გადაწყვეტილება №27861/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.09.2026
№ დოკუმენტი 27861/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27861/2/2026

08 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,3.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 27.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27861/2/2026).

 

დავის საგანი:

დღგ-ის მიზნებისთვის, სამი სამეწარმეო სუბიექტის, ერთ დასაბეგრ პირად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2026 წლის №002-85 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის №16203 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 24 873.58 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 16 732.14

ჯარიმა - 4 647

საურავი - 3 494.44

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება.

1.01.2023 წლიდან 1.04.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2026 წლის №9034 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 17.06.2026 წლის №------ საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

სახელმწიფო ხაზინიდან სახელმწიფო შესყიდვებზე (ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები) გადახდილი თანხები ნაწილდება 3 (სამ) სამეწარმეო სუბიექტზე - მომჩივანი (ს/ნ „-------“), შპს „-------“ (ს/ნ „-------“) და შპს „-------“ (ს/ნ „-------“). პირებს ჰყავთ ერთი და იგივე დირექტორი, დამფუძნებელი და ეწევიან იდენტურ საქმიანობას. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 461 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღგ-ის მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განხილულ იქნა სამივე სამეწარმეო სუბიექტი.

ანალიზის შედეგად მომჩვანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 14.12.2023 წლის თარიღით. მიღებული შემოსავლით განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2026 წლის №13522 ბრძანება და ამავე თარიღის №002-85 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.07.2026 წლის №16203 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებების აქტებში დაფიქსირებული ოპერაციების განხორციელების პერიოდების მიხედვით და აღნიშნულის შედეგად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის №16203 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, სადავო საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 461 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

მომჩვანსა და მისი დამფუძნებლის მიერ დაფუძნებული სხვა კომპანიების შემოსავლების გაერთიანებასთან დაკავშირებულ არგუმენტთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება. სახელმწიფო ხაზინიდან სახელმწიფო შესყიდვებზე (ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები) გადახდილი თანხები ნაწილდება სამ სამეწარმეო სუბიექტზე (მომჩივანი, შპს „-------- 2022“ და შპს „-------- 2025“). პირებს ჰყავთ ერთი და იგივე დირექტორი, დამფუძნებელი და ეწევიან იდენტურ საქმიანობას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ პუნქტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 461 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დღგ-ის მიზნებისთვის სამივე სამეწარმეო სუბიექტის ერთ დასაბეგრ პირად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღება ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ 2023 წლის იანვრის თვეში მის მიერ მომსახურების გაწევას ადგილი არ ჰქონია და დღგ-ის გაანგარიშების მიზნებისთვის ბრუნვა იწყება 2023 წლის თებერვლიდან, რასაც ადასტურებს მიმწოდებელსა და შემსრულებელს შორის შესრულებულ სამუშაოებზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებების აქტებში დაფიქსირებული ოპერაციების განხორციელების პერიოდების მიხედვით და აღნიშნულის შედეგად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 461 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი (შემდგომ – პირთა ჯგუფი) მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ სახეზეა ყველა შემდეგი პირობა: ბ) მათი საქმიანობის ადგილი იდენტურია.

მომჩივანსა და ფ/პ-ის მიერ დაფუძნებული შპს „-------“, რომლებიც აუდიტის დეპარტამენტმა განიხილა ერთ დასაბეგრ პირად, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტენდერებში, რომელთა საქმიანობის ადგილსაც წარმოადგენდა სხვადასხვა ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულები (შპს „-------“ - „-------“-ის მუნიციპალიტეტი, შპს „-------“ - „-------“ მუნიციპალიტეტი). აუდიტის დეპარატმენტის მიერ მათი ერთ დასაბეგრ პირად განხილვისას არ იქნა გათვალისწინებული ზემოთ მითითებული ნორმის აუცილებელი პირობა, კერძოდ, ერთ დასაბეგრ პირად განხილვა, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ არსებობს ზემოთ აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად. ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული კომპანიები საქმიანობას ახორციელებდნენ ორ სხვადასხვა ლოკაციაზე და ორივე კომპანიის მიერ განსახორციელებელი ოპერაციული თუ სხვა მმართველობითი საქმიანობა (კონტრაქტორების შერჩევა, კონტრაქტორების ცვლილებები, მათთან ხელშეკრულებების გაფორმება ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა, შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა, შესრულებული სამუშაოების ხარისხის, სატრანსპორტო საშუალებების გამართულობის შემოწმება, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, შემსყიდველთან მიღება-ჩაბარებების გაფორმება და სხვა) ხორციელდებოდა შესაბამისი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შპს „-------“ და ფ.პ-ის ის მიერ დაფუძნებული შპს „--------“ არ იქნას განხილული ერთ დასაბეგრ პირად და გაუქმდეს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დღგ-ის მიზნისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი, მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს და მათი საქმიანობის ადგილი, სახე და შინაარსი იდენტურია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევებსა და წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 461 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი (შემდგომ – პირთა ჯგუფი) მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:

ა) მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი;

ბ) მათი საქმიანობის ადგილი იდენტურია;

გ) მათი საქმიანობის სახე და შინაარსი იდენტურია;

დ) ჯგუფის მონაწილე რომელიმე წევრი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.

მომჩივანი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარატმენტის მიერ მათი ერთ დასაბეგრ პირად განხილვისას არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 461 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის აუცილებელი პირობა, კერძოდ, ერთ დასაბეგრ პირად განხილვა, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ არსებობს აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად. მომჩივანმა და შპს „-----“-მა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტენდერებში, რომელთა საქმიანობის ადგილსაც წარმოადგენდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები (მომჩივანი - „-------“-ის მუნიციპალიტეტი, შპს „--------“ - „-------“-ის მუნიციპალიტეტი). ამდენად, მომჩივანი და „-------“-ის მიერ დაფუძნებული შპს „--------“ არ უნდა იქნას განხილული ერთ დასაბეგრ პირად.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები და დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სათანადოდ გამოკვლეული და მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის №16203 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის №16203 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივანი საწარმოსა და ფ.პ-ის მიერ დაფუძნებული კომპანია არ იქნას განხილული ერთ დასაბეგრ პირად და გაუქმდეს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სახელმწიფო ხაზინიდან სახელმწიფო შესყიდვებზე გადახდილი თანხები ნაწილდება 3 (სამ) სამეწარმეო სუბიექტზე.პირებს ჰყავთ ერთი და იგივე დირექტორი, დამფუძნებელი და ეწევიან იდენტურ საქმიანობას.სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 461 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღგ-ის მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განხილულ იქნა სამივე სამეწარმეო სუბიექტი. ანალიზის შედეგად მომჩვანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 14.12.2023 წლის თარიღით. მიღებული შემოსავლით განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი დღგ და განესაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 282-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის №16203 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9).