ბრძანება N 8400

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.04.2023
№ დოკუმენტი 8400
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8400

18.04.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------- (პ/ნ -------)

(მის: -------, -------)

2023 წლის 24 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა ------- (პ/ნ -------) №79911/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 24 მარტის №EL203939 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და საქონლის საბაჟო ღირებულებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ნოუთბუქის აღწერაში მითითებული იყო, რომ არის დაზიანებული (აქვს ქარხნული წუნი). გამყიდველთან შეთანხმდა 250 აშშ დოლარით შეძენაზე და ნამდვილად 250 აშშ დოლარი აქვს გადახდილი, რასაც საჩივარზე დართული ინვოისი და გადახდის ქვითარიც ადასტურებს. ასევე მიაჩნია, რომ ექსპერტს ნოუთბუქი საბაზრო ფასზე ძვირად აქვს შეფასული.

ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას და საქონლის საბაჟო ღირებულების გადახედვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 3 მარტს საფოსტო გადამზიდავ შპს „-------“ მიერ (ს/ნ -------) №------- ინვოისის საფუძველზე, №------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით განხორციელდა ------- კუთვნილი №------- საფოსტო გზავნილის დეკლარირება, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „oracle“-ს მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“.

საფოსტო გზავნილის დათვალიერების მიზნით, მებაჟე-ოფიცრის მიერ დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ამანათში დაზიანებული ლეპტოპის ნაცვლად განთავსებული იყო ახალი ლეპტოპი.

საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 15 მარტის №------- ექსპერტის დასკვნის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3029.82 აშშ დოლარი.

ვინაიდან, ------- მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია გადასახდელის შემცირება, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 24 მარტს შედგა №EL203939 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდაღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 289.45 ლარის ოდენობით.

№20010/1454119 საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ში განხორციელდა ცვლილება. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული თანხისა და გადასახდელების შესაბამისი საგადახდო დავალების წარდგენის შემდგომ დეკლარაცია დასრულდა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით..

საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით:

. სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.

. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

დადგენილია, რომ საფოსტო გადამზიდავის მიერ ინვოისის საფუძველზე, საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით განხორციელდა ------- კუთვნილი საფოსტო გზავნილის დეკლარირება. საბაჟო კონტროლის განახორციელებისას აღმოჩნდა, რომ ამანათში დაზიანებული ლეპტოპის ნაცვლად განთავსებული იყო ახალი ლეპტოპი. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3029.82 აშშ დოლარი.

საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 თავი საბაჟო ღირებულების შესაბამისად, კერძოდ კოდექსის 43-ე მუხლის - სარეზერვო მეთოდის მიხედვით. ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზა, პრაქტიკის განსაზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყარეოებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები.

საქმის მასალებით დგინდება, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობამ იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება გამოიწვია, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებული მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საქონლის საბაჟო ღირებულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას და საქონლის საბაჟო ღირებულების გადახედვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, ინვოისის საფუძველზე, საბაჟო დეკლარაცია ფორმა N4-ით განხორციელდა მოქალაქის კუთვნილი საფოსტო გზავნილის დეკლარირება, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „oracle“-ს მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. საფოსტო გზავნილის დათვალიერების მიზნით, მებაჟე-ოფიცრის მიერ დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ამანათში დაზიანებული ლეპტოპის ნაცვლად განთავსებული იყო ახალი ლეპტოპი. საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის დასკვნის მიხედვით, განისაზღვრა საქონლის საბაჟო ღირებულება. ვინაიდან, ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია გადასახდელის შემცირება, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, საბაჟო დეკლარაცია ფორმა N4-ში განხორციელდა ცვლილება.

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საქონლის საბაჟო ღირებულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13; 27(1); 43(3-4); 167(1);