„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.02.2023
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/248/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-20
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 4, 22.01.2003, მუხ. 25) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) „მატარებელი“ - სათანადო სიგნალებით აღჭურვილი ვაგონების და/ან სხვა ნებისმიერი სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ფორმირებული შემადგენლობა, ერთი ან რამდენიმე მოქმედი გამწევი საშუალებით, ასევე, ნებისმიერი სარკინიგზო თვითმავალი სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც იგზავნება გადასარბენზე;“; ბ) „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ6) „მოძრავი შემადგენლობა“ - სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა - ლოკომოტივები, სატვირთო და სამგზავრო ვაგონები, ძრავა-ვაგონიანი მოძრავი შემადგენლობა და გადაზიდვების განხორციელებისა და ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი სხვა სპეციალური თვითმავალი და არათვითმავალი სარკინიგზო სვლის ერთეულები;“; გ) „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ10) „სახიფათო ტვირთი“ - საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც კლასიფიცირებულია საშიშროების ტიპის მიხედვით და რომელთა გადაზიდვა „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (COTIF) დანართით C - სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ რეგულაციების (RID) ან/და „რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის“ 1951 წლის 1 ნოემბრის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების მე-2 დანართის შესაბამისად, აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით;“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ26 - ჰ40 ქვეპუნქტები: „ჰ26) სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო;“; ჰ27) „მატარებლის მემანქანე (შემდგომში - მემანქანე)“ - პირი, რომელიც ფლობს მემანქანის მართვის მოწმობას და მემანქანის სერტიფიკატს და რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ და შესაბამისი პასუხისმგებლობით მართოს მატარებლები, მათ შორის, ლოკომოტივები, სამანევრო ლოკომოტივები, ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობა, სპეციალური თვითმავალი მოძრავი შემადგენლობა, სამეურნეო მატარებლები, მოვლა- შენახვისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მანქანა-მოწყობილობები, ან მატარებლები, რომლებიც განკუთვნილია მგზავრთა/ტვირთის გადასაყვანად/გადასაზიდად; ჰ28) „რკინიგზის სისტემა“ - სისტემა, რომელიც მოიცავს რკინიგზის ინფრასტრუქტურას და მოძრავ შემადგენლობას, რომელიც გადაადგილდება ამ ინფრასტრუქტურაზე; ჰ29) „ინფრასტრუქტურის მენეჯერი“ - იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, მართვასა და მოვლა-შენახვაზე, მათ შორის, მოძრაობის მართვაზე, სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე ინფრასტრუქტურის მენეჯერის ფუნქციები შესაძლოა გადაეცეს სხვა პირს; ჰ30) „სარკინიგზო საწარმო / გადამზიდველი”- იურიდიული პირი, რომლის საქმიანობას წარმოადგენს ტვირთების და/ან მგზავრთა სარკინიგზო გადაზიდვა/გადაყვანა იმ დაშვებით, რომ იგი უზრუნველყოფს წევას. სარკინიგზო საწარმოდ მიიჩნევა ასევე ის იურიდიული პირი, რომელიც მხოლოდ წევას ახორციელებს; ჰ31) „მემანქანის სერტიფიკატი“ - სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც მითითებულია ის ინფრასტრუქტურა (ინფრასტრუქტურის მონაკვეთი) და მოძრავი შემადგენლობა, რომლებზეც სერტიფიკატის მფლობელს გააჩნია მემანქანის მართვის უფლება; ჰ32) „სასწავლო ცენტრი“ - იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მემანქანეების პროფესიულ სწავლებას სააგენტოს მიერ მინიჭებული შესაბამისი სტატუსის საფუძველზე; ჰ33) „მემანქანის მართვის მოწმობა“ - სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ პირი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს; ჰ34) „განმცხადებელი“ - ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს მიიღოს მემანქანის მართვის მოწმობა ან მემანქანის სერტიფიკატი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.“ ჰ35) “სარკინიგზო შემთხვევა“ - არასასურველი და წინასწარ გაუცნობიერებელი მოულოდნელი მოვლენა ან ასეთ მოვლენათა ერთობლიობა, რომელსაც შედეგად მოჰყვება ზიანი; სარკინიგზო შემთხვევა იყოფა შემდეგ კატეგორიებად: შეჯახება, რელსიდან აცდენა, სარკინიგზო გადასასვლელებზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევა, სარკინიგზო შემთხვევა, რომელიც შეემთხვა ადამიანს მოძრავი შემადგენლობის გადაადგილებისას, ხანძრისა და სხვა ფაქტორებით და რომელთა შედეგადაც ზიანი მიადგა ადამიანის ჯანმრთელობას; ჰ36) „სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა“ – ნიშნავს მატარებლების შეჯახებას ან მატარებლების რელსებიდან აცდენას, რის შედეგადაც დაიღუპა თუნდაც ერთი ადამიანი ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო ხუთმა ან მეტმა ადამიანმა, ასევე მატარებლების შეჯახება ან რელსებიდან აცდენა, რის შედეგადაც მოძრავ შემადგენლობას, სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ან გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი და სხვა მსგავსი შემთხვევები, რომელსაც აშკარა გავლენა აქვს სარკინიგზო უსაფრთხოების რეგულირებაზე ან უსაფრთხოების მართვაზე; ჰ37) „ინციდენტი“ - ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც არ კვალიფიცირდება სარკინიგზო შემთხვევად ან სერიოზულ სარკინიგზო შემთხვევად, მაგრამ გავლენას ახდენს სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოებაზე; ჰ38) „უსაფრთხოების სერტიფიკატი“ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც მოწმობს სარკინიგზო საწარმოს მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას და სარკინიგზო საწარმოს შესაძლებლობას, განზრახულ სამოქმედო არეალში უსაფრთხო ოპერირებაზე; ჰ39) „უსაფრთხოების ავტორიზაცია“ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული ავტორიზაცია, რომელიც მოწმობს ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას, რაც, თავის მხრივ, უნდა მოიცავდეს პროცედურებსა და წესებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო პროექტირების, მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციისათვის, მათ შორის, საჭიროებისამებრ, სიგნალიზაციის, მართვისა და კონტროლის სისტემების, მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციისათვის; ჰ40) „სარკინიგზო ინფრასტრუქტურა“ - მოიცავს ამ კოდექსის N1 დანართში ჩამოთვლილ კომპონენტებს/დეტალებს.“. 3. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, დარგის რეგულირება და ზედამხედველობა 1. სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. სააგენტო ახორციელებს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეგულირებასა და ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 3. სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო ახორციელებს დარგის ტექნიკურ რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სააგენტო ახორციელებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებსა და მოვალეობებს.“ 4. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი: „მუხლი 131. სახიფათო ტვირთი 1. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. რკინიგზა უფლებამოსილია საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაზიდვა აწარმოოს „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (COTIF) დანართით C - სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ რეგულაციებით (RID) ან/და „რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის“ 1951 წლის 1 ნოემბრის შეთანხმებით „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ.“. 5. მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) რკინიგზა – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, საერთო სარგებლობის ადგილებში, სათანადო მექანიზმებისა და მოწყობილობების არსებობისას, გარდა: სახიფათო ან მალფუჭებადი ტვირთისა; ნედლი ცხოველური პროდუქტებისა; დახურული ვაგონებით გადასაზიდი ტვირთისა, რომლის სატვირთო ადგილის წონა 0,5 ტონაზე მეტია; არაგაბარიტული, თხევადი, ფხვიერი ან ნაყარი ტვირთისა, რომელიც გადაიზიდება სპეციალური მოძრავი შემადგენლობით. აღნიშნულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას ტვირთის დატვირთვაგადმოტვირთვის და დახარისხების შეთანხმებული საფასური;“. 6. მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რკინიგზა, ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, რომლებიც გზავნიან და ღებულობენ სახიფათო ტვირთს, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მისი გადაზიდვის უსაფრთხოება. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და ექსპედიტორს უნდა ჰქონდეთ ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ავარიული სიტუაციებისა და ავარიების შედეგების სალიკვიდაციო საშუალებები, ჰყავდეთ მობილური ქვედანაყოფები და უზრუნველყონ მათი დაუყოვნებლივი გაგზავნა შემთხვევის ადგილზე. ეს მოთხოვნა ვრცელდება უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვაზედაც.“. 7. 33-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის დაშვებული იმ ტვირთის ნუსხა, რომელსაც უნდა ახლდეს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამცილებელი, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. 8. 60-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტები, რომელთა ტერიტორიაზედაც ხორციელდება სახიფათო ტვირთის წარმოება, შენახვა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და გადატვირთვა, საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებისა და ნაგებობებისაგან დაშორებული უნდა იყოს იმ მანძილით, რომელიც უზრუნველყოფს რკინიგზის უსაფრთხო ფუნქციონირებას. ამ მანძილს, აგრეთვე სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთისა და მასთან მიახლოებულ ადგილებზე ობიექტების მშენებლობისა და შენახვის ნორმებს ადგენს რკინიგზა.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სახიფათო ტვირთის გამგზავნი (მიმღები) საწარმო (ორგანიზაცია და ა.შ.) და რკინიგზა ვალდებულნი არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის უსაფრთხოება, იქონიონ ტექნიკური საშუალებანი და ჰყავდეთ ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა ავარიული სიტუაციებისა და ავარიების შედეგების სალიკვიდაციოდ.“. 9. მე-60 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 601 მუხლი: „მუხლი 601. უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირება 1. სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე დაშვების უფლება აქვს სარკინიგზო საწარმოს, რომელიც ფლობს სააგენტოს მიერ გაცემულ უსაფრთხოების სერტიფიკატს. 2. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირების უფლება აქვს ინფრასტრუქტურის მენეჯერს, რომელსაც მინიჭებული აქვს უსაფრთხოების ავტორიზაცია სააგენტოს მიერ. 3. სააგენტოს მიერ უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა და უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება ხორციელდება სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. სააგენტო უფლებამოსილია: ა) გასცეს, განაახლოს, შეაჩეროს ან გააუქმოს უსაფრთხოების სერტიფიკატი ან უსაფრთხოების ავტორიზაცია; ბ) განახორციელოს ინფრასტრუქტურის მენეჯერის და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირება, მონიტორინგი და ზედამხედველობა, სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს უნდა მიეცეს დაშვება ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან სარკინიგზო საწარმოს ნებისმიერ ინფორმაციაზე, შენობა-ნაგებობებზე, დანადგარებზე, მოწყობილობებზე და აღჭურვილობაზე. 6. უსაფრთხოების სერტიფიკატის და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმები მტკიცდება სააგენტოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტით.“. 10. 61-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 611 მუხლი: „მუხლი 611. სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების, სარკინიგზო შემთხვევების ინციდენტების მოკვლევა და 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ - მოკვლევის ბიურო) ახორციელებს სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების სამსახურებრივ მოკვლევას (შემდგომ - მოკვლევა), რომლის მიზანს წარმოადგენს სარკინიგზო უსაფრთხოების გაუმჯობესება და სარკინიგზო შემთხვევების პრევენცია. სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი არ არის სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის დადგომისთვის პირის ბრალეულობის ან პასუხისმგებლობის დადგენა. სამსახურებრივი მოკვლევა ხორციელდება სასამართლო და ადმინისტრაციული უწყებებისაგან დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე. 2. მოკვლევის ბიურო ფუნქციურად დამოუკიდებელია სააგენტოსგან, სარკინიგზო საწარმოსა, ინფრასტრუქტურის მენეჯერისგან და ნებისმიერი იმ პირისგან, რომლის ინტერესები ან/და ამოცანები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოკვლევის ბიუროზე დაკისრებულ ამოცანებს ან/და ზემოქმედებას ახდენდეს მის ობიექტურობაზე. 3. სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის გარდა, მოკვლევის ბიურომ შესაძლებელია განახორციელოს ისეთი სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევა, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა. ასეთი შემთხვევის მოკვლევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის ბიურო. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას მოკვლევის ბიურო მხედველობაში იღებს: ა) სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მნიშვნელობას და სიმძიმეს; ბ) წარმოადგენს თუ არა ასეთი შემთხვევა, მთლიანი სარკინიგზო სისტემის კონტექსტში, სარკინიგზო შემთხვევების ან ინციდენტების სერიის ნაწილს; გ) სარკინიგზო უსაფრთხოებაზე ზოგად გავლენას; დ) სააგენტოს, ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან სარკინიგზო საწარმოს მიმართვას. 4. მოკვლევის ბიუროს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს: ა) დაშვება/წვდომა სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის ადგილზე, მასში მონაწილე მოძრავ შემადგენლობაზე და შესაბამის ინფრასტრუქტურაზე; ბ) მტკიცებულებების შეგროვების უფლება, მათ შორის ინფრასტრუქტურის/მოძრავი შემადგენლობის დაზიანებული ნაწილების მოხსნის/ამოღების უფლება შესაბამისი ექსპერტიზის ან ანალიზის მიზნებისთვის; გ) წვდომა და გამოყენების უფლება მატარებელში არსებული ჩამწერი მოწყობილობების ჩანაწერებზე და აღჭურვილობაზე, რაც დაკავშირებულია ვერბალური შეტყობინებების ჩაწერის და სიგნალიზაციისა და მოძრაობის კონტროლის სისტემის ექსპლუატაციის რეგისტრაციასთან; დ) მსხვერპლთა ცხედრების ექსპერტიზის შედეგებზე წვდომა; ე) სერიოზულ სარკინიგზო შემთხვევაში, სარკინიგზო შემთხვევაში ან ინციდენტში მონაწილე მატარებლის პერსონალისა და სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის სხვა პერსონალის გამოკვლევების შედეგებზე წვდომა; ვ) სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის პერსონალის და სხვა პირების გამოკითხვის უფლება; ზ) წვდომა/დაშვება ინფრასტრუქტურის მენეჯერის, სარკინიგზო საწარმოების და სააგენტოს ხელთ არსებულ ნებისმიერ შესაბამის ინფორმაციაზე ან ჩანაწერზე. 5. მოკვლევის ბიურო პასუხისმგებელია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვაზე, რათა ეს ინფორმაცია არ გამჟღავნდეს სხვა მიზნით, გარდა სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის მიზნისა. მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს მესამე პირებისთვის, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე. 6. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის ან სარკინიგზო შემთხვევის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი. სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი, მოკვლევის ბიუროს ან სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენენ მათ ინციდენტის მოკვლევის საბოლოო ანგარიშს. 7. ისეთი სარკინიგზო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევისას, რომლებიც სხვადასხვა უწყების კომპეტენციის სფეროს შეეხება, საქართველოს მთავრობამ შესაძლოა შექმნას უწყებათაშორისი კომისია. 8. სარკინიგზო შემთხვევისა და სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის დადგომისას შეტყობინება ეგზავნებათ სარკინიგზო ტრანსპორტის რეგისტრაციის, ექსპლუატანტის, დამპროექტებლის ან დამზადების სახელმწიფოებს, რომლებსაც უფლება აქვთ, მოკვლევაში მონაწილეობის მიზნით დანიშნონ უფლებამოსილი წარმომადგენლები. 9. სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სააგენტო ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ მოკვლევის ბიუროს სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის შესახებ. 10. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის ადგილის დაცვა და მოკვლევის ბიუროს მუშაობისათვის სათანადო პირობების შექმნა. 11. სამსახურებრივი მოკვლევის შესახებ უნდა მომზადდეს ანგარიში სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის სახეობისა და მნიშვნელობისთვის გათვალისწინებული შესაბამისი ფორმით და მოკვლევის შედეგების მნიშვნელობის გათვალისწინებით. ანგარიშში ასახული უნდა იყოს მოკვლევის მიზნები. ასევე ასეთი ანგარიში შესაძლებელია შეიცავდეს უსაფრთხოების რეკომენდაციებს, საჭიროებისამებრ. 12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეკომენდაცია უნდა მიეცეს სააგენტოს, ასევე, რეკომენდაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა ორგანოს ან უწყებებს. მოკვლევის ბიუროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება/შესრულება სავალდებულოა. 13. სამსახურებრივ მოკვლევასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 14. სამსახურებრივი მოკვლევის წესს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შესაბამისი ნორმატიული აქტით.“. 11. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი: „თავი VIII1 მემანქანის მართვის მოწმობის გაცემა და სერტიფიცირება მუხლი 631. მიზანი და მოქმედების სფერო 1. ეს თავი ადგენს სააგენტოს, მემანქანის, სარკინიგზო საწარმოს, ინფრასტრუქტურის მენეჯერის და სასწავლო ცენტრის უფლება-მოვალეობებს . 2. ეს თავი არ ვრცელდება იმ მემანქანეზე, რომელიც საქმიანობს მხოლოდ: ა) მეტროს, ტრამვაის და რკინიგზის სხვა მსუბუქრელსიან ტრანსპორტზე, რომლებიც გამიჯნულია სარკინიგზო ქსელისგან; ბ) იმ ქსელებზე, რომლებიც ფუნქციურად გამიჯნულია დანარჩენი სარკინიგზო ქსელისგან და გამიზნულია მხოლოდ ადგილობრივი, საქალაქო და საგარეუბნო სარკინიგზო მიმოსვლისა და სატვირთო მომსახურებებისთვის; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არსებობს მხოლოდ ამ ინფრასტრუქტურის მფლობელთა საკუთარი გადაზიდვების მიზნებისათვის; დ) ლიანდაგის იმ მონაკვეთ(ებ)ზე, რომელიც ჩვეულებრივი მიმოსვლისათვის დროებით არის დაკეტილი, რკინიგზის სისტემის შეკეთების, განახლების ან გაუმჯობესების მიზნით. მუხლი 632. მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი 1. რკინიგზის სისტემაში მატარებლის მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ მემანქანეს, რომელიც ფლობს ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს. 2. მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს: ა) მემანქანის მართვის მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მემანქანეს გააჩნია ძირითადი პროფესიული უნარ-ჩვევები, მიღებული აქვს შესაბამისი განათლება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) მემანქანის სერტიფიკატი. 3. მემანქანის მართვის მოწმობა გაიცემა სააგენტოს მიერ, ხოლო მემანქანის სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი. 4. მემანქანის მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, შეჩერების, გაუქმების წესები და პირობები, მათ შორის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის მიმართ არსებული მოთხოვნები და საგამონაკლისო წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. მემანქანის მართვის მოწმობის და სერტიფიკატის ფორმებს ამტკიცებს სააგენტო. მუხლი 633. მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის მოპოვებისათვის არსებული მოთხოვნები 1. მემანქანის მართვის მოწმობის მიღებისათვის, განმცხადებელი ვალდებულია აკმაყოფილებდეს ამ კოდექსითა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. მემანქანის სერტიფიკატის მიღებისათვის, განმცხადებელი ვალდებულია ფლობდეს მემანქანის მართვის მოწმობას და მემანქანის სერტიფიკატს აკმაყოფილებდეს ამ კოდექსითა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს. მუხლი 634. მემანქანეთა პროფესიული სწავლება 1. მემანქანეების პროფესიული სწავლება ხორციელდება სასწავლო ცენტრ(ებ)ის მიერ სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად. 2. მემანქანეთა პროფესიული სწავლება უნდა შედგებოდეს მემანქანის მართვის მოწმობასთან და მემანქანის სერტიფიკატთან დაკავშირებული სასწავლო მოდულებისგან, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდება მემანქანის პროფესიული სწავლება. 3. სასწავლო ცენტრ(ებ)ის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიული სწავლების ხელმისაწვდომობა სამართლიანობის ფარგლებში და დისკრიმინაციის გარეშე. 4. პირს სასწავლო ცენტრის სტატუსს ანიჭებს სააგენტო. 5. პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, შეჩერების და გაუქმების წესი განისაზღვრება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით. მუხლი 635. მემანქანეთა გამოცდა გარდა საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული საგამონაკლისო წესისა, მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებად განმცხადებელს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მემანქანის გამოცდა, რომლის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს მიერ. მუხლი 636. სააგენტოს უფლებამოსილება 1. სააგენტოს უფლებამოსილებებია: ა) მემანქანის მართვის მოწმობის გაცემა, დადასტურება და აღდგენა; ბ) მემანქანის მართვის მოწმობის მოქმედების შეჩერება და გაუქმება, ასევე სარკინიგზო საწარმოსთვის ან ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი პირისთვის წარდგენა; გ) მემანქანეთა პროფესიული სწავლების მონიტორინგი და მემანქანის გამოცდების ან/და ტესტირების ჩატარება ან მათ ჩატარებაში მონაწილეობის მიღება; დ) საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ქსელში მემანქანეთა სერტიფიცირების და მართვის უფლებამოსილების თაობაზე არსებული ნორმების დარღვევის აღკვეთის და პრევენციის მიზნით, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება და გამოვლენილი დარღვევის დადგენაა. ამ მიზნით სააგენტო უფლებამოსილია, გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებიდან; ე) საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად სასწავლო ცენტრების მონიტორინგი; ვ) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ დადგენილების გამოცემა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; ზ) ამ კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულება; თ) სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს მომსახურების საფასური; ი) მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება და ერთიანი რეესტრის წარმოება; კ) მემანქანეთა სერტიფიცირების და მართვის უფლებამოსილების თაობაზე არსებული ნორმების დარღვევის აღკვეთის და პრევენციის მიზნით, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირების წესის დამტკიცება. 2. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების დელეგირება ნებისმიერი მესამე პირისთვის. სააგენტოს მიერ უფლებამოსილების დელეგირება უნდა იყოს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული. 3. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო ახდენს მემანქანის მართვის მოწმობის გაცემის ან ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირებას სარკინიგზო საწარმოსთვის, აღნიშნული დელეგირება უნდა განხორციელდეს შემდეგი ორი წინაპირობიდან ერთ-ერთის დაცვით: ა) სარკინიგზო საწარმო გასცემს მემანქანის მართვის მოწმობას მხოლოდ მასთან დასაქმებული მემანქანისთვის; ბ) სარკინიგზო საწარმო არ ახორციელებს განხორციელებას ექსკლუზიურად. დელეგირებული უფლებამოსილების 4. დელეგირებული უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს მესამე პირის მიერ ამ კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, შესაბამისმა მესამე პირმა უნდა შეასრულოს ყველა ის მოთხოვნა, რაც აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას სავალდებულოა სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. 5. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავ მატარებელზე ნებისმიერ დროს შეამოწმოს მატარებლის მემანქანის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობა. მუხლი 637. პასუხისმგებლობა 1. მატარებლის მემანქანეთა სერტიფიცირების და მემანქანის მართვის მოწმობის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, 2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 12. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 64. გარდამავალი დებულება 1. მარეგულირებელი ორგანოს მიერ სარკინიგზო ტრანსპორტში სატარიფო უფლებამოსილების განხორციელებამდე სს ,,საქართველოს რკინიგზა“ დამოუკიდებლად აწესებს მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ - ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ტარიფებსა და დამატებით საფასურებს. 2. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: ა) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცება; ბ) სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცება; გ) მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის წესების დამტკიცება.“. 3. სააგენტომ 2024 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: ა) უსაფრთხოების სერტიფიკატის და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმების დამტკიცება; ბ) მემანქანის მართვის მოწმობის და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცება; გ) მემანქანეთა სერტიფიცირებისა და მართვის უფლებამოსილების ინსპექტირების წესის დამტკიცება; დ) მატარებლის მემანქანის სწავლებისა და გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცება; ე) მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება; ვ) ინფრასტრუქტურის მენეჯერის და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის წესის დამტკიცება; ზ) სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, შეჩერების და გაუქმების წესების დამტკიცება.“. 13. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი N1: „დანართი N1 სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შემადგენელი კომპონენტების/დეტალების ჩამონათვალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა შედგება ქვემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებისგან, რომლებიც წარმოადგენენ მთავარი ლიანდაგის ნაწილს, მისასვლელი ლიანდაგების ჩათვლით, თუმცა იმ ლიანდაგების გამოკლებით, რომლებიც მდებარეობს სარკინიგზო სარემონტო სახელოსნოებში, დეპოებში ან ლოკომოტივების ფარეხებში, და კერძო მისასვლელ ლიანდაგებში ან განშტოებებში: — მიწის ნაკვეთი; — რკინიგზის ლიანდაგი და მიწის ვაკისი, კერძოდ, ყრილები , ჭრილები, წყალსარინი არხები დაღარები, კლდოვანი თხრილები, წყალგამტარი მილები, დამჭერი კედლები, ფერდობის დამცავი ფილები და ა.შ., სამგზავრო და სატვირთო ბაქნები, მათ შორის, სამგზავრო სადგურებში და სატვირთო ტერმინალებში განთავსებული; ლიანდი და ლიანდაგის გვერდულები, კედლის კონტრფორსები, მესერები, ღობეები; ხანძარსაწინააღმდეგო ზოლები; გათბობის პუნქტის აპარატურა; გადაკვეთები და ა.შ.; თოვლისგან დამცავი ფარები; — საინჟინრო-ტექნიკური კონსტრუქციები: ხიდები, წყალგამტარები და სხვა გზაგამტარები, გვირაბები, დახურული ჭრილები და სხვა მიწისქვეშა გასასვლელები; დამჭერი კედლები, ზვავებისგან, ქვების ჩამოცვენისგან და ა.შ. დამცავი კონსტრუქციები; — სარკინიგზო გადასასვლელები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებების ჩათვლით; — ლიანდაგის ზედა ნაშენი, კერძოდ: რელსები, და კონტრრელსები; შპალები და ისრული გადამყვანის ძელები, სამაგრები, ბალასტი, ღორღისა და ქვიშის ჩათვლით; გადასასვლელები და ა.შ.; მოსაბრუნებელი მოწყობილობები (წრეები) და ტრავერსები (გარდა ექსკლუზიურად ლოკომოტივებისთვის განკუთვნილისა); — მგზავრების მისასვლელად და ტვირთების მისატანად განკუთვნილი გზა მათ შორის, საავტომობილო და საქვეითო გზები ; — უსაფრთხოების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები გადასარბენებზე, , სადგურებში და მახარისხებელ სადგურებში (გორაკებზე) , მათ შორის, ვაგონშემაყოვნებლები, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობისთვის ელექტრული დენის გამომმუშავებელი, გარდამქმნელი და გამანაწილებელი დანადგარები; ასეთი მოწყობილობებისა და დანადგარებისათვის საჭირო შენობანაგებობები; — სანათი მოწყობილობები მგზავრობისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის; — მატარებლების წევისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიის გადამცემი და გარდამქმნელი დანადგარები/მოწყობილობები: ქვესადგურები, ქვესადგურებსა და საკონტაქტო სადენებს შორის მკვებავი კაბელები, საკონტაქტო ქსელი და საყრდენები; — ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გამოყენებული შენობები, ტრანსპორტირების საფასურის გადასახდელი აპარატების ჩათვლით.“ მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 ნაწილით გათვალისწინებული „ჰ26“-„ჰ40“ ქვეპუნქტებისა, მე-3 - მე-11 ნაწილების, მე-12 ნაწილით გათვალისწინებული 64-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 ნაწილისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული „ჰ26“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილი და მე-12 ნაწილით გათვალისწინებული 64-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 ნაწილით გათვალისწინებული „ჰ27“-„ჰ40“ ქვეპუნქტები, მე-4 - მე-11 ნაწილები და მე-13 ნაწილი ამოქმედდეს 2024 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში – ასოცირების შეთანხმება) თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას. სარკინიგზო სფეროსთან მიმართებით საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მოხდეს ქართული და ევროკავშირის სამართლის ერთმანეთთან დაახლოება. კერძოდ, ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით, საქართველომ უნდა მოახდინოს თავისი კანონმდებლობის დაახლოება 2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/59/EC დირექტივასთან „იმ მატარებლის მემანქანეთა სერტიფიცირების შესახებ, რომლებიც მართავენ ლოკომოტივებსა და მატარებლებს გაერთიანების სარკინიგზო სისტემაში” (შემდგომ - 2007/59/EC დირექტივა) და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 11 მაისის (EU)2016/798 დირექტივასთან „რკინიგზის უსაფრთხოების შესახებ“ (შემდგომ - (EU)2016/798 დირექტივა). ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს ზემოხსენებულ დირექტივათა მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვას. ამასთან აღსანიშნავია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ტექსტით გათვალისწინებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის 2004/49/EC დირექტივასთან დაახლოება, თუმცა აღნიშნული საკანონმდებლო აქტი გაუქმდა 2020 წლის 30 ოქტომბერს და იგი ჩაანაცვლა (EU)2016/798 დირექტივამ. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით ეროვნული კანონმდებლობა უახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობის მიერ დადგენილ ახალ სტანდარტებს, რაც გათვალისწინებულია (EU)2016/798 დირექტივით. საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტი წარმოადგენს თითქმის სრულად დაურეგულირებელ დარგს. სს „საქართველოს რკინიგზას“ აკისრია რამდენიმე ისეთი ფუნქცია და მოვალეობა, რომელიც თავისი შინაარსით უფრო მეტად განეკუთვნება სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ საჯარო ვალდებულებას ან ფუნქციას. აღნიშნული ართულებს სს „საქართველოს რკინიგზის“, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის, მიერ თავისი კომერციული ინტერესების სრულად რეალიზებას და ამით გადაყვანის/გადაზიდვის ოპერაციებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. მოცემული რეალობა ქმნის დამატებით რისკებს სარკინიგზო უსაფრთხოების მართვის მიმართულებით. დღესდღეობით, მემანქანეთა მართვის მოწმობებისა და სერტიფიკატების გაცემა ხორციელდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ორგანიზაციის შიდა წესების მიხედვით, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი დარჩენილია სახელმწიფო რეგულირების სფეროს მიღმა. არ არის განსაზღვრული სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეგულირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სუბიექტი. კანონმდებლობაში არაა ასახული სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით სამართლებრივი საფუძველი. ასევე, სერიოზული ავარიების, ავარიების და ინციდენტების მოკვლევის წესი, მასზე პასუხისმგებელი უწყება და შესაბამისი უფლებამოსილება/პასუხისმგებლობები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ახალი ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირება, რაც გამოიხატება სახელმწიფოს როლის განსაზღვრით სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, დარგის ზედამხედველობისა და უსაფრთხოების რეგულირების მიმართულებით. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო სფეროში მომუშავე პირთა, კერძოდ, მატარებლის მემანქანეების სერტიფიცირებას, სარკინიგზო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოთა შექმნას, სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების განსხვავებულ მიდგომებს, რაც პირველ რიგში, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას. წარმოდგენილი ცვლილებები დაკავშირებულია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის პირველი ფაზის განხორციელებასთან, რაც გულისხმობს სარკინიგზო უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოს ფორმირებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით შეიცვლება ცალკეულ ტერმინთა განმარტებები და ასევე გაჩნდება ახალი ტერმინები. ამასთან განისაზღვრება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სახელმწიფო რეგულირების საფუძვლები, გაჩნდება მემანქანეთა მართვის მოწმობის და სერტიფიცირების ვალდებულება და აღნიშნულის შესაბამისად, განისაზღვრება შესაბამისი მარეგულირებელი წესები. აგრეთვე, განისაზღვრება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეგულირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სუბიექტი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. დამატებით, შეიქმნება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის მიღების სამართლებრივი საფუძველი და საქართველოს სარკინიგზო კოდექსის რეგულირების სფეროში მოექცევა სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების, სარკინიგზო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევა, ასევე განისაზღვრება მოკვლევაზე პასუხისმგებელი უწყება და მისი უფლებამოსილება / პასუხისმგებლობები და სხვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: აღნიშნული კანონპროექტით ხორციელდება ცვლილებები საქართველოს სარკინიგზო კოდექსში. კერძოდ, მე-2 მუხლს ემატება „ჰ26-40“ ქვეპუნქტები, სადაც განისაზღვრება შემდეგ ტერმინთა განმარტებები - „რკინიგზის სისტემა“, „ინფრასტრუქტურის მენეჯერი“, „სარკინიგზო საწარმო/გადამზიდველი“, „მემანქანის სერტიფიკატი“, „სასწავლო ცენტრი“, „მემანქანის მართვის მოწმობა“, „განმცხადებელი“, “სარკინიგზო შემთხვევა“, „სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა“, „ინციდენტი“, „უსაფრთხოების სერტიფიკატი“, „უსაფრთხოების ავტორიზაცია“, „სარკინიგზო ინფრასტრუქტურა“. ამასთან იცვლება კოდექსის არსებულ რედაქციაში მოცემული ტერმინები, „სარკინიგზო შემადგენლობა“ – „მოძრავი შემადგენლობით“, „საფრთხეშემცველი ტვირთი“ – „სახიფათო ტვირთით“, „მატარებლის“ განმარტება ჩამოყალიბდება ახალი ფორმულირებით. კანონპროექტის მიხედვით, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ამასთან სააგენტო ახორციელებს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეგულირებასა და ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, როგორც დარგის ტექნიკური მარეგულირებელი. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ჩნდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის მისაღებად შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, განისაზღვრება უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირებისა და სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების, სარკინიგზო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის შესაბამისი დებულებები. შესაბამისად, განხორციელდება სარკინიგზო უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირება, რომელიც ითვალისწინებს სარკინიგზო საწარმოებისთვის უსაფრთხოების სერტიფიკატების, ხოლო ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის უსაფრთხოების ავტორიზაციის გაცემას. კანონპროექტით იცვლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს (შემდგომ - მოკვლევის ბიურო) სახელწოდება და განისაზღვრება უწყების უფლება-მოვალეობები. გარდა ამისა, კანონპროექტში გაწერილია მასში დასახელებული ცვლილებების განხორციელების საბოლოო ვადები. კანონპროექტის შესაბამისად, კოდექსს ემატება ახალი VIII1 თავი, რომლითაც დგინდება მემანქანის მართვის მოწმობის გაცემის და სერტიფიცირების შესაბამისი დებულებები, კერძოდ, რკინიგზის სისტემაში მატარებლის მართვის უფლება ექნება მხოლოდ იმ მემანქანეს, რომელიც ფლობს განსაზღვრულ უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს მართვის მოწმობას და მემანქანის სერტიფიკატს. პროექტის მიხედვით, მემანქანის მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, შეჩერების, გაუქმების წესები და პირობები, მათ შორის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის მიმართ არსებული მოთხოვნები და საგამონაკლისო წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ამასთან, განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილებები მემანქანეების მართვის მოწმობის გაცემისა და სერტიფიცირების მიმართულებით. წარმოდგენილი კანონპროექტით, მემანქანეების პროფესიული სწავლება ხორციელდება სასწავლო ცენტრ(ებ)ის მიერ სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად. მემანქანეთა პროფესიული სწავლება უნდა შედგებოდეს მემანქანის მართვის მოწმობასთან და მემანქანის სერტიფიკატთან დაკავშირებული სასწავლო მოდულებისგან, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდება მემანქანის პროფესიული სწავლება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან. ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი შეესაბამება „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის № 517 დადგენილებით დამტკიცებულ „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიას“, რომლის თანახმად, გაგრძელდება სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირისაქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებისა და რეგულაციების ეფექტიანად დანერგვა და შესრულება. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა მისი პირველი მუხლის პირველი, მე-2 ნაწილით გათვალისწინებული „ჰ26“-„ჰ40“ ქვეპუნქტებისა, მე-3 - მე-11 ნაწილების, მე-12 ნაწილით გათვალისწინებული 64-ე მუხლის მე3 ნაწილისა და მე-13 ნაწილისა ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული „ჰ26“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილი და მე-12 ნაწილით გათვალისწინებული 64-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდება 2023 წლის 1 მაისიდან, ხოლო კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 ნაწილით გათვალისწინებული „ჰ27“-„ჰ40“ ქვეპუნქტები, მე-4 - მე-11 ნაწილები და მე-13 ნაწილი ამოქმედდება 2024 წლის 1 სექტემბრიდან, ვინაიდან, კანონის მიღებიდან მისი შესაბამისი მუხლების (პუნქტების) ამოქმედებამდე განისაზღვრა გონივრული ვადები, კანონპროექტით დადგენილი მთელი რიგი ვალდებულებების შესასრულებლად. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დასაბუთება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საწყის ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის სხვა პროგრამების ფარგლებში არსებული რესურსები, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეგულირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სუბიექტი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. აღნიშნული სააგენტოს დაფუძნება იგეგმება 12 საშტატო ერთეულის შემადგენლობით 2023 წლის 1 მაისამდე, სააგენტოში დასაქმებული პირების მიერ საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მოახდენს გავლენას. საპროგნოზო წლიური საშტატო ბიუჯეტი შეადგენს 579,480 ლარს, საიდანაც პირველ წელს საშემოსავლო გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მოხდება დაახლოებით 115,896 ლარის გადახდა, თუმცა, შემდეგ წლებში საჭირო იქნება ადამიანური რესურსის დამატება და შესაბამისად, სააგენტოს საშტატოს გაზრდა, რაც გაზრდის საშემოსავლო გადასახადსაც. კანონპროექტის მიხედვით, სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერს მოუწევთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით (უსაფრთხოების ავტორიზაცია, უსაფრთხოების სერტიფიკატის მიღება და უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვა) დამატებითი პირობების დაკმაყოფილება. ვინაიდან სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს აღნიშნულ დოკუმენტებს შესაბამის პირებზე და მათი გაცემა დაკავშირებული იქნება შესაბამისი საფასურის გადახდასთან სააგენტოსთვის, ეს დადებითად აისახება სააგენტოს საკუთარ შემოსავლებზე. ამასთან, კანონპროექტის შესაბამისად, მემანქანის მართვის მოწმობა გაიცემა სააგენტოს მიერ, რისთვისაც დაწესდება შესაბამისი საფასური და შესაბამისად, აისახება სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აგრეთვე, პირს სასწავლო ცენტრის სტატუსს ანიჭებს სააგენტო, შესაბამისად დაკავშირებული იქნება სააგენტოს მხრიდან შესაბამისი მომსახურების გაწევასთან, რისთვისაც სააგენტო მიიღებს საფასურს და აისახება სააგენტოს საშემოსავლო ნაწილზე. ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა მომსახურების სანაცვლოდ სააგენტო უფლებამოსილი იქნება მიიღოს შესაბამისი საფასური, აღნიშნული მომსახურების სახეები და საფასურები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომლის დამტკიცებაც, კანონპროექტის თანახმად, უნდა მოხდეს 2024 წლის 1 სექტემბრამდე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი უწყების შექმნა, შესაბამისად, აღნიშნული დაკავშირებულია ხარჯებთან. ვინაიდან წარმოდგენილი პროექტით ხდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) შექმნა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროსთვის სარკინიგზო ტრანსპორტის კომპონენტის დამატება, შესაბამისად, აღნიშნული უწყებების დაარსებისა და მათთვის დელეგირებული ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ უნდა გამოიყოს შესაბამისი ფინანსური სახსრები. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და სათანადო რესურსით აღჭურვა. საწყის ეტაპზე, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს შექმნისთვის გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სამინისტროს სხვა პროგრამების ფარგლებში არსებული რესურსების გამოყენებით. ამასთან, მომსახურების სანაცვლოდ სააგენტო უფლებამოსილი იქნება მიიღოს შემოსავლები, საიდანაც ასევე მოხდება ხარჯების გაწევა. რაც შეეხება სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, მისი დაფუძნება იგეგმება 12 საშტატო ერთეულის შემადგენლობით, წლიური ბიუჯეტი დაფუძნების პირველ წელს კი განისაზღვრება დაახლოებით 1,300,000 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს ძირითადი საშუალებების შეძენის (ავტომობილი, კომპიუტერები და მისი აქსესუარები, პროგრამები, ავეჯი, ჯამურად დაახლოებით 235,000 ლარის ოდენობით) და მარაგების (ჯამურად დაახლოებით 68,000 ლარის ოდენობით), ოფისის იჯარის (დაახლოებით 80,000 ლარი), შრომის ანაზღაურების და მიმდინარე ხარჯებს (ჯამურად დაახლოებით 943,080 ლარი). აღნიშნული სააგენტოს წლიური საშტატო ბიუჯეტი საპროგნოზოდ შეადგენს 579,480 ლარს. საშუალოვადიან პერიოდში აღარ მოხდება ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯების გათვალისწინება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საჭირო იქნება ადამიანური რესურსის დამატება და შესაბამისად, სააგენტოს საშტატოს გაზრდა, აღნიშნული სააგენტოს საპროგნოზო წლიური ბიუჯეტი განისაზღვრება შემდეგნაირად: 2024 წელს 1,500,000 ლარი, 2025 წელს 1,500,000 ლარი და 2026 წელს 1,500,000 ლარი. კანონპროექტის მიხედვით, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რაც არ საჭიროებს დამატებით დაფინანსებას და შესაბამისად, აღნიშნული ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო განახორციელებს სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების სამსახურებრივ მოკვლევას. აღნიშნული ფუნქციის დამატება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, კერძოდ აუცილებელი იქნება ბიუროსთვის 2 საშტატო ერთეულის დამატება, რაც უნდა განხორციელდეს 2023 ან 2024 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არსებული რესურსის გათვალისწინებით. ამასთან, შესაბამის ხარჯებთან იქნება დაკავშირებული სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების მოკვლევა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური გავლენა მოახდინოს იმ პირებზე რომლებიც საქმიანობენ სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში, კერძოდ, სარკინიგზო საწარმოზე, ინფრასტრუქტურის მენეჯერზე, შესაბამის სასწავლო ცენტრებზე და მატარებლის მემანქანეებზე, რომელთაც შესაძლოა შესაბამისი მომსახურების მიღების სანაცვლოდ დაეკისროთ საფასურის გადახდა. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვასთან დაკავშირებით ახალი წესების მიღება, რამაც შესაძლოა მოახდინოს დადებითი ფინანსური გავლენა სარკინიგზო საწარმოზე და იმ პირებზე, რომლებიც იყენებენ სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის მომსახურებას სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას. კანონპროექტის მიხედვით, სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერს მოუწევთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით (უსაფრთხოების ავტორიზაცია, უსაფრთხოების სერტიფიკატის მიღება და უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვა) დამატებითი პირობების დაკმაყოფილება, რაც დაკავშირებული იქნება მათთვის შესაბამის ფინანსურ გავლენასთან. კანონპროექტით, მემანქანეების პროფესიული სწავლება განხორციელდება სასწავლო ცენტრების მიერ, რაც დაკავშირებული იქნება მემანქანეების მხრიდან გასაწევ ხარჯებთან და აისახება სასწავლო ცენტრების საშემოსავლო ნაწილზე. ამასთან, სასწავლო ცენტრის სტატუსის მიღება სასწავლო ცენტრის მხრიდან დაკავშირებული იქნება შესაბამისი საფასურის გადახდასთან სააგენტოსთვის. კანონპროექტის თანახმად, გარდა საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული საგამონაკლისო წესისა, მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებად განმცხადებელს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მემანქანის გამოცდა, რომლის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს მიერ. აღნიშნული გამოცდა დაკავშირებული იქნება მემანქანეების მხრიდან შესაბამისი საფასურის გადახდასთან. საფასური განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომლის დამტკიცებაც, კანონპროექტის თანახმად, უნდა მოხდეს 2024 წლის 1 სექტემბრამდე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონპროექტი გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 293-ე მუხლიდან, რომლის თანახმად მხარეთა შორის თანამშრომლობის სფეროები მათ შორის მოიცავს დარგობრივი სტრატეგიების განვითარებას საგზაო, სარკინიგზო, საავიაციო, საზღვაო ტრანსპორტსა და ინტერმოდალურობასთან დაკავშირებული ეროვნული სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ტექნიკურ აღჭურვილობასა და სატრანსპორტო პარკების განახლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნების ჩათვლით, ასოცირების შეთანხმების XXIV და XV-D დანართებში განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხოლო 296-ე მუხლის თანახმად, „საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XXIV და XV-D დანართებში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართების დებულებების შესაბამისად.“ XXIV დანართში (ტრანსპორტი) მითითებულია საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება 2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/59/EC დირექტივასა „იმ მატარებლის მემანქანეთა სერთიფიცირების შესახებ, რომლებიც მართავენ ლოკომოტივებსა და მატარებლებს გაერთიანების სარკინიგზო სისტემაში“ და 2004 წლის 29 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/49/EC დირექტივასთან „გაერთიანების რკინიგზების უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ძალადაკარგულია (EU) 2016/798 დირექტივით „რკინიგზის უსაფრთხოების შესახებ“. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:   2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/59/EC დირექტივა „იმ მატარებლის მემანქანეთა სერტიფიცირების შესახებ, რომლებიც მართავენ ლოკომოტივებსა და მატარებლებს გაერთიანების სარკინიგზო სისტემაში“; 2016 წლის 11 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა (EU) 2016/798 „რკინიგზის უსაფრთხოების შესახებ“, რომელმაც გააუქმა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული 2004/49/EC დირექტივა „გაერთიანების რკინიგზების უსაფრთხოების შესახებ“. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის კუთხით მონაწილეობდნენ საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა“ ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან (პოლონეთი). დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.