გადაწყვეტილება №23004/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.08.2024
№ დოკუმენტი 23004/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23004/2/2024

13 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ბარათაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), დ. გაბლიშვილის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, გ. მაისურაძის, დ. მოლოდინის შემადგენლობით, 26.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ს 2.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23004/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №225-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №8351 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

115 496,45 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 68 478

დღგ - 55 905

მოგების გადასახადი - 11 952

საშემოსავლო გადასახადი - 621

ჯარიმა - 31 449

საურავი - 15 569,45

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობის საგანია მეორადი საბურავებით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადამხდელს განხორციელებული აქვს დოკუმენტური რეალიზაცია. საქონელი რეალიზებული აქვს საცალოდ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. არ ხდება რეალიზებული საქონლის ინდივიდუალური აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საქონლის რეალიზაციის ფასნამატი განისაზღვრა ანალოგიური საქმიანობის მქონე საწარმოს ფასნამატის (საშუალო 43%) მიხედვით, შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის მიღებული სხვაობა 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების შესაბამისად, ჩაირთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, რეალიზებული საქონლის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) ჩაითვალა ნაღდი ფულის შემოსავლად, რომელიც შემცირდა საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობით. დარჩენილი თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო მიღებული სარგებელი - საშემოსავლო გადასახადით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით. მომჩივანს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №6144 ბრძანება და ამავე თარიღის №225-1 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13467 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 6.07.2023 წლის №20051/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და 9.08.2023 წლის №19631 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი.

შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19631 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „შემოწმებისას დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით, კერძოდ, მეორადი საბურავების რეალიზაციაზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის ფასნამატი (საშუალო 43%). მიღებული სხვაობებით განსაზღვრული იქნა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საგადასახადო შემოწმება, რა დროსაც გამოვლენილია განსხვავებული ფასნამატები. მათ შორის, მომჩივნის მიმართ გავრცელებულ ფასნამატთან შედარებით ნაკლები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შედეგად, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“ შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 და 28 მარტის სხდომებზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 დეკემბრის №20696/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული საჩივარი, რომელიც 2024 წლის 12 აპრილის №8351 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №8351 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, სადაც მითითებულია: „შემოწმებისას დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით, კერძოდ, მეორადი საბურავების რეალიზაციაზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის ფასნამატი (საშუალო 43%). მიღებული სხვაობებით განსაზღვრული იქნა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საგადასახადო შემოწმება, რა დროსაც გამოვლენილია განსხვავებული ფასნამატები. მათ შორის, მომჩივნის მიმართ გავრცელებულ ფასნამატთან შედარებით ნაკლები.“ ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი ფასნამატით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ის ნაწილში დარიცხვის საფუძველი გახდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კომპანიის ერთობლივი შემოსავლის გაზრდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ფასნამატით. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №8351 ბრძანების მიხედვით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი ფასნამატით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულს არ ეთანხმება ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, რომლის მიხედვითაც მომზადდა ფასნამატის ცხრილი. აღნიშნული ცხრილის მიხედვით ფასნამატმა შეადგინა 27%. გამოწერილი ზედნადებების მოცულობა შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 30%-ზე მეტს, ხოლო მასში დაფიქსირებული პროდუქცია იდენტიფიცირდება შესყიდვებთან მიმართებაში. შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში მიაჩნია, რომ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №8351 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა მომჩივნის თანამონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით, კერძოდ, მეორადი საბურავების რეალიზაციაზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის ფასნამატი (საშუალო 43%). მიღებული სხვაობებით განსაზღვრული იქნა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი ფასნამატით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №8351 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, საქონლის რეალიზაციის ფასნამატი განისაზღვრა ანალოგიური საქმიანობის მქონე საწარმოს ფასნამატის (საშუალო 43%) მიხედვით, შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის მიღებული სხვაობა 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების შესაბამისად, ჩაირთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, რეალიზებული საქონლის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) ჩაითვალა ნაღდი ფულის შემოსავლად, რომელიც შემცირდა საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობით.

დარჩენილი თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო მიღებული სარგებელი - საშემოსავლო გადასახადით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73 (5).