გადაწყვეტილება №27335/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.07.2026
№ დოკუმენტი 27335/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27335/2/2026

16 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 13.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27335/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2025 წლის №006-524 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5144 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

321 648.48 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 198 670.38

დღგ - 9 162

საშემოსავლო გადასახადი - 189 508.38

ჯარიმა - 99 263.3

საურავი - 23 714.8

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 24.01.2023 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 10.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, ხარჯში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ხელფასები, მომწოდებლებისთვის გადახდილი თანხები. ასევე აღსანიშნავია, რომ გადამხდელს რეალიზებული ჰქონდა იმაზე მეტი აკუმულატორი, ვიდრე შეძენის დოკუმენტში იყო დაფიქსირებული, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში შემოწმების მიერ გამოსაქვით თანხებში გათვალისწინებულია რეალიზებული საქონლის ღირებულების 75% (№0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად). დარჩენილმა ნაშთმა შეადგინა 613 826 ლარი.

შემოწმებისას მიღებული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 15.12.2025 წლის №27506 ბრძანება და №006-524 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5144 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და ითხოვს აღნიშნული სხვაობის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად დაკვალიფიცირებას, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა მართლზომიერად იქნა განხილული დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სამეურნეო ოპერაციას კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს მისი შინაარსის ანუ ფაქტობრივად (რეალურად) განხორციელებული ოპერაციის მიხედვით. არაფერი (მაგ., ხელშეკრულება) მიუთითებს იმაზე, რომ დირექტორზე მოხდა 2 წლის განმავლობაში ხელფასად ან სხვა სახით ხელზე მისაღები „სხვაობის“ თანხის გაცემა. გამომდინარე იქიდან, რომ თანხა არ არის სახეზე და დიდი ალბათობით, გახარჯულია, მაგრამ გახარჯვის კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან არ დგინდება, „სხვაობა“ უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც „გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის,“ რაც საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველის ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, „ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება“.

საგადასახადო ორგანოს არ მიუთითებია მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა სახელფასო ხარჯის გაწევა (საბანკო ამონაწერი, სახელფასო უწყისი, სასამსახურო ხელშეკრულება და ა.შ.). შესაბამისად, შემოწმებისას კვალიფიკაცია განხორციელდა მხოლოდ იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ თანხა დირექტორს ექნებოდა მიღებული (საგულისხმოა, რომ შემოწმების აქტში მიჩნეულია, რომ მოქმედმა დირექტორმა „სხვაობის“ თანხა ჯერ ხელფასად მიიღო 600 000 ლარზე მეტი ოდენობით, ხოლო გადაანგარიშების შემდეგ გადაანგარიშების ცხრილში მიჩნეულია, რომ დირექტორმა „სხვაობის“ თანხა ხელფასად მიიღო 150 000 ლარის ოდენობით). ამასთან, დადგენილი, რომც იყოს ---ს მიერ თანხის მიღება ან მის ინტერესებში თანხის გამოყენება, ვინაიდან იგი 100%-იანი წილის მფლობელია, სახეზე იქნებოდა მოგების განაწილება, რაც ასევე საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ არასწორად უნდა იქნეს მიჩნეული შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის თანხის სახელფასო განაცემად კვალიფიკაცია და გადაანგარიშების შედეგად მიღებული სხვაობის თანხის ხარჯვა უნდა დაკვალიფიცირდეს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, ხარჯში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ხელფასები, მომწოდებლებისთვის გადახდილი თანხები. ასევე აღსანიშნავია, რომ გადამხდელს რეალიზებული ჰქონდა იმაზე მეტი აკუმულატორი, ვიდრე შეძენის დოკუმენტში იყო დაფიქსირებული, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში შემოწმების მიერ გამოსაქვით თანხებში გათვალისწინებულია რეალიზებული საქონლის ღირებულების 75% (№0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად).

დარჩენილმა ნაშთმა შეადგინა 613 826 ლარი. შემოწმებისას მიღებული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ვინაიდან, საგადასახადო შემოწმებისას მომჩივნის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რომლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვა ან ფაქტობრივად არსებობა არ დასტურდება, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სხვაობის თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართებულია, შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, ხარჯში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ხელფასები, მომწოდებლებისთვის გადახდილი თანხები. ასევე აღსანიშნავია, რომ გადამხდელს რეალიზებული ჰქონდა იმაზე მეტი აკუმულატორი, ვიდრე შეძენის დოკუმენტში იყო დაფიქსირებული, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში შემოწმების მიერ გამოსაქვით თანხებში გათვალისწინებულია რეალიზებული საქონლის ღირებულების 75% ( №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად). დარჩენილმა ნაშთმა შეადგინა 613 826 ლარი. შემოწმებისას მიღებული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სხვაობის თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართებულია, შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1); 105 (2).