცია“. აღნიშნულის განხორციელების შედეგად, ჩამოყალიბდება მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მოხდება ვაჭრობისა და ქსელის ეფექტიანი დაბალანსება, უზრუნველყოფილი იქნება მიწოდების უსაფრთხოება, ხარისხი და კონკურენტული ფასი. დამატებით, სახელმწიფო ასევე გეგმავს ბაზრის სამიზნე მოდელის შექმნას, რომელიც გულისხმობს თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბებას, სადაც მონაწილეები სარგებლობენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით და გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, სამიზნე მოდელი, საერთო ეკონომიკური ინტერესიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს შეზღუდული ვადით საჯარო მომსახურების ვალდებულების განსაზღვრას, დაკისრებასა და განხორციელებას.

ამასთანავე, შემუშავდება ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის წესები, რომლებიც განსაზღვრავს ბაზრის თითოეული სეგმენტის ორგანიზებისა და ოპერირების პირობებსა და მისი ორგანიზებისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელ სხვა პირობებს.

ამოცანა 7.2: განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება

მომხმარებელთა ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების ადეკვატურად უზრუნველყოფისათვის საჭიროა, გენერაციის ზრდის ტემპები წინ უსწრებდეს მოხმარების ზრდის ტემპებს ისე, რომ დროის ნებისმიერ მომენტში გენერაცია ტოლი ან მეტი იყოს მოხმარებაზე.

ელექტროსისტემაში არსებული დეფიციტური მდგომარეობა და სამომავლო გათვლები ცხადყოფს, რომ ქვეყანას ცალსახად სჭირდება ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს იმპორტზე დამოკიდებულებას და აამაღლებს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხს. შესაბამისად, დიდი ყურადღება დაეთმობა არსებული განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით დააკმაყოფილოს, რომელიც პირდაპირ პასუხობს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გლობალურ გამოწვევებს და ამ კუთხით აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. ჰიდრორესურსების ოპტიმალური ათვისების პარალელურად, ენერგიის ცვალებადი განახლებადი წყაროების – მზისა და ქარის ენერგიების ათვისება და ინტეგრირება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებაში. ამასთანავე, ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და ქსელში ცვალებადი განახლებადი ენერგიების ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო გეგმავს კიდევ ერთი 270 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობას.

საბოლოოდ, მომდევნო წლებში საქართველოში არსებული გენერაციის ობიექტების დადგმული ჯამური სიმძლავრე 7 ათას მეგავატს გადააჭარბებს და ახალი სიმძლავრეების უდიდესი ნაწილი განახლებად ენერგიებზე მოვა: ელექტროენერგეტიკულ ბალანსში განახლებადი ენერგიების წილი 81%-ს შეადგენს.

საქართველოს მდინარეებისათვის დამახასიათებელი მკვეთრი სეზონურობიდან გამომდინარე, შემოდგომა-ზამთრის დეფიციტის შესავსებად, სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს სეზონური რეგულირების წყალსაცავის მქონე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რაც შეამცირებს დამოკიდებულებას, როგორც უშუალოდ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე, ასევე თბოსადგურების მუშაობისათვის საჭირო გაზის იმპორტზე. წყალსაცავის საშუალებით, შესაძლებელი იქნება გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში მდინარის უხვი ჩამონადენის დაგროვება და დეფიციტურ პერიოდში გამოყენება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების პიკური ენერგიის წარმოების უნარი, უზრუნველყოს ელექტროსისტემა ყველაზე დატვირთულ, პიკურ საათებში და ამით აარიდოს ძვირადღირებული იმპორტი, რაც გაზრდის, ერთი მხრივ, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების დონეს და, მეორე მხრივ, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას საექსპორტო ბაზარზე.

არსებული პროგნოზით, 2024 წლისათვის ქვეყნის განახლებად ენერგიებზე მომუშავე ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 4067 მგვტ-ს, ხოლო 2030 წლისათვის 6265 მგვტ-ს მიაღწევს.

ამოცანა 7.3: ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა

არსებული ენერგოდეფიციტის დასაბალანსებლად, ადგილობრივი რესურსების ათვისების პარალელურად, აქტიურად გატარდება ენერგიის დაზოგვისაკენ მიმართული ზომები, რაც შექმნის დამატებით საშუალებას, შემცირდეს ქვეყნის ერთიან ენერგეტიკულ ბალანსში იმპორტის წილი. ამ კუთხით, გაგრძელდება მუშაობა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში საწარმოო ციკლის ენერგოეფექტურობას, ასევე შენობების განახლებასა და მშენებლობას ენერგოეფექტური სტანდარტების შესაბამისად.

ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის და, შესაბამისად, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისთვის ჩატარდება ენერგოაუდიტები. ამისთვის შემუშავდება ენერგოაუდიტის სახელმძღვანელო წესები, სატრენინგო პროგრამების ფარგლებში, გადამზადდებიან ენერგოაუდიტორები და ჩამოყალიბდება აკრედიტაციისა და სერტიფიცირების სისტემა; ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, განახლდება შენობები; მოხდება შენობების ინვენტარიზაცია და ჩამოყალიბდება რეესტრი; ხელმისაწვდომი იქნება შენობებში ენერგოეფექტურობის დანერგვისთვის საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა და კომპიუტერული პროგრამები მუნიციპალურ დონეზე; გადამზადდება მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების კადრები; სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ენერგოეფექტურობის ღონისძიებების შედეგების მონიტორინგის მიზნით, შეიქმნება ენერგოდაზოგვის მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დადასტურების პლატფორმა, სადაც განთავსდება ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების შედეგების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ღონისძიებების დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, მეტ დაზოგილ ენერგიას და არსებული რესურსების ეფექტიანად მართვას.

ამოცანა 7.4: ენერგორესურსებზე წვდომისა და მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფა

ენერგეტიკის სექტორის საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო გააგრძელებს გადამცემი ინფრასტრუქტურის, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობას. მომავალი წლების განმავლობაში, საქართველოში დაგეგმილია 5800 კმ-ზე მეტი სიგრძის 500/400/220/154/110 კვ ელექტროგადამცემი ხაზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც მიზნად ისახავს, როგორც ახალი ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაციის, ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას.

საქართველოსა და მისი ენერგოსისტემის გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის მეზობელ ენერგოსისტემებთან ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლავ პრიორიტეტად რჩება კონცეფცია „საქართველო − ელექტროენერგეტიკული ჰაბი“.

ელექტროენერგიის ევროპულ ბაზართან პირდაპირი წვდომისა და ქვეყნის ენერგოსისტემის გამოწვევების საპასუხოდ, გაგრძელდება მუშაობა „საქართველო-ევროკავშირის წყალქვეშა გადამცემი ხაზის“ პროექტზე. პროექტი გულისხმობს წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას ფოთიდან შავი ზღვის გავლით და ამ გზით საქართველოს ელექტროსისტემის შავი ზღვის მოსაზღვრე ENTSO-E-ის წევრი ქვეყნების სისტემებთან დაკავშირებას. პროექტში, რეგიონისთვის მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოსთან ერთად ჩართულია სომხეთი, აზერბაიჯანი და რუმინეთი.

მომდევნო წლებში, ეტაპობრივად მოხდება მოძველებული თბოელექტროსადგურების აგრეგატების ჩანაცვლება თანამედროვე ტექნოლოგიებით, რის შედეგადაც ყოველწლიურად დაიზოგება მინიმუმ 600 მლნ მ3 დამატებითი იმპორტული გაზი.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა გარდაბანში კიდევ ერთი 270 მგვტ სიმძლავრის თანამედროვე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის პროექტზე.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი მოხმარების ენერგეტიკულ რესურსს ბუნებრივი გაზი წარმოადგენს, პრიორიტეტული იქნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, დანაკარგების მინიმიზაცია და საყოფაცხოვრებო გამოყენების გაზის მიწოდების ქსელის გაფართოება. შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა აღნიშნული რესურსის მოწოდების წყაროების შემდგომი დივერსიფიცირებისა და სტრატეგიული რეზერვების შექმნის მიმართულებით.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაზის მზარდი საპროგნოზო მოცულობების შეუფერხებელი და ეფექტიანი გადანაწილების, გაზსადენების შიდა სისტემის ოპერატიული მოქნილობისა და ექსპლუატაციის საიმედოობის შემდგომი ამაღლების მიზნით, სახელმწიფო განახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ძირითადი მონაკვეთებისა და განშტოებების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოებს. იგეგმება აგრეთვე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ბუნებრივი გაზის მოძველებულ გამანაწილებელ ქსელებზეც.

გარდა მილსადენებისა, იგეგმება ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელთა დანიშნულებაა მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი სისტემების გამტარუნარიანობის გაზრდა ან ნაკადის რევერსირება გაზის გადამისამართების მიზნით, კრიტიკულ სიტუაციაში, ქვეყანაში წარმოშობილი დეფიციტის აღმოსაფხვრელად. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ან დაგეგმილი საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების (SCP, AGRI, WS) ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილება.

2.2.7 ტრანსპორტი და ლოგისტიკა

მიზანი 8: საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და მდგრადი, ეფექტიანი სატრანსპორტო კავშირების უზრუნველყოფა

მთავრობის მიზანია საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და მდგრადი, ეფექტიანი სატრანსპორტო კავშირების უზრუნველყოფა, რაც შექმნის ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის უკეთ გამოყენების შესაძლებლობას. აღნიშნული პირდაპირ აისახება ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროში გამომუშავებული დამატებული ღირებულების ზრდაზე. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით დასახული მიზნის მისაღწევად, გაგრძელდება სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და ქსელის განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მეტად განვითარდება საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტი და გაუმჯობესდება სატრანსპორტო კავშირები, მოხდება საავიაციო ინდუსტრიის სწრაფი აღდგენა და სამოქალაქო ავიაციის დარგის შემდგომი განვითარება.

ამოცანა 8.1: სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და ქსელის განვითარება

საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, რაც გულისხმობს ეროვნული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მზარდ სისტემას, ახალ სარკინიგზო მარშრუტებს, საერთაშორისო აეროპორტებსა და გაფართოებულ საზღვაო ნავსადგურებს/ტერმინალებს, მათ შორის, ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების რეალიზებას.

ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, შეიქმნება ლოგისტიკური ცენტრები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, რაც შესაძლებელია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მულტიმოდალური ლოგისტიკური ქსელის შექმნისათვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად იქნეს გამოყენებული. ლოგისტიკური ცენტრის მასშტაბების განვითარება მოხდება საქართველოსა და რეგიონში არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის ამოცანაა, ერთი მხრივ, ლოგისტიკური ცენტრების განვითარების საწყის ეტაპზე საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში იმოქმედოს, როგორც პარტნიორმა და ასევე განაგრძოს მხარდაჭერა გრძელვადიან პერიოდში, რათა ლოგისტიკური ცენტრის განვითარების შესახებ ცნობადობის ამაღლების მეშვეობით მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო 3PL ოპერატორები და გლობალური მოთამაშეები.

ზემოაღნიშნული ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ხელს შეუწყობს ლოგისტიკური სერვისების, მათ შორის, დამატებითი ღირებულების მომსახურების განვითარებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მიწოდების ჯაჭვის მართვის გაუმჯობესების, საქონლის კონსოლიდაციისა და განაწილების ეფექტიანი ოპერაციების განვითარებაში.

გაგრძელდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს უსაფრთხოების ზრდა, მსვლელობის დროისა და ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირება. პროექტის დასრულების შემდეგ რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ავტომატური ბლოკირების სისტემის დამონტაჟებით – 100 მილიონ ტონამდე.

აზია-ევროპის სარკინიგზო დერეფნის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება, რაც წარმოადგენს ქვეყნის გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის წინაპირობას. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მარაბდა-კარწახის 180 კმ სიგრძის  სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა.

ამასთანავე, გაგრძელდება მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო უბნის  რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა წელიწადში 5 მლნ ტონა ტვირთბრუნვასა და 1 მლნ მგზავრთნაკადზე დამუშავებული პროექტის შესაბამისად (წელიწადში 15 მლნ ტონა ტვირთბრუნვის პერსპექტივით), რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია არსებულ სარკინიგზო ხაზზე ყველა დარგის ობიექტების სრული რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის, ასევე თურქეთში მარმარისის გვირაბის სატვირთო მატარებლებისთვის სრულად გახსნის შემდეგ, შესაძლებელი გახდება თურქეთის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისთვის სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის მიწოდება.

გრძელვადიან პერსპექტივაში ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს აქვს პოტენციალი, გახდეს საქართველოს გავლით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტი. მისი მეშვეობით, სატესტო რეჟიმში, უკვე ხორციელდება საკონტეინერო მატარებლების მიმოსვლა აზიიდან ევროპასა და ევროპიდან აზიაში.

ამოცანა 8.2: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის შემდგომი განვითარება და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება

საქართველოს ნავსადგურებში ტექნიკური გადაიარაღებითა და მომსახურების ხარისხის ამაღლებით, შესაძლებელი გახდება რეგულარული სატრანსპორტო სერვისების სტაბილურობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნული, ნავმისადგომის ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვასთან ერთად, შესაძლებელს გახდის გემების ფიქსირებული გრაფიკით მომსახურებას და რეგულარული გრაფიკის მქონე ბლოკმატარებლების ორგანიზებას.

საზღვაო დარგის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის მოხდება საზღვაო სერვისების გაციფროვნება, რის საფუძველზეც გემებისთვის შემცირდება ადმინისტრაციული ტვირთი. აღნიშნული აამაღლებს საზღვაო ტრანსპორტის ეფექტიანობას, უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ასპექტების მეტად გათვალისწინებას და ხელს შეუწყობს სექტორის ინტეგრაციას ციფრულ მულტიმოდალურ ლოგისტიკურ ჯაჭვში.

სატრანსპორტო კავშირების გაღრმავებისა და შავი ზღვის პოტენციალის მეტად ათვისების მიზნით, განახლდება კვლევა და გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინისა და თურქეთის ნავსადგურებს შორის საბორნე/საკონტეინერო მიმოსვლის განვითარების მიზნით.

სახმელეთო ტრანსპორტის დარგში არსებული გამოწვევების გათვალისწინებითა და თანამედროვე და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვისათვის, განხორციელდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რესტრუქტურიზაცია და რეფორმირება. ასოციირების შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, გაიმიჯნება სარკინიგზო ოპერატორები (სამგზავრო და სატვირთო) და ინფრასტრუქტურის მენეჯერი, უზრუნველყოფილი იქნება ინფრასტრუქტურის მენეჯერის ძირითადი ფუნქციების სამართლებრივი დამოუკიდებლობა და განისაზღვრება მისი დაფინანსების წესები, შეიქმნება სარკინიგზო ტრანსპორტის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო და სარკინიგზო ინციდენტებისა და შემთხვევების მოკვლევის ბიურო.

ამასთანავე, გაგრძელდება სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირი-საქართველოს ასოციირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებისა და რეგულაციების ეფექტიანად დანერგვა და შესრულება საერთაშორისო დერეფანზე ციფრული სისტემების განვითარების მიზნით, რომელშიც ინტეგრირებული იქნება დოკუმენტაციის ელექტრონული ცვლა და კონტეინერების მიკვლევადობის სისტემების ფუნქციონირება. გაგრძელდება შესაბამისი კვლევები და, მათი შედეგებიდან გამომდინარე, დაიგეგმება სატრანსპორტო დერეფნის გაციფრულების შემდგომი ნაბიჯები.

დაგეგმილია საკონტრეილერო გადაზიდვების პოტენციალის შესწავლა, რაც გარემოზე ნაკლები ზემოქმედებით დამატებით ტვირთის მოზიდვას მოემსახურება.

ზემოაღნიშნული პროექტების დასრულება ხელს შეუწყობს საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვების გამტარუნარიანობის, სისწრაფის, საიმედოობისა და საქართველოს დერეფნების დივერსიფიკაციის გაზრდას.

საერთაშორისო საგზაო ქსელის გარკვეული ნაწილი უკვე გაუმჯობესდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებით, რომლის ძირითადი მონაკვეთების დასრულებაც უახლოეს წლებშია დაგეგმილი. გაგრძელდება მუშაობა საგზაო უსაფრთხოების ამაღლების მიმართულებით, მათ შორის, საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში გაწერილი ღონისძიებების შესაბამისად.

ამოცანა 8.3: საჰაერო მიმოსვლის სწრაფი აღდგენა და სამოქალაქო ავიაციის დარგის შემდგომი განვითარება

საშუალო ან გრძელვადიან პერიოდში, საბაზრო მოთხოვნების გათვალისწინებით, მოხდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობის შესწავლა, რაც შეიძლება, განხილულ იქნეს, როგორც სატვირთო,  ისე სამგზავრო ხომალდების მიმართულებით. ამასთანავე, დაგეგმილია ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის შექმნა, რითაც ხელი შეეწყობა მოთხოვნის გაზრდას საჰაერო ტვირთებზე (მაგ.: მაღალი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე). საბაზრო მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაძლებელია საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის განვითარება კერძო ინვესტიციის მოზიდვით.

ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესებისა და ასევე ქუთაისის აეროპორტის მომსახურების არეალის გაზრდის მიზნით, 2023 წელს იგეგმება ახალი, 3,200-3,500-მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. აღნიშნული გააჩენს შესაძლებლობას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლონ დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდებმა, რაც შორი მანძილებიდან ახალი ავიამიმართულებების დამატების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ამასთანავე, ახალი ადზ-ის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას.

აეროპორტების შემდგომი განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის შემუშავდება სტრატეგიული რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზე განისაზღვრება საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების შემდგომი განვითარების გრძელვადიანი გეგმა.

გაგრძელდება ქვეყნის ლიბერალური პოლიტიკა სამოქალაქო ავიაციის სექტორში და გააქტიურდება მუშაობა ავიაკომპანიების მოზიდვისა და მეტი ახალი პირდაპირი მიმართულებების განვითარების კუთხით. ამასთანავე, შიდა ტურიზმის ხელშეწყობის, რეგიონებს შორის მობილობისა და უწყვეტი სატრანსპორტო კავშირის უზრუნველსყოფად, გაგრძელდება შიდა ფრენების სტიმულირება.

გაგრძელდება სამოქალაქო ავიაციის სფეროში ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებთან გაფორმებული ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციების, ასევე ICAO-ის სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის დანერგვა, რაც, პირველ რიგში, უზრუნველყოფს საავიაციო უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. ამასთანავე, ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების სტანდარტების დაცვის კუთხით, რეგიონში ლიდერი ქვეყნის პოზიციის შენარჩუნებას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ყურადღება გამახვილდება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით ბაზრის საჭიროებების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, ქვეყანაში ლოგისტიკური სტანდარტებისა და განათლების დონის საერთაშორისო დონემდე გაზრდა გრძელვადიანი ამოცანაა (საშუალოდ ათიდან თხუთმეტ წლამდე). აქედან გამომდინარე, საჭიროა პროაქტიული ნაბიჯების გადადგმა ქვეყანაში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მნიშვნელოვანია, მომზადდნენ ლოგისტიკის სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ სათანადო უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში და საფუძვლიანი განათლება მიწოდების ჯაჭვის მართვის ყველა ასპექტთან დაკავშირებით.

2.2.8 ციფრული ეკონომიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები

მიზანი 9: ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება

საქართველო მიისწრაფვის გლობალური კავშირის მქონე „ციფრული ჰაბის“ პოზიციის დამკვიდრების, ადამიანური კაპიტალის განვითარების, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და გაცილებით მეტი ადამიანისა და კომპანიის ჩართვისკენ გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში.

აღნიშნული ამბიციური მიზნების მიღწევა მოითხოვს ფართოზოლოვანი ინტერნეტის მასშტაბურ და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას, რაც საჭიროებს გასული ათწლეულის განმავლობაში დაფარვის გაზრდის მიზნით მიღწეული შედეგების გაფართოებას, შემდგომი ინვესტიციების მოზიდვასა და სამართლებრივი, მარეგულირებელი და ინსტიტუციური ჩარჩოების რეფორმების გატარებით. საყოველთაო და ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი კავშირის უზრუნველსაყოფად, მოსახლეობის, ბიზნესებისა და სამთავრობო უწყებების დაკავშირებამ 100 მბ.წმ-ზე მეტი სიჩქარის ინტერნეტთან უნდა განავითაროს კონკურენცია ბაზარზე, მოიზიდოს ინვესტიციები, განავითაროს უნარ-ჩვევები და გაზარდოს მოთხოვნა.

კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს, ასევე ციფრული ეკონომიკის შემდგომი განვითარების მიმართულებით გაგრძელდება აქტიური პოლიტიკა.

ამოცანა 9.1: მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარება

ქვეყანაში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტინფრასტრუქტურის გასავითარებლად, „ლოგ ინ ჯორჯიას“ პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, გაუმჯობესდება საკანონმდებლო ჩარჩო ფართოზოლოვანი ქსელებისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობისთვის, მათ შორის, სექტორში ინვესტიციების მოზიდვისა და 5G ქსელების განვითარების მიმართულებით. ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს 2030 წლისთვის დასახლებული პუნქტები დაიფაროს, სულ მცირე, 8000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელებით. ამასთანავე, ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდება სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კერძო სექტორის მიერ მეტი ინვესტიციის განხორციელებას გაციფროვნების მიმართულებით ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, უზრუნველყოფს ფართოზოლოვან ინტერნეტინფრასტრუქტურაზე მოთხოვნისა და კერძო და საჯარო სექტორის მხრიდან ციფრული სერვისების მიწოდება-გამოყენების დაჩქარებას ისეთ რეგიონებში, სადაც ასეთი სერვისი არ არის საკმარისად წარმოდგენილი ან არ არის ფართოზოლოვანი კავშირი.

ფართოზოლოვანი ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო განახორციელებს ციფრული უნარების განვითარებისთვის ხელშემწყობ აქტივობებს, მათ შორის, გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი და შშმ პირებისთვის, რათა ქვეყანაში ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს ციფრული ეკონომიკის სიკეთეებით. აღნიშნულ პროგრამებს შეუძლია სარგებლის მაქსიმალური ზრდა და კონფიდენციალურობასა და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანა, განსაკუთრებით შშმ პირებისთვის, „ონლაინ“ მყოფი ბავშვებისა და ხანშიშესული ადამიანებისთვის. ამასთანავე, მოხდება ინფორმაციული საზოგადოების კიბერკულტურის განვითარება და კიბერსაფრთხეებთან გამკლავებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, მათ შორის, სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთა განათლების დონის ამაღლება ციფრული უნარების განვითარების მიმართულებით.

ამოცანა 9.2: საქართველოს ციფრული ბაზრის განვითარება და სატრანზიტო პოტენციალის ათვისება

სატელეკომუნიკაციო ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, მოხდება სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და განხორციელდება საქართველოს გავლით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბების ღონისძიებები. აღნიშნული მიიღწევა, ერთი მხრივ, შავ ზღვაზე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების რაოდენობის ზრდით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოში ტექნოლოგიური გიგანტების (Google, Facebook, Amazon, Microsoft და ა.შ.) მონაცემთა (data) ცენტრების დაფუძნებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნით. ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ციფრული სატრანზიტო დერეფნის ფორმირებისთვის, მნიშვნელოვანია კრიტიკული მონაკვეთი, ტრანსკასპიური წყალქვეშა კავშირი, რომლის ექსპლუატაციაში შესვლა ხელს შეუწყობს გლობალური ინტერნეტკავშირის განვითარებასა და საქართველოში ციფრული ჰაბის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას.

ქვეყანაში ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების შემდგომი განვითარებისთვის გაგრძელდება ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან საქართველოს ციფრული ბაზრის ინტეგრაციის ღონისძიებები, მათ შორის, განხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საერთაშორისო როუმინგული ტარიფების ეტაპობრივად შემცირების ღონისძიებები, ევროკავშირის ქვეყნებთან ელექტრონული კომერციის პლატფორმების განვითარების აქტივობები და ა. შ. განვითარდება ელექტრონული მომსახურებები საჯარო და კერძო სექტორში, გაიზრდება ციფრული წიგნიერება, დაჩქარდება საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი, გაიზრდება მაღალტექნოლოგიური ექსპორტი, მეტად განვითარდება კვლევა და ინოვაციები, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამასთანავე, შემუშავდება და დამტკიცდება ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა.

2.2.9 ტურიზმი

მიზანი 10: ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა

2030 წლისთვის საქართველო მსოფლიოში ტურიზმის მიმართულებით მოწინავე პოზიციებს დაიკავებს, როგორც ყველა სეზონის, მომსახურების მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებების, პროდუქტებისა და უნიკალური შთაბეჭდილებების ქვეყანა. ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხის გაზრდა აისახება ინდუსტრიის გაძლიერებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, მეტი ყურადღება დაეთმობა ვიზიტორთა მხარჯველუნარიანობასა და მრავალფეროვნებას. აღნიშნული კი ხელს შეუწყობს მდგრადი ტურიზმის შემდგომ განვითარებას.

საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება ისეთი გზამკვლევის შექმნისკენ, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც პანდემიამდე არსებული შედეგების აღდგენას, ასევე მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღებას შემოსავლების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით. სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, რის შედეგადაც, 2030 წლისთვის გაორმაგდება პანდემიამდე მიღებული შემოსავლები და გაიზრდება საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირებული 9.3 მილიონიდან 13 მილიონამდე.

ამოცანა 10.1: საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე

პრიორიტეტული იქნება, როგორც ქვეყნის, ასევე ცალკეულ რეგიონებში სხვადასხვა ტურისტული პროდუქტების, აქტივობებისა და გამოცდილებების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა ადგილობრივი და საერთაშორისო მოგზაურებისთვის. შეირჩევა მიზნობრივი ბაზრები შემდგომი ფაქტორების გათვალისწინებით: საქართველოს შესახებ ცნობადობა, საჰაერო მისაწვდომობა, ვიზიტზე მაღალი საშუალო დანახარჯი, საშუალო ღამისთევა, გამყვანი ტურიზმის მასშტაბი და სხვა. ასევე მოხდება იმ სტრატეგიული ქვეყნების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელია პოსტპანდემიურ მოცემულობაში საქართველოს ტურისტული პროდუქტებისადმი მოთხოვნის გაჩენა და, პოზიციონირების მიზნით, სხვადასხვა მარკეტინგული არხის გამოყენება.

გარდა ამისა, წინასწარი შეფასებისა და გაანალიზების შემდეგ, თითოეული ბაზრის მიმართ გამოყენებული იქნება სხვადასხვა ინსტრუმენტი მთლიანად საქართველოსა და ცალკეული რეგიონების ცნობადობის გაზრდის მიზნით: საერთაშორისო ტურისტული გამოფენები, საერთაშორისო პრეს და გაცნობითი ტურები, სატელევიზიო რეკლამა და გადაცემებში ინტეგრირება, ონლაინკამპანიები საერთაშორისო პლატფორმებსა და სოციალურ მედიაში, პრეზენტაციებისა და როუდშოუების გამართვა, წარმომადგენლობითი კომპანიების ჩამოყალიბება პრიორიტეტულ მიზნობრივ ბაზრებზე, საერთაშორისო ბრენდული ფესტივალების მასპინძლობა, ცნობილი მოდის ინდუსტრიის ბრენდებთან კოლაბორაცია, ქვეყნის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლის გადაღება, ბრენდ-ამბასადორების აქტივაცია, ქვეყნის ერთიანი ბრენდის სტრატეგიის შექმნა, ტურისტული პროდუქტების (ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი), რეგიონების პოპულარიზაცია და ა. შ.

მიზნობრივი ბაზრების დივერსიფიცირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის მახასიათებლებზე დაყრდნობით მომზადებული მარკეტინგული გეგმების განხორციელებით გაიზრდება მოგზაურის ვიზიტიდან მიღებული შემოსავლის მოცულობა და ვიზიტზე გაჩერების საშუალო ხანგრძლივობა.

ამოცანა 10.2: შიდა ტურიზმის განვითარება

მდგრადობის უზრუნველყოფისთვის პრიორიტეტი მიენიჭება ეკო, აგრო/გასტრო, სოფლისა და გამოცდილებაზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქტის განვითარებას. ბუნებრივი და კულტურული რესურსის ჰარმონიული ბმა და სწორად ფორმირება არის შეთავაზების უნიკალურობის ხელშემწყობი, რადგან მასში მონაწილეობს ადგილობრივი თემი, გამოყენებულია არამატერიალური ტრადიციები და უნარები.

ტურისტული პროდუქტის სწორად დაგეგმვა-განვითარებისა და რესურსების მდგრადი გამოყენებისთვის, მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით, შემუშავდება სახელმძღვანელო პრინციპები. პოსტპანდემიურ მოცემულობაში მოგზაურთათვის მეტად მნიშვნელოვანია სპეციფიკური და კრეატიული პროდუქტების შეთავაზება, რაც მათ საშუალებას მისცემს, გამოსცადონ დანიშნულების ადგილის განსაკუთრებულობა.

კონკურენტუნარიანი პროდუქტის განვითარების ერთ-ერთ რესურსად მიჩნეულია რეგიონში სამეზობლო ქვეყნები. შესაბამისად, ჩამოყალიბდება ერთობლივი შეთავაზებები ტრანსრეგიონული/ტრანსასაზღვრო სათავგადასავლო თუ ეკო ტურისტული პროდუქტების განვითარების ფარგლებში და მოხდება მათი პოზიციონირება საერთაშირისო ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გენერირება მაღალგადახდისუნარიან სეგმენტზე მარკეტინგული აქტივობების კონცენტრაციასთან ერთად ხარისხიანი და მრავალფეროვანი შეთავაზებებით მიიღწევა. შესაბამისად, მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების განვითარებით მიღებული სარგებლის მაქსიმალურად ათვისების მიზნით, განხორციელდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიებები. შედეგად, ერთი მხრივ, ქვეყანაში შეიქმნება სამუშაო ძალა, რომელიც უპასუხებს კერძო სექტორის მოთხოვნას, ხოლო, მეორე მხრივ, მოხდება მოქალაქეთა სტიმულირება, დაეუფლონ ტურიზმის ინდუსტრიის პროფესიებს.

ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი განვითარებისა და მომსახურების დონის გაუმჯობესებისათვის დაიხვეწება საკანონმდებლო ბაზა, რის საფუძველზეც დაინერგება მოგზაურობის უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პოსტკოვიდ გარემოში კერძო სექტორის გაძლიერებასა და მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას. აღსანიშნავია, რომ განახლებული ტურიზმის კანონის მიხედვით, მოხდება ასოციირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ევროდირექტივების იმპლემენტაცია, მათ შორის, ტურიზმთან დაკავშირებული რამდენიმე პროფესიის (სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის) რეგულირება. ამასთანავე, საკანონმდებლო ბაზის ფორმირება გააძლიერებს ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის კოორდინაციას.

2.2.10 ინფრასტრუქტურის განვითარება

მიზანი 11: საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარება

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, ლოგისტიკური პოტენციალისა და რეგიონული ჰაბის შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად, გრძელვადიან პერიოდში, საქართველოს მთავრობის მხრიდან გაგრძელდება საბაზისო ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ, საავტომობილო გზების, წყალმომარაგების სისტემების, ნარჩენების მართვისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა.

ამოცანა 11.1: საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

მომდევნო წლების განმავლობაში საავტომობილო გზების განვითარების მიმართულებით იგეგმება სატრანზიტო პოტენციალის მკვეთრი ამაღლება, რეგიონული და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული, ისევე, როგორც სამრეწველო და კულტურული ცენტრების დამაკავშირებელი გზების, ტურისტული მნიშვნელობის წრიული რეგიონული გზებისა და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება-სრულყოფა. ეს მოიცავს საერთაშორისო საგზაო უსაფრთოების სტანდარტის გათვალისწინებით საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობას, მოდერნიზაციას, რეკონსტრუქციას, რეაბილიტაციასა და მიმდინარე და პერიოდულ შეკეთებას.

ამასთანავე, ევროკავშირის სტანდარტებსა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან დაახლოების მიზნით, უზრუნველყოფილი იქნება საგზაო კანონმდებლობისა და სტანდარტების ჰარმონიზაცია. აგრეთვე, ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება მართვის ეფექტიანობის ამაღლება.

საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტის ფარგლებში, 2025 წლისათვის დასრულდება დამატებით 108 კმ-მდე გზის მშენებლობა. 2030 წლისთვის კი სრულად დასრულებული იქნება წითელი ხიდი-სარფის არსებული მარშრუტის 430 კილომეტრი გზის მშენებლობა66. შედეგად, მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლად 8 საათისა, გახდება 4 საათი. გადაადგილების დასაშვები სიჩქარეები საშუალოდ გაიზრდება 80-100%-ით, ხოლო გამტარუნარიანობა გაიზრდება საშუალოდ 3-4-ჯერ.

აქვე უნდა აღინიშნოს საინჟინრო-ტექნოლოგიური თვალსაზრისით უპრეცედენტო, ქვეშეთი-კობის 22,7 კმ-იანი მონაკვეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია 1 ხიდის რეაბილიტაცია, 5 ხიდის და 5 გვირაბის, მათ შორის, ერთი 9 კმ სიგრძის, 15 მ დიამეტრიანი უწყვეტი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა კლდოვან ქანებში, რომლისთვისაც სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM, რომლის საშუალებითაც ვიბრაცია დაყვანილია მინიმუმამდე. აღნიშნული უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას. ხსენებულ პროექტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს და წარმოადგენს პასუხს წლების განმავლობაში არსებულ გამოწვევაზე.

რეგიონული განვითარების კუთხით აღსანიშნავია კახეთის რეგიონში დაგეგმილი ჩქაროსნული მაგისტრალის 139 კმ მონაკვეთების ეტაპობრივი მშენებლობა, რომლის შედეგადაც გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების პირობები, გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა და შემცირდება გადაადგილების დრო.

დაწყებულია და 2024 წლამდე ეტაპობრივად დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის 73 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც საშუალებას მოგვცემს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დღეისათვის საჭირო 4-საათიანი დრო შემცირდეს 1,5 საათით.

2025 წლამდე, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია 1500 კმ-მდე სხვადასხვა საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთება და 150-ამდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომლის განხორციელების შემდგომ, მიმდინარე მაგისტრალური პროექტების დასრულების პარალელურად, მოწესრიგდება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 95%, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 80%.

2025 − 2030 წლებში კი, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია 2000 კმ-მდე სხვადასხვა საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთება და 250-ამდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომლის განხორციელების შემდგომ, აღნიშნულ პერიოდში დაგეგმილი მაგისტრალური პროექტების დასრულების პარალელურად, მოწესრიგდება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 97%, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების – 93% რომლის დარჩენილ 7%-ზე მოეწყობა ხრეშოვანი საფარი, რითაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სტანდარტით ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება.

ამოცანა 11.2: საქართველოს მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა

მომდევნო წლებში დაგეგმილი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ხელს შეუწყობს რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივ მაცხოვრებლებზე.

ქვეყნის სრული მოსახლეობის შესაბამისი სტანდარტის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად და ხსენებული გამოწვევების საპასუხოდ, 2030 წლისთვის წყალმომარაგების სექტორში ეტაპობრივად უზრუნველყოფილ იქნება:

24-საათიანი წყალმომარაგება ურბანულ დასახლებებში და მოსახლეობის სრული ხელმისაწვდომობა წყალმომარაგებაზე, რისთვისაც მომდევნო წლებში იგეგმება ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება, წყალმომარაგების ამორტიზებული ქსელის შეცვლა და ქსელზე ავარიების რაოდენობის შემცირება.

უზრუნველყოფილი იქნება სტანდარტებთან შესაბამისი წყალმომარაგება, მათ შორის, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ლაბორატორიების განახლება, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.

მეტი ეფექტიანობისთვის დაგეგმილია წყალმომარაგების სექტორში ინოვაციების დანერგვა, მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველებისა და წყლის ხარჯ-მზომების დამონტაჟება, აგრეთვე თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური აღჭურვილობის დანერგვა ოპერირების სრულ არეალში, მონიტორინგის, ქსელის მონაცემების შეგროვებისა და მათი ანალიზის უზრუნველსაყოფად.

დაგეგმილია გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება, რისთვისაც განხორციელდება წყალარინების ქსელისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი საშუალებების მოწყობა, რაც შეამცირებს ჩამდინარე წყლებით გარემოს დაბინძურებას.

განსახორციელებელი პროექტების შედეგად, 2025 წელს საქართველოს ქალაქების მოსახლეობის 100%-ს ექნება უწყვეტი ხელმისაწვდომობა სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე, ხოლო 2030 წლისთვის, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტებით, მთელი ქვეყნის მოსახლეობის 100%-ს ექნება წვდომა სტანდარტების შესაბამის წყალზე.

ამოცანა 11.3: რეგიონებში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება

მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობა გეგმავს მოწესრიგებული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.

აღნიშნულის რეალიზებისთვის აშენდება ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტები და გადამტვირთავი სადგურები, აგრეთვე უზრუნველყოფილი იქნება მათი სათანადო მართვა. განხორციელდება არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელების ეტაპობრივი დახურვა. ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხელი შეეწყობა მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისების გაუმჯობესებას.

დაგეგმილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობა, კერძოდ, 2025 წლისთვის დასრულდება 4 ობიექტის (ქუთაისის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის), ხოლო 2030 წლისთვის დამატებით 2 ობიექტის (ცენტრალური საქართველო) მშენებლობა.

ამოცანა 11.4: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა

თვითმმართველი ერთეულების შესაძლებლობების გაძლიერება და ხელმისაწვდომობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციური მიმართულებებით მომდევნო წლებში კვლავ რჩება საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან ამოცანად. მათ შორის, დაგეგმილია საბაზისო, საგანმანათლებლო, სპორტული, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მომდევნო წლებში დაგეგმილია კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაცია; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.

2.2.11 რეგიონული განვითარება

მიზანი 12: ევროკავშირის ღირებულებებთან ჰარმონიზებული რეგიონული პოლიტიკის განხორციელება და მაღალმთიანი რეგიონების განვითარება

მომდევნო წლებში დაგეგმილია ევროკავშირის კარგი პრაქტიკისა და შესაბამისი დაგეგმვისა და განვითარების პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით ეფექტიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელება.

ამოცანა 12.1: რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა

2020 – 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) განხორციელების კვალდაკვალ, დაგეგმილია შემდგომი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამული დავალებ(ებ)ის მომზადებისა და განხორციელების გაგრძელება.

შესაბამისი დაგეგმვისა და განვითარების პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით, რეგიონული პოლიტიკის განხორციელება უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ევროკავშირის სტრუქტურული ფონდების ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას (2021 – 2027 წლების კოჰეზიის პოლიტიკის ბიუჯეტი 392 მილიარდი ევრო), ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლების, დაბალანსებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების დონის გაუმჯობესების რეგიონული უთანაბრობების შემცირებისა და ტერიტორიული გათანაბრების (კოჰეზიის) გაზრდის ხელშეწყობას. აღნიშნული პოლიტიკის განხორციელების გაგრძელება უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებში უთანაბრობების აღმოფხვრას, რეგიონული მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდას, მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

ამოცანა 12.2: მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის ცხოვრებისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობებისა და საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

მომდევნო წლების განმავლობაში ყურადღება დაეთმობა მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას. გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და საჯარო სერვისების განვითარება. დაგეგმილია მთაში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო პირობების შექმნა/გაუმჯობესება და მაღალმთიანი რეგიონების საჭიროებებზე მორგებული საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობის/განვითარების ხელშეწყობა.

მაღალმთიანი დასახლებების ეკონომიკური საქმიანობის წახალისებაზე მიმართული ღონისძიებებისა და ამ დასახლებებში საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად, დასახლებებში გაიზრდება მაღალმთიან საწარმოთა რაოდენობა და აქ დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი.

2.2.12 სოფელი და სოფლის მეურნეობა

მიზანი 13: საქართველოს აგროსასურსათო სექტორში არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა

საქართველოში წარმოებული აგროსასურსათო პროდუქცია იქნება აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი და ისეთი ფორმით მიწოდებული ბაზარზე, რომელსაც თანამედროვე სტანდარტები და მოთხოვნები ითვალისწინებს. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუჭერს მხარს სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას. 2030 წლამდე პერიოდში, აგროსასურსათო სექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მხარდასაჭერად გარგძელდება ყველა სისტემური და საგრანტო პროექტი. ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, შემუშავდება ახალი განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე ორიენტირებული პროგრამები.

ამოცანა 13.1: აგროსასურსათო სექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების უზრუნველყოფა

თანამედროვე ეტაპზე აგროსასურსათო სექტორის წინაშე მდგომ უმნიშვნელოვანეს ამოცანას სოფლისა და სოფლის მეურნეობის მაღალი ტექნოლოგიების საფუძველზე განვითარება წარმოადგენს. 2030 წლამდე ძირითადი ამოცანა ხარისხისა და წარმოების ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა იქნება, რაც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანობის მიღწევას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

აგროსასურსათო სექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისათვის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისების სტიმულირებას, ასევე სასათბურე მეურნეობების შექმნას. განსახორციელებელი ღონისძიებები მიმართული იქნება მაღალპროდუქტიული სათესი და სარგავი მასალის, მექანიზაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და თანამედროვე აგროტექნოლოგიური ღონისძიებების აქტიურ გამოყენებაზე. მეცხოველეობის მიმართულებით აქცენტი გაკეთდება თანამედროვე ინტენსიური ფერმების და სანაშენე მეურნეობების შექმნაზე, ფერმერებისათვის მაღალპროდუქტიულ ჯიშებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. გატარდება ღონისძიებები გადამამუშავებელი, შემნახველი და დამხმარე ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. ასევე ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება სურსათის უვნებლობისა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. გაძლიერდება სამეცნიერო-კვლევითი, ლაბორატორიულ/დიაგნოსტიკური, ცხოველთა და მცენარეთა მოვლის/დაცვის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური შესაძლებლობები.

მეცხოველეობის მხარდაჭერის მიზნით, ფერმერულ მეურნეობებში ხელი შეეწყობა მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დანერგვას, ხელოვნური განაყოფიერების სისტემის ჩამოყალიბებას, მაღალპროდუქტიული ჯიშების გავრცელებას, საკვებწარმოებისთვის საჭირო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ფერმერების გადამზადებას შესაბამისი მიმართულებებით.

ჩამოყალიბდება სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ჯიშური მიკვლევადობის სისტემა. ადგილობრივი შინაური ცხოველების, ფრინველის, თევზისა და სასარგებლო მწერებისთვის შემუშავდება ჯიშური სტანდარტები, ბონიტირების წესები, მონიტორინგის განხორციელების სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ჯიშური მიკვლევადობის სისტემა დაკავშირდება ცხოველთა რეგისტრაციის ერთიან ბაზასთან. სელექციურ სამუშაოებში ჩართული მეურნეობებისთვის შეიქმნება სერტიფიცირების ნორმატივები სანაშენე სტატუსის მისანიჭებლად. ცხოველთა ფერმერულ მეურნეობებში განხორციელდება ჯიშური კონტროლი. შემუშავდება სანაშენე მუშაობის მოკლევადიანი და პერსპექტიული გეგმა. დადგენილი წესით ჩატარდება ბონიტირება და მოხდება ჯიშისადმი კუთვნილების დამადასტურებელი პასპორტების, სანაშენე სტატუსისა და კლასის დოკუმენტური უზრუნველყოფა.

ხელოვნური განაყოფიერების დანერგვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ჯიშების გავრცელების მიზნით, შეიქმნება ადგილობრივი ჯიშების გენბანკი. განხორციელდება ინტროდუქცირებული ჯიშების ფერმერული მეურნეობების მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ხელი შეეწყობა თანამედროვე კვებითი ნორმებისა და ულუფების დანერგვას. ხელი შეეწყობა სანაშენე ფერმერულ მეურნეობებში არსებული საძოვრების მდგრად მართვას.

გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოების წილი, ხოლო ოჯახურ მეურნეობებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეამცირონ პროდუქციის თვითღირებულება. მკვეთრად შემცირდება სეზონურობის ფაქტორი და ბაზარი უწყვეტად იქნება უზრუნველყოფილი პროდუქციით. გაიზრდება ინდუსტრიული/მაღალპროდუქტიული საქონლის სულადობა. ასევე გაიზრდება მეხორცული მიმართულების საქონლის სულადობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის თვითუზრუნველყოფის დონის გაუმჯობესებას.

მეფუტკრეობის მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევისა და ერთგვაროვანი პროდუქციის მიღების ხელშეწყობის მიზნით, გამოიყოფა დამატებითი რესურსები, რაც უზრუნველყოფს მოძველებული სკებისა და შესაბამისი ინვენტარის ჩანაცვლებას, ფერმერების წახალისებასა და მათი ცნობიერების ამაღლებას, წარმოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, შესაბამისი პრეპარატების მართებულად შერჩევასა და გამოყენებას.

აკვაკულტურის განვითარებისათვის განხორციელდება ქვეყნის თევზის რესურსების ინვენტარიზაცია, განისაზღვრება პერსპექტიული თევზის სახეობებისა და თევზსამეურნეო დანიშნულების წყლის ფონდი, შეფასდება ქვეყნის თევზის რესურსების ეკოლოგიური და ეკონომიკური მდგომარეობა, შემუშავდება მდგომარეობის სამომავლო პროგნოზირების მეთოდოლოგია. დაინერგება თევზის რესურსების სტაბილური გამოყენების მეთოდები, რაც მიმართული იქნება წყლის ეკოსისტემების ძირითადი ფუნქციონალური თავისებურებების შენარჩუნებისაკენ და ბიოლოგიური რესურსების თვითაღწარმოების უზრუნველყოფისაკენ. დაინერგება ინდუსტრიული აკვაკულტურის ეკოლოგიურად მიზანშეწონილი ტექნოლოგიები და ქვეყნის იხტიოფაუნის რეკონსტრუქციის ხერხები და ექსტენსიური აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების პროდუქციული პროცესების ამაღლებისა და მდგრადი მართვის მეთოდები. სელექციის ეფექტიანი მეთოდების დანერგვით, შეიქმნება წყლის ბიოლოგიური ორგანიზმების მაღალპროდუქტიული ჯიშები. დაინერგება წყლის ბიოლოგიური ორგანიზმების კულტივირებისა და გამოზრდის, ასევე რეწვის ეფექტიანი ტექნიკა და მექანიზმთა სისტემები. შემუშავდება და დაინერგება ქვეყნის თევზის მეურნეობის მართვის რაციონალური სისტემები, მოხდება ქვეყნის თევზის მეურნეობის ტერიტორიულ-საწარმოო სტრუქტურის ოპტიმიზაცია.

ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის, მაღალ დონეზე განვითარებისათვის განხორციელდება ხარისხიანი სათესლე მასალის გამოყენების ხელშემწყობი ღონისძიებები, გაიზრდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა, რაც ხელს შეუწყობს, როგორც სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ასევე მეცხოველეობის მიმართულებით თვითღირებულების შემცირებას. გაგრძელდება და შემუშავდება ახალი პროექტები სასათბურე მეურნეობების განვითარების მიმართულებით. იმერეთის აგროზონის პროექტის შემდგომი განვითარებით უზრუნველყოფილი იქნება დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ, სასათბურე სექტორის (მწვანილისა და სასათბურე ბოსტნეულის) საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირება და საექსპორტო შემოსავლების ზრდა. ჯამურად გაშენდება 170 ჰა სასათბურე მეურნეობა. შეიქმნება შემგროვებელი ლოგისტიკური ცენტრი, რომლის მინიმალური წარმადობა დღეში 200 ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იქნება.

მარცვლეული სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, ამიტომ წარმოების ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით შემუშავდება ღონისძიებები თვითუზრუნველყოფის დონის გასაუმჯობესებლად.

მრავალწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის მაღალ დონეზე განვითარებისათვის შემუშავდება კომპლექსური ღონისძიებები, გაგრძელდება და დაიხვეწება თანადაფინანსების პროგრამები ნერგების შეძენის, თანამედროვე სანერგე მეურნეობების მოწყობის, წვეთოვანი სარწყავი სისტემებისა და სადედე ბაღის მოწყობის მიზნით. შემუშავდება მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემები და ხელი შეეწყობა მათ გავრცელებას.

განხორციელდება სანერგე და სათესლე მეურნეობების ფუნქციონირების სისტემის სრულყოფა და მისი საერთაშორისო სისტემებთან ჰარმონიზება. კერძოდ, შეიქმნება სათესლე და სანერგე მეურნეობების ერთიანი რეესტრი. გაფართოვდება თესლისა და ნერგების სერტიფიცირების სფერო და გაიზრდება ლაბორატორიული სიმძლავრეები. განხორციელდება შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური მხარდაჭერა სანერგე და სათესლე მასალის მწარმოებელი ფერმერებისთვის. გაგრძელდება საერთაშორისო ორგანიზაციების სანერგეებიდან მიღებული გენეტიკური მასალების გავრცელების ხელშეწყობა.

გაგრძელდება თანამედროვე ახალი და ინოვაციური აგროტექნოლოგიების აპრობაცია და ადაპტაცია გლობალური დათბობის მოცემულობისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით დაინტერესებულ ფერმერულ მეურნეობებში.

მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მევენახეობის ზონებში დასრულდება ვენახების კადასტრის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნას. უზრუნველყოფილი იქნება ვენახების მიკვლევადობა და მუდმივ რეჟიმში მოხდება ცვლილებების ასახვა ერთიან საკადასტრო სისტემაში. ახალი ვენახები გაშენდება სერტიფიცირებული ვაზის ნერგებით. კომპლექსური ღონისძიებების გატარების შედეგად სახელმწიფო სრულად გამოვა, როგორც ყურძნის სუბსიდირებიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ყურძნის შესყიდვიდან. ადგილწარმოშობის მიკროზონების ეფექტიანი კონტროლისთვის ხელი შეეწყობა ადგილობრივი ასოციაციების შექმნას, რომლებზეც მოხდება კონტროლის მექანიზმების ნაწილის დელეგირება.

ხელი შეეწყობა ქართული ღვინის „ნიშური“ სეგმენტიდან მასობრივი მოხმარების სეგმენტზე გადასვლას, ცნობადობის ამაღლებას, რაც ასევე პირდაპირპროპორციულად აისახება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდაზე. საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ხელი შეეწყობა ე. წ. „ახალი ბაზრების“ (ევროპის ყველა ქვეყანა, კორეა, კანადა, აზიის ქვეყნები) ათვისებას. გაგრძელდება და გაფართოვდება თანამშრომლობა მსოფლიოში ცნობილ ღვინის მაგისტრებთან, ინფლუენსერებთან, ბლოგერებსა და ღვინის დარგის პროფესიონალებთან.

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მიმართულებით ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, გამოიყოფა დამატებითი რესურსები და გაგრძელდება „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“. განხორციელდება პროგრამები თანადაფინანსების პრინციპით: მოსავლის ამღები მანქანებისა და მარტივი ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მარაგნაწილების ადგილზე წარმოების, რემონტისა და სერვისული მომსახურების მიმართულებით. აგროტექნიკური ღონისძიებები განხორციელდება აგროვადების დაცვით, მოხდება მაღალეფექტიანი და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვა და აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წარმოებაში ჩართვა.

სასოფლო-სამეურნეო წარმოების დარგობრივი განვითარება განხორციელდება კომპლექსურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დამამუშავებელი, შესანახი, შესაფუთი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს.

სოფელ ჯიღაურის ექსპერიმენტულ ბაზაზე მოეწყობა მაღალტექნოლოგიური სასწავლო-სადემონსტრაციო სივრცე, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებული, საწარმოებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, განხორციელდება ხილის შენახვისა და გადამუშავების თანამედროვე, ნაკლებდანაკარგიანი ტექნოლოგიების კვლევები.

შემუშავდება ტრადიციული და ახალი კონკურენტუნარიანი პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგიები და რეცეპტურა, დაიგეგმება მათი დანერგვის ხელშემწყობი ღონისძიებები. ასევე განხორციელდება უნარჩენო ტექნოლოგიების კვლევა და ხელი შეეწყობა მის დანერგვას. გადასამუშავებელ საწარმოებში არსებული ნარჩენების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, შემუშავდება შესაბამისი ტექნოლოგიები, მოეწყობა სადემონსტრაციო დღეები.

გაგრძელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს დარგის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ფერმერებისთვის წარმოების საშუალებების ხელმისაწვდომობის ზრდასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე.

სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა წარმმართველი უწყებისა (Managing Authority) და გადამხდელი სააგენტოს (Paying Agency) სრულყოფილად ჩამოყალიბების მიმართულებით. ინსტიტუციური რეფორმის განხორციელება უზრუნველყოფს შედეგზე ორიენტირებული, ერთიანი მიდგომის დანერგვას სოფლის განვითარების ევროპული მმართველობის პრინციპების შესაბამისად და ხელს შუწყობს ევროინტეგრაციის პროცესს.

ამოცანა 13.2: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტიანი სისტემების განვითარება

სურსათის უვნებლობის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის ჩამოსაყალიბებლად გაიზრდება ბიზნესოპერატორთა სახელმწიფო კონტროლის რაოდენობა (გეგმური ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება ყოველწლიურად გაიზრდება დაახლოებით 800-ით, ხოლო სურსათის ლაბორატორიული კვლევების რაოდენობა ყოველწლიურად – დაახლოებით 500-ით), კონტროლის განხორციელების მექანიზმებს კი დაემატება აუდიტი. სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი ახალი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე განსახორციელებელი სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად, შემუშავდება შესაბამისი სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ინსტრუქციები.

2030 წლამდე საქართველოში მოქმედ ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტის გამომყენებელ ნებისმიერ საწარმოს, ასევე სასურსათო დანიშნულების ცხოველთა საკვების ბიზნესოპერატორებს (გარდა პირველადი წარმოებისა) დანერგილი ექნებათ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა.

სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო გაივლის აკრედიტაციას საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. დაინერგება ელექტრონული სერტიფიცირების პროცედურები, რომელიც ჰარმონიზებული იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, განხორციელდება ინსტიტუციური განვითარება/ინფრასტრუქტურული გაძლიერება, რისკების ანალიზი, რისკის მართვის ზომების შემუშავებისა და განხილვის პროცედურების სრულყოფა.

ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევა-შენარჩუნების მიზნით, ცხოველთა ჯანმრთელობის დასაცავად ყოველწლიურად განხორციელდება პრევენციული ღონისძიებები. საქართველო, როგორც დაავადება თურქულის კონტროლის ევროპული კომისიის (EuFMD) წევრი ქვეყანა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ხელს შეუწყობს 2030 წლისათვის ქვეყანაში თურქულის დაავადების ერადიკაციას (აღმოფხვრას). ასევე საქართველო გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ჯანმოსა და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის პროგრამაში, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის მსოფლიოში ნულამდე უნდა იქნეს დაყვანილი ძაღლიდან ადამიანზე ცოფის ვირუსის გადაცემის შემთხვევები.

ქვეყანაში მსხვილფეხა საქონლისა და ღორის გადაადგილებასა და ვაჭრობაზე ზედამხედველობის გაზრდის მიზნით, ამოქმედდება ტექნიკური რეგლამენტი „ცხოველთა ჯანმრთელობის ზეგავლენა მსხვილფეხა საქონლითა და ღორით ქვეყანაში ვაჭრობაზე დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმად, გატარებული ღონისძიებების შედეგადაც ეტაპობრივად დაიწყება მსხვილფეხა საქონლის გამოკვლევები და პროფილაქტიკური ვაქცინაცია ბრუცელოზზე, ლეიკოზსა და ტუბერკულოზზე.

განხორციელდება მსხვილფეხა, წვრილფეხა საქონლისა და ღორის იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, ხოლო 2023 წლიდან – საფუტკრეების რეგისტრაცია. სრულყოფილად იფუნქციონირებს ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისი, ყოვლისმომცველი ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის ელექტრონული პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო კონტროლის დაგეგმვის, განხორციელებისა და მიღებული შედეგების ანგარიშების მომზადებას.

ცხოველთა სეზონურ საძოვრებზე მიგრირებული ცხოველებისათვის განკუთვნილ გადასარეკ ტრასაზე არსებულ ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე (რაც ამ ეტაპზე შეადგენს 7 ერთეულს) განხორციელდება წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავება, რითაც თავიდან იქნება აცილებული ვექტორებით გამოწვეული დაავადებების გავრცელება.

იფუნქციონირებს ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგის პროგრამა ზოონოზურ აგენტებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საშიშ სხვა აგენტებში. ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება ვეტერინარული პრეპარატების ელექტრონული რეცეპტით გაცემის სისტემა. ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით ამოქმედდება სამკურნალო საშუალებათა პოსტრეგისტრაციული და პოსტმარკეტინგული მონიტორინგი.

საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის კონტროლისა და პრევენციისათვის განხორციელდება კონტროლის სისტემების შემუშავება და გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ აღიარებული სტანდარტის მექანიზმებით. შეიქმნება მცენარეთა განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონები. გაიზრდება სახელმწიფო ფიტოსანიტარიული კონტროლის განმახორციელებელი პირების კომპეტენციები და ლაბორატორიული კვლევების შესაძლებლობები. გაგრძელდება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროების ევროკავშირთან ასოციირების შეთანხმების გეგმით გათვალისწინებულ, ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოება.

სსიპ − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია მიიღებს რეფერენს სტატუსს და მოახდენს სადავო კვლევების გადამოწმებას. აგრეთვე ის მენტორინგს გაუწევს ქვეყანაში მოქმედ ლაბორატორიებს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვასა და პროფესიული გამოცდების ჩატარებაში. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოდან საექსპორტო პროდუქციის რაოდენობის ზრდის მიზნით, ყოველწლიურად დაინერგება შესაბამისი სასურსათო პროდუქტების ტესტირებისათვის საჭირო კვლევები. 2022 − 2025 წლებში იგეგმება ახალი ლაბორატორიების მშენებლობა სურსათის კვლევის მიმართულებით თბილისსა და ქუთაისში.

განხორციელდება სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის სფეროში ინიციირების საფუძველზე მიღებული რისკების შეფასება. ჩატარდება კვლევები ფიტოსანიტარული, ვეტერინარული და სურსათისმიერი საფრთხეების  იდენტიფიცირების, მათი სტატუსის, გავრცელების გზებისა და პოტენციალის განსაზღვრის მიზნით. საფრთხეების ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვისთვის შემუშავდება რეკომენდაციები. 

ამოცანა 13.3: ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესება

არაწყალუზრუნველყოფილი მიწების წყალუზრუნველყოფილი მიწების კატეგორიაში გადაყვანის მიზნით, განხორციელდება არაფუნქციონირებადი წყალსაცავების აღდგენა-რეაბილიტაცია, ახალი წყალსაცავების მოწყობა, სათავე-ნაგებობების, მაგისტრალური არხებისა და მათზე მოწყობილი ჰიდროტექნიკური ნაგებობების (გვირაბები, აკვედუკები, გალერეები და სხვა) საპროექტო პარამეტრებში აღდგენა/რეაბილიტაცია/გაწმენდა, ნაწილობრივ სარწყავი და ურწყავი მიწების რეგულარული სარწყავი მიწების კატეგორიაში გადაყვანა, გამანაწილებელი ქსელის (II და III რიგის არხები) აღდგენა/რეაბილიტაცია/გაწმენდა (საჭიროების შემთხვევაში, ახლის მოწყობა), წყლის ზედაპირული მიშვებით მორწყვის სქემის სრულყოფისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, წვეთურად და დაწვიმებითი წესით მორწყვა, წყალგანაწილების კვანძების მექანიკური მოწყობილობების ხელის მართვიდან ელმართვაზე და დისტანციური მართვის სქემაზე გადაყვანა (მოდერნიზაცია) და ჰიდრომეტრიული მოწყობილობებით აღჭურვა.

განხორციელდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურის (სათავე ნაგებობები, გვირაბები, დიუკერები, აკვედუკები, გალერეები, წყალგამყოფი კვანძები და სხვა) საპროექტო პარამეტრებში აღდგენა და მათი კონსტრუქციული მდგრადობის გაუმჯობესება.

დაშრობქსელიანი ფართობებიდან წყლის მოცილების მიზნით, განხორციელდება მაგისტრალური არხების, ძირითადი (I და II რიგის) კოლექტორების მცენარეული საფარისგან გათავისუფლება, აღდგენა/რეაბილიტაცია/გაწმენდა და მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების (მათ შორის, სატუმბი სადგურების) საპროექტო პარამეტრებში აღდგენა (საჭიროების შემთხვევაში, ახლის მოწყობა).

მექანიკური მორწყვის სისტემების აღდგენის მიზნით, განხორციელდება ეკონომიკურად გამართლებული სატუმბი სადგურების, მათი სადაწნეო მილსადენებისა და შიდა სასოფლო-სამეურნეო სარწყავი ქსელის აღდგენა-რეაბილიტაცია.

ამოცანა 13.4: მიწის მდგრადი მართვის განვითარება

შეიქმნება მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა - დაინერგება მიწის კადასტრის წარმოების მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც იწარმოება მიწის ბალანსის განახლებადი მონაცემები. შედეგად, აღირიცხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსები ბუნებრივი, სამეურნეო, სამართლებრივი, ეკოლოგიური და ეკონომიკური მონაცემების მიხედვით. დაინერგება სატელიტური მონიტორინგის სისტემა (remote sensing), შეიქმნება მიწათსარგებლობისა (Land Use) და მიწის დაფარულობის (Land Cover) მონაცემები და ინიციირებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. შემუშავდება მეთოდოლოგია მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კატეგორიების განსაზღვრისა და ცვლილების შესახებ.

განხორციელდება ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია, სტატუსის მინიჭება, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, აღდგენა, რეაბილიტაცია, გაშენება, მართვის გეგმების შემუშავება და, საქართველოს კანომდებლობის მიხედვით, მათი მდგრადი მართვა.

განხორციელდება საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასების მდგრადი მართვის პრინციპების ინიციირება და დანერგვა.

უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ნიადაგების შესახებ არსებული მონაცემების შეგროვება და ჩამოყალიბდება განახლებადი ბაზა. შემუშავდება ნიადაგის დაცვის, ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვისა და მიზნობრივი გამოყენების სამართლებრივი და ტექნიკური ნორმები. დაინერგება შესაბამისი მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა.

შემუშავდება კონკრეტული სამართლებრივი ნორმები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყენებისა და დაცვის შესახებ. მიღებული იქნება მიწათსარგებლობის, მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესი და შემუშავდება და დაინერგება შესაბამისი სისტემა. გაგრძელდება საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა, შეფასება, შესაბამისი გეომონაცემთა ბაზისა და ნიადაგის თემატური რუკების შექმნა, განახლება და დეტალიზაცია ნიადაგის ციფრული კარტოგრაფირების მეთოდების გამოყენებით. ნიადაგის მდგომარეობის საველე მონიტორინგის ჩატარების გზით, განხორციელდება უკვე შექმნილი წვრილმასშტაბიანი ციფრული რუკების პერიოდული განახლება და დეტალიზაცია.

ჩამოყალიბდება ნიადაგის შესახებ საინფორმაციო სისტემა − ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების (NSDI) პროექტისა და ნიადაგის მსოფლიო საინფორმაციო სისტემის − GLOSIS მოთხოვნების შესაბამისად. შემუშავდება დეგრადირებული ნიადაგების აღდგენის მეთოდები. შესწავლილი იქნება სასუქების, მელიორანტებისა და ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგიების ეფექტიანობა, ნიადაგის მდგრადი მართვისა და ნაყოფიერების ამაღლების ოპტიმალური მეთოდები. განხორციელდება კვლევები და გაიცემა რეკომენდაციები სასოფლო-სამეურნეო კულტურების თავისებურებისა და ნიადაგის მდგომარეობის გათვალისწინებით, ნიადაგის დამუშავების, სარწყავი სისტემებისა და რწყვის ნორმების, სასუქებისა და მელიორანტების გამოყენების სქემებისა და მათთან დაკავშირებული თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

2.2.13 გარემოს დაცვა

მიზანი 14: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, მდგრადი და კლიმატგონივრული მართვის უზრუნველყოფა

ქვეყანაში დამკვიდრდება თანამედროვე და განხორციელებადი გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მმართველობა მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო მიდგომების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს გარემოს უკეთეს სტატუსს და, შესაბამისად, დადებითად იმოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

ამოცანა 14.1: კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ მოსახლეობის მოწყვლადობის შემცირება

კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის გაზრდის მიზნით, უპირველეს ყოვლისა მომზადდება ადაპტაციის გრძელვადიანი ხედვა. ასევე შეიქმნება მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც გაძლიერდება აუცილებელი კომპონენტებით: საქართველოს ძირითადი მდინარეების აუზში ჰიდირომეტეოროლოგიური საფრთხეების (წყალდიდობა-წყალმოვარდნა, გვალვა, ძლიერი ქარი, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) გამოვლენა და ავტომატური ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელისა და სადამკვირვებლო პუნქტების გაფართოება; ამინდისა და ჰიდროლოგიური პროგნოსტიკული მოდელების დანერგვა მძლავრი გამოთვლითი ტექნიკის მეშვეობით, აღნიშნული ქმედებები უზრუნველყოფს მაღალი გამართლებადობისა და მაღალი სივრცული, ასევე დროითი გარჩევადობის პროგნოზების შედგენის საშუალებას.

ამოცანის შესრულება შეამცირებს უარყოფით ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე. ასევე მინიმუმამდე დაიყვანს კლიმატური კატასტროფებით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს და რაც ყველაზე მთავარია, შექმნის ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ადამიანური მსხვერპლის მაქსიმალურად თავიდან აცილების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას.

ამოცანა 14.2: წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვა

წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველსაყოფად, დაინერგება ინტეგრირებული მართვის სისტემა, რაც გულისხმობს შესაბამისი სამართლებრივი/ინსტიტუციური საფუძვლების შექმნასა და წყლის რესურსების მართვის ახალი მიდგომის − მდინარეთა სააუზო მართვის ამოქმედებას. შემუშავდება სააუზო მართვის გეგმები და დაინერგება ევროკავშირის წყლის ჩარჩოდირექტივის შესაბამისი მონიტორინგის სისტემა, წყლის ობიექტებში არსებული მდგომარეობის უფრო სრულყოფილად შეფასების მიზნით. წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის დაგეგმვის/განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების მონაწილეობა. მოწესრიგდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების საკითხი.

წყლის რაოდენობის ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად, შემოღებული იქნება ეკონომიკური ინსტრუმენტი ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის აღებაზე მოსაკრებლის სახით. ასევე მოხდება მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის მოთხოვნის უზრუნველყოფა და დადგინდება მისი გამოთვლის წესი. მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, წყალშემცველი ჰორიზონტების უსისტემო ექსპლუატაციის აღმოფხვრის მიზნით, შემუშავდება და დადგინდება ჭაბურღილების ბურღვის სახელმწიფო აღრიცხვის წესი. წყლის გამოყენების აღრიცხვის სისტემისა და პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის, სავალდებულო გახდება წყალმოსარგებლე კომპანიების მიერ წყალაღებისა და წყლის გამოყენების ელექტრონული ანგარიშგება და კანონით განისაზღვრება პასუხისმგებლობა ელექტრონული ანგარიშგების დარღვევისთვის. გაფართოვდება ჰიდროლოგიური მონიტორინგის ქსელი, რაც ხელს შეუწყობს წყლის რესურსების ეფექტიან მართვასა და მისი მდგომარეობის შესახებ მონაცემებზე ხელმისაწვდომობას. წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებულ რეფორმებს საფუძველს შეუქმნის „წყლის რესურსების მართის შესახებ“ ახალი კანონი.

ამოცანა 14.3: შავი ზღვის დაცვა და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის ხელშეწყობა

შავი ზღვის დაცვისა და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის ხელშეწყობის მიზნით, იგეგმება შავი ზღვის ინტეგრირებული მონიტორინგის პროგრამის დანერგვა, რომელიც შავი ზღვის გარემოს არსებულ ხარისხობრივ მდგომარეობას შეაფასებს, რათა შესაძლებელი იყოს ამოცანის განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა. დღეისათვის შავი ზღვის გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია 4 ბიოლოგიური და 13 ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის მიხედვით, რომელთა გაზრდა 2027 წლამდე იგეგმება 36-მდე და 2030 წლამდე – 54-მდე.

შავი ზღვის სახეობებისა და ჰაბიტატების დასაცავად „2022 – 2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამით“ დაგეგმილია ბალასტური წყლებიდან ახალი უცხო სახეობების გავრცელების პრევენცია, მდგრადი სანაპირო თევზჭერის ხელშეწყობა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხისებრთა სახეობების კონსერვაციის ხელშეწყობა, ზღვის აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობა, საზღვაო ნარჩენების გაუმჯობესება და შავი ზღვის ინტეგრირებული მონიტორინგის პროგრამის დანერგვა.

შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის მიმართულებით გარემოს ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, იგეგმება, სულ მცირე, ერთი მცურავი საშუალების შეძენა, რომელიც აღჭურვილი იქნება მეცნიერული კვლევის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკით, ასევე მოხდება ქიმიური პარამეტრების მონიტორინგისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენაც.

იგეგმება გარემოს ეროვნული სააგენტოს ადამიანური რესურსების გაძლიერება ვეშაპისნაირების გამორიყვების შესწავლისა და ვეშაპისნაირთა პოპულაციებში სიკვდილიანობის მონიტორინგის მიზნით.

ადამიანური რესურსების გაძლიერების მიზნით, გაიზრდება გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების რაოდენობა თევზჭერის, საზღვაო ბიოლოგიისა და მათემატიკური მოდელირების სფეროში. აკადემიურ სექტორსა და გადაწყვეტილების მიმღებთა შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობისთვის იგეგმება მეცნიერული პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერული კვლევის შედეგები შავი ზღვის გარემოს ხარისხობრივი მდგომაროების შესახებ გაზიარებული იქნება მეცნიერებსა და შესაბამის სფეროში პოლიტიკის შემქმნელებს შორის.

ამოცანა 14.4: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განვითარება

დაინერგება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის ევროპული სისტემა. მოხდება არსებული კანონმდებლობის სრულყოფა და განხორციელდება ღონისძიებები ცალკეული სექტორებიდან ჰაერის დაბინძურების შემცირებისათვის, ასევე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი გაფართოვდება ახალი ავტომატური მონიტორინგის სადგურებითა და გრავიმეტრიული ხელსაწყოებით.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის რეფორმის ფარგლებში კლასიფიცირდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ზონები და აგლომერაცია, აგრეთვე შემუშავდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები იმ შესაბამისი ზონებისა და აგლომერაციისათვის, სადაც ძირითადი დამაბინძურებლების კონცენტრაცია აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ან სამიზნე მნიშვნელობებს. ჰაერის კონვენციასთან ჰარმონიზაციისთვის, მომზადდება კონვენციის ოქმების რატიფიკაციისა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმა.

ტრანსპორტის სექტორიდან დაბინძურების შემცირების მიზნით, მოხდება ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების პოპულარიზაცია. გაიზრდება ავტოპარკში მათი წილი, რასაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო შესყიდვის დროს ელექტრომობილებისთვის უპირატესობის მინიჭება და ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის განვითარება. გარდა ამისა, იმპორტირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაწესდება ემისიის სტანდარტი, გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი კი განხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით. იდენტიფიცირებული იქნება დიზელის ძრავიანი მსუბუქი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის ეფექტიანი მექანიზმები, დაწესდება ტექნიკური მოთხოვნები ბენზინის შესანახი და ჩასატვირთი მოწყობილობებისთვის აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევების შესამცირებლად.

სამრეწველო სექტორიდან ემისიების ეფექტიანად სამართავად დაინერგება ინტეგრირებული ნებართვების სისტემა, რომლის ფარგლებშიც მოხდება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული სტაციონარული წყაროებისათვის გაფრქვევის ახალი ზღვრული მნიშვნელობების (ELV) შემოღება.

ენერგეტიკის სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად წახალისდება შეშის ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენება.

2026 წლის ბოლოსათვის დამატებით დამონტაჟდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ავტომატური მონიტორინგის 18 სადგური და 22 გრავიმეტრიული ხელსაწყო, ასევე ამოქმედდება 2 მობილური სადგური. შეიქმნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემა და გაუმჯობესდება მონაცემთა ხარისხის მართვისა და კონტროლის მექანიზმები. განვითარდება ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ინვენტარიზაცია. ატმოსფერული ჰაერის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, განახლდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი (air.gov.ge) და შემუშავდება შესაბამისი მობილური აპლიკაცია.

ამოცანა 14.5: ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა

ხელი შეეწყობა ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, ხელახალ გამოყენებას, რეციკლირებასა და აღდგენის ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე სხვადასხვა პროდუქციის სასიცოცხლო ციკლში ჩართული ყველა ოპერატორის (მწარმოებელი, დისტრიბუტორი, მომხმარებელი, შემგროვებელი, დამშლელი, რეციკლირების განმახორციელებელი და ექსპორტიორი) საქმიანობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობის შემცირებასა და ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვისა და ეფექტიანი განხორცილების მიზნით, მიღებულია ოთხი ტექნიკური რეგლამენტი, ასევე მიღებული იქნება „შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ“ და „ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის შესახებ“ რეგლამენტები. მგვ-სთან დაკავშირებით შემუშავდება მეთოდოლოგიური და დამხმარე სახელმძღვანელო დოკუმენტები და განხორციელდება მგვ ორგანიზაციების ავტორიზაციისა და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები. ამასთანავე, ხელი შეეწყობა მგვ ორგანიზაციების მიერ მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულებასა და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებას, ამ პროცესში კი განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მუნიციპალიტეტების ჩართულობას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელებას.

ამოცანა 14.6: ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემის გაუმჯობესება

ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული არსებული თუ შესაძლო ზიანის შემცირების მიზნით, შემუშავდება ქიმიური ნივთიერებების მართვის კანონმდებლობა. ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის, შეიქმნება ქიმიური ნივთიერებების სააგენტო, რომელიც ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში მთავარი ადმინისტრაციული ორგანო იქნება, რომელიც აწარმოებს ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების რეესტრს, სადაც თავს მოიყრის ნივთიერებებისა და ნარევების შესახებ მიმწოდებლისგან წარმოდგენილი ყველა სახის ინფორმაცია. გარდა ამისა, განხორციელდება შესაძლებლობათა გაძლიერების ღონისძიებები ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში დაინტერესებული მხარეებისათვის.

ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვისა (CLP) და რეგისტრაციის (REACH) პრინციპების დანერგვის მიზნით, შემუშავდება „ქიმიური ნივთიერებების და ნარევების შესახებ“ კანონი და CLP და REACH რეგულაციებთან ჰარმონიზებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რაც შექმნის ქიმიური ნივთიერებების ინტეგრირებული მართვის საფუძველს საქართველოში.

ამოცანა 14.7: ეფექტიანად მართული დაცული ტერიტორიების ურთიერთდაკავშირებული ქსელის ჩამოყალიბება

საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნით, გაფართოვდება, როგორც არსებული დაცული ტერიტორიები, ასევე შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორიები (მაგალითად, რაჭის, შიდა ქართლის, რიონის, კვერეთის დაცული ტერიტორიები და სხვა), რითაც დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 17%-ამდე გაიზრდება. ასევე ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, კვლევები ჩატარდება გურიაში, სვანეთში, სამეგრელოსა და აჭარაში.

დაცული ტერიტორიების ეფექტიანად მართვისათვის შემუშავდება კრიტიკული სივრცითი ანალიზი, რომელსაც დაეფუძნება ჯერ დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარების კონცეფცია, შემდგომში კი − შესაბამისი გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შეიქმნება დაცულ ტერიტორიებს შორის დამაკავშირებელი ეკოდერეფნები და გაუმჯობესდება სისტემის მართვა. ამ მიზნით, ასევე მომზადდება დაცული ტერიტორიების ახალი მენეჯმენტის გეგმები და, საჭიროების შემთხვევაში, განახლდება ზოგიერთი არსებული მენეჯმენტის გეგმა. შემუშავდება დაცული ტერიტორიების ტყეების მართვის გეგმები, რაც ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებასა და ბიოლოგიური რესურსების მდგრად მართვას.

დაინერგება პატრულირების თანამედროვე სისტემა და გაუმჯობესდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, რაც გულისხმობს თანამედროვე პროგრამებისა და სმარტტექნოლოგიების დანერგვას, მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის ელექტრონული სისტემის ჩამოყალიბებასა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფას.

დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა (სალაშქრო და ეკობილიკები, საინფორმაციო დაფები და სხვა) და დაინერგება ეკოტურისტული სერვისები. აღნიშნული კი უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ფინანსურ მდგრადობას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას ეკოტურიზმის განვითარებაში და შემოსავლების ზრდას.

დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკოსისიტემური მომსახურებები (მაგალითად, სუფთა წყალი, სუფთა ჰაერი, ბიომრავალფეროვნება, ეროზიისგან დაცულობა), რაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ, მათ შორის, ტურიზმის სექტორის განვითარებას.

ამოცანა 14.8: ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესება

ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება ტყის მართვის დონის ინვენტარიზაცია სატყეო უბნების (მუნიციპალიტეტების) დონეზე და მომზადდება 10-წლიანი მართვის გეგმები, რაც უზრუნველყოფს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასებასა და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვას, მათ შორის, მრავალმიზნობრივ ტყითსარგებლობას.

2030 წლისათვის ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ტერიტორია სრულად დაიფარება განახლებული მართვის გეგმებით.

ტყის მდგრადი მართვის დაგეგმვის სრულყოფა დაეხმარება მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის გაძლიერებას, რაც სექტორის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ტყის ეკოსისტემისგან გაცილებით მეტი საერთო სარგებელის მიღებას გულისხმობს. შესაბამისად, არსებული ტყის მართვის გეგმებისა და სპეციალური შესწავლების საფუძველზე, განხორციელდება ხე-ტყის დამზადების ღონისძიებები და მათი მოცულობები მზარდი იქნება წლების მიხედვით. თავის მხრივ, აღნიშნულით ხელი შეეწყობა ჭრის ნარჩენზე ხელმისაწვდომობის ზრდას. დამზადდება და ხელმისაწვდომი იქნება ჯამში 1,800,000 კბ.მ მერქნული რესურსი, (მათ შორის, 1,080,000 კმ.ბ სამასალე, 540,000 კბ.მ საშეშე და 180,000 კბ.მ ნარჩენი), რაც წვლილს შეიტანს ქვეყანაში ხე-ტყის გადამუშავების განვითარებაში, ბიომასისა და ალტერნატიული საწვავის ხელმისაწვდომობის ზრდასა და სოფლად სამუშაო ადგილების შექმნაში (მხოლოდ ხე-ტყის დამზადების სამუშაოებზე დაახლოებით 4 600 სამუშაო ადგილი).

რეკრეაციული ტყითსარგებლობის მიზნით, მომზადდება ტყის რეკრეაციული მართვის გეგმები და საინვესტიციო პაკეტები ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის, პროდუქტისა და სერვისის განვითარებისთვის, რაც, თავის მხრივ, ეროვნულ დონეზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ადგილობრივ დონეზე დამატებითი შემოსავლების გენერირებას უზრუნველყოფს. შემუშავდება ეკოტურიზმის განვითარების გეგმები სატყეო უბნის დონეზე სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სრული ტერიტორიისთვის (1,9 მლნ ჰა) და მომზადდება ტურისტული ინფრასტრუქტურის, პროდუქტის ან/და სერვისის განვითარების, სულ მცირე, 300 საინვესტიციო ობიექტი (42 სატყეო უბანი – სულ მცირე 5 ლოკაცია 1 სატყეო უბნის ტერიტორიაზე).

ტყეების ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების მიზნით, განხორციელდება ტყის აღდეგნისა და გაშენების ღონისძიებები, რომლებიც უპირატესად მიმართული იქნება, დეგრადირებულ ფართობებზე ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული ტყის ეკოსისტემის შექმნისკენ. 2030 წლისათვის ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები განხორციელდება ტყის 2000 ჰა-მდე ტერიტორიაზე.

ამოცანა 14.9: ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა

განხორციელდება რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის მარეგულირებელ ეროვნულ კანონმდებლობაში საერთაშორისო სტანდარტებისა და იმ რეკომენდაციების ან/და წინადადებების ასახვა, რომელიც ქვეყანამ მიიღო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ექსპერტებისაგან – განხორციელდება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის პროცესის დახვეწა დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად – საქმიანობის მიმართ მოთხოვნები დაწესდება დამახასიათებელი რისკის გათვალისწინებით. გაუმჯობესდება რადიოაქტიური წყაროების მარეგულირებელი რეჟიმი უსაფრთხოების შეფასების დაკონკრეტების, ექსპორტიორი სახელმწიფოსგან წინასწარი შეტყობინებისა და იმპორტიორი სახელმწიფოს თანხმობის წინაპირობებად განსაზღვრის გზით. ასევე განისაზღვრება პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნების, უფლება-მოვალეობებისა და აღიარების პროცედურები. ამდენად, მოხდება კანონმდებლობის დახვეწა, რაც გულისხმობს არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ან/და ახალი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მომზადებას/ინიციირებას.

შემუშავდება რადიოაქტიური ნარჩენების ახალი საცავისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის დეტალური დიზაინი. განხორციელდება უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რათა დადგინდეს ლოკაცია და მოეწყოს რადიოაქტიური ნარჩენების საცავი, გადამამუშავებელი საწარმო და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა.

იმის გათვალისწინებით, რომ გარემოს რადიაციული მონიტორინგი, ავტომატური სადგურების არასაკმარისი რაოდენობის გამო, სრულად არ მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას, სხვადასხვა რეგიონში მონიტორინგი განხორციელდება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს მფლობელობაში არსებული მობილური ლაბორატორიის გამოყენებით. ასევე გაიზრდება ავტომატური სადგურების რაოდენობა და ისინი განთავსდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

2.3 სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება

2.3.1 ჯანმრთელობის დაცვა

მიზანი 1: მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება

მთავრობის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ფინანსური ტვირთის თანაბარი გადანაწილების გზით.

ამოცანა 1.1: რესურსების ეფექტიანად გამოყენება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

2030 წლისთვის სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტს წარმოადგენს, რისთვისაც დიდ მნიშვნელობას იძენს სისტემის ადეკვატური ინვესტირების შესაძლებლობა და ხანგრძლივი ფინანსური სტაბილურობა, ვინაიდან ეფექტიანი დაფინანსების სისტემა ამცირებს სერიოზული ფინანსური გაჭირვების და/ან გაღარიბების რისკს.

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მთავრობა მუშაობს სოციალური კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც გააუმჯობესებს ყველა მოქალაქის სხვადასხვა სოციალური თუ ფინანსური რისკისგან დაცვას და უზრუნველყოფს ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალურ წვდომას.

რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სპეციალიზებული სერვისების მიმართულებით დაინერგება ანაზღაურების თანამედროვე მეთოდები (როგორებიცაა, მაგ.: დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები, შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურება და ა.შ.). ცვლილებები შევა საბაზისო პაკეტში, მოხდება მისი განფასების გადახედვა და მიწოდებული სერვისების მოსახლეობის საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

სელექტიური კონტრაქტირება ასევე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ეფექტიანი ინსტრუმენტი გახდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. სელექტიური კონტრაქტირების სისტემა უკვე შეიქმნა და გამოყენებულ იქნა პერინატალურ სერვისებსა და პირველად ჯანდაცვაში. აღნიშნული სისტემის გაფართოება მოხდება სხვა კლინიკური მიმართულებებითაც.

ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ყველა ასპექტი და განზომილება საჭიროებს მდგრად და ეფექტიან დაფინანსებას. ფინანსური სივრცის ანალიზისა და ჯანდაცვის სექტორის პროგრამულ საჭიროებებზე დაყრდნობით, დაგეგმილია ჯანდაცვის სექტორის სახელმწიფო დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა გაეროს საყოველთაო მოცვის შესახებ დეკლარაციის რეკომენდებულ ოდენობამდე − 5% − 2025 წელს და 7%-ამდე − 2030 წელს.

მთავრობა შეიმუშავებს მექანიზმებს, რომლებიც მიმართული იქნება ესენციურ ფარმაცევტულ საშუალებებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და სამედიცინო სერვისებზე ფინანსური ბარიერების შემცირებისკენ (რეფერენს ფასები, ე. წ. „managed entry“ მექაზნიმები), ასევე გამარტივდება კომპლექსური თანაგადახდის სისტემა.

ჯანდაცვის სერვისებზე თანასწორი ხელმისაწვდომობისთვის გადაიხედება სერვისების პაკეტი, განისაზღვრება სამედიცინო სერვისების საჭიროებები გეოგრაფიული ადგილმდებარეობებისა და კლინიკური მიმართულებების მიხედვით, განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთდება მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე.

ამოცანა 1.2: მაღალი ხარისხის, ეფექტიან და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

ფარმაცევტული სექტორის გაუმჯობესების დღის წესრიგი ვრცელი და ამბიციურია და ძირითადად მიმართულია მედიკამენტებზე ჯიბიდან დანახარჯების შემცირებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების, ხარისხისა და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფისაკენ.

ცვლილებები შევა და გაძლიერდება ფარმაცევტული დარგის მარეგულირებელი ბაზა და მოხდება მისი ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, როგორც მედიკამენტებისთვის, ასევე დამხმარე საშუალებებისთვის.

მოხდება ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მარკეტინგის, ავტორიზაციის, გაყიდვებისა და რეკლამირების, მედიკამენტების უსაფრთხოების კონტროლის, ფარმაკოზედამხედველობის, პოლიფარმაციის მიმართულებებითაც.

მთავრობა ხელს შეუწყობს კარგი საწარმოო და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის სტანდარტების (GMP/GDP) შემდგომ განვითარებას, რათა სტაბილურად დაცულ იქნეს ადგილზე წარმოებული მედიკამენტების უსაფრთხოება და ხარისხი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

შეიქმნება წამლის ხარისხის კონტროლის ეროვნული ლაბორატორია სათანადო დაფინანსებით, ინფრასტრუქტურითა და აუცილებელი ცოდნის, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე თანამშრომლებით.

მედიკამენტების მაღალი ღირებულების ტვირთის შესამცირებლად და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, დაგეგმილია მედიკამენტების სუბსიდირების პროგრამის შემდგომი გაფართოება ავადობისა და სიკვდილიანობის მძიმე ტვირთის მქონე დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიმართულებით.

გაძლიერდება ზედამხედველობისა და მონიტორინგის სისტემა მედიკამენტების არარაციონალურ გამოყენებასა და პოლიფარმაციის პრაქტიკაზე. ელექტრონული რეცეპტების სისტემა აქტიურად იქნება გამოყენებული ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად.

ძალისხმევა იქნება მიმართული საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად არარაციონალურ, ჭარბ გამოყენებასთან, თვითმკურნალობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

ამოცანა 1.3: სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ადამიანური რესურსების პროფესიონალიზმის გაუმჯობესება

სამედიცინო სერვისების რაოდენობის, ხარისხის, უსაფრთხოებისა და განაწილების განსაზღვრისა და კონტროლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნდამენტს ჯანდაცვის მომსახურების მძლავრი და ეფექტიანი სამართლებრივი ბაზა წარმოადგენს.

გაძლიერდება ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ხელშეწყობით. „მოთხოვნაზე დაფუძნებული“ ხარისხის გაუმჯობესება მოხდება ჯანდაცვის დაუკმაყოფილებელი საჭიროებების სისტემატური გაზომვისა და პაციენტთა გამოცდილების/კმაყოფილების პერიოდული შესწავლით და ინფორმაციის რუტინულად შეგროვებით, დაწესებულებების დონეზე.

დაინერგება/გაძლიერდება ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის მთელი რიგი სახელმწიფო მექანიზმები, მათ შორის, კლინიკური აუდიტის რუტინული პრაქტიკა, ხარისხის ინდიკატორების ინსტიტუციონალიზაცია, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია, პაციენტების კმაყოფილების რუტინული შეფასება და ა. შ.

ჯანდაცვის სერვისების დაგეგმვისთვის ასევე განხორციელდება გრძელვადიანი გენერალური გეგმის (Master Plan) შემუშავება, რომელიც იქნება სამედიცინო სერვისების მიწოდების ოპტიმალური მოდელი, საჭიროებების საფუძვლიან ანალიზზე დაყრდნობით და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით აღნიშნული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

შემოღებულ იქნება „მინიმალური ხელფასის“ სტანდარტი ჯანდაცვის მუშაკების სხვადასხვა დონისა და სახეობებისათვის, რაც გულისხმობს იმ მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრას, რის ქვემოთაც დამსაქმებელი არ იქნება უფლებამოსილი, შეუმციროს გასამრჯელო სამედიცინო მუშაკს.

მთავრობა გააძლიერებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო ქსელის ინსტიტუციურ, ინფრასტრუქტურულ და ადამიანურ შესაძლებლობებს, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში.

გაძლიერდება პაციენტთა ტრიაჟის სისტემა, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ყველაზე მწვავე პაციენტებისთვის დახმარების ყველაზე სწრაფად აღმოჩენა, სამედიცინო პრიორიტეტულობის სადისპეტჩერო სისტემის (ProQA) პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვით.

გაუმჯობესდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოპერირების მონიტორინგის სისტემა, რაც ასევე ხელს შეუწყობს სწრაფ და ეფექტიან პასუხს გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობებზე. სასწრაფო დახმარების მომსახურების ეფექტიანობა გაიზრდება ასევე სასწრაფო დახმარების მომსახურებაში ჩართული პარამედიკოსების გაძლიერებული როლის, კომპეტენციებისა და რაოდენობის შედეგად.

არსებული ადამიანური რესურსების რაციონალური გამოყენებისა და მათი გეოგრაფიული და დარგობრივი განაწილების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, დაინერგება ადამიანური რესურსების შეფასებისა და საჭიროებებზე დაფუძნებული დაგეგმარების მუდმივი და მდგრადი მექანიზმი. შეიქმნება ადამიანური რესურსების მონაცემთა განახლებადი ბაზა.

დაიწყება მუშაობა საგანმანათლებლო პროგრამებში ადამიანური რესურსების საჭიროებებზე დაფუძნებული მიღების მექანიზმების შემუშავებაზე, რაც მნიშვნელოვანია ექიმების სიჭარბისა და სპეციალისტებს შორის დისბალანსის გადასაჭრელად. ასევე გაძლიერდება სტიმულირების მექანიზმები. დარგობრივი პროფესიული ასოციაციების ჩართულობით, შეიქმნება/განახლდება სასწავლო პროგრამები თითოეულ კლინიკურ მიმართულებაში, რითაც ხელი შეეწყობა უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას.

მოხდება სერტიფიცირების მექანიზმების დახვეწა და რესერტიფიცირების ვალდებულების დანერგვა, რაც საკვანძოდ მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმისა და კომპეტენციების გაღრმავებისა და პროფესიული კვალიფიკაციის სტანდარტების გაუმჯობესებისათვის.

საქართველოში გაცემული სამედიცინო დიპლომებისა და კვალიფიკაციების საერთაშორისო აღიარებისათვის მოხდება სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია.

ამოცანა 1.4: პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და დაავადებების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და მართვის გაუმჯობესება

მიმდინარეობს მუშაობა პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ეტაპობრივი განხორციელების „საგზაო რუკაზე“, რომელიც ითვალისწინებს მნიშვნელოვან ცვლილებებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების პაკეტსა და ანაზღაურების პრინციპებში.

პირველადი ჯანდაცვის განახლებული მოდელი სრულად მორგებული იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებსა და მოლოდინებზე. დაიწყება პირველადი ჯანდაცვის სერვისების პაკეტის ეტაპობრივი გაფართოება − საბაზისო პირველადი ჯანდაცვის სერვისებთან ერთად, მოცული იქნება ისეთი მდგომარეობები, რომელთა პრევენციას, ადრეულ გამოვლენასა და მართვას დადებითი ეკონომიკური და ჯანდაცვითი შედეგების მოტანა შეუძლია. პირველადი ჯანდაცვის დონეზე თითოეული მოქალაქე მიიღებს პრევენციული, სკრინინგის, დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისების ფართო სპექტრს ოჯახის ექიმისა და ზოგადი პრაქტიკის ექთნის პროფესიული კომპეტენციების ფარგლებში.

პრიორიტეტული სერვისების ხარისხის უზრუნველყოფისა და მოსახლეობის მოცვის გაუმჯობესების მიზნით, ეტაპობრივად დაინერგება შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემა.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, ახალი მოდელის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიზნით, სოფლად გაუმჯობესდება პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა. გაძლიერდება მუნიციპალიტეტების როლი და პასუხისმგებლობები პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის შექმნასა და შენარჩუნებაში.

ამოცანა 1.5: ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა ავადობისა და დაინვალიდების ტვირთის შემცირების მიზნით, განხორციელდება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის, მხარდაჭერისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 20,000 მოსახლეს, შეიქმნება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები, რომლებიც გახდება ბავშვებისა და მოზარდების ფჯ პრობლემების მართვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. იმ ქალაქებში, დაბებსა თუ დასახლებულ პუნქტებში კი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 5000-ს, შეიქმნება ბავშვთა და მოზარდთა საკონსულტაციო ცენტრები და სამსახურები, რომლებიც მათ მომსახურებას გაუწევს მოთხოვნისთანავე, ნებისმიერ დროს, უშუალოდ ან/და ტელემედიცინის სერვისების დახმარებით.

ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად, შემუშავდება და დაინერგება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებათა სტანდარტები, რაც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების აღიარებას ფართო კონტექსტში, მათ შორის, დამოუკიდებელი ცხოვრების, განათლების, დასაქმების უფლებებსა და ა.შ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და დაწესებულებებში მომუშავე ყველა თანამშრომელი გადამზადდება „პაციენტის უფლებების შესახებ“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონების, ასევე მათი მომსახურებისთვის რელევანტური სხვა კანონებისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების მიმართულებით.

მომზადდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში უფლებებთან დაკავშირებული გასაჩივრებისა და მათზე რეაგირების მექანიზმები. საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, რეგულარულად მოხდება საზოგადოების სტიგმის შეფასება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მიმართ.

დეინსტიტუციონალიზაციის იმპლემენტაციის მიზნით, სათემო სერვისების განვითარება მოხდება ჯანმოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და მომსახურების სახელმძღვანელო პაკეტის მეთოდოლოგიის შესაბამისად.

განახლდება ფსიქიატრების დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების კურიკულუმი. საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოეთში მოღვაწე ექიმებთან თანამშრომლობით, მოხდება ფსიქიატრებისთვის უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის კოორდინირება.

ფსიქიატრიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ეტაპობრივად დაინერგება ტელეფსიქიატრია, რაც მოიცავს ფსიქიატრიულ შეფასებას, თერაპიას, პაციენტის განათლებასა და მედიკამენტების მიღების უზრუნველყოფას.

ამოცანა 1.6: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სისტემის გაუმჯობესება

ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობისადმი მზადყოფნისა და რეაგირების პოტენციალის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, იგეგმება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის მართვის პროგრამის შემუშავება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციებთან.

გაძლიერდება დიაგნოსტიკური ლაბორატორიების მარეგულირებელი ჩარჩოს, სანებართვო პირობების, სერტიფიცირებისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მექანიზმები. ლაბორატორიული ქსელის მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველსაყოფად. დაიწყება ბიოუსაფრთხოებისა და ლაბორატორიული მედიცინის კუთხით უწყვეტი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

გაუმჯობესდება პრიორიტეტული არაგადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი, რომელიც მოიცავს საკანონმდებლო და პროგრამულ ინიციატივებს ძირითადი რისკ-ფაქტორებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეების შესახებ, პირველადი ჯანდაცვის დონეზე ორგანიზებული სკრინინგპროგრამების სისტემური ინტეგრაციის ხელშეწყობას, მოსახლეობის ცოდნის ამაღლებისაკენ მიმართულ ქმედებებს, პირველადი ჯანდაცვის დონეზე სტანდარტული პროტოკოლების შემუშავებასა და პაციენტის მართვის რუტინულ პრაქტიკაში დანერგვას.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, გაძლიერდება ეპიდზედამხედველობის სამსახურები აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, C ჰეპატიტისა და სხვა ინფექციური დაავადებების პრევენციისა და ელიმინაციისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას ქვეყნის მასშტაბით. გაფართოვდება ხელმისაწვდომობა ჩასახვამდელ, ანტენატალურ, სამეანო, ნეონატალურ და მშობიარობისშემდგომ ხარისხიან სერვისებზე. გაგრძელდება აცრების ეროვნული კალენდრით ბავშვთა იმუნიზაცია. მოხდება ორსულებისა და ბავშვების უზრუნველყოფა აუცილებელი ფარმაცევტული პროდუქტით. გაიზრდება რეპროდუქციულ და ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

გაუმჯობესდება მოსახლეობის ინფორმირებულობა და ცოდნა ჯანსაღი ქცევის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების სტანდარტებისა და პაციენტთა უფლებების შესახებ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება შემდეგი სამი მიმართულებით: 1) ქცევითი რისკ-ფაქტორების (ნარკოტიკების მოხმარება, არასწორი კვება, ადინამია, ალკოჰოლი, თამბაქო) მოდიფიკაცია; 2) საგზაო უსაფრთხოების რეგულაციები და მოსახლეობის განათლება და 3) კლიმატის ცვლილებით და გარემო ფაქტორებით გამოწვეული ავადობის, შეზღუდული შესაძლებლობისა და სიკვდილიანობის პრევენცია.

ამოცანა 1.7: ჯანდაცვის სექტორში ერთიანი ელექტრონული სისტემის სრულყოფა, ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის სერვისების დანერგვის ხელშეწყობა

შეიქმნება ელექტრონული ჯანდაცვის ერთიანი პლატფორმა (e-Health), რომელიც გააერთიანებს ელექტრონული ჯანდაცვის ძირითად სერვისებს პაციენტებთან დაკავშირებული სამედიცინო მონაცემების (ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები, ელექტრონული რეცეპტები და ა. შ.) მართვისა და გაცვლის მიზნით. სისტემა სრულად შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან. შედეგად, გაუმჯობესდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გამჭვირვალობა და ეფექტიანობა.

ქვეყანაში ტელემედიცინის გასაუმჯობესებლად დაგეგმილია ერთიანი ხედვის შემუშავება. 2025 წლის ბოლომდე ტელემედიცინის სერვისი ამოქმედდება 300 ამბულატორიაში. ხელი შეეწყობა ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უფრო ფართო გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს შედარებით მაღალი ხარისხისა და ხარჯთეფექტიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას.

მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული სოფლისა და ურბანული ტიპის დასახლებებსა და ასევე მოსახლეობის სხვა დემოგრაფიულ-სოციალურ ქვეჯგუფებს (მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები, ეთნიკური უმცირესობები, სოციალურად დაუცველი პირები, შშმ პირები) შორის ელექტრონული ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კუთხით არსებული უთანასწორობის შესამცირებლად.

დაგეგმილია ასევე მობილურ სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაძლიერება, სათანადოდ მომზადებული პერსონალის, ტექნიკური მხარდაჭერისა და კოორდინაციის გაუმჯობესება.

2.3.2 სოციალური დაცვა

მიზანი 2: სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება

სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და შემდგომი გაუმჯობესება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შეიქმნება სისტემა, რომელიც შესაძლებელს გახდის უფრო მეტი სოციალური დახმარების მიმართვას ყველაზე უფრო მოწყვლადი, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახებისაკენ.

ამოცანა 2.1: სოციალური დახმარების ეფექტიანობისა და მიზნობრიობის გაუმჯობესება

მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა ოჯახების დახმარებაზე ორიენტირებული ყველაზე დიდი პროგრამაა, რომელიც 2015 წლიდან, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, უკეთ ხედავს ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს. მიმდინარე ეტაპზე პროგრამით მოსარგებლეთა შორის დაახლოებით 33% ბავშვია. შესაბამისად, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში შეიცვლება და დაიხვეწება ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია, რათა უფრო მეტად მიზნობრივი გახდეს და უფრო მეტად მოიცვას შესაბამისი საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახები. მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ, დახმარების საჭიროების მქონე ოჯახები უფრო სწრაფად იქნებიან უზრუნველყოფილი სოციალური დახმარებით.

პარალელურად გადაიხედება/დაიხვეწება ადმინისტრირების სქემა იმგვარად, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მაქსიმალურად მცირე დროში გახდეს შესაძლებელი საარსებო შემწეობის მიღება.

ამოცანა 2.2: სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

სოციალური მომსახურებების სისტემის გაძლიერებისა და შშმ პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ძალისხმევა მიემართება სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისა და შესაბამისი რაოდენობისა და კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებაზე, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და შესაბამისი საჭიროების მქონე პირთა/ბავშვთა მომსახურებებით დაფარვა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად იზრდება სოციალურ მომსახურებებში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა, ვითარდება ან იქმნება ახალი მომსახურებები, საჭიროა მეტი ხელშეწყობა, რათა გაიზარდოს შესაბამისი მომსახურების მიმღებ ბავშვთა/პირთა რაოდენობა.

ამოცანა 2.3: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, გაიზრდება მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლითაც, ამავდროულად, მოხდება შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის პრევენცია, მათ შორის, შეიქმნება ახალი მომსახურებები, ისეთები, როგორებიცაა პერსონალური ასისტენტის სერვისი და შინ მოვლა. უკანასკნელ პერიოდში „სოციალური რეაბილიტაციიისა და ბავშვზე ზრუნვის“ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა „შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტი“. ამ კომპონენტის სამიზნე ჯგუფი არის 18 წლისა და უფროსი ასაკის ფსიქიკური აშლილობისა და ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ თავის მოვლისა და კომუნიკაციის ბაზისური უნარ-ჩვევები. ამ კატეგორიის შშმ პირები (არა უმეტეს 6 პირისა) დამოუკიდებლად ცხოვრობენ და საქმიანობენ მათი სურვილისა და ინტერესების შესაბამისად. ამდენად, შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის ამაღლების, საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, გაიზრდება დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტით მოსარგებლე პირთა რაოდენობა.

ამოცანა 2.4: იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება

იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო გააგრძელებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნგრევად და სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები ოჯახების განსახლებას. საბოლოო მიზანს წარმოადგენს ყველა დევნილი ოჯახის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით, გაგრძელდება სხვადასხვა პროექტისა და პროგრამების განხორციელება, როგორც სტიქიით დაზარალებული პირების უსაფრთხო გარემოში განსახლების, ასევე უკვე განსახლებული ოჯახებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების კერძო საკუთრებაში გადაცემის მიმართულებით.

2.3.3 დასაქმება

მიზანი 3: დასაქმების ხელშეწყობა

სახელმწიფომ მიზნად დაისახა შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმების განხორციელება. რეფორმების შედეგად განვითარდება შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა, შემცირდება მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შეუსაბამობა და უმუშევრობის მაჩვენებელი 10%-ამდე შემცირდება.

ამოცანა 3.1: შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება და ეფექტიანობის გაუმჯობესება

სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებით სამუშაოს მაძიებლის არა დროებითი დასაქმება, არამედ მისი პროფესიის, განათლებისა და ინტერესების შესაბამისი სამუშაოს მოძიება, რათა მას ჰქონდეს პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. სახელმწიფო გააძლიერებს შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას (ALMP) და გააუმჯობესებს მის ეფექტიანობას, რათა სამუშაოს მაძიებლებს მიეწოდოთ კარგად ორგანიზებული, მაღალი ხარისხის, გენდერულად დაბალანსებული და ფინანსურად ეფექტიანი დასაქმების სერვისები. გაძლიერდება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შესაძლებლობები. ასევე განვითარდება დასაქმების საშუამავლო სერვისები (კარიერის დაგეგმვა, პროფკონსულტირება, პროფილირება და ა. შ.). განხორციელდება პროგრამები, რომლებიც სამუშაოს მაძიებელ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს (უმუშევრები, ახალი სამუშაოს მაძიებლები, „რთულად დასაქმებადი“, სოციალურად დაუცველები და სხვ.) შესთავაზებს მათ საჭიროებებზე მორგებულ ALMP სერვისებს. ALMP-ის მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება დასაქმების კონსულტირება, სამუშაოს მაძიებლის დასაქმების შესაძლებლობების შეფასება. დასაქმების მომსახურების განსაზღვრა სამუშაოს მაძიებლის საჭიროებებისა და ხელმისაწვდომი რესურსების მიხედვით; ინფორმირება და რჩევის მიცემა სამუშაოს ძიებასთან დაკავშირებით; ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება და თვალყურის მიდევნება სამუშაოს მაძიებლის პროგრესისათვის. ინდივიდუალურის გარდა, განხორციელდება ჯგუფური კარიერული კონსულტაცია, ხელი შეეწყობა სამუშაოს მაძიებელთა ALMP-ის სერვისებში ჩართვასა და ჩართული პირების რაოდენობის ზრდას. გარდა ამისა, გაძლიერდება შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა, რომელიც შექმნის სამუშაოს მაძიებელთა მონაცემების ზუსტი და სწრაფი დამუშავების შესაძლებლობასა და შრომის ბაზრის ტენდენციების ანალიზსა და სხვა. სისტემა ადაპტირებული და ხელმისაწვდომი იქნება, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ისე ეთნიკური უმცირესობებისთვის.

გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დასაქმებასა და მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას შორის კავშირის გაუმჯობესებას. სოციალურად დაუცველი ოჯახების შრომისუნარიანი წევრების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გაგრძელდება საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა. აღნიშნული პროგრამა შექმნის დროებით სამუშაო ადგილებს. მსგავსი ტიპის პროგრამის შედეგი ორმაგია: მოკლევადიანი სამსახური მუშაკებისთვის მათი შემოსავლის გაზრდისთვის და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გაუმჯობესების ფორმით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.

2.3.4 შრომითი უფლებები

მიზანი 4: შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესება

სახელმწიფოს მიზანია, ხელი შეუწყოს დასაქმებულისთვის ღირსეული შრომის პირობების ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოს სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შემცირება.

ამოცანა 4.1: სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის აღსრულების სისტემის გაუმჯობესება

საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის აღსრულების სისტემის გაუმჯობესება. გარდა ამისა, ძლიერი საზედამხედველო მექანიზმის განვითარებითა და სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მნიშვნელოვნად დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას, რაც ქვეყანაში განავითარებს ღირსეული შრომის პირობების ეროვნულ სტანდარტებს. შედეგად კი შენარჩუნდება სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რაოდენობის შემცირების ტენდენცია. შრომის კანონმდებლობის რეფორმის შედეგად შექმნილი სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაძლიერდება და ეფექტიანად განახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ მანდატს. ამ მიზნით, დაემატება რეგიონული წარმომადგენლობები და, შესაბამისად, გაიზრდება შრომის ინსპექტორთა რაოდენობა. კიდევ უფრო განვითარდება საკონსულტაციო სერვისები. იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლიდან შრომით ნორმებზე ზედამხედველობამ მოიცვა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და მედიაციით მიღწეული შეთანხმებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, პროაქტიული მექანიზმების გამოყენებითა და შრომითი მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებით შესაძლებელი გახდება შრომითი დავების შედეგად მიღწეული შეთანხმებების აღსრულება და სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა.

2.3.5 შრომითი მიგრაცია

მიზანი 5: ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობა

ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მთავარი მიზანია, ქვეყანაში შეიქმნას შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) რეგულირებისა და მართვის ისეთი მექანიზმები, რომელიც შექმნის საშუალებას, საქართველოში მიგრაციული პროცესები მოექცეს ლეგალურ ჭრილში და ასევე საგრძნობლად შეამცირებს არალეგალური მიგრაციის სტატისტიკას.

ამოცანა 5.1: საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირებისა და მართვის გაუმჯობესება

საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირებისა და მართვის გამართული მექანიზმების დანერგვით მოწესრიგდება საქართველოდან შრომითი ემიგრაციისა და საქართველოში დასაქმებული უცხოელების აღრიცხვის სისტემა და დაინერგება მონიტორინგის ქმედითი სისტემა, რაც გულისხმობს შრომითი მიგრაციის სწორი და ქვეყნის საჭიროებებსა და ეკონომიკაზე მორგებული მარეგულირებელი მექანიზმების შემოღებასა და დახვეწას. შედეგად, ხელი შეეწყობა ქვეყანაში ლეგალურ შრომით მიგრაციასა და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირებას.

იგეგმება საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, მათი კანონიერი საქმიანობის წახალისება და განვითარების მხარდაჭერა. შედეგად, შრომითი მიგრანტებისათვის შეთავაზებული იქნება ხარისხიანი საშუამავლო მომსახურება, რაც უზრუნველყოფს მათი შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის უკეთეს საშუალებას. შემცირდება შრომითი მიგრანტების ეკონომიკური დანახარჯები, დანაკარგები და გაიზრდება სარგებლიანობა.

ამოცანა 5.2: საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) ხელშეწყობა და განვითარება

მსოფლიოში მიგრაციის კუთხით მიმდინარე გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, სამომავლოდ აქცენტი გაკეთდება დროებით მოკლევადიან დასაქმებაზე, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგ ემიგრანტები უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში. შესაბამისად, გათვალისწინებულია სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება დროებითი ცირკულარული და სეზონური შრომითი მიგრაციის მიმართულებით.

ცირკულარული შრომითი მიგრაციის სახელმწიფო სქემებით შეიქმნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალური, უსაფრთხო და ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები საზღვარგარეთ, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე.

სწორედ ამიტომ, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობების განვითარება. ამ მიზნით, გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან, რაც, თავის მხრივ, ბმაშია უცხოელი დამსაქმებლების მოთხოვნების შესაბამისად კადრების შერჩევის კარგად განვითარებული სისტემის ფორმირებასა და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების ინსტიტუციურ გაძლიერებასთან.

2.3.6 განათლება და მეცნიერება

მიზანი 6: ინდივიდზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობას იძლევა

საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის, მათ შორის, განსხვავებული საჭიროების მქონე პირებისთვის, უზრუნველყოფილი იქნება განათლების ყველა საფეხურზე მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

ამოცანა 6.1: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა დაწესებულების მიერ მაღალი ხარისხის, მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფა

მომდევნო წლების განმავლობაში განხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები აღმზრდელ-პედაგოგების მომზადების, პროფესიაში შესვლისა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით. აღნიშნული აგრეთვე მოიცავს შესრულებული სამუშაოს შეფასების, კარიერული განვითარების დაგეგმვისა და წახალისების სისტემების განვითარებას. აღმზრდელ-პედაგოგები ასევე ჩაერთვებიან საჭიროებებზე დაფუძნებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში. ამავდროულად, ხელი შეეწყობა დაწესებულების დირექტორების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ, იმოქმედონ, როგორც ინსტრუქციულმა ლიდერებმა.

დაიწყება ადრეული და სკოლამდელი განათლების სპეციალისტების მომზადება ბაკალავრიატის დონეზე. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა მოქმედი პერსონალის პროფესიული განვითარება, მათი ინდივიდუალური საჭიროებების თანახმად, დაეფუძნება პროფესიული განვითარების წინასწარ შემუშავებულ სქემას, რომელიც გაითვალისწინებს კომპეტენციებზე დაფუძნებული ანაზღაურების ზრდის სისტემას. კომპეტენციების შეფასება განხორციელდება რეგულარული მონიტორინგის საშუალებით.

ამოცანა 6.2: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თითოეული მოსწავლისათვის მაღალ მისაღწევ შედეგებზე დაფუძნებული, რელევანტური და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, სრულფასოვნად განავითაროს აკადემიური, პიროვნული, სოციალური და სწავლის კომპეტენციები

მთავრობა ასევე ხელს შეუწყობს სოციალური და ემოციური გარემოს გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოს განათლების ყველა დონეზე მსწავლელთა ჰოლისტური განვითარება. კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის ნეგატიური ზემოქმედების ფონზე გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმის საჭიროება გამოიკვეთა სასკოლო კლიმატისა და უსაფრთხო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდამდე სკოლებში მოსწავლეთა მეოთხედი ბულინგის მსხვერპლი იყო, სასკოლო გარემოსთან ინტეგრირებულად კი თავს მხოლოდ მოსწავლეთა ნახევარი (56%) გრძნობდა (OECD, 2019).

მთავრობა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების დაფინანსების სისტემის მოდიფიცირებას მომსახურების ხარისხისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად. ასევე გააძლიერებს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს მომავალი მასწავლებლის მოსამზადებელი პედაგოგიური მომზადების სისტემის მოდერნიზება, ასევე კადრების მოზიდვა და შენარჩუნება.

უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო და ინკლუზიური ფიზიკური და ციფრული სასწავლო გარემო და უფრო ხელმისაწვდომი გახდება სამედიცინო, ფსიქო-სოციალური და ემოციური მხარდაჭერის სერვისები ბავშვებისთვის, მათ შორის, ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და მასწავლებლებისთვის. საჯარო სკოლებში დაინერგება სასკოლო მედიაციის პროგრამა. სკოლები მიიღებენ დამატებით მხარდაჭერას კონფლიქტების პრევენციასა და მართვაში.

გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდება მასწავლებლების მხარდაჭერაზე იმ კომპეტენციების განსავითარებლად, რომლებიც მათ სწავლა-სწავლების პროცესში დიფერნცირებული, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში დაეხმარება.

არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით, ხელი შეეწყობა არასამთავრობო, საერთაშორისო და ადგილობრივ მუნიციპალურ და სათემო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებას.

ამოცანა 6.3: პროფესიული განათლების სერვისების უზრუნველყოფა, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ

პროფესიული განათლების სფეროში მთავრობის ამოცანაა, შეამციროს პირადი, ინსტიტუციური თუ პროგრამასთან დაკავშირებული ყველა დაბრკოლება, რომელიც სტუდენტს შეიძლება, შეექმნას აღნიშნულ სისტემაში მოხვედრისას, სწავლის განმავლობაში თუ სწავლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესში. თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არახელსაყრელ მდგომარებაში მყოფი ჯგუფების წარმომადგენლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ინდივიდებისა და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა პირების ჩართვას პროფესიულ განათლებაში. ყველა მუნიციპალიტეტში შეთავაზებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის მოთხოვნის შესაბამისი პროგრამები და მრავალფეროვანი სერვისები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება პროფესიული განათლების დივერსიფიცირებასა და არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მასშტაბის გაფართოებას, პროფესიულ განათლებაში კარიერული სერვისების განვითარებას. გარდა ამისა, მთავრობა წაახალისებს პროფესიული დაწესებულებების დეცენტრალიზაციისა და მათი უნარების ჰაბებად გარდაქმნის პროცესს, სწავლა-სწავლების ინკლუზიური, მრავალფეროვანი, ინოვაციური გარემოს შექმნის თვალსაზრისით.

მოხდება საჯარო-კერძო სექტორებს შორის პროფესიული განათლების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებლობის გაზიარება. უნარებთან დაკავშირებული დარგობრივი პოლიტიკის განსაზღვრა და დანერგვა განხორციელდება ახალი მიდგომების შესაბამისად, დარგობრივი უნარების ორგანიზაციებისა და პროფესიული უნარების სააგენტოს პარტნიორობით. წახალისდება გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელება უცხოურ სასწავლებლებთან ერთად. განვითარდება ექსელენს-ცენტრები და საერთაშორისო სასწავლებლები, რომლებიც შეძლებენ უცხოელი სტუდენტების მოზიდვას.

დაგეგმილია პროფესიული განათლებიდან შრომის ბაზარზე გადასვლის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება და კარიერული კონსულტაციის პრაქტიკის დანერგვა.

ამოცანა 6.4: უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია

მთავრობა წაახალისებს თანამშრომლობას საქართველოსა და უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთობლივი და ორმაგი კვალიფიკაციის მიმნიჭებელი პროგრამების განხორციელების მიზნით, ასევე ხელს შეუწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების პროცესს, რაც, თავის მხრივ, გაზრდის უმაღლესი განათლების ხარისხს.

ხელი შეეწყობა სტუდენტების საერთაშორისო მობილობის გაძლიერებას, როგორც საზღვარგარეთ განათლების მიღების, ისე მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების განხორციელების გზით.

უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით სისტემაში დაინერგება „ინტერნაციონალიზაცია შინ“ მიდგომა, რაც გულისხმობს ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებსა და პერსონალს შორის კონტაქტების დამყარებას, სწავლისა და კვლევის საერთო შესაძლებლობებისა და რესურსების შექმნა-გაზიარებას, საერთაშორისო ციფრული სასწავლო მასალების გამოყენებას, სტუდენტისა და პერსონალისთვის ენობრივი უნარ-ჩვევების განვითარებას. მთავრობა დაეხმარება უნივერსიტეტებს, განსაკუთრებით კი, ახლად დაარსებულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებაში.

სამეცნიერო სისტემის ხარისხის, პროდუქტიულობისა და კონკურენტულობის გაზრდის მიზნით, გაძლიერდება მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა. შემუშავდება და განხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია.  ხელი შეეწყობა მსხვილ საერთაშორისო და ევროპულ სამეცნიერო-კვლევით პროგრამებში საქართველოს სრულუფლებიან მონაწილეობას. მხარდაჭერილი იქნება საერთაშორისო/ევროპული სადოქტორო ერთობლივი პროგრამების შემუშავება, რომელშიც, საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე, ისწავლიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები. ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატების ფარგლებში, გაგრძელდება საერთაშორისო ერთობლივ პროექტებში საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფების მონაწილეობის მხარდაჭერა, ასევე ქართველი და უცხოელი მკვლევრების სამეცნიერო მიზნებით მობილობის მხარდაჭერა. ხელი შეეწყობა საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობას საერთაშორისო  მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ან მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას საქართველოში.  გაგრძელდება საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური საზოგადოებისთვის სრული წვდომის უზრუნველყოფა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე, სადაც განთავსებულია მსოფლიოს რეცენზირებადი სამეცნიერო და ტექნიკური შინაარსის ნაშრომები. ხელი შეეწყობა საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში, უცხოელ კოლეგებთან ერთად, ქართველი მეცნიერების თანაავტორობით სტატიების გამოქვეყნებას. 

ამოცანა 6.5: უმაღლესი განათლების პროგრამების განვითარება შრომის ბაზრის გამოწვევების შესაბამისად

უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმის განხორციელების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილება, შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტით, რაც ხელს შეუწყობს ინსტიტუციური და ინდივიდუალური მიღწევების გაუმჯობესებას. უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით. აღნიშნულ მოდელში გამოიყოფა რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი (აკადემიური, სამეცნიერო, ინტერნაციონალიზაცია), რომელიც უზრუნველყოფს ინსტიტუციურ მდგრადობას და ქმნის სტიმულს შემდგომი განვითარებისთვის, სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის კი დამატებით გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი (Smart Specialization for Higher Education), რაც გულისხმობს რეგიონში გამოკვეთილი პრიორიტეტების (მაგ.: მეღვინეობა, ვეტერინარია და ა. შ.) მიხედვით გარკვეული დარგების დაფინანსებას. გარდა ამისა, დაფინანსების ახალი მოდელის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, გათვალისწინებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმაციული მართვის მონაცემთა სისტემის შექმნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციონალური ეფექტიანობის გასაზომად და დაფინანსების ახალი ფორმულა შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის დასამუშავებლად. 2030 წლისთვის განხორციელდება უმაღლესი განათლების სისტემის რესტრუქტურიზაცია და ოპტიმიზაცია ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებული მექანიზმებისა და ანგარიშვალდებულების დაბალანსებული სისტემის საშუალებით.

ზოგიერთი ასეთი მექანიზმი მთავრობის მიერ გამოყენებული იქნება, როგორც ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების სტიმულატორი, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება ციფრული თანამშრომლობა, ინსტიტუციური სპეციალიზაცია, უმაღლესი განათლების სისტემის რესტრუქტურიზაცია და სექტორის კონსოლიდაცია.

2030 წლისთვის მიღწეული იქნება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება, რომელიც ინდივიდებისა და ინსტიტუტების განვითარების საფუძველია. განხორციელდება ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში, აკადემიურ პერსონალში, მკვლევრებსა და, ზოგადად, განათლებისა და გადამზადების, ასევე კვლევისა და ინოვაციის სისტემებში დასაქმებულ ინდივიდებში.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დივერსიფიცირებისა და მათი საქმიანობის პროფილის გაფართოების მიზნით, მთავრობა ასევე გადადგამს ნაბიჯებს უმაღლესი განათლების სექტორში პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამების შესამუშავებლად, რომლებიც შესაბამისობაში იქნება შრომის ბაზრის საჭიროებებსა და სწავლა-სწავლების სფეროში ინოვაციურ მიდგომებთან. დაგეგმილია ეროვნული გამოცდების რეფორმირება სახელმწიფო ინტერესების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მრავალწლიანი დაფინანსების მიღების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტული შეფასების ფარგლებში დამატებით შეირჩევა საერთაშორისო დონეზე კონკურენტული უნივერსიტეტები, რომლებიც ინტენსიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევიან და მაღალი ხარისხის კვლევების განხორციელების დიდი პოტენციალით გამოირჩევიან.

გარდა ამისა, წახალისდება უმაღლესი სასწავლებლების მიერ მმართველობით ორგანოებში დაინტერესებული მხარეების ჩართვა, რაც დაეხმარება მათ შრომის ბაზრისა და საზოგადოების სწრაფად ცვალებადი საჭიროებების უკეთესად აღქმასა და რეაგირებაში.

გაგრძელდება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერა ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემების რეორგანიზაციისა და ძვირადღირებული სისტემების ოპტიმიზაციის შესაძლებლობის გაძლიერებისთვის.

ამოცანა 6.6: ციფრული განათლების განვითარება სწავლების დისტანციური და ჰიბრიდული სასწავლო პროგრამებით

მთავრობა ხელს შეუწყობს დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების ინოვაციური მოდელების დანერგვასა და განვითარებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა გეოგრაფიულად მოწყვეტილ არეალებსა და იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ წვდომა ინტერნეტსა და ციფრულ ტექნოლოგიებთან. ასევე გათვალისწინებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების შესაძლებლობებიც. განვითარდება სწავლა-სწავლების ციფრული, ჰიბრიდული და სხვა მოქნილი მოდელები. მთავრობა ასევე იზრუნებს ყველა იმ შესაძლო ბარიერის აღმოფხვრაზე, რომლებიც ზღუდავს სწავლების მოქნილობას და აფერხებს უმაღლესი განათლების მიღებას რეგიონებში მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დისტანციურ სწავლებაზე, რომლის გაძლიერებაც სკოლებს შესაძლებლობას მისცემს, საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს შესთავაზონ მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებული მრავალფეროვანი კურსები.

ამოცანა 6.7: განათლების ყველა საფეხურის ეფექტიანი მართვისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენებით განსხვავებული საჭიროების მქონე პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

ყველას, განურჩევლად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, ეთნიკური წარმოშობისა, ენისა, სპეციალური საჭიროებებისა, წვდომა ექნება მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურებებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ინკლუზიის უზრუნველყოფა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციის ვალდებულება გახდება. თანასწორობისა და ინკლუზიის შესახებ ერთიანი და ყოვლისმომცველი პოლიტიკის შემუშავება თანმიმდევრულს გახდის ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებულ მიდგომებს განათლების ყველა საფეხურზე, მათ შორის, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობებს.

შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთთანამშრომლობით, მხარდაჭერილი იქნება მტკიცებულებებზე დაფუძნებული, შესაბამის სამიზნე ჯგუფზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელება. საგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული უთანასწორობის კომპენსირებას.

სკოლამდელი განათლების სფეროში მთავრობა უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ითვალისწინებდეს ადეკვატურ მხარდაჭერას არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის. ეს გულისხმობს იმას, რომ ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის შესაბამის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ამავე დროს, ამოქმედდება მიზნობრივი პოლიტიკა მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბილინგვური სწავლების განხორციელების გზით ენის სწავლების მხარდამჭერი ეფექტიანი პროგრამები ხელმისაწვდომი გახდება იმ მოსწავლეებისთვის, რომელთა მშობლიური ენა არ არის ქართული. სისტემაში ასევე ამოქმედდება განათლების მეორე შესაძლებლობის პროგრამა მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჩამოშორდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებას ან არიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. სასკოლო სასწავლო გეგმებში მეტი ყურადღება დაეთმობა სასწავლო პროგრამების/კურიკულუმების განვითარებას, კონკრეტული მოსწავლეების ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება სსსმ და შშმ მოსწავლეების მხარდამჭერი ინდივიდუალური სასწავლო პროგრამები.

პროფესიულ განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომის უზრუნველყოფის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არახელსაყრელ მდგომარებაში მყოფი ჯგუფების წარმომადგენლების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისა და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა პირების ჩართვას პროფესიულ განათლებაში. ამოქმედდება პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების ახალი მიდგომები. უფრო მეტიც, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სხვადასხვა ტიპის სერვისების დანერგვას. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდება სწავლის/სწავლების პროცესში მოქნილი, მრავალფეროვანი და ინკლუზიური მეთოდების გამოყენებაზე, რაც მეტად მიმზიდველს გახდის პროფესიულ განათლებას.

უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმის ფარგლებში, მთავრობა გააგრძელებს მუშაობას უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და სტუდენტებისათვის გამოყოფილი უმაღლესი განათლების საერთო დაფინანსებიდან საჭიროებებზე დაფუძნებული მიზნობრივი ფინანსური დახმარების წილის ზრდაზე და მუდმივ მონიტორინგს გაუწევს მოწყვლადი ჯგუფების დაფარვას.

მიზანი 7: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა

მთავრობის მიზანია, ხელი შეეწყოს მეცნიერების დაფინანსების გაზრდას, მის ოპტიმალურად გამოყენებასა და დარგში მართვის დეცენტრალიზაციისა და ავტონომიურობის მხარდაჭერას, დაბალანსებული ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის ქმედითი მექანიზმებით.

ავტონომიური, ძლიერი და ანგარიშვალდებული საუნივერსიტეტო კვლევითი ინსტიტუტები და კლასტერული ცენტრები თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამეცნიერო ეკოსისტემების ძირითადი მოქმედი პირები გახდებიან, ხოლო მთავრობა გამოიყენებს მართვის, რეგულირებისა და დაფინანსების ყველა შესაძლო რესურსს მათი განვითარებისათვის.

მთავრობის მიზანია შედეგზე ორიენტირებული მეცნიერების ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებული კვლევითი თემატიკის განსაზღვრას, გლობალურ და ეროვნულ საჭიროებებზე ორიენტირებული კვლევების მხარდაჭერას; მეცნიერების ხარისხის უზრუნველსაყოფად, მეცნიერმზომელობის ეროვნული მოდელის შექმნას; დარგობრივი კლასტერების ჩამოყალიბებას; კანონმდებლობით განმტკიცებული ავტონომიის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საქმინობის გარე და შიდა შეფასების სისტემის დანერგვის გზით, საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ოპტიმიზაციას.

მთავრობის პოლიტიკა მიმართულია მდგრადი და ინკლუზიური სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობასა და მეტი ინოვაციური შესაძლებლობების შექმნისკენ. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოხდება სტარტაპ აქტივობების განვითარებისათვის ხელსაყრელი მექანიზმების შექმნა და ქვეყანაში სტარტაპ მეგობრული გარემოს ჩამოყალიბება.

ამოცანა 7.1: მაღალი ხარისხის კვლევისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერის გაძლიერება

მთავრობა შეიმუშავებს კვლევის დაფინანსების ისეთ მოდელს, რომელიც სტიმულს მისცემს, როგორც დაწესებულებებს, ასევე მათ თანამშრომლებს. გაიზრდება საბაზისო და სამეცნიერო საგრანტო დაფინანსება და შემუშავდება გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული კვლევითი პროგრამები.

ასევე შეიქმნება ისეთი მექანიზმები, რომლებითაც ხელი შეეწყობა აკადემიური მეწარმეობის თანამშრომლობას ინდუსტრიასთან, საჯარო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. მრეწველობის სექტორში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაციის ხელშესაწყობად შემუშავდება და შეიქმნება ერთიანი ეროვნული პროგრამა და პლატფორმა.

ეროვნულ, რეგიონულ და ინსტიტუციურ დონეებზე ამოქმედდება მენეჯმენტის მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმები სამეცნიერო კვლევის, ინოვაციისა და მეწარმეობის გასაძლიერებლად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიების გადაცემის ოფისის, ჰორიზონტი ევროპის საუნივერსიტეტო ოფისების, ეროვნულ თუ რეგიონულ დონეებზე მოქმედი ინოვაციური ეკოსისტემების ჰაბების ჩართულობით.

გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციის გაძლიერებას ხელს შეუწყობს ინვესტიციების თავმოყრა, ინფრასტრუქტურული რესურსების გაზიარება და ასევე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა პრაქტიკაში.

შეიქმნება სამეცნიერო-კვლევით ინფორმაციასთან ღია წვდომის ეროვნული პლატფორმა, რომელიც ჰარმონიზაციაში მოვა ღია მეცნიერების ევროპულ ღრუბელთან.

მთავრობა ხელს შეუწყობს კვლევების ინტერნაციონალიზაციას, სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოებას მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან, ქართველოლოგიის ცენტრების საქმიანობის საზღვარგარეთ გაძლიერებას.

ეროვნულ დონეზე გაგრძელდება და გამრავალფეროვნდება მეცნიერების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდამჭერი მიზნობრივი პროგრამები.

სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკის გაძლიერების მიზნით, გაიზრდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერა. გაიზრდება გამორჩეული გრძელვადიანი ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების დაფინანსება. შეიქმნება ახალი მოდელი მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობის კუთხით, მეცნიერების კომერციალიზაციის გასაძლიერებლად. განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სამეცნიერო პრიორიტეტებზე დაფუძნებულ მიზნობრივ კვლევით პროგრამებს. 

მთავრობა ხელს შეუწყობს სადოქტორო პროგრამების გაძლიერებას, მათ საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებთან თანხვედრის უზრუნველყოფას. ეროვნულ და ინსტიტუციურ დონეზე ამოქმედდება მაღალი ხარისხის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამები/სკოლები ნიჭიერი ახალგაზრდების, როგორც საქართველოდან, ისე უცხოური ქვეყნებიდან მოზიდვის მიზნით. შერჩეულ სფეროებში სადოქტორო კანდიდატების მოზიდვის პარალელურად, გაიზრდება სამეცნიერო-კვლევითი სფეროს დაფინანსების მოცულობაც, რაც ინოვაციისა და კვლევის პოტენციალის ზრდის წინაპირობაა.

მთავრობის ახალი მიდგომის მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ტენუარის კონცეფციაზე დაფუძნებული კარიერული წინსვლის სისტემის შექმნა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-მკვლევართა საქმიანობის სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-მკვლევართა დასაქმება, შეფასება და წახალისება დაეფუძნება მათი მიღწევების შეფასებას გამჭვირვალე და ხარისხზე ორიენტირებული კრიტერიუმების გათვალისწინებით. სწავლის/სწავლების, კვლევისა და ინოვაციის სფეროში წახალისდება ინოვაციური მიდგომები, ხოლო აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს მთელი კარიერის მანძილზე ექნება პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა.

გადაიხედება და განახლდება სამართლებრივი და დაფინანსების მექანიზმები, რათა დამწყებ აკადემიურ პერსონალს მიეცეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა პედაგოგიური ტრენინგების გავლის გზით. წახალისდება დამსახურებაზე დაფუძნებული სისტემები, რომლის ფარგლებში დაფასებული იქნება მაღალ ხარისხზე ორიენტირებული სწავლება და კვლევა. პოსტსადოქტორო და სამეცნიერო-კვლევითი პოზიციების შექმნის მიზნით, დაინერგება ემერიტუს პროფესორთა სისტემა, რომელიც დამატებით ასევე მხარდაჭერილი იქნება შესაბამისი საპენსიო სქემებით.

ამოცანა 7.2: სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა

ქართულ ენას, როგორც სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეთა თვითაღქმის ერთ-ერთ მთავარ ნიშანს, სახელმწიფოსგან ექნება განსაკუთრებული ყურადღება და შეექმნება სათანადო პირობები, რაც უზრუნველყოფს მისი ღირსეული ადგილის შენარჩუნებას მრავალეროვან მსოფლიოში.

სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების ხელშესაწყობად, დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო და მოხდება მისი ჰარმონიზება არსებულ გამოწვევებთან, რაც გაზრდის, როგორც ფუნქციონირების მონიტორინგის ეფექტიანობას, ასევე აამაღლებს სახელმწიფო ენის ფლობის მოტივაციას სხვადასხვა ჯგუფში.

ხელი შეეწყობა ქართული ენის ნორმალიზაციასა და სტანდარტიზაციას. განახლდება და დაინერგება ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, ასევე ძალისხმევა იქნება მიმართული ტერმინოლოგიის სტანდარტიზაციასა და განვითარებაზე.

შეიქმნება ქართული ენის ფლობისა და დადასტურების ერთიანი, საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებული სისტემა. სახელმწიფო ენის ერთიანი გამოცდა მომზადდება ენათა სწავლის, სწავლებისა და შეფასების საერთო ევროპული რეკომენდაციების ჩარჩოს (CEFR) მიერ შემუშავებული დოკუმენტაციის მიხედვით. ქართული ენის ფლობის დონეების, 2019 წელს დამტკიცებული ზოგადი სტანდარტის საფუძველზე, შეიქმნება სტანდარტის ვრცელი აღწერილობა, რომლითაც განისაზღვრება ქართული ენის ფლობა მოსმენის, კითხვის, მეტყველებისა და წერის შესაბამისი დონის მიხედვით.

სახელმწიფო მხარს დაუჭერს სახელმწიფო ენების ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს, მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებსა და მათი შედეგების ინტერნაციონალიზაციას, ახალგაზრდა კადრების აღზრდასა და მათ დასაქმებას. გარდა ამისა, მხარდაჭერილი იქნება ქართული ენისათვის ენობრივი ტექნოლოგიების განვითარება, რაც ქართულისათვის ენათა ციფრული თანასწორობის მისაღწევად აუციელებლი პირობაა. ასევე მაქსიმალური ძალისხმევა მიემართება აფხაზური ენის პოპულარიზაციასა და სწავლებას.

ამოცანა 7.3: საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო სექტორისა და ფართო საზოგადოების თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა

მთავრობა გაატარებს შესაბამის ზომებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში „მესამე მისიის“ სტრუქტურირებულად განხორციელების მხარდასაჭერად, რაც გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, განსაკუთრებით კი, რეგიონის უნივერსიტეტების როლის ზრდას საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, განსხვავებული რეგიონების საჭიროებათა დაკმაყოფილებასა და შესაძლებლობათა რეალიზებაში.

პროფესიულ განათლებაში გაიზრდება კერძო სექტორის მონაწილეობა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და დუალური განათლების მიმართულებით და აქტიურად დაიწყება პროფესიული პროგრამების სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მიდგომების დანერგვა.

საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმა მიზნად ისახავს დამსაქმებლების ჩართულობას პროფესიული განათლების მართვის ყველა ეტაპზე. საჯარო-კერძო პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად, გაგრძელდება მუშაობა პროფესიული უნარების სააგენტოს მეშვეობით, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მართავს დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება. პლატფორმა ასევე უზრუნველყოფს 40-ზე მეტი სექტორული ორგანიზაციის ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. პროფესიული განათლების დაფინანსება დაეფუძნება დივერსიფიცირებული დაფინანსების მოდელს, რადგან პროფესიული განათლების მასშტაბის ზრდა მოითხოვს ფინანსური და ადამიანური რესურსების ზრდასა და ბიუჯეტის უფრო ეფექტიან მართვას. ვინაიდან, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ფინანსურ ავტონომიასთან, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს პროფესიული სასწავლებლების ჩართვას ეკონომიკურ საქმიანობაში. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული სასწავლებლები ასევე შეძლებენ, განავითარონ ეკონომიკური საქმიანობა პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების გზით და გამოიყენონ ეს შემოსავლები სასწავლებლების განსავითარებლად, საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

გარდა ამისა, უმაღლეს განათლებაში განიხილება იმგვარი მოდელის განვითარება, რომელიც მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას. მოდელი მთლიანად დამყარებული იქნება უნივერსიტეტებისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობაზე, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე, შესაბამისი ჩარჩოს შექმნასა და ინსტიტუციონალიზაციაზე. აღნიშნულის გარდა, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი გულისხმობს შრომის ბაზრის მოთხოვნაზე დაფუძნებული სმარტსპეციალიზაციის მექანიზმების დანერგვას რეგიონული უნივერსიტეტებისთვის.

ამასთანავე, საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს კერძო და სამეცნიერო სექტორების დაკავშირებას, მათ კოორდინაციას და რეალურ გამოწვევებსა და საჭიროებებზე მორგებული კვლევების წარმოებას. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კერძო სექტორის თანადაფინანსებით განხორციელდება მიზნობრივი სამეცნიერო პროექტების განვითარება, მხარდაჭერა და დანერგვა (ე. წ. Pull მეთოდი).

ამოცანა 7.4: ქართული ტექნოლოგიების გლობალურ ჯაჭვში ჩართვის ხელშეწყობა

ინოვაციურ ეკოსისტემაში ჩართულ მონაწილეთა რაოდენობისა და კვალიფიკაციის ზრდა, ასევე გლობალური პოტენციალის მქონე მეტი ინოვაციური სტარტაპის მხარდაჭერა საქართველოსთვის ზრდის გლობალურ კონკურენციაში უპირატესობის მოპოვების პოტენციალს. ამასთანავე, ქართული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისთვის მოხდება არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობა, არამედ კერძო სექტორსა და აკადემიურ ინსტიტუტებს შორის მჭიდრო კავშირების განვითარება. ქართული სამეცნიერო ტექნოლოგიების გლობალურ ჯაჭვში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება ტექნოლოგიების კომერციალიზაცია და ჩამოყალიბდება ტექტრანსფერის მუდმივმოქმედი ცენტრი.

გაგრძელდება კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე სამეცნიერო პროექტების/ტექნოლოგიების განვითარება და მათი შემდგომი მხარდაჭერა კომერციალიზაციისთვის (ე. წ. Push მეთოდი).

ამასთანავე, საქართველოში შეიქმნება მიმზიდველი გარემო საერთაშორისო IT და სხვა ინოვაციური კორპორაციებისათვის. საქართველო კონკრეტულ ინდუსტრიებში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებს ხელსაყრელ ბიზნესგარემოს ქვეყანაში R&D წარმომადგენლობების გახსნის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე კონკურენტული კომპეტენციების განვითარებას და სამომავლოდ შექმნის ათიათასობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს.

ამოცანა 7.5: ინოვაციურ სერვისებსა და ინოვაციური სტარტაპებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა

სტარტაპების მხარდასაჭერად და ფინანსებზე წვდომის გასაუმჯობესებლად, სახელმწიფო გააგრძელებს თანადაფინანსების საგრანტო პროგრამას სტარტაპებისთვის, დაფინანსება 100 000 ლარიდან გაიზრდება 150 000 ლარამდე. ასევე გაიზრდება ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერის თანადაფინანსება 750 000 ლარამდე გრანტით, რაც ხელს შეუწყობს სტარტაპების რაოდენობის ზრდას. სახელმწიფო აქტიურად იქნება ჩართული ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის ხელშეწყობისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაში, კერძო სექტორისა და მათი წარმომადგენლების ტრენინგსესიებში, ღონისძიებებსა და სხვადასხვა შეხვედრაში, რის შედეგადაც ამაღლდება ბიზნესსექტორის ცნობიერება ინოვაციების ეკოსისტემის მიმართულებით. კერძო სექტორის ჩართულობას ხელი შეეწყობა ინოვაციების თანადაფინანსების კომპონენტით, რაც, თავის მხრივ, წაახალისებს ვენჩურულ და ენჯელ ინვესტორებს საქართველოში.

დამატებით, ჩამოყალიბდება ინოვაციური ეკოსისტემის ხელშემწყობი საკანონმდებლო ჩარჩო, შეიქმნება სტარტაპების ალტერნატიული დაფინანსების წყაროები (სახალხო და ვენჩურული დაფინანსება) და ახალი შესაძლებლობები. შედეგად, ქვეყანაში ფუნქციონირებას დაიწყებს საინვესტიციო ფონდები.

სახელმწიფო ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური სტარტაპების ფინანსებზე წვდომას, როგორც მცირე, თანადაფინანსებისა და ინოვაციური გრანტების მექანიზმების არსებობით, აგრეთვე კერძო სექტორისთვის სწორი სტიმულების შექმნით, რის შემდეგაც, კერძო სექტორი თვითონ გახდება ინვესტორი ქართული სამეცნიერო ან/და გლობალური და მასშტაბირებადი ბიზნესიდეების დაფინანსების მიმართულებით. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებასა და კერძო სექტორის მხრიდან სტარტაპებში ინვესტირების მაჩვენებელს შორის თანაფარდობა 2030 წლისთვის 10%/90%-ს გაუტოლდება.

სახელმწიფოს ძალისხმევით, გაიზრდება ინოვაციურ სერვისებზე (მენტორშიპი, ტრენინგები, აქსელერაციის პროგრამა) ხელმისაწვდომობა, რის შედეგადაც ინოვაციური სერვისების ბენეფიციართა რაოდენობა 2030 წლისთვის 100 000-ს გადააჭარბებს.

დამატებით, განხორციელდება ინოვაციურ უნარებზე ხელმისაწვდომობის ზრდა რეგიონების მოსახლეობისთვის. კერძოდ, საქართველოს მუნიციპალიტეტებში მცირე მეწარმეებს ICT უნარებსა და საჭირო სამეწარმეო განათლებაზე წვდომის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს, როგორც კერძო სექტორიდან, ისე სახელმწიფოსა და დონორებისგან მეტი დაფინანსების მოპოვებას.

ამას გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიქმნება ბიზნესსაგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდებისთვის, რაც მოიცავს ინოვაციების ბანაკებსა და მეწარმეების ტრენინგებს, ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობას და STEAM მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული პროგრამების განხორცილება გაზრდის კონკურენტუნარიან ადამიანურ კაპიტალს ქვეყანაში და ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების მიერ ბიზნესსექტორის მოთხოვნის შესაბამისი კადრების მომზადებას.

საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ქვეყანაში IT სპეციალისტების მომზადებისა და გადამზადების პროგრამის განხორციელებას, როგორც საბაზისო ცოდნის მისაღებად (5000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამა), ასევე უკვე არსებული სპეციალისტების გადამზადების მიზნით და დაუფინანსებს მათ საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებში მონაწილეობას (3000 IT სპეციალისტის პროგრამა).

გაგრძელდება ადამიანთა შორის მზარდი კავშირების (increasing connectivity) ხელშეწყობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ურბანულ დასახლებებსა და სოფლად მცხოვრები ადამიანების ერთმანეთთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, იდეათონების, ჰაკათონების, ბანაკებისა და მენტორინგის პროგრამების განხორციელების გზით, ასევე საქართველოს, როგორც საერთაშორისო ღონისძიებებისა და საერთაშორისო ჰაკათონების ჩატარების ჰაბი რეგიონში, პოზიციონირებით.

2.3.7 ახალგაზრდული პოლიტიკა

მიზანი 8: ახალგაზრდების გაძლიერება და საზოგადოებრივ/დემოკრატიულ პროცესებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა

მომდევნო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მათ საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას, მეორე მხრივ კი, პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობასა და პოლიტიკურ დღის წესრიგში ახალგაზრდული საკითხების უკეთ წარმოჩენას. ხელი შეეწყობა ქვეყანაში სოციალური კაპიტალის განვითარებას, ახალგაზრდების სოციალურ ინტეგრაციას და მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას.

ამოცანა 8.1:  გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა

გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდის მიზნით, შეიქმნება საგანმანათლებლო რესურსები, განხორციელდება ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები, შემუშავდება და დაინერგება მონაწილეობის ხელშემწყობი  ეფექტიანი, ინკლუზიური და გამჭვირვალე მექანიზმები, რომლებიც, მიუხედავად ახალგაზრდების  განსხვავებული საჭიროებებისა,  პროაქტიულად უზრუნველყოფენ მათ თანაბარ და რეალურ მონაწილეობას. ხელი შეეწყობა ახალგაზრდების ჩართვას ახალგაზრდული პოლიტიკის წარმოების პროცესში, რადგანაც ახალგაზრდების რეალური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნება აღნიშნული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელება.

ამოცანა 8.2:  ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა

ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობისთვის, მოზარდობიდან ზრდასრულობაში გადასვლასთან დაკავშირებული გამოწვევების წარმატებულად დაძლევისთვის, პირად, სამოქალაქო და პროფესიულ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებისთვის ახალგაზრდებს სჭირდებათ საკვანძო კომპეტენციების განვითარება და გამოცდილების დაგროვება სხვადასხვა გარემოში, იქნება ეს ოჯახი, სწავლა თუ გართობა. შესაბამისად, ამ მიმართულებით შეიქმნება და გაიზრდება ხელმისაწვდომობა საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშემწყობ ხარისხიანი არაფორმალური განათლების, ახალგაზრდული საქმიანობის საბანაკე პროგრამებსა და საინფორმაციო სერვისებზე.

ახალგაზრდების განვითარება და მათი პოტენციალის რეალიზება განხორციელდება, პირველ რიგში, ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების განვითარებისა და გაძლიერების გზით.

ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, განვითარდება ხარისხიანი ახალგაზრდული საქმიანობის პრაქტიკა და გაიზრდება მასზე ხელმისაწვდომობა. ამ მიმართულებით განხორციელდება ყველა ის ღონისძიება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას. შეიქმნება და დაინერგება ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის სტანდარტი, შემუშვდება საგანმანათლებლო რესურსები და პროგრამები ახალგაზრდული მუშაკების მომზადებისთვის, გადამზადებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სერტიფიცირებისთვის.

ახალგაზრდების განვითარების კუთხით, ყურადღება დაეთმობა მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას. შეიქმნება ხარისხიანი მოხალისეობრივი შესაძლებლობებისა და მოხალისეობრივი საქმიანობის სფეროს განვითარების, რეგულირების, წახალისებისა და აღიარების ხელშემწყობი მექანიზმები, პროგრამები და რესურსები. განხორციელდება საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიები საზოგადოებისთვის მოხალისეობისა და მისი დადებითი შედეგების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად. შედეგად, ხელი შეეწყობა სოციალური კაპიტალის შექმნასა და განვითარებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას, მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას, საზოგადოებისადმი კუთვნილების განცდისა და სოლიდარობის გაძლიერებას.

შიდა და საერთაშორისო მობილობის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის პარალელურად,  ახალგაზრდებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაიზრდება ხელმისაწვდომობა ისეთ პროგრამებსა და სერვისებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მსგავსი შესაძლებლობების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის გაზრდას, თანაბარ მონაწილეობასა და მონაწილეობისთვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარებას.

განხორციელდება ჰობი განათლების სისტემის რეფორმირება, რაც უზრუნველყოფს ჰობი განათლების  ხარისხის ამაღლებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. ჰობი განათლების სისტემა ორიენტირებული იქნება ახალგაზრდების კომპეტენციების მრავალმხრივ განვითარებაზე მათი ინტერესების/ჰობის შესაბამისად. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი ინტერესების მიხედვით და კომპეტენტური პირების ჩართულობით, მათთვის უსაფრთხო გარემოში გაიღრმაონ შესაბამისი კომპეტენციები. ხელი შეეწყობა ახალგაზრდებში არა მხოლოდ შერჩეული მიმართულებით სპეციალური უნარების შეძენას, არამედ პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარებასაც.

ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის ქვეყანაში გაძლიერდება ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობა, რომელიც ნელ-ნელა იძენს პოპულარობას საქართველოში. შემუშავდება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი რეკომენდაციები და განხორციელდება სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ეკოსისტემის განვითარების ხელშემწყობი სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიები, ხელი შეეწყობა ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობისთვის საჭირო მწვანე და ციფრული კომპეტენციების განვითარებასა და სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლებას.

2.3.8 კულტურა

მიზანი: 9: კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკონომიკური პოტენციალის განვითარება და მისი როლის გაზრდა სახელმწიფოს მდგრად განვითარებაში

მთავრობის პრიორიტეტია, ხელი შეუწყოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერებისათვის სათანადო ეკოსისტემის განვითარებას. გაიზრდება კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წილი ქვეყნის ეკონომიკაში, მათ შორის, კულტურული ტურიზმის წილი და ეკონომიკური ბრუნვა სექტორში. გაიზრდება სექტორში დასაქმების მაჩვენებელი და მისი წილი საერთო დასაქმებაში.

ამოცანა 9.1: კულტურის სხვადასხვა დარგისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების, კულტურაში საზოგადოების ინტეგრაციისა და კულტურაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა

გაიზრდება კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერის, მათ შორის, ინკლუზიური და სხვადასხვა სექტორთან ინტეგრირებული პროგრამები, მუნიციპალიტეტებში/სოფლად მოსახლეობის ჩართულობა კულტურულ აქტივობებში. შეიქმნება შემოქმედებითი რესურსების რეალიზაციის შესაძლებლობები საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის, მათ შორის, ისეთი ჯგუფებისთვის, როგორებიცაა: ეთნიკური უმცირესობები, შშმ პირები, დევნილი და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა და სხვა.

ხელი შეეწყობა კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას, ალტერნატიული და ციფრული სივრცეების შექმნას, კულტურის სფეროსა და შემოქმედებითი პოტენციალის სამეწარმეო და ტურიზმის მიმართულებით.

ჩატარდება სახელოვნებო განათლების რეფორმა და ხელი შეეწყობა მოსწავლე-ახალგაზრდობის მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდას ფორმალურ და არაფორმალურ სახელოვნებო განათლების პროგრამებში. განვითარდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, აღდგება კულტურის სფეროს გამქრალი პროფესიები და უზრუნველყოფილი იქნება მოთხოვნადი პროფესიების განვითარებისა და ახალგაზრდების დასაქმებისთვის შესაბამისი უწყვეტი განათლების სისტემა.

ხელი შეწყობა კულტურის ყველა დარგში ინდივიდუალურ ხელოვანთა თუ სახელოვნებო ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის განვითარებას, კულტურული თვითგამოხატვის ახალი, თანამედროვე ფორმების შექმნასა და ინოვაციებს კულტურაში, ხელოვანთა/სახელოვნებო ორგანიზაციების ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მობილობასა და ქვეყნის ინტეგრაციას კულტურის საერთაშორისო სივრცეში.

განხორციელდება მასშტაბური კულტურული პროექტები საზღვარგარეთ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მიმზიდველობისა და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას, ასევე ტურიზმისა და რეგიონულ განვითარებას.

ამოცანა 9.2: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და ეფექტიანად გამოყენება ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის

შემუშავდება კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და მართვის ეფექტიანი მექანიზმები, სამუზეუმო საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მართვის ერთიანი პოლიტიკა.

გაიზრდება საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესწავლისა და სარესტავრაციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობა, შემუშავდება და ეტაპობრივად განხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის სახელმწიფო გეგმა.

განვითარდება მუზეუმების ინფრასტრუქტურა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და მუზეუმებში დასაქმებული კადრების, ამ სფეროს პროფესიონალთა მომზადების/გადამზადების პროგრამები.

ხელი შეეწყობა არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალის ათვისებასა და კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებას.

2.3.9 სპორტი

მიზანი 10: მაღალი მიღწევების სპორტისა და მასობრივი სპორტის განვითარება

აღნიშნული მიზნის მისაღწევად ჩამოყალიბდება სპორტის სფეროსადმი სისტემური მიდგომა, შეიქმნება სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სახსრების უფრო შედეგიან ხარჯვასა და სპორტის გრძელვადიან, სისტემურ განვითარებას. მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშესაწყობად მოხდება ინსტიტუციური საფუძვლების ჩამოყალიბება. ასევე განისაზღვრება პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით დაფინანსების პრინციპები.

შემუშავდება და განხორციელდება მასობრივი სპორტის სამდონიანი (სკოლამდელი, სასკოლო და საუნივერსიტეტო) პოლიტიკა. განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება პარასპორტის განვითარება და შშმ პირების სპორტულ აქტივობებში ჩართვა.

ამოცანა 10.1: სასპორტო განათლების ხელშეწყობა

ყურადღება დაეთმობა სასპორტო განათლების განვითარებას სწავლის ყველა საფეხურზე, შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების სასპორტო განათლების სისტემა, რომელიც მოემსახურება, როგორც მასობრივ, ისე მაღალი მიღწევების სპორტს. სპორტის თითოეული სახეობისათვის გადამზადდებიან კვალიფიციური კადრები და მწვრთნელები, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლები, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტები, წინასწარ განსაზღვრული ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროს სხვა სპეციალისტები, დარგის განვითარებისათვის საჭირო რაოდენობის გათვალისწინებით.

უმაღლესი და პროფესიული სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები აღიჭურვება თანამედროვე სასწავლო, საწვრთნელი და სამეცნიერო ინფრასტრუქტურით.

სპორტის სფეროში დაინერგება სამწვრთნელო და სხვა ტიპის საქმიანობის სერტიფიცირების სისტემა.

ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში შეტანილი იქნება ფიზიკური აღზრდის ელემენტები. ქვეყანაში იმოქმედებს კლასგარეშე და სასკოლო კლუბების, ასევე სტუდენტური საუნივერსიტეტო ლიგების სისტემა. ყოველწლიურად გაიმართება ახალგაზრდული ეროვნული თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ამოქმედდება ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენის, შერჩევისა და მათი სპორტული განვითარების მექანიზმები.

ამოცანა 10.2: სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

სპორტული ინფრასტრუქტურის სისტემა ჩამოყალიბდება და განვითარდება ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სპორტის სახეობაში თანაბარი სავარჯიშო პირობების შექმნას.

საქართველოს ყველა რეგიონში იფუნქციონირებს თანამედროვე, სპორტსმენის საჭიროებებზე მორგებული, სულ მცირე, ერთი სპორტული მულტიფუნქციური კომპლექსი, სპორტის ძირითადი სახეობების განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

მომზადდება სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოვლა-პატრონობის სამართლებრივი საფუძვლები. აგრეთვე კერძო ინვესტიციების მოზიდვის სამართლებრივი სტანდარტები. სპორტული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია სპორტის სხვადასხვა სახეობის მხრიდან განხორციელდება კოორდინირებულად და ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, განვითარდება სპორტული ტურიზმი, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას რეგიონში და მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას. სპორტული ტურიზმი ყველაზე პოპულარულია მთიან რეგიონებში, შესაბამისად, სახელმწიფო იზრუნებს საქართველოს სამთო კურორტებზე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. გაორმაგდება ქვეყანაში გამართული საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებისა და უცხოელი ქომაგების დასწრების მაჩვენებლები.

შეიქმნება სპეციალური სპორტული ბანაკები, რომელთაც ექნებათ შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, გასართობი, დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპონენტებით. ასეთი ტიპის ბანაკები ორიენტირებული იქნება საქართველოს სხვადასხვა სპორტის სახეობის ნაკრები გუნდების მიღებასა და მათთვის მაღალი ხარისხის სავარჯიშო ატმოსფეროს შექმნაზე. საქართველოში სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებს გამართავენ უცხოელი სპორტსმენები და სხვადასხვა ქვეყნის ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები გუნდები.

აშენდება მულტიფუნქციური სპორტული ობიექტი პარასპორტის მიმართულებისთვის, სადაც დამწყებ და მოქმედ პარასპორტსმენებს ექნებათ შესაბამისი პირობები და თანამედროვე, საჭირო ინვენტარი სრულყოფილი ვარჯიშისათვის.

მთავრობა უზრუნველყოფს სპორტული მედიცინის განვითარებას და იმ ყველა პირობის შექმნას, რომელიც აუცილებელია სპორტსმენის გაჯანსაღებისა და რეაბილიტაციისთვის.

2.3.10 სახელმწიფო სერვისები

მიზანი 11: სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა

მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის მიზანია სახელმწიფო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რათა მაქსიმალურად მოხდეს საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინება და ასევე უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებლის მოლოდინებისა და შეთავაზებული სერვისების ხარისხის შესაბამისობა.

ამოცანა 11.1: იუსტიციის სახლის მომსახურებისა და მიწოდების არეალის გაფართოება

საქართველოს 9 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრში (ხელვაჩაური, წალენჯიხა, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, ხაშური, მცხეთა, ახმეტა და საგარეჯო), იქ, სადაც იუსტიციის სახლის სერვისები ჯერ კიდევ გაიცემა ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, განხორციელდება იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა ყველა იმ სიკეთით, ინოვაციითა და ტექნოლოგიით ისარგებლებს, რასაც თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები სთავაზობს მომხმარებელს.

ამჟამად, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა დაწყებულია ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში (ზესტაფონში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ხაშურსა და ახმეტაში), საბოლოო ჯამში კი, 2030 წლისთვის, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა სრულად მოიცავს საქართველოს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს.

სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომხმარებელთათვის მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდების უზრუნველსაყოფად, „მობილური იუსტიციის სახლის“ მიკროავტობუსები სრულად დაფარავენ საქართველოს ყველა იმ სოფელს, რომელიც მნიშვნელოვნად იქნება დაშორებული იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოებიდან. შედეგად, ნებისმიერ პირს მიეცემა საშუალება, რომ პრაქტიკულად საკუთარ ეზოსთან მიიღოს ყველა ის სერვისი, რისთვისაც ადრე სხვა სოფელსა თუ ქალაქში უხდებოდა გამგზავრება. მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით, მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა, ზედმეტი დროის, ენერგიისა და ფინანსური დანახარჯების გარეშე ადგილზე ეფექტიანად მოაწესრიგოს მისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

2030 წლისთვის იუსტიციის სახლს საქართველოს 6 მსხვილ ქალაქში ექნება პრემიუმ-მომსახურების სივრცე, სადაც კერძო სექტორი ბიზნესთან ასოციირებული სახელმწიფო სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში მიღებას შეძლებს. შესაბამისად, ახალი სივრცის შექმნის მიზანია ბიზნესთან დაკავშირებული სერვისის ერთ განსხვავებულ გარემოში თავმოყრა და სტანდარტიზაცია. ვიზიტის დროს საჭირო სრულ ინფორმაციას/ დოკუმენტაციას იუსტიციის სახლი მოიძიებს, ვინაიდან უმაღლესი კლასის მომსახურება გულისხმობს, როგორც ექსკლუზიურ გარემოს, ასევე ექსკლუზიურ სერვისს. 

ყურადღება გამახვილდება სახელმწოფო სერვისების სწრაფად მიწოდებაზე, რაც გახსნის ახალ შესაძლებლობებს, რათა ბიზნესის კეთების სიმარტივით ქვეყანამ დაიკავოს კიდევ უფრო მოწინავე პოზიციები.

ბიზნესის მომსახურებისთვის განკუთვნილი მომსახურების კონცეფციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება პროექტი „პერსონალური ასისტენტი“, რომელიც განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც სახელმწიფო სერვისების მუდმივი მიწოდება და გაზრდილი შესაძლებლობები ესაჭიროება. „პერსონალური ასისტენტი“ მომხმარებლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს და ხელმისაწვდომი იქნება დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მისი დახმარებით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს სხვადასხვა მომსახურება დისტანციურად, სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის ფორმატში. კონსულტაციის გაწევა, მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება თუ სხვა სახის უკუკავშირი განხორციელდება მკაცრად განსაზღვრულ ოპერატიულ ვადებში.

დაგეგმილია სახელმწიფო სერვისების ერთ მობილურ აპლიკაციასა („ციფრული იუსტიცია“) და ვებსივრცეში თავმოყრა, რათა ნებისმიერ პირს 24 საათის განმავლობაში შეეძლოს ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად, მარტივად, როგორც ვებაპლიკაციის, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით მისთვის სასურველი მომსახურების მიღება.

ამოცანა 11.2: საარქივო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა

საარქივო სერვისების განვითარების მიმართულებით, გაიზრდება ისეთი შესაძლებლობები, რაც დაკავშირებულია საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობასა და დედანი დოკუმენტების დაცულობასთან.

აქტიურად მიმდინარეობს და გაგრძელდება სხვადასხვა სახის ელექტრონული კატალოგებისა და სერვისების შექმნის პროცესი, რომლის შემადგენელი კომპონენტია ქაღალდისფუძიანი დედანი დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადატანა.

საარქივო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომისა და დედანი დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისტორიულ ფონდებში დაცულ უძველეს საბუთებსა და ყველაზე ხშირად მოთხოვნად დოკუმენტებს.

მიზანი 12: საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა და ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სერვისების განვითარება (ოკუპირებული ტერიტორიებისა და სახელმწიფო ტყის გარდა)

მთავრობის მიზანია რეგისტრირებული მიწის ფონდის სრულყოფა, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს როგორც სოფლის მეურნეობის, ისე მიწის ბაზრის განვითარებას, მეორე მხრივ, კი შექმნის შესაძლებლობას, განისაზღვროს სახელმწიფოს მიერ განკერძოებული მიწის ნაკვეთების ფართობი და მოწესრიგდეს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადების ადმინისტრირების პროცესი.

ამოცანა 12.1: სრული საკადასტრო მონაცემების შექმნა, მათზე უფლებრივი მდგომარეობის ასახვა და მონაცემთა ბაზის სრულყოფა

მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის დასრულება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, ასევე ეფექტიანად მართოს და მოუაროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში. მიწების რეგისტრაცია ხელს შეუწყობს არსებული ბუნებრივი რესურსების ბაზისა და დაცული ტერიტორიების დაცვასა და შენახვას. პირველადი რეგისტრაციის დასრულებით, საქართველოს მთავრობას მიეცემა თანმიმდევრული და სათანადო საგადასახადო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა, რომელიც დაფუძნებული იქნება მიწის რეალურ მესაკუთრეებზე.

2022 – 2025 წლების პერიოდში, 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი), განხორციელდება საკადასტრო/საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობა სრულიად უფასოდ. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პროაქტიულად, საკუთარი ინიციატივით, მოიძიებს და სისტემატიზაციას გაუკეთებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას.

ამოცანა 12.2: საქართველოს სოფლების (მუნიციპალიტეტების რეესტრში რეგისტრირებული სოფლები ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) დამისამართება

განხორციელდება გეოგრაფიული მონაცემების დამუშავება, გეოგრაფიული ობიექტების კლასიფიკაციის ერთიანი წესის, მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, დასახლებების შესახებ არსებული მონაცემების გადამოწმება, ქუჩების სახელდება და სამისამართო ობიექტების ნუმერაცია. სოფლების დამისამართება მიწის ფონდის ადმინისტრირებისა და მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. ინდივიდუალური მისამართები იძლევა სივრცეში ორიენტაციის მარტივ საშუალებას. შესაბამისად, დამისამართებულ სოფლებში ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, დაგეგმვა უფრო ეფექტიანად განხორციელდება და დადებით შედეგებს მოიტანს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის.

2.3.11 სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია

მიზანი 13: სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა

მთავრობის პრიორიტეტია სახელმწიფოში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის შემდგომი განმტკიცება, რაც გულისხმობს ქვეყანაში ეთნოსთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას, მათი კულტურული ფასეულობებისა და იდენტობის დაცვას, საზოგადოებაში თანასწორობის პრინციპების სრულფასოვან რეალიზებას, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, შეძლოს, წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიული განვითარების პროცესში.

ამოცანა 13.1: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება და მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

სახელმწიფო ენის ცოდნა და მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა და აუცილებელი ფაქტორია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისა და მრავალეთნიკური საზოგადოების სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. აღნიშნული ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის განვითარების პროცესში, მათი, როგორც მაღალი ხარისხის ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, პოლიტიკურ მონაწილეობას, დასაქმებას, სახელმწიფო პროგრამებში ჩართვასა და სერვისებზე წვდომას, ქვეყანაში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსს შორის ფასეულობების გავრცელებასა და სოციალიზაციას, კომუნიკაციის უზრუნველყოფას, კულტურისა და ტრადიციების გაზიარებას.

ზემოაღნიშნული ამოცანა, ერთი მხრივ, გულისხმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას, ხოლო, მეორე მხრივ, განათლების ყველა საფეხურზე − სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი, ასევე ზრდასრულთა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის განგრძობად ამაღლებას.

შესაბამისად, გაგრძელდება არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობა, რაც დამკვიდრებულ პრაქტიკასა და მიმდინარე პროგრამებთან მიმართებით უფრო მეტად მასშტაბური, პრაგმატული, განგრძობითი, სტანდარტიზებული და წახალისებაზე ორიენტირებული იქნება როგორც ფორმალურ, ასევე ზრდასრულთა და არაფორმალურ განათლებაში. დაგეგმილია კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება სკოლამდელი და ზოგადი განათლების ეტაპებზე, რაც ითვალისწინებს სახელმწიფო ენის სწავლებას შესაბამისი მეთოდოლოგიით და არსებული მიდგომების გაუმჯობესებას, ასევე სასწავლო პროგრამების, რესურსების ხარისხის (მათ შორის, ქართულის, როგორც მეორე ენის, სახელმძღვანელოების), შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგებით უზრუნველყოფას და სწავლების მეთოდიკის გაუმჯობესების პარალელურად ქართული ენის სასწავლო პროგრამებში საინტეგრაციო კომპონენტის, როგორც გამჭოლი თემის ინტეგრირებას, ასევე ქართულ ენაზე სასაუბრო პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებას.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ზრდასრული მოსახლეობისთვის, რომელთაც სხავადასხვა ობიექტური გარემოების გამო ვერ შეძლეს ქართული ენის შესწავლა ფორმალური განათლების სისტემაში, მაგრამ აქვთ სურვილი, შეისწავლონ სახელმწიფო ენა, შეთავაზებული იქნება სწავლება დისტანციური და ჰიბრიდული პროგრამების ფარგლებში, არსებული სასწავლო ცენტრებისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პედაგოგების მობილური ჯგუფების წარგზავნის საშუალებით.

ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და არსებული გამოწვევების დასაძლევად, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების განათლების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ეს, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს რეფორმების განმახორციელებელი ადამიანური რესურსების უზრუნველყოფასა და არაქართულენოვანი სკოლების მომავალი მასწავლებლების საუნივერსიტეტო მომზადებას, მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავებას მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ასევე მათ მიერ სახელმწიფო ენის დაუფლების მხარდაჭერას.

ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში დაიწყება ორენოვანი განათლების ახალი მოდელის დანერგვის გაფართოება. ბილინგვური განათლების სპეციფიკიდან გამომდინარე, საგნისა და ენის ინტეგრირებული სწავლების მეთოდოლოგიის გათვალისწინებით და არსებული გამოწვევების დასაძლევად, მასწავლებლები გადამზადდებიან, როგორც ქართულ ენაში (ენის კომპეტენციის ასამაღლებლად), ისე საგნობრივი მიმართულებით და ქართულ ენაზე საგნის სწავლების უნარების განვითარებაში. მაქსიმალური ძალისხმევა იქნება მიმართული მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების, მათ შორის − ქართულის, როგორც მეორე ენის, ასევე მშობლიური ენის სახელმძღვანელოების შესაქმნელად.

სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის სკოლამდელ და სასკოლო დონეზე პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სრულფასოვნად ამუშავდება აღმზრდელ-პედაგოგთა და მასწავლებელთა მომზადების, შეფასებისა და წახალისების მექანიზმები.

ეთნიკური უმცირესობების უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის განხორციელდება „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (ე. წ. 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა) ტრანსფორმაცია და ახალ გამოწვევებთან ადაპტაცია.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების მხარდაჭერის მიზნით, პროფესიულ განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა განხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის გაფართოების, პროფესიულ სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების, შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზების, სასწავლებლებთან სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მოწყობისა და ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლებისთვის მოკლევადიანი, საჭიროებებზე მორგებული პროფესიული გადამზადების კურსების შეთავაზების საშუალებით. ბაზარზე მოთხოვნადი უნარებით აღჭურვა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმების შესაძლებლობებს.

ამოცანა 13.2: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობის გაუმჯობესება სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკურ ცხოვრებაში ფორმალური, რაოდენობრივი თვალსაზრისით გაზრდილი წარმომადგენლობა და მონაწილეობა, ხოლო, მეორე მხრივ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ეფექტიანი მონაწილეობა.

თანასწორი და ტოლერანტული გარემოს განმტკიცების მიზნით, მოიაზრება თანაბარი საარჩევნო გარემოს განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ სრულფასოვან მონაწილეობასა და სასურველი არჩევანის გაკეთებას.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული მექანიზმების გაუმჯობესების პარალელურად, ამოქმედდება დამატებით ახალი, შედეგზე ორიენტირებული მექანიზმებიც, ასევე ყურადღება გამახვილდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების პროფესიულ გაძლიერებაზე, შესაბამისი პროფესიული მომზადების/გადამზადების, ასევე სახელმწიფო ენის შესასწავლად მიზნობრივი პროგრამების შემუშავებით/განხორციელებით.

სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ხშირად არასრულ ინფორმაციას ფლობენ ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების შესახებ. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ძალისხმევა დაეთმობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სრულფასოვან ინფორმირებას. ამ კუთხით ყურადღება გამახვილდება სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების, შესაძლებლობების, შესაბამისი პროგრამებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე, მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მხარდამჭერ საკონსულტაციო და საგანმანათლებლო აქტივობებზე, პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდაზე, ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე.

ეთნიკური უმცირესობებისათვის სახელმწიფო და მათ მშობლიურ ენებზე ინფორმაციის მიწოდებისა და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფის მხარდაჭერის მიმართულებით, განხორციელდება საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კარდაკარ კამპანიები სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ, ასევე საინფორმაციო მასალები გავრცელდება ალტერნატიული გზებით. განხორციელდება ისეთი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც გაზრდის ეთნიკურ უმცირესობათა კომუნიკაციას ქართულენოვან მოსახლეობასა და სახელმწიფო ინსტიტუტებთან, აგრეთვე გააუმჯობესებს სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულ სერვისებზე წვდომას, შექმნის ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ეკოსისტემის დაზიანების რისკების თავიდან აცილების შესაძლებლობას.

დაგეგმილია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება და ჯეროვანი საკომუნიკაციო საშუალებების უზრუნველყოფა (ინტერნეტიზაცია). ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, სახელმწიფო მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და არსებულის რეაბილიტირების კუთხით.

ამოცანა 13.3: კულტურათაშორისი დიალოგის წახალისება

დაგეგმილია მოზარდობის ასაკიდან ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება, როგორც ეთნიკური უმრავლესობის, ისე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის თვითმყოფადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე: ეთნიკური ჯგუფების ენის, კულტურის, რელიგიის, ტრადიციების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში შემწყნარებლობისა და განსხვავებულისადმი მიმღებლობის განმტკიცებას, რაც საბოლოოდ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის ჰარმონიული თანაცხოვრების წინაპირობას წარმოადგენს.

საზოგადოებაში ტოლერანტული განწყობების გაძლიერების მიზნით, გატარდება კომპლექსური პოლიტიკა, რომელიც მოიცავს საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, გასართობი, სპორტული ღონისძიების განხორციელებას სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი მოქალაქეების მონაწილეობით, ეთნიკურ უმცირესობათა მატერიალური და არამატერიალური კულტურული ფასეულობების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობას. გათვალისწინებულია ინტერკულტურული საგანმანათლებლო საქმიანობის წახალისება, რაც მოიაზრებს, როგორც ქართული კულტურის უკეთ გაცნობას ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების მიერ, ასევე სხვადასხვა ეთნო კულტურების გაცნობას ქართული საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის, ასევე სხვადასხვა ეთნოსისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სპორტული და კულტურული აქტივობების განხორციელებას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება ეთნიკურ უმცირესობათა მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესი, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაცია, ასევე თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების საქმიანობისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიების მხარდაჭერა.

2.4 სახელმწიფო მმართველობა

გამჭვირვალე, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული სახელმწიფო მართვა წარმოადგენს ქვეყნის განვითარებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის მნიშვნელოვან წინაპირობას. სტრატეგიაში წარმოდგენილი რეფორმები და ინიციატივები ვერ განხორციელდება, თუ ქვეყანას არ ექნება შედეგებზე ორიენტირებული, ეფექტიანი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული სახელმწიფო მმართველობა.

მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის პრიორიტეტად რჩება საჯარო მმართველობის რეფორმის გაგრძელება, სახელმწიფო მმართველობის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესება, დეცენტრალიზაციის პოლიტიკის განხორციელება და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, რისი შედეგიც აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

მიზანი 1: გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბება

ხელი შეეწყობა სტაბილური და მოქნილი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რომელიც ეფექტიან რეაგირებას მოახდენს სხვადასხვა სოციალურ გამოწვევაზე, ღია იქნება საზოგადოებასთან დიალოგისთვის, შეეძლება ეფექტიანი ახალი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება და ხარისხიანი სერვისების მიწოდება.

ამოცანა 1.1: პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის გაძლიერება

მომდევნო წლების განმავლობაში ხელი შეეწყობა შედეგებზე ორიენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძვნებული პოლიტიკის შემუშავებას. გაუმჯობესდება პოლიტიკის დაგეგმვის, ანგარიშგების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემა და კოორდინაციის ხარისხი. დაგეგმილია საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, რისთვისაც პერიოდული მოკვლევის საფუძველზე შემუშავდება საჭიროებებზე დაფუძნებული ტრენინგმოდულები. ხელი შეეწყობა მონაცემთა მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებას.

ყურადღება გამახვილდება ჩართულობის მექანიზმების გაძლიერებაზე. დაინერგება მოქალაქეთა მონაწილეობის ერთიანი სტანდარტი საჯარო კონსულტაციების პროცესში, რათა ხელი შეეწყოს ზუსტ და სანდო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკის პროცესის მაღალ ლეგიტიმაციასა და სანდოობას.

შემუშავდება და დაინერგება პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომლის მიზანია პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების უფრო ეფექტიანი, მარტივი და შედეგებზე ორიენტირებული პროცესების დანერგვა და მისი, როგორც სტრატეგიული დაგეგმვის ინსტრუმენტად გამოყენება. აღნიშნული სისტემა გაამარტივებს ეროვნული და სექტორული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, ანგარიშგებისა და შეფასების მთლიან პროცესს. ამასთანავე, უფრო მეტად გამჭვირვალეს გახდის პოლიტიკის ციკლს.

ამოცანა 1.2: მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაძლიერება

საჯარო მმართველობის ევროპული პრინციპების ანგარიშვალდებულების კომპონენტის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა შექმნან მექანიზმები, რომლებიც საჯარო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას, პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს67 ამ მიზნის მისაღწევად, მთავრობის ამოცანაა ანგარიშვალდებულების გაძლიერება, საჯარო ინსტიტუტების უფრო მაღალი გამჭვირვალობის, ღიაობისა და ჩართულობის სტანდარტების დანერგვა და დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფა.

შესაბამისად, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნება კარგი მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის განახლება, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. აგრეთვე აღნიშნული მიმართულებებით განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს მიმართ გაცემული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებაზე, რათა ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს არსებულ მაღალ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას. გარდა ამისა, მთავრობის პრიორიტეტი იქნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არაერთგვაროვანი დონის მინიმუმამდე დაყვანა, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და ღია მმართველობის ამბიციური პოლიტიკის წარმოება ჩართულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობით. აღნიშნულის შედეგად, შესაძლებელი იქნება მმართველობის ეფექტიანობის ხარისხის გაუმჯობესება, მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც პასუხობს მოქალაქეთა საჭიროებებს, რთავს მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საბოლოოდ ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას.

ამოცანა 1.3: სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება

სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით, მომდევნო წლების ამოცანაა საერთაშორისო კარგ პრაქტიკაზე დაყდნობით მომზადებული ერთიანი პოლიტიკის განხორციელება და სერვისის მიმწოდებელ ყველა სახელმწიფო უწყებაში ახალი სტანდარტების დანერგვა.

მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ასევე ელექტრონული მმართველობის გაძლიერება, რაც მომსახურებათა ელექტრონულად ხელმისაწვდომის აუცილებელი წინაპირობაა. შესაბამისად, პრიორიტეტად რჩება საჯარო სექტორში ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებული სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდა, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მეტი ელექტრონული სერვისის მიწოდება.

მნიშვნელოვანია საჯარო მომსახურების მიმართულებით ერთგვაროვანი სტანდარტებისა და მიდგომების დანერგვა და ციფრული მმართველობის განვითარებისა და ელექტრონული სერვისების მიწოდების ხელშემწყობი პოლიტიკის გაძლიერება. შესაბამისად, მთავრობა მომდევნო წლებში გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. სერვისის მიმწოდებელ უწყებებში ეტაპობრივად დაინერგება სტრატეგიით გათვალისწინებული ახალი სტანდარტები სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების მიმართულებით.

ამოცანა 1.4: საჯარო სამსახურის სისტემის გაუმჯობესება / საჯარო სამსახურში არსებული ადამიანური კაპიტალის განვითარება და მართვის ინსტრუმენტების დახვეწა

საჯარო სამსახურის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, საკანონმდებლო რეგულირებისა და პრაქტიკის შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი და საჯარო უწყებების ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველყოფა, ხოლო, მეორე მხრივ, საჯარო სექტორში კვალიფიციური და მოტივირებული ადამიანური რესურსების გაძლიერება. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელიც დაკავშირებული იქნება საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების როლის გაძლიერებასთან, იმისათვის, რომ თითოეული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიაღწიოს დასახულ ორგანიზაციულ მიზნებს და გაზარდოს ორგანიზაციული ეფექტიანობა არსებული კვალიფიციური და მოტივირებული ადამიანური რესურსით. ადამიანური რესურსების მართვის პროცესში ოპერაციული საქმიანობა გახდება სრულად ელექტრონული და ავტომატიზებული, ხოლო HR სპეციალისტების ძალისხმევა მიემართება სტრატეგიული და ანალიტიკური საქმიანობისკენ. სამუშაო ძალის დაგეგმვა გახდება მომავალზე ორიენტირებული, გაიზრდება ინდივიდუალური და ორგანიზაციული სწავლების ხარისიხი. დაიხვეწება მართვის ინსტრუმენტები, თითოეული საჯარო მოხელის პროფესიული და კარიერული განვითარებისთვის შეიქმნება ონლაინსწავლების ერთიანი პლატფორმა და ინოვაციური სწავლების შესაძლებლობა. ასევე შემუშავდება სამუშაოს ორგანიზების თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისი სტანდარტები და წესები. გარდა ამისა, დაგეგმილია თანმიმდევრული, სისტემური და ღირებულებების ტრანსფერზე დაფუძნებული მმართველობითი რეფორმები საჯარო სამსახურში ეთიკური გარემოს შექმნის, ანგარიშვალდებულების გაზრდის, კორუფციის პრევენციისა და მაღალი ორგანიზაციული კულტურის განსამტკიცებლად.

ამოცანა 1.5: საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესება

საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით აგრძელებს მუშაობას მხარჯავ დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტებში, შესაბამისი თანამშრომლების გადამზადებისა და პროექტების შეფასებების პროცესში ხელშეწყობის მიმართულებით. საინვესტიციო პროექტების მართვის სრულყოფილი დანერგვა ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია 2022 – 2025 წლების ვალის მართვის სტრატეგიისთვის, ახალი სასესხო ვალდებულებების აღების პრიორიტეტიზაციისათვის, მათი ეკონომიკური სარგებლიანობის გათვალისწინებით. ასევე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სხვადასხვა არსებული გამოწვევების გადასაჭრელად მუდმივად გაგრძელდება მუშაობა და თვითშეფასებისა და ვალიდაციის სისტემის მეშვეობით მუდმივად მოხდება არსებული მიღწევების სრულყოფა.

ამოცანა 1.6: მუნიციპალიტეტების დონეზე საჯარო მმართველობის ეფექტიანობის გაზრდა და გაძლიერება

საქართველოს მთავრობის ამოცანაა ადგილობრივი ხელისუფლების ისეთი სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითა და მოსახლეობის აქტიური თანამონაწილეობით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით, კანონის ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ეფექტიან და ოპერატიულ გადაწყვეტას, მუნიციპალიტეტის პოტენციალის სრულად გამოყენებას, მდგრად ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებასა და ცხოვრების დონის ამაღლებას.

სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელების შედეგად, გაიზრდება თვითმმართველი ერთეულის როლი საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაწყვეტაში, ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფილნი იქნებიან შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით, ჩამოყალიბდება სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანობის გაზრდა და გაძლიერება აუცილებლად გულისხმობს მუნიციპალიტეტების მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობების ზრდას, ამდენად, შემოსავლების მობილიზება მოიცავს არასაგადასახადო შემოსავლების (მოსაკრებლები და ნებართვები) შემოღებას, ადმინისტრირებისა და სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის სრულ ავტონომიას. ამასთანავე, ფინანსურად მძლავრი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კანონმდებლობით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობების საერთო შემოსულობების წილი, რომელიც იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7 პროცენტი. კანონმდებლობითვე განისაზღვრება, რომ მუნიციპალიტეტების შემოსულობების წილი მშპ-სთან მიმართებით გაიზრდება ეტაპობრივად, ცენტრალური/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ შესაბიმისი ფუნქციების გადაცემასთან ერთად და ცენტრალური/ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ამ ფუნქციების დაფინანსების პროპორციულად. ამასთანავე, არსებული საფინანსო და ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით, გამარტივდება მუნიციპალიტეტის მიერ გრანტის მიღება-გაცემის საკანონმდებლო პროცედურები. გარდა ამისა, გაიზრდება თვითმმართველი ერთეულის არაფინანსური აქტივები.

კარგი მმართველობის პრინციპების დამკვიდრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობის ასამაღლებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანერგილი იქნება ინფორმაციული ნაკადების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემა, რაც, მათ შორის, გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტებში გაჩნდება სერვისების ელექტრონულად მიწოდების შესაძლებლობა. შედეგად, შეიქმნება ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორისთვის. ეს ხელს შეუწყობს ინფორმაციული გამჭვირვალობის ამაღლებას, საინფორმაციო და მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას. მისი განხორციელების შემდგომ, მუნიციპალური სერვისები მოქალაქეებისათვის უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტიანი გახდება, გაიზრდება ანგარიშვალდებულება მათ წინაშე და გაჩნდება თანამონაწილეობის დამატებითი შესაძლებლობები.

სტრატეგიის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება

სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელებისათვის მთავრობის რეგლამენტის68 მე-4 მუხლის შესაბამისად, შემუშავდება მთავრობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, რომელიც თითოეული მიზნითა და ამოცანით განსაზღვრული შედეგის მისაღწევად კონკრეტულ აქტივობებს განსაზღვრავს.

სტრატეგიის საფუძველზე განსაზღვრული აქტივობები ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით. სტრატეგია და მის საფუძველზე მომდევნო წლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმა განხორციელდება და მათი დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების ასიგნებების ფარგლებში. სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების ჩართულობა და მათთან აქტიური თანამშრომლობა.

განხორციელების პროცესს ზედამხედველობას უწევს „ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო“, ხოლო ანგარიშგების მომზადებასა და უწყებებიდან შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებას კოორდინაციას გაუწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტი. თავის მხრივ, განმახორციელებელი უწყებები პასუხისმგებელნი იქნებიან, დროულად და შეთანხმებული  ფორმატით მიაწოდონ მთავრობის ადმინისტრაციას ანგარიშგებისათვის საჭირო მონაცემები. 

სტრატეგიისა და მისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის პასუხისმგებელ უწყებებად განსაზღვრულნი არიან საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სხვა სახელმწიფო უწყებები, ცალკეული აქტივობების შესაბამისად.

სტრატეგიისა და მისი შესაბამისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და შეფასება განხორციელდება პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მომზადდება მონიტორინგის:

  • ექვსთვიანი პროგრესის ანგარიშები;

  • წლიური  ანგარიშები.

ხოლო შეფასების შემთხვევაში ჩატარდება ერთი შუალედური და ერთი საბოლოო შეფასება.

ანგარიშები გამოქვეყნდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gov.ge).

დეტალური ინფორმაცია ანგარიშების მომზადებისა და გამოქვეყნების შესახებ მოცემულია ცხრილის სახით: 

ანგარიშის ტიპი საანგარიშო პერიოდი გამოქვეყნების პერიოდი
პროგრესანგარიში, აქტივობებთან მიმართებით (6-თვიანი)  ყოველი წლის 1 − 6 თვე N/A

წლიური

ანგარიში

ყოველი წლის 1 – 12 თვე საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 60 კალენდარულ დღის ვადაში (არა უგვიანეს 1 მარტისა) 
შუალედური შეფასების ანგარიში მომზადდება სტრატეგიის დამტკიცებიდან 4 საანგარიშო წლის გასვლის შემდეგ  2026 წლის 30 ივნისი 
საბოლოო შეფასების ანგარიში სტრატეგიის დამტკიცებიდან მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე სტრატეგიის დასრულებიდან 180 დღის ვადაში.