გადაწყვეტილება №28284/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.11.2026
№ დოკუმენტი 28284/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28284/2/2026

18 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.11.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ს 13.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28284/2/2026).

 

დავის საგანი:

ქონების (მიწა) გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 21.05.2025 წლის №027-726 (საანგარიშო პერიოდი 2023 წელი) საგადასახადო მოთხოვნა;

2. მომსახურების დეპარტამენტის 21.05.2025 წლის №027-727 (საანგარიშო პერიოდი 2024 წელი) საგადასახადო მოთხოვნა;

3. მომსახურების დეპარტამენტის 4.11.2025 წლის №027-4801 (საანგარიშო პერიოდი 2025 წელი) საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 18.09.2026 წლის №20657 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ქონების - მიწის გადასახადი - 288.75 ლარი.

მათ შორის:

1. მომსახურების დეპარტამენტის 21.05.2025 წლის №027-726 (საანგარიშო პერიოდი 2023 წელი) საგადასახადო მოთხოვნა - 96.25 ლარი.

2. მომსახურების დეპარტამენტის 21.05.2025 წლის №027-727 (საანგარიშო პერიოდი 2024 წელი) საგადასახადო მოთხოვნა - 96.25 ლარი.

3. მომსახურების დეპარტამენტის 4.11.2025 წლის №027-4801 (საანგარიშო პერიოდი 2025 წელი) საგადასახადო მოთხოვნა - 96. 25 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

21.05.2025 წელს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს, მის საკუთრებაში არსებულ ---- მდებარე 1.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 2022, 2023 და 2024 წლების პერიოდებზე, დაერიცხა ქონების (მიწის) გადასახადი. 2025 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხვა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში. აღნიშნულზე გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 21 მაისის №027-725 (2022 წ.), №027- 726 (2023 წ.), №027-727 (2024 წ.) და 4.11.2025 წლის №027-4801 (2025 წ.) საგადასახადო მოთხოვნები, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.09.2026 წლის №20657 ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 21 მაისის №027-725 (საანგარიშო პერიოდი 2022 წელი) საგადასახადო მოთხოვნით განხორციელებული დარიცხვა გაუქმდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 18.09.2026 წლის №20657 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 203-ე, 205-ე, 61-ე, 206-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ცნობა №135, რომელიც გაცემულია 2020 წლის 25 აგვისტოს. მართალია აღნიშნული ცნობა გაცემულია 2020 წელს, თუმცა იგი წარმოადგენს კომლზე რეფორმის პერიოდში გაცემულ უფლების დამდგენი დოკუმენტის ტოლფასს. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს --- ის ადმინისტრაციულ ერთეულში --- ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2026 წლის 19 აგვისტოს №58-2426231103 წერილზე, რომლითაც სამსახურს ეცნობა, რომ მიწის რეფორმა საქართველოში განხორციელდა 1992 წლიდან. ამასთან, მომჩივნის საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი: ----) რეგისტრირებულია 2.10.2020 წელს.

საკუთრების უფლების დამდგენი ცნობა გაცემულია 2020 წელს, თუმცა იგი ადასტურებს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკარმიდამო-საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილი იყო მიწის რეფორმის მიმდინაროების პერიოდში, კერძოდ 1992-2007 წლებში. შემოსავლებმა ვერ დაადგინა საქართველოში როდის განხორციელდა მიწებთან დაკავშირებით რეფორმა. მას მხედველობაში უნდა მიეღო 1992 წლის 18 იანვრის 48 დადგენილება და ასევე სხვა საკანონმდებლო აქტები, რომლებიც უტყუარად ადგენენ საქართველოში მიწის ნაკვეთის რეფორმის პერიოდს.

მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 26 თებერვლის განჩინება (საქმე №ბს-1132(კ-25)) სადაც განმარტებულია, რომ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება რომ კომლსა და მასზე რიცხულ ქონების შესახებ საქართველოში გატარებული მიწის რეფორმა 1992-1999 წლები და შემდგომ ეტაპზე მოძიებული ვერ იქნა არ უნდა გამხდარიყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უფლების დამდგენი დოკუმენტის უგულებელყოფა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ცნობაზე, რომ მომჩივანი მიწის ნაკვეთს ფლობდა უწყვეტად რეფორმის პერიოდიდან 2007 წლამდე და ცნობის მომზადების თარიღისთვისაც. ასევე რწმუნებულის წერილით იკვეთება, რომ მიწის ნაკვეთი არის სარეფორმო პერიოდის და ეს მიანიშნებს, რომ მომჩივანი მიწის ნაკვეთს ფლობდა 1992-1999 წლის მონაცემებით (2004 წლამდე).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის მიხედვით, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი, მე-13 და 131 ნაწილების თანახმად:

1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ხოლო ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

13. ამ მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ.

წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია.

ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

131 . საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ხოლო ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია, 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომსახურების დეპარტამენტის 26.10.2026 წლის №101000-21-11 წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც აღნიშნულია შემდეგი: მომჩივანს, 21.05.2025 წელს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე, 2022, 2023 და 2024 წლებზე საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად, დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი, ხოლო 2025 წელზე დარიცხვა განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში არსებული მონაცემების თანახმად, ასევე საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ---ში მდებარე, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 1.25 ჰა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ---), მომჩივნის საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია 02.10.2020 წლიდან (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ცნობა N135, დამოწმების თარიღი 25.08.2020 წ. ---- მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში და საარქივო ცნობა N34/65128, დამოწმების თარიღი 30.07.2020 წ. საქართველოს ეროვნული არქივი, სადაც მითითებული არის, რომ --- კომლის უფროსად/წევრად არ ფიქსირდება).

მომჩივანი განმარტავს, რომ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ცნობა №135, რომელიც გაცემულია 2020 წლის 25 აგვისტოს. მართალია აღნიშნული ცნობა გაცემულია 2020 წელს, თუმცა იგი კომლზე რეფორმის პერიოდში გაცემულ უფლების დამდგენი დოკუმენტის ტოლფასია.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული დოკუმენტის (ცნობა №135) შინაარსზე. მასში მითითებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი საკარმიდამო-საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილი იყო მიწის რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში, კერძოდ 1992-2007 წლებში (ცნობა №135, დამოწმების თარიღი 25.08.2020 წ. და საარქივო ცნობა N34/65128, დამოწმების თარიღი 30.07.2020 წ.) ამგვარად, ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში სადავო მიწის ნაკვეთზე მომჩივნის საკუთრების უფლება ფიქსირდება 2020 წლიდან. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკარმიდამო-საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად მომჩივანს გამოეყო მიწის რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში, 1992-2007 წლებში. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით იმყოფებოდა მომჩივნის საკუთრებაში.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათით სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ქონების (მიწა) გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს, მის საკუთრებაში არსებულ 1.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 2022, 2023 და 2024 წლების პერიოდებზე, დაერიცხა ქონების (მიწის) გადასახადი. 2025 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხვა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში. აღნიშნულზე გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის საგადასახადო მოთხოვნები, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №20657 ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტის (საანგარიშო პერიოდი 2022 წელი) საგადასახადო მოთხოვნით განხორციელებული დარიცხვა გაუქმდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის №20657 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 206 (1,ტ).