„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ხატია წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ჯინჯოლავა, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, გიორგი ხახუბია, შოთა ხაბარელი, ნოდარ ტურძელაძე, ანზორ ბოლქვაძე, სალომე ქურასბედიანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი კახიანი, ბექა დავითულიანი, ზაზა ლომინაძე, ედიშერ თოლორაია, ანრი ოხანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე
ნომერი
#07-3/407/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 259-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 259. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა 1. შინაური ბინადარი ცხოველისათვის ვეტერინარული ოპერაციის ჩატარება არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე, რამაც მისი სხეულის მძიმე დაზიანება ან დაღუპვა გამოიწვია,ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამოციდან ასოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვს თვემდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე. 3. შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება, გარდა ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა,ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე. 5. შინაური ბინადარი ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება,ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას სამოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე. წლამდე ან 7. ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა,ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) საჯაროდ; გ) არაერთგზის; დ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; ე) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან ორ წლამდე. 9. შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) საჯაროდ; გ) არაერთგზის; დ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; ე) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე. 11. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე. 12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) საჯაროდ; გ) არაერთგზის; დ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; ე) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორიდან სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე. 13. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორიდან სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) საჯაროდ; გ) არაერთგზის; დ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; ე) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით სამიდან ოთხ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია, როგორც „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად მართალია დასჯადია ცხოველების წამება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა, თუმცა კანონპროექტით დგინდება პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლები, შესაბამისად აუცილებელია ცვლილებების განხორციელება კოდექსის მოქმედ 259-ე მუხლში. კანონპროექტი მიზნად ისახავს „სისხლის სამართლის კოდექსში“ იმ ცვლილებების ასახვას, რომელიც გამომდინარეობს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ბოლო პერიოდში გახშირებული შინაური ბინადარი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის, მათი წამების, სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები, რაც თავის მხრივ, განპირობებულია „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის სანქციების არარსებობით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად დაზუსტდება და დაიხვეწება მუხლის შინაარსი და შესაბამისობაში მოვა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოწესრიგებასთან. პროექტით განისაზღვრება დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი და შემადგენლობა. კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის პრევენციაზე ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 259-ე მუხლს ემატება დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი და შემადგენლობა:  შინაური ბინადარი ცხოველისათვის ვეტერინარული ოპერაციის ჩატარება არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე, რამაც მისი სხეულის მძიმე დაზიანება ან დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამოციდან ასოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვს თვემდე;  შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე; შინაური ბინადარი ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას სამოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე;  ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე;  შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე. ასევე, მკაცრდება 259-ე მუხლის მოქმედ რედაქციაში არსებული დანაშაულის შემადგენლობისათვის დადგენილი სანქცია, კერძოდ,  ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე; _ ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორიდან სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). _ ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება გამომდინარე იქიდან, რომ კანონის პროექტით განისაზღვრება ახალი დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი და შემადგენლობა, რაც დაკავშირებულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტთან და შესაბამისად მისი ამოქმედების ვადასთან, მიზანშეწონილია აღნიშნული კანონი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივლისიდან. ამასთანავე, ორგანული კანონის პროექტი არ ითვალისწინებს ორგანული კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო ხარჯების გაღების აუცილებლობის შემთხვევაში, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ისევე, როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გაზრდის თვალსაზრისით, რადგან წესდება ჯარიმა შესაბამისი დანაშაულის ჩადენისთვის. ჯარიმის შეფარდების უფლებამოსილება სასამართლოს ექნება. გავლენის ჯამური ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა რაოდენობასა და ჯარიმის ოდენობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტი გავლენას მოახდენს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ზრდის თვალსაზრისით, იმდენად, რამდენადაც კანონპროექტის თანახმად, სასჯელის სახედ გამოყენებული იქნება შინაპატიმრობა ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით, რომლის საფასური შეადგენს 100 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ხარჯების გაღების აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს გენერალური პროკურატურის საქმიანობისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში დაიფარება. შესაბამისი ხარჯები დაიფარება პენიტენციური სისტემისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულის ჩამდენ პირს გაზრდილი ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება. ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია, რომ წინა წლის მონაცემების თანახმად, 2023 წლის დაზუსტებული ბიუჯეტით 1 პატიმრისთვის განსაზღვრული საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს 21 604 ლარს (აღნიშნული თანხა მოიცავს ყველა ტიპის ხარჯს, გარდა კაპიტალური ხარჯისა). იმ შემთხვევაში, თუ პირს შეეფარდება შინაპატიმრობა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არსებული რესურსების ფარგლებში განახორციელებს ამ პროცედურის ადმინისტრირებას. გარდა ამისა, შესაბამისი ხარჯები დაიფარება საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, თუ მათ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეების განხილვა მოუწევთ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტი ფინანსურ გავლენას ახდენს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც შესაბამის დანაშაულს ჩაიდენენ. კერძოდ, მათ შესაბამისი ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ, რომელსაც განუსაზღვრავს სასამართლო. კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს ასევე იმ პირებზე, რომელთაც შესაბამისი დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ. კანონპროექტი გავლენას მოახდენს ასევე იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სასჯელის სახედ გამოყენებული იქნება შინაპატიმრობა ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით და რომელიც გადაიხდის ამ საშუალების საფასურს, რომელიც შეადგენს 100 ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი აწესებს ჯარიმას შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართ ჩადენილი შემდეგი ახალი დანაშაულებისათვის: _ ვეტერინარული ოპერაციის ჩატარება არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე; _ ლაბორატორიული ცდების ჩატარება ან სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის გამოყენება გარდა ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; _ ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება; _ ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა; _ ცხოველის მოვლა-პატრონობისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ჯარიმის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; ბავშვების საუკეთესო ინტერესები უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული, დაცული უნდა იყოს მათი უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლებები. წარმოდგენილი კანონპროექტით დგინდება სანქციები ცალკეული დანაშაულების ახალი შემადგენლობისათვის, რაც უზრუნველყოფს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების უსაფრთხო თანაარსებობას. შესაბამისად, კანონპროექტი დადებით ზეგავლენას მოახდენს ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან. ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონის პროექტზე მუშაობის პროცესში კონსულტაციები გაიმართა როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებთან. ასევე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სისტემური ცვლილების შესამუშავებლად. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ შინაურ ბინადარ ცხოველთა მეპატრონეები, მიმკედლებლები, შინაურ ბინადარ ცხოველთა უფლებებით დაინტერესებული პირები და შინაურ ბინადარ ცხოველთა მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების (შინაურ ბინადარ ცხოველთა საშენის, თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, სასტუმროს, რეალიზატორის, ვეტერინარული და კინოლოგიურ-ფელინოლოგიური დაწესებულებები) წარმომადგენლები. ამასთანავე, კანონის პროექტზე მუშაობის პროცესში გაიმართა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოსა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ წარმომადგენლებთან. კომიტეტმა ასევე იმუშავა სსიპ საქართველოს პარლმენტის კვლევით ცენტრთან კანონის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, სალომე ქურასბედიანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ნოდარ ტურძელაძე, გიორგი ხახუბია, ეკა სეფაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ჯინჯოლავა, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, შოთა ხაბარელი, ანზორ ბოლქვაძე, ბექა დავითულიანი, ზაზა ლომინაძე, ედიშერ თოლორაია, ანრი ოხანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე.