გადაწყვეტილება №18802/2/202
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18802/2/202
7.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 7.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18802/2/2023).
დავის საგანი:
1. ავტოტექმომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხების გაუქმება;
2. სხვადასხვა ხარჯებისთვის გადახდილი თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით და ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №006-435 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №790 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 81 712 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 39 844
დღგ - 176
მოგების გადასახადი - 13 423
საშემოსავლო გადასახადი - 26 245
ჯარიმა - 20 022
საურავი - 21 846
პროცედურული გარემოებები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 17.05.2022 წლის წერილის (№----) დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდის, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 21 მარტის №6690 ბრძანებით მოცული საკითხებისა, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 4 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №25585 ბრძანება და №006-435 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №790 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და დღგ-ის ჩათვლისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №790 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ სადავო საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ავტოტექმომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხების გაუქმება
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის მიხედვით, 2019 წლის მაისში კომპანიამ მიიღო ჩათვლა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (ეა---), რომელიც გამოწერილია ავტოტექმომსახურებაზე. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული წერილის თანახმად, კომპანიას ავტოტრანსპორტი არ გააჩნია, შესაბამისად ვერ დასტურდება ამ მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით, ჩათვლილი დღგ-ის თანხა, 176 ლარის ოდენობით, დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას საჩივარში ასახული №1; №2, №3 საკითხების ნაწილში და მიაჩნია, რომ აღნიშნული დარიცხვა არამართებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
კომპანიას გარკვეულ საანგარიშო პერიოდებში გაწეული აქვს ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ამასთან მიმართებით არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. (პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, საბაჟო დეკლარაციები, ინვოისები და ა.შ.).
საბანკო გზით სხვადასხვა პირებზე (მათ შორის არარეზიდენტებზე) გადარიცხულ თანხებზე, ასევე მიღებულ საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურაზე არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
გამოთხოვილი იქნა არქივიდან საბაჟო დეკლარაციები და თანმხლები დოკუმენტაცია (იხილეთ დანართები), რითაც დასტურდება არარეზიდენტ კომპანია(ებ)ზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი, რაც არ იქნა გათვალისწინებული როგორც საგადასახადო შემოწმებისას, ასევე საჩივრის განხილვისას შემოსავლების სამსახურის მიერ. სავარაუდოდ, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გამოწვეულია საგადასახადო დავის გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად ჩატარებით/განხილვით.
მომჩივანი ითხოვს საკითხების (№1; №2, №3) დამატებით შესწავლას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის წინაშე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების და დარიცხული სანქციების კორექტირებას/შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
დადგენილია, რომ 2019 წლის მაისში კომპანიას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა ავტოტექმომსახურებაზე. ამასთან, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული წერილის თანახმად, კომპანიას ავტოტრანსპორტი არ გააჩნია. შესაბამისად, ვინაიდან არ დასტურდებოდა ამ მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, ავტოტექმომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას.
აუდიტის დეპარტამენტი 27.02.2023 წლის №16745-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ საჩივართან ერთად გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები, თუმცა აღიშნული დოკუმენტაცია არ ეხება სადავო საკითხს. მომჩივანს, როგორც შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით ირკვევა, საკითხთან დაკავშირებით დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. სხვადასხვა ხარჯებისთვის გადახდილი თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით და ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის ანგარიშებიდან, პლასტიკური ბარათებით გაწეულია სხვადასხვა პირადი ხარჯები, გატანილია თანხები. ასევე, ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხები არ არის ასახული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში. ასეთი თანხების ჯამი შეადგენს სულ 104 996 ლარს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ’’ ქვეპუნქტებზე, 153-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
ამავე კოდექსის 153-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.
დადგენილია, რომ კომპანიის ანგარიშებიდან, პლასტიკური ბარათებით გაწეულია სხვადასხვა ხარჯები, გატანილია თანხები, ასევე, ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხები და არ არის ასახული შესაბამის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ გაწეული აქვს ხარჯები, არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საბანკო გზით სხვადასხვა პირებზე გადარიცხულ თანხებზე, ასევე მიღებულ საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურაზე არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. გამოთხოვილი იქნა არქივიდან საბაჟო დეკლარაციები და თანმხლები დოკუმენტაცია, რითაც დასტურდება არარეზიდენტ კომპანია(ებ)ზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი, ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად.
აუდიტის დეპარტამენტი 27.02.2023 წლის №16745-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ საჩივართან ერთად გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები, თუმცა აღიშნული დოკუმენტაცია არ ეხება სადავო საკითხს.
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა 2023 წლის 31 მარტს, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აღნიშნა, რომ შემოწმების დამთავრების შემდგომ ჩაერთო და როგორც გაარკვია კომპანიას განხორციელებული აქვს საქონლის შემოტანა თურქეთიდან, გამოითხოვა არქივიდან ინფორმაცია, ინვოისები, საბაჟო დეკლარაციები და თანმხლები დოკუმენტები, შეუდარა ბანკის ამონაწერებს, ანუ კომპანიის მიერ გადახდილ თანხებს და დაადგინა, რომ კომპანიის მიერ გადარიცხულია თურქულ კომპანიაზე 49 000 აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი განხორციელებულია და ინვოისებით იშიფრება 59 000 აშშ დოლარის საქონელი. შედეგად დგინდება, რომ მისაცემი აქვს კიდევ მეტი კომპანიას და არა ზედმეტად გადახდილი, რაც შემოწმების მიერაა დადგენილი.აღნიშნული, რაც მე-3 სადავო საკითხის ნაწილს წარმოადგენს, კავშირშია ასევე სადავო საკითხთან ნაწილობრივ, ვინაიდან, თანხები გატანილია და კომპანიის სახელით გადარიცხულია ფიზიკური პირის, დირექტორის მიერ, ხოლო ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დგინდება ხარჯის გაწევის მიზნობრიობა. ითხოვს საკითხის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად დამატებით გავლას, რათა დადგინდეს დარიცხვის მართლზომიერება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ვერ დაუკავშირდნენ, მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარდა შემოწმება და დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებს. შემოწმებით დადგინდა, რომ თანხები გადარიცხულია ფიზიკურ ასევე, იურიდიულ პირებზე და რომ შესაბამისი დოკუმენტაცია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისები არ არსებობდა. ამასთან, მართალია ყველა საბანკო გადარიცხვა დეტალურად აქვს გავლილი, მაგრამ ვინაიდან შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელთან ვერ მოხდა შედეგების შეჯერება, შესაძლებელია საკითხის ერთად გავლა.
2023 წლის 31 მარტის საბჭოს სხდომაზე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის და სადავო საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია განხილვის შეჩერება და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს დაევალა გადასახადს გადამხდელის წარმომადგენლის ხელთ არსებული დოკუმენტაციის მასთან ერთად გავლა.
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად გაიარეს ცხრილები, მაგრამ ასევე არარეზიდენტი კომპანიისაგან დამატებით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუ რა სახის ხარჯი იქნა გაწეული მის მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც წარუდგინა ინფორმაცია (რაც მანამდე უცნობი იყო მათთვის და ეხლა გახდა ცნობილი) გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, სადაც ასევე მითითებულია 2018 წლის საანგარიშო პერიოდი, ამასთან საბაჟო დეკლარაციით დგინდება ამავე კომპანიისაგან საქონლის შეძენა, ხოლო საბაჟო დეკლარაციით დასტურდება მისი შემოტანა.
მიმდინარე წლის 6 აპრილს წერილობით, საჩივარზე დამატებით წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ 2019 წლის იანვარში მოხდა თანხის გადარიცხვა. ამდენად, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სადავო საკითხის მიმართ განხორციელებულ დარიცხვაზე, ითხოვს დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად გავლას.
საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო საკითხის ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
კომპანიის ანგარიშიდან განხორციელებულია 43 061 ლარის ოდენობით გადარიცხვები სხვადასხვა იურიდიულ პირებზე, რაზეც ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ფიქსირდება. ასევე, იმპორტირებულია საქონელი თურქეთიდან და მომწოდებელ კომპანიაზე გადახდილია 33 016 ლარით მეტი (12 322 დოლარი), ვიდრე გაწეულია დანახარჯი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები და პირველადი დოკუმენტები, აღნიშნავს, რომ მომჩივანს არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით 7 გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
დადგენილია რომ გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან სხვადასხვა იურიდიულ პირებზე განხორციელებულია 43 061 ლარის ოდენობის გადარიცხვები, რაზეც ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ფიქსირდება. ასევე, კომპანიის მიერ იმპორტირებულია საქონელი თურქეთიდან და მომწოდებელ კომპანიაზე გადახდილია 33 016 ლარით მეტი, ვიდრე გაწეულია დანახარჯი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ გამოთხოვილი იქნა არქივიდან საბაჟო დეკლარაციები და თანმხლები დოკუმენტაცია, რითაც დასტურდება არარეზიდენტ კომპანია(ებ)ზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი, რაც არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების მიერ. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად.
აუდიტის დეპარტამენტი 27.02.2023 წლის №16745-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ საჩივართან ერთად გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები, თუმცა აღიშნული დოკუმენტაცია ნაწილობრივ ეხება სადავო საკითხს. ამასთან, თურქეთიდან იმპორტირებულ საქონელზე გადახდილ თანხასთან დაკავშირებით შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად განხილვა, რაც შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა, რადგან გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა.
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა 2023 წლის 31 მარტს, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აღნიშნა, რომ შემოწმების დამთავრების შემდგომ ჩაერთო და როგორც გაარკვია კომპანიას განხორციელებული აქვს საქონლის შემოტანა თურქეთიდან, გამოითხოვა არქივიდან ინფორმაცია, ინვოისები, საბაჟო დეკლარაციები და თანმხლები დოკუმენტები, შეუდარა ბანკის ამონაწერებს, ანუ კომპანიის მიერ გადახდილ თანხებს და დაადგინა, რომ კომპანიის მიერ გადარიცხულია თურქულ კომპანიაზე 49 000 აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი განხორციელებულია და ინვოისებით იშიფრება 59 000 აშშ დოლარის საქონელი. შედეგად დგინდება, რომ მისაცემი აქვს კიდევ მეტი კომპანიას და არა ზედმეტად გადახდილი, რაც შემოწმების მიერაა დადგენილი.ითხოვს საკითხის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად დამატებით გავლას, რათა დადგინდეს დარიცხვის მართლზომიერება. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ვერ დაუკავშირდნენ, მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარდა შემოწმება და დაეყრდნენ საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებს.
ვინაიდან, შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელთან ვერ მოხდა შედეგების შეჯერება, შესაძლებელია საკითხის ერთად გავლა.
2023 წლის 31 მარტს საბჭოს სხდომაზე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის და სადავო საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია განხილვის შეჩერება და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს დაევალა გადასახადს გადამხდელის წარმომადგენლის ხელთ არსებული დოკუმენტაციის მასთან ერთად გავლა.
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად გაიარეს ცხრილები, მაგრამ ასევე არარეზიდენტი 8 კომპანიისაგან დამატებით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუ რა სახის ხარჯი იქნა გაწეული მის მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც წარუდგინა ინფორმაცია (რაც მანამდე უცნობი იყო მათთვის და ეხლა გახდა ცნობილი) გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, სადაც ასევე მითითებულია 2018 წლის საანგარიშო პერიოდი, ამასთან საბაჟო დეკლარაციით დგინდება ამავე კომპანიისაგან საქონლის შეძენა, ხოლო საბაჟო დეკლარაციით დასტურდება მისი შემოტანა.მიმდინარე წლის 6 აპრილს წერილობით, საჩივარზე დამატებით წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ 2019 წლის იანვარში მოხდა თანხის გადარიცხვა. ვინაიდან, აღნიშნულმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სადავო საკითხის მიმართ განხორციელებულ დარიცხვაზე, ითხოვს დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად გავლას.
საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო საკითხის ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №790 ბრძანება;
3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა;
4. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ავტოტექმომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხების გაუქმება;
2. სხვადასხვა ხარჯებისთვის გადახდილი თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით და ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
1.2019 წლის მაისში კომპანიას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა ავტოტექმომსახურებაზე. ამასთან, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული წერილის თანახმად, კომპანიას ავტოტრანსპორტი არ გააჩნია. შესაბამისად, ვინაიდან არ დასტურდებოდა ამ მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, ავტოტექმომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას.
2.გადასახადის გადამხდელის ანგარიშებიდან, პლასტიკური ბარათებით გაწეულია სხვადასხვა პირადი ხარჯები, გატანილია თანხები. ასევე, ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხები არ არის ასახული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, დაეკისრა ჯარიმა.
3.კომპანიის ანგარიშიდან განხორციელებულია გადარიცხვები სხვადასხვა იურიდიულ პირებზე, რაზეც ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ფიქსირდება. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია განხილვის შეჩერება და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს დაევალა გადასახადს გადამხდელის წარმომადგენლის ხელთ არსებული დოკუმენტაციის მასთან ერთად გავლა.
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო საკითხის ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 173;174;101;154;73;153;97;982 ;72