„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2023
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი; სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/304/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 275

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 220050000.05.001.018461) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამართლებრივი ფორმის, მართვისა და უფლებამოსილების, დეპოზიტების დაზღვევის ფონდის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების სამართლებრივ საფუძვლებს.“. 2. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) სარეზოლუციო ფონდი - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო ფონდი.“. 3. მე-4 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სააგენტოს შორის შეთანხმების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების და სახსრების განთავსების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია ჰქონდეს ანგარიშები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში.“. 4. 23-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების წესი განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით. ფულადი სანქციის დაკისრების თაობაზე გამოიცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბრძანება.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. კანონიერ ძალაში შესული ფულადი სანქციის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი იძულებითი აღსრულება ხდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მომზადებით, რომლის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო ფონდი ადმინისტრირებისთვის გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. ამასთან, კანონპროექტის შემუშავების მიზეზია პრაქტიკაში აღმოჩენილი პროცედურული და სხვა სახის ტექნიკური ხარვეზები, რომელიც თან ახლავს სამართალდარღვევის ოქმის შედგენას კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის სამართალდარღვევის შემთხვევაში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით გათვალისწინებული სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების პროცესის შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განსახორციელებლად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან. ამასთან, კანონპროექტის მიღებით საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში გამარტივდება ფულადი სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებული წარმოების პროცესი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში, რომელიც კანონის რეგულირების სფეროსა და მიზანს აწესრიგებს, ემატება მითითება, რომ კანონი ასევე განსაზღვრავს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების სამართლებრივ საფუძვლებს. კანონპროექტის შესაბამისად, კანონს ემატება ახალი ტერმინი - სარეზოლუციო ფონდი და იგი განიმარტება, როგორც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო ფონდი. კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-4 მუხლში და განისაზღვრება, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სააგენტოს შორის შეთანხმების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანონპროექტით ასევე დგინდება, რომ სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების და სახსრების განთავსების მიზნით, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო უფლებამოსილია ჰქონდეს ანგარიშები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში. ამასთან, კანონპროექტის შესაბამისად განისაზღვრება, რომ ფულადი სანქციის დაკისრების თაობაზე გამოიცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება, ნაცვლად სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა. ასევე, დგინდება, რომ კანონიერ ძალაში შესული ფულადი სანქციის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი იძულებითი აღსრულება ხდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ავტონომიური რესპუბლიკის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: იმ შემთხვევაში თუ სარეზოლუციო ფონდი ადმინისტრირებისთვის გადაეცემა სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, მაშინ აღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლოა გაიზარდოს სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ გასაწევი ადმინისტრაციული ხარჯები. აღნიშნული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება სხვა ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.