ბრძანება N 14641
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14641
30 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის: -------, -------)
2026 წლის 4 და 9 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 11, 18 და 25 ივნისს გამართულ სხდომებზე (ოქმი №50, №53 და №56) განიხილა შპს „------- “-ის (ს/ნ -------) №92496/21 და №95687/21-17 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 მაისის №024- 30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და რეალიზებული ავტომანქანების შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანომ ავტომობილების რეალიზაციის ფასნამატის დაანგარიშებისას გამოიყენა ზოგადი, არაკონკრეტული სტატისტიკა, რითაც უგულებელყო ავტომობილის ინდივიდუალური მახასიათებლები (VIN კოდის მიხედვით არსებული ისტორია). ავტომობილი არ არის სტანდარტული საქონელი, მისი ფასი დამოკიდებულია ისეთ ინდივიდუალურ ფაქტორებზე, როგორიცაა ტექნიკური წუნი, რაც აუდიტის დეპარტამენტის საშუალო მონაცემებში ასახული არ არის. საგადასახადო ორგანომ ჩაატარა არასწორი მოკვლევა. იმ შემთხვევაში თუ შემოწმება ავტომობილების რეალურ მდგომარეობას ნახავდა დარწმუნდებოდა, რომ კომპანიას საბაზროზე დაბალ ფასად ავტომობილების რეალიზაცია არ განუხორციელებია.
აუდიტმა არ დაასაბუთა, თუ რატომ გახდა შეუძლებელი პირდაპირი მეთოდით (ბუღალტრული დოკუმენტაციით) საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ინვოისები, საბანკო ამონაწერები, ასახავს რეალურ საბაზრო ფასებს, ხოლო აუდიტის საშუალო მონაცემები არის თეორიული. საგადასახადო ორგანომ თვითნებურად მოახდინა რეალიზაციიდან მიღებული სხვაობის დადგენა, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ხელფასი. აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლს, რადგან არ არსებობს არანაირი მტკიცებულება სახელფასო ანაზღაურების შესახებ (შრომითი ხელშეკრულებები, ფაქტობრივი გადარიცხვები). აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 ნოემბრის №25044 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ოქტომრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 14 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 მაისის №11647 ბრძანება და №024-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 332 563 ლარი, მათ შორის, გადასახადი 206 685 ლარი, ჯარიმა 103 342 ლარი და საურავი 22 536 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტომობილების შეძენარეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს რიგ შემთხვევებში უფიქსირდება ავტომობილების რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირებული მოგების მარჟა ნაკლებია, როგორც თავად გადამხდელის, ასევე, მსგავსი საქმიანობის აუდირებულ მონაცემებზე, რასთან დაკავშირებითაც გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო დამადასტურებელი მტკიცებულებები.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დებულებათა შესაბამისად და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულბები გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. აუდიტის დეპარტამენტის ხელთარსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რაც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, საწარმო დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ავტომანქანების რეალიზაციის შედეგად საწარმოს მიღებული აქვს 19 100 413 ლარის შემოსავალი. შემოსავალი მიღებულია 158 ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად, თუმცა რიგ შემთხვევებში, კერძოდ 31 ავტომანქანის რეალიზაციის შემთხვევაში ავტომობილების რეალიზაცია მოხდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირებული მოგების მარჟა ნაკლებია, როგორც თავად გადამხდელის ასევე მსგავსი საქმიანობის აუდირებულ მონაცემებზე. აღნიშნული ფაქტის რელევანტურობასთან დაკავშირებით გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო დამადასტურებელი მტკიცებულებები. ვინაიდან გადამხდელის სიტყვიერი განმარტებით ზარალიანი რეალიზაციები და დაბალი მარჟით გაყიდვები გამოწვეულია ავტომობილების დაზიანებით, თუმცა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გადამხდელისთვის ცნობილია ავტომობილების შეძენის მომენტშიც. შესამოწმებელ პერიდში გადამხდელს ანგარიშსწორებები განხორციელებული აქვს ძირითადად სალაროს მეშვეობით ნაღდი ანგარიშსწორებით, უფიქსირდება 3 631 775 ლარის კრედიტორული დავალიანება, გაცემული ხელფასი შეადგენს მხოლოდ 59 381 ლარს, ბიუჯეტში გადახდილი აქვს 26 663 ლარი, ხოლო ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული აქვს 339 288 ლარი, დივიდენდი გაცემული არ აქვს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ავტომანქანების მოგების მარჟის განსაზღვრა და რეალიზებული ავტომანქანების შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით რეალიზებული ავტომანქანების შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტომობილების შეძენარეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს რიგ შემთხვევებში უფიქსირდება ავტომობილების რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირებული მოგების მარჟა ნაკლებია, როგორც თავად გადამხდელის, ასევე, მსგავსი საქმიანობის აუდირებულ მონაცემებზე, რასთან დაკავშირებითაც გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო დამადასტურებელი მტკიცებულებები. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულბები გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. აუდიტის დეპარტამენტის ხელთარსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რაც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, საწარმო დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154;