გადაწყვეტილება №24889/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24889/2/2025
27 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 9.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24889/2/2025).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №007-298 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2807 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 520 903.77 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 328 561.93
დღგ - 116 929
საშემოსავლო გადასახადი - 211 632.93
ჯარიმა - 164 281
საურავი - 28 060.84
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა სარესტორნო მომსახურების გაწევა. საქმიანობას ახორციელებს ქ. --------ში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 სექტემბრის №19924 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2023 წლის 6 ოქტომბრიდან 2024 წლის 1 აგვისტომდე. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ფართის იჯარაზე საწარმოს დირექტორთან/დამფუძნებელთან გაფორმებულია ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნული დოკუმენტის, ისევე როგორც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა (მ.შ საბუღალტრო აღრიცხვა, შესყიდვის აქტები, ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების, ასევე ინფორმაცია სმფ-ის ნაშთების შესახებ და სხვ.) შემოწმების პროცესში არ მომხდარა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ნედლეულის დოკუმენტური (ზედნადებით) შეძენა გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მცირე რაოდენობით. საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, ნედლეულის შეძენებზე არსებობს შესყიდვის აქტები, თუმცა შემოწმების პროცესში მათი წარდგენაც არ მომხდარა. კომპანია საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის დარღვევისთვის ორჯერ დაჯარიმდა ამავე კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით, რისთვისაც გამოყენებულ იქნა ამავე ტერიტორიაზე (შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით 2023 წლის ოქტომბრამდე აღნიშნულ ფართში ფუნქციონირებდა შპს „--------“, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაგზავნილი მენიუს მიხედვით კი შპს „------“ მიერ ფუნქციონირებად რესტორანს საფირმო სახელი დღემდე არ აქვს შეცვლილი) მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის შესახებ არსებული მონაცემები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაანგარიშებულ იქნა ალკოჰოლური სასმლის რპთ დოკუმენტურად დადასტურებულ შეძენებთან მიმართებაში. რესტორნის მენიუს, სალაროს ჩეკებისა და საბანკო ამონაწერების საფუძველზე დიფერენცირებულ იქნა ცალკე რეალიზებადი (ჩამოსასხმელი) ლუდისა და რესტორანში მიწოდებული ლუდის ოდენობა და ღირებულება, რასაც დაემატა არაპირდაპირი მეთოდით მიკუთვნებული საკვების ღირებულება (1 ლარის ალკოჰოლურ სასმელზე რეალიზებული საკვები 2,08 ლარი). საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მომჩივანს დაერიცხა დღგ.
ამასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საბანკო გადარიცხვები, გადახდილი გადასახადები) ანალიზის შედეგად განისაზღვრა ფულადი სახსრების ოდენობა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №26917 ბრძანება და №007-298 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 520 903.77 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 21 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 17 თებერვლის №2807 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დადგენა, ასევე შემოსავლისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის ანალიზის შედეგად განსაზღვრული განკარგვადი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება დარიცხვას ფაქტების ნაწილში, ვინაიდან აუდიტორს გამოყენებული აქვს გადასახადების დარიცხვის არაპირდაპირი მეთოდი. ასევე, აქტში აუდიტორს არ აქვს მოხსენიებული, რომ საწარმო ეწევა არა მხოლოდ სარესტორნო მომსახურებას, არამედ ამასთანავე რესტორნის მიმდებარედ აქვს მაღაზია, რომლის საშუალებითაც ახდენს ლუდის, თამბაქოს და სხვა პროდუქციის რეალიზაციას. შესაბამისად, მსგავსი დარიცხვის განხორციელება არასწორია. კომპანიას აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ორის ბუღალტერიაში, საწარმოს აქვს დანახარჯები (ე.წ. კალკულაციები), რის მიხედვითაც ხდება წარმოებული პროდუქციის დანახარჯების გამოთვლა, რასაც დამატებით წარმოადგენენ.
მომჩივანი ითხოვს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს აუდიტორის მიერ დარიცხული თანხის სრულად გადახედვა, ვინაიდან დარიცხვა არ შეესაბამება რეალობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2807 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს სარესტორნო მომსახურების გაწევა. ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ნედლეულის დოკუმენტური (ზედნადებით) შეძენა გადამხდელს უფიქსირდება მცირე რაოდენობით. საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, ნედლეულის შეძენებზე არსებობს შესყიდვის აქტები, თუმცა შემოწმების პროცესში მათი წარმოდგენაც არ მომხდარა. გადამხდელი დარღვევისთვის ორჯერ იქნა დაჯარიმებული. გაანგარიშებულ იქნა ალკოჰოლური სასმლის რპთ დოკუმენტურად დადასტურებულ შეძენებთან მიმართებაში. რესტორნის მენიუს, სალაროს ჩეკებისა და საბანკო ამონაწერების საფუძველზე დიფერენცირებულ იქნა ცალკე რეალიზებადი (ჩამოსასხმელი) ლუდისა და რესტორანში მიწოდებული ლუდის ოდენობა და ღირებულება, რასაც დაემატა არაპირდაპირი მეთოდით მიკუთვნებული საკვების ღირებულება. შემოწმების მიერ გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა და პირს დაერიცხა დღგ.
ამასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის ანალიზის შედეგად განისაზღვრა ფულადი სახსრების ოდენობა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);