„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
06.05.2026
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#305/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-11
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი: „ჭ) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული სასამართლოს ბრძანება საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველი მუხლის ჰ32 ქვეპუნქტით გათვალისწინებული კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30935 მუხლის პირველი ნაწილის „დვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენციას“, რომელიც აერთიანებს „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციასა და „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციის ოქმს „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ (შემდგომ -„კეიპტაუნის კონვენცია“), საქართველო შეუერთდა 2025 წლის 1 ივლისს (საქართველოს პარლამენტის დადგენილება N890-IIIრს-XIმპ). კეიპტაუნის კონვენციის 49-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საერთაშორისო ინსტრუმენტი საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2025 წლის 1 დეკემბერს. შესაბამისად, საქართველოსთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს კერძო პირთა მიერ კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის საშუალებების ეფექტურ გამოყენებას. კეიპტაუნის კონვენცია წარმოადგენს კერძო საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტს, რომელიც აწესრიგებს კერძო პირთა სახელშეკრულებო ურთიერთობებს საავიაციო ობიექტებთან მიმართებით დადებული შემდეგი კატეგორიის საერთაშორისო ხელშეკრულებების არსებობისას: • • • • ხელშეკრულება მოთხოვნის უზრუნველყოფის თაობაზე; პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულება; მშრალი (საოპერაციო) იჯარა; ნასყიდობა. ამასთან, საავიაციო ობიექტებში მოიაზრება სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟი, სამოქალაქო შვეულმფრენი და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ძრავა. კეიპტაუნის კონვენციის მიზანია საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით დადებული კერძო საერთაშორისო ხელშეკრულებების პირობებში, კრედიტორთა უფლებების ეფექტური დაცვა ტრანსნაციონალური ერთგვაროვანი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებით. აღნიშნული სისტემა ითვალისწინებს კრედიტორთა მიერ სასამართლოს გზით უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებების გამოყენებას, სახელშეკრულებო დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. კონვენციის მე-13 მუხლი („მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციის ოქმის „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ X მუხლთან ერთად) კრედიტორს ანიჭებს უფლებას მიმართოს სასამართლოს უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებ(ებ)ის გამოსაყენებლად. ეს ღონისძიებებია: ა) საავიაციო ობიექტის შენარჩუნება, მისი ღირებულების შენარჩუნების ჩათვლით; ბ) საავიაციო ობიექტის მფლობელობაში ან შესანახად გადაცემა ან მიბარება; გ) საავიაციო ობიექტის გადაადგილების აკრძალვა; დ) საავიაციო ობიექტის იჯარით გადაცემა, ან საავიაციო ობიექტის და მისგან მიღებული შემოსავლის მართვა, თუ ეს არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა-გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ე) საავიაციო ობიექტის გასხვისება და აქედან მიღებული შემოსავლის განაწილება, თუ აღნიშნულზე არსებობს შეთანხმება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებულ კრედიტორსა და მოვალეს შორის; ვ) საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა. კეიპტაუნის კონვენციის მე-13 მუხლით განსაზღვრული უფლების დაცვის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობაში ინერგება საქართველოს საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი კანონპროექტით (თანმდევი კანონპროექტი), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამარტივებული წესით ბრძანების გამოცემას კრედიტორის მიერ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ამასთან, აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებულია სასამართლო ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულება, მისი გასაჩივრების მიუხედავად, ვინაიდან კონვენციის მიზანია კრედიტორთა უფლებების დაცვა მყისიერად, საპროცესო ვადების გაჭიანურების თავიდან არიდების გზით. შესაბამისად, საქართველოს საპროცესო კოდექსში ასახულმა ცვლილებებმა გამოიწვია ცვლილების აუცილებლობა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია კეიპტაუნის კონვენციასთან საქართველოს შეერთებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, უზრუნველყოფილი იქნება კეიპტაუნის კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის საშუალების ეფექტური გამოყენება. კერძოდ, იმ კერძო საერთაშორისო ხელშეკრულების მხარე კრედიტორს, რომლის მიმართაც კეიპტაუნის კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს საერთო სასამართლოებს გამოცემული აქვთ ბრძანება უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული ბრძანების აღსრულება მოითხოვონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (გამონაკლისს წარმოადგენს ის ღონისძიებები, რომელთა აღსრულებაც არ საჭიროებს იძულებითი აღსრულების ღონისძიების გამოყენებას. მაგ.: საავიაციო ობიექტის გასხვისება, იჯარით გადაცემა ან მისი სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება და საბაჟო ტერიტორიიდან გატანა). შედეგად, გაიზრდება ქვეყნის სანდოობა საერთაშორისო ავიაციის ბაზარზე, უზრუნველყოფილი იქნება რა კრედიტორთა უფლებების ეფექტური დაცვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით, აღსრულებას დაქვემდებარებულ აქტებს დაემატა სასამართლოს ბრძანება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე და განისაზღვრა მისი აღსრულების საფუძვლები. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, კანონის მე-2 მუხლს დაემატა ახალი „ჭ“ ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა, რომ ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სასამართლოს ბრძანება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომელიც მიექცევა იძულებით აღსასრულებლად. აქვე დაზუსტდა, რომ ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას არ ექვემდებარება სასამართლოს ბრძანება, რომელიც ეხება შემდეგი დროებითი ღონისძიებების გამოყენებას: საავიაციო ობიექტის იჯარით გადაცემა, ან საავიაციო ობიექტის და მისგან მიღებული შემოსავლის მართვა, საავიაციო ობიექტის გასხვისება და აქედან მიღებული შემოსავლის განაწილება, თუ აღნიშნულზე არსებობს შეთანხმება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებულ კრედიტორსა და მოვალეს შორის ან საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა. გამონაკლისის სახით წარმოდგენილი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია, რომ კრედიტორს, მათით სარგებლობისთვის, არ ესაჭიროება აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობა, ვინაიდან სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მას უჩნდება უფლებამოსილება, დადოს ნამდვილი გარიგებები (ნასყიდობა ან იჯარა), ხოლო საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანას უზრუნველყოფს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები (სსიპსამოქალაქო ავიაციის სააგენტო და სსიპ- შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოები). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება 2026 წლის 1 აგვისტოდან, ვინაიდან მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებების ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სსიპ-აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებულია კრედიტორის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვა, „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე“ სასამართლო ბრძანების აღსრულების მიზნით, რაც დაკავშირებულია კრედიტორის მიერ აღსრულების საფასურის გადახდასთან, რომელიც მიექცევა სსიპ-აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტში. ვინაიდან სსიპ-აღსრულების ეროვნული ბიურო საკუთარი ბიუჯეტის 10%-ს მიმართავს სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისად, აღნიშნული გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ გამოიწვევს მის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულებას დაქვემდებარებულ აქტებს ემატება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული სასამართლოს ბრძანება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30935 მუხლის პირველი ნაწილის „დ-ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა. შესაბამისად, ახალი სახის აქტის აღსრულების ვალდებულება აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის დაკავშირებული იქნება დამატებით ხარჯთან, რომელიც უნდა დაფინანსდეს სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლებიდან. აღნიშნული ხარჯის ოდენობას დამოკიდებული იქნება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების რაოდენობაზე. შესაბამისად, აღნიშნული გავლენას იქონიებს სსიპ-აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, „კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე“ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული სასამართლო ბრძანების აღსრულების მიზნით, რაც ითვალისწინებს კრედიტორის მიერ აღსრულების საფასურის სავალდებულო გადახდას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. მისი მიღება გამომდინარეობს „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენციასთან“ („მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენცია და „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციის ოქმი „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“) საქართველოს შეერთებით. წარმოდგენილი პროექტით საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდება კეიპტაუნის კონვენციის მე-13 და „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციის ოქმის „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ X მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების ასახვა. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.