„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2023
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი; სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/304/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 275

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/03/2023, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.05.001.020818 ) 39-ე მუხლის: ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. მიკრობანკის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება (ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში).“; ბ) მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 პუნქტები: „101. მიკრობანკის უზრუნველყოფილი კრედიტორის (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს), გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირისა, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის გზით, უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად. იმ უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის მოთხოვნაც ვერ დაკმაყოფილდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო, მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილი აისახება ამ მუხლის 102 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების რიგში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 301-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად. 102. მიკრობანკის მიმართ არსებული მოთხოვნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე10 და 101 პუნქტებით, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი რიგითობით: ა) ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები; ბ) კრედიტორები, რომელთა მიმართ სასესხო ვალდებულება მიკრობანკს მისთვის მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, ასევე, ეროვნული ბანკი. ამასთან, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც მიკრობანკისთვის მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, დაკმაყოფილდება ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები; დ) ფიზიკური პირების, იურიდიული პირებისა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების ანგარიშებზე არსებული თანხები, რომლებიც აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ზღვრის ფარგლებს, არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა; ე) ფიზიკური პირების, იურიდიული პირებისა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების ანგარიშებზე არსებული თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ვ) მიკრობანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, მიკრობანკის კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, აგრეთვე, ამ პირების „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა არსებული დეპოზიტები და ფინანსური ინსტიტუტების დეპოზიტები; ზ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები; თ) ფიზიკური პირების სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრები; ი) იურიდიული პირების სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრები არაუმეტეს 1 (ერთი) მილიონი ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა; კ) მიკრობანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ლ) მიკრობანკის სასესხო ვალდებულება მიკრობანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, გარდა ამ პუნქტის „მ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; მ) მიკრობანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის; ნ) მიკრობანკის ისეთი ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „ო“ - „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ო) მიკრობანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები; პ) მიკრობანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები; ჟ) მიკრობანკის სხვა ვალდებულებები მიკრობანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ.“; გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. თუ არსებული თანხა ამ მუხლის 102 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა სათანადო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისი რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით, რომლის მიხედვით ახლებურად ყალიბდება ლიკვიდაციის პროცესში კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმისთვის, რომ მიკრობანკების კრედიტორთა მოთხოვნების რიგითობა შესაბამისი იყოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული კომერციული ბანკის კრედიტორთა იერარქიასთან, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ, ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამასთანავე, მიკრობანკების ნებადართული საქმიანობიდან გამომდინარე სპეციფიკის გათვალისწინებით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება, რამდენადაც მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესში კრედიტორთა მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობა საკანონმდებლო აქტით არის მოწესრიგებული. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით მიკრობანკის კრედიტორთა იერარქია, მიკრობანკების ბიზნესმოდელის გათვალისწინებით, მაქსიმალურად დაუახლოვდება კომერციული ბანკის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას და შესაბამისად საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის და ახლებურად ყალიბდება „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-10 პუნქტი და ზუსტდება, რომ ფინანსური გირავნობის მოგირავნეს მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში ექნება. მე-10 პუნქტის შემდეგ ემატება 101 და 102 პუნქტები, რომლითაც რეგულირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა მიკრობანკის ლიკვიდაციის დროს, კერძოდ, უზრუნველყოფილი კრედიტორები (მათ შორის, საგადასახადო ორგანო) დაკმაყოფილდებიან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით, უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით, ხოლო მიკრობანკის მიმართ არსებული სხვა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით:  „ა“ ქვეპუნქტში უპირატესად გამოიყო ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები;  „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა ისეთი კრედიტორების მოთხოვნები, რომელთა მიმართ სასესხო ვალდებულება მიკრობანკს მისთვის მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, ასევე, ეროვნული ბანკი; ამასთანავე, ამ მოთხოვნებში არ შედის საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც მიკრობანკისთვის მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა. ასეთი მოთხოვნები ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილდება;  „გ“ ქვეპუნქტში მოცემულია დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები;  „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვრა ფიზიკური პირების, იურიდიული პირებისა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების ის მოთხოვნები, რომლებიც აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანაზღაურებადი ზღვრის ფარგლებს (15 000 ლარს), არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;  „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ფიზიკური პირების, იურიდიული პირებისა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების ის მოთხოვნები, რომლებიც გადახდილი არ არის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;  „ვ“ ქვეპუნქტში მოცემულია/გამოცალკევებულია მოთხოვნები, რომლებიც „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება დაუზღვეველ დეპოზიტებად. კერძოდ, მიკრობანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, მიკრობანკის კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, აგრეთვე, ამ პირების ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა არსებული დეპოზიტები და ფინანსური ინსტიტუტების დეპოზიტები;  „ზ“ ქვეპუნქტი მოიცავს საბიუჯეტო ვალდებულებებს და დავალიანებებს;  „თ“ ქვეპუნქტში მოცემულია ფიზიკური პირების სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრები;  „ი“ ქვეპუნქტი მოიცავს იურიდიული პირების სხვა დაბრუნებად ფულად სახსრებს არაუმეტეს 1 (ერთი) მილიონი ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;  „კ“ ქვეპუნქტში გაწერილია მიკრობანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა „ლ“-„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;  „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით განისაზღვრა მიკრობანკის მიმართ არსებული ისეთი მოთხოვნების რიგითობა, როგორიცაა: მიკრობანკის სასესხო ვალდებულება მიკრობანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, მიკრობანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის, მიკრობანკის ისეთი ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, მიკრობანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები, მიკრობანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები; მიკრობანკის სხვა ვალდებულებები მიკრობანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ. ამასთან, ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის კანონის 39-ე მუხლის მე-11 პუნქტში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა არ ექნება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს მიკრობანკის კრედიტორებზე, ვინაიდან აღმოიფხვრება ხარვეზი, რაც მიკრობანკის ლიკვიდაციის დროს კრედიტორთა მოთხოვნების რეგულირებას/რიგითობას უკავშირდებოდა, პროცესი გახდება მეტად განჭვრეტადი და მარტივად აღსაქმელი დაინტერესებული პირებისთვის, შესაძლებელი იქნება კრედიტორული მოთხოვნების ეფექტიანი დაკმაყოფილება. კერძოდ:  არაფინანსური აქტივებით უზრუნველყოფილი კრედიტორები, უზრუნველყოფის საგნის ღირებულების ფარგლებში დაწინაურდებიან მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგში, ისევე როგორც ფინანსური გირავნობის მოგირავნეები - ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში;  პრიორიტეტი მიენიჭება ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ისეთ ხარჯებს, რომელიც აუცილებელია ლიკვიდაციის შეუფერხებელი წარმართვისათვის, რაც იძლება წინაპირობას ლიკვიდაციის დროულად დასასრულებლად;  ერთმანეთს გაუთანაბრდება და შესაბამისად ერთი რიგითობით იქნება დაკმაყოფილებული ყველა იმ კრედიტორის სასესხო ვალდებულება, რომლებმაც მიკრობანკს მისთვის მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ ასესხეს ფულადი სახსრები;   იურიდიული პირები და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნები როგორც სტატუსით, ასევე კრედიტორული მოთხოვნებით გაუტოლდებიან იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ანგარიშებზე არსებული თანხები აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანაზღაურებადი ზღვრის ფარგლებს, არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა. ისინი დაკმაყოფილდებიან დაზღვეული დეპოზიტების შემდეგ რიგში. მაშინ, როცა ზემოაღნიშნული პირების 100 000 (ასი ათასი) ლარზე ან უცხოურ ვალუტაში მის ეკვივალენტზე ზემოთ მოთხოვნა დაკმაყოფილდება მომდევნო ქვედა რიგებში; მიკრობანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, მიკრობანკის კაპიტალის 5%ის ან მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, აგრეთვე, ამ პირების „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა არსებული დეპოზიტები უპირატესობაში მოვა ამავე პირების სასესხო ვალდებულებებთან;  დეპოზიტების ჯგუფიდან გამოიკვეთება ფინანსური ინსტიტუტების დეპოზიტებიც; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება სხვა ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.