ბრძანება N 2776

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.02.2023
№ დოკუმენტი 2776
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2776

15.02.2023

შპს „-----“ (ს/ნ-----)

(მის.: ქ.-------------)

2022 წლის 20 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „-------------“ (ს/ნ --------) №230790/21-14 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 დეკემბრის №021-119 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით შპს „--------------“ მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრებას. აღნიშნავს, რომ შპს „--------------“ შეიძინა დახერხილი ხის მასალა, პირველადი დათვალიერებით მასალა და თანდართული დოკუმენტი შეესაბამებოდა ერთმანეთს. აცხადებს, რომ არ აქვს გარემოს დაცვის სამინისტროში არსებულ ინფორმაციასთან წვდომა, დოკუმენტში მითითებული ცნობის ნომრების სიზუსტის დადგენას ვერ შეძლებდა, აღნიშნული მასალის თანხა კი სრულად აქვს მომწოდებლისთვის გადახდილი. კეთილსინდისიერებაზე მითითებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხების სრულად შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №30063 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------------“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „--------------“ (ს/ნ -------------) მიღებული სერია ,,ეა-15“ №---------- ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 9 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 12 დეკემბრის №31298 ბრძანება და ამავე თარიღის №021-119 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 10 107 ლარი, მათ შორის: გადასახადი 2 608 ლარი, ჯარიმა 6 521 ლარი, საურავი 978 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს „--------------“ წარმოდგენილი აქვს 2020 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია, რომლითაც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა 2 608.47 ლარის ოდენობით. ჩათვლის საფუძველიაშპს „--------------“ (ს/ნ --------------) მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-15 №----------). შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მიმდინარე შპს „--------------“ კამერალური საგადასახადო შემოწმებისას, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის №2532 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით დადგინდა, რომ ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №0558767545 და მასთან ერთად ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა (ეა-15 №-----------) არის ყალბი. 2020 წლისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს გაუუქმდა აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე მიღებული ჩათვლა და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შპს „---------------“ კამერალური საგადასახადო შემოწმებისას, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის №2532 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით დადგენილია №------------ ელექტრონული სასაქონლო ზედნადების და ეა-15 №------------ ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურის სიყალბე.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება და სანქციის შეფარდება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------------“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.