გადაწყვეტილება №27419/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.06.2026
№ დოკუმენტი 27419/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27419/2/2026

16 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 25.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27419/2/2026).

 

დავის საგანი:

1. ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხების, რომლებზეც როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი აფიქსირებს ხელმოწერით თანხის სრულად გადახდას, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და ნაშთად დარჩენილი თანხის დირექტორის მიერ გატანილ თანხად ჩათვლა;

2. მიწის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართების გადაცემის ოპერაციის დაკვალიფიცირება გრძელვადიან კონტრაქტად და ფაქტიურად გაწეული ხარჯების პროპორციულად დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №081-353 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.05.2026 წლის №9877 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 368 497.18 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 835 485.95

დღგ - 313 937

საშემოსავლო გადასახადი - 521 548.95

ჯარიმა - 421 094.5

საურავი - 111 916.73

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ბინების რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2025 წლის №22452 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.04.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2025 წლის №AR021188 საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №28250 ბრძანება და ამავე თარიღის №081-353 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.05.2026 წლის №9877 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხების, რომლებზეც როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი აფიქსირებს ხელმოწერით თანხის სრულად გადახდას, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და ნაშთად დარჩენილი თანხის დირექტორის მიერ გატანილ თანხად ჩათვლა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული და გადაფორმებულია საცხოვრებელი ბინები. ასევე, კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიღებულია შემოსავალი ბინების რეალიზაციიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საჯარო რეესტრისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სრულად არ არის ბუღალტრულ პროგრამაში ასახული და დეკლარირებული. შემოწმების შედეგად ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხები, რომლებზეც როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი აფიქსირებენ ხელმოწერით თანხის სრულად გადახდას, ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

ამასთან, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად) ნაშთად დარჩენილი თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ გატანილად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2.04.2026 წელს 13:30 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში დასტურდება კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე საცხოვრებელი ბინების რეალიზება და საკუთრებაში გადაფორმება, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებებში როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი ხელმოწერით აფიქსირებს თანხის სრულად გადახდას, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შეესაბამება კანონმდებლობას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორები მიუთითებენ, რომ კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული და გადაფორმებულია საცხოვრებელი ბინები. ასევე კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიღებულია შემოსავალი ბინების რეალიზაციიდან. გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საჯარო რეესტრის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით შედეგად ირკვევა, რომ ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სრულად არ არის ბუღალტრულ პროგრამაში ასახული და დეკლარირებული. შემოწმების მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხები, რომლებზეც როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი აფიქსირებენ ხელმოწერით, რომ თანხა სრულადაა გადახდილი, ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხები, რომლებზეც როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი აფიქსირებენ ხელმოწერით, რომ თანხა სრულადაა გადახდილი, არ არის სწორი. ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებულია ადრე შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ახალ ხელშეკრულებებში იცვლებოდა მყიდველი, ბინის მახასიათებლები და ღირებულებები. ნასყიდობის ხელშეკრულებების დანარჩენი ნაწილი რჩებოდა უცვლელი. ეს იყო ტექნიკური შეცდომა და ამ გარემოების გამო ასეთი ხელშეკრულების სრულად დაბეგვრა, არ არის სწორი. ამ ფაქტის დადგენა მარტივია, ასეთი ხელშეკრულებით რეალიზებული ბინების უმეტესი ნაწილის მონაწილე მყიდველებს შემდგომ პერიოდში აქვთ გადახდილი თანხების ნაწილი, ხოლო ნაწილი ჯერ კიდევ გადასახდელია. ამის შემოწმება შესაძლებელია აუდიტორებთან ერთად, თუ იქნება შესწავლილი კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტები და საბანკო ამონაწერები. ამ გარემოების გამო თვლის, რომ არ არის სწორი შემოწმების აქტით კომპანიაზე დამატებით განსაზღვრული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა 1 665 709 ლარი და დამატებით დარიცხული დღგ 299 828.00 ლარი. ამასთან, ამ საკითხის შესწავლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება დირექტორის მიერ სალაროდან გატანილი თანხებს ოდენობა და შესაბამისად, დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად კომპანიის ნასყიდობის ხელშეკრულებების შესწავლას, სადაც დაფიქსირებულია, რომ თითქოს თანხები სრულად არის გადახდილი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს, როგორც დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, ისე კომპანიის მიერ სალაროდან გატანილი თანხების ოდენობას, რაც საფუძველია მნიშვნელოვნად შემცირდეს დამატებით დარიცხული გადასახადები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებულია ადრე შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ახალ ხელშეკრულებებში იცვლებოდა მყიდველი, ბინის მახასიათებლები და ღირებულებები. ნასყიდობის ხელშეკრულებების დანარჩენი ნაწილი რჩებოდა უცვლელი. ამ ფაქტის დადგენა მარტივია, ასეთი ხელშეკრულებით რეალიზებული ბინების უმეტესი ნაწილის მონაწილე მყიდველებს შემდგომ პერიოდში აქვთ გადახდილი თანხების ნაწილი, ხოლო ნაწილი ჯერ კიდევ გადასახდელია. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად კომპანიის ნასყიდობის ხელშეკრულებების შესწავლას, სადაც დაფიქსირებულია, რომ თითქოს თანხები სრულად არის გადახდილი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დამატებით დარიცხულ გადასახადებს.

მომჩივნის არგუმენტზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმების პროცესში, წარადგინა ბუღალტრული პროგრამა და საბანკო ამონაწერები. აღნიშნულზე და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სრულად არ არის ბუღალტრულ პროგრამაში ასახული და დეკლარირებული. შემოწმების შედეგად ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხები, რომლებზეც როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი აფიქსირებენ ხელმოწერით თანხის სრულად გადახდას, ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ხოლო, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად ნაშთად დარჩენილი თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ გატანილად.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. მიწის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართების გადაცემის ოპერაციის დაკვალიფიცირება გრძელვადიან კონტრაქტად და ფაქტიურად გაწეული ხარჯების პროპორციულად დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელსა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის 16.10.2017 წელს გაფორმებულია უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება მიწის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე. მიწის მფლობელებთან საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას, გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ოპერაცია არ აქვს შეფასებული ერთიანი გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში და შესაბამისად, არ აქვს გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა გრძელვადიან კონტრაქტად და დაიბეგრა ფაქტიურად გაწეული ხარჯების პროპორციულად 2022-2024 წლების დეკემბრის თვეებში. შედეგად, გრძელვადიანი კონტრაქტი დაიბეგრა დღგ-ით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილზე, 309-ე მუხლის 107-ე ნაწილზე, 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილზე, 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი შემოწმებულია წინა საანგარიშო პერიოდებზეც. შესაბამისად, შემოწმებამ შეისწავლა წინა საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები და ფაქტობრივი გარემოებები, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ ბარტერული ოპერაციიდან მიღებული შემოსავალი დაბეგრილია 2019 წლიდან გრძელვადიანი კონტრაქტის დაბეგვრის პრინციპის შესაბამისად და აღნიშნული მიდგომა გაგრძელებულია მიმდინარე შესამოწმებელ პერიოდზეც, კერძოდ, გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების პროპორციულად აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა 2022-2024 წლების დეკემბრის თვეებში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო 16.10.2017 წელს გაფორმებულია უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, მიწის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად კომპანიას მიწის მეპატრონეებზე „--------“ დ„--------“-ზე უნდა გადაეცა ფართები, „--------“-ზე 375 კვ.მ, ხოლო „--------“-ზე 90 კვ.მ.

კომპანიამ ქ. „--------“-ში, „--------“-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 5.07.2019 წლის ხელშეკრულების თანახმად „--------“-ს საკუთრებაში გადასცა 721 კვ.მ. ფართი, ხოლო 14 კვ.მ. ფართის ნაცვლად გადაუხადა ხელშეკრულების მე-10 მუხლის 1.7 პუნქტით განსაზღვრული 4 200 (300*14) აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარი, ხოლო „--------“-ს 5.07.2019 წლის ხელშეკრულების თანახმად საკუთრებაში გადასცა 88.80 კვ.მ. ფართი. ამ გარემოების გამო მიწის მეპატრონეებთან 16.10.2017 წელს გაფორმებულია უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 5.07.2019 წლიდან შესრულებულია და გრძელვადიანი კონტრაქტით გათვალისწინებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, აუდიტორების მიერ 2022, 2023, 2024 წლების დეკემბრის თვეებში არ არის სწორი.

გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ით დაბეგვრის №1168 სიტუაციური სახელმძღვანელო თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის მოქმედების ვადა გრძელდება ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მომენტამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს შემოწმების შედეგად დარიცხული დღგ 14 109 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება შემდეგი საქმიანობა: სამშენებლო-სამონტაჟო.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტი – კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის - საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივნის განმარტებით, რომ მიწის მეპატრონეებთან 16.10.2017 წელს გაფორმებულია უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 5.07.2019 წლიდან შესრულებულია და გრძელვადიანი კონტრაქტით გათვალისწინებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, აუდიტორების მიერ 2022, 2023, 2024 წლების დეკემბრის თვეებში არ არის სწორი. ამასთან, მიუთითებს გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ით დაბეგვრის №1168 სიტუაციური სახელმძღვანელოზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის მოქმედების ვადა გრძელდება ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მომენტამდე.

შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი შემოწმებულია წინა საანგარიშო პერიოდებზეც. შესაბამისად, წინა საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგების და ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით დადგინდა, რომ ბარტერული ოპერაციიდან მიღებული შემოსავალი დაბეგრილია 2019 წლიდან გრძელვადიანი კონტრაქტის დაბეგვრის პრინციპის შესაბამისად და აღნიშნული მიდგომა გაგრძელებულია მიმდინარე შესამოწმებელ პერიოდზეც, კერძოდ, გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების პროპორციულად აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა 2022-2024 წლების დეკემბრის თვეებში.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსხურის პოზიციას და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად კომპანიის ნასყიდობის ხელშეკრულებების შესწავლას.

2.გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს შემოწმების შედეგად დარიცხული დღგ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული და გადაფორმებულია საცხოვრებელი ბინები. ასევე, კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიღებულია შემოსავალი ბინების რეალიზაციიდან.ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სრულად არ არის ბუღალტრულ პროგრამაში ასახული და დეკლარირებული.ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად ნაშთად დარჩენილი თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ გატანილად. შედეგად, გადამხდელს, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა.

2.გადამხდელსა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის 16.10.2017 წელს გაფორმებულია უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება მიწის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე. მიწის მფლობელებთან საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას, გადამხდელს აღნიშნული ოპერაცია არ აქვს შეფასებული ერთიანი გაცვლის ოპერაციად გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში და შესაბამისად, არ აქვს გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა გრძელვადიან კონტრაქტად და დაიბეგრა ფაქტიურად გაწეული ხარჯების პროპორციულად 2022-2024 წლების დეკემბრის თვეებში. შედეგად, გრძელვადიანი კონტრაქტი დაიბეგრა დღგ-ით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსხურის პოზიციას და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,154,174,309(107).