ბრძანება N 20270
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20270
15 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ ---------)
(მის.:---------)
2025 წლის 21 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 და 27 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №69; №71) განიხილა შპს „------“ (ს/ნ ------) 2025 წლის 21 ივლისის №96962/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №041-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისთვის. ამასთან, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები, თუმცა უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები შეფასდა და რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობის იდენტური. აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი, ამასთან, არასწორად გაანგარიშებულმა ფასნამატმა დამატებით განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 მაისის №9435 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 29 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 2 ივნისის №11198 ბრძანება და ამავე თარიღის №041-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 827 576 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 054 111 ლარი, ჯარიმა 526 785 ლარი და საურავი 246 679 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს ,,------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 20 ოქტომბერს, იმავე დღეს რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. შემოწმების მიმდინარეობისას ვერ შედგა კავშირი გადამხდელთან. გადამხდელს არ აქვს ჩაბარებული შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება და წერილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით გადამხდელის მიერ დოკუმენტაცია/ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის. შემოსავლების სამასხურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჩანთის და სხვა შერეული საქონლის იმპორტი ------ და ადგილობრივი რეალიზაცია ------ და ------ ტერიტორიაზე (შიდა გადაზიდვის ზედნადებებში დაფიქსირებულია მისამართები). კომპანიას უფიქსირდება ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც 2023 წლის 17 ოქტომბერს მოხსნილი აქვს რეგისტრაციიდან. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7717 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენელ პირთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რის შედეგადაც ნაშთი განისაზღვრა ნული.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ: შემოწმებით შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, გაწერილი ზედნადებები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 5%-ზე ნაკლებს, რის შედეგადაც დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სხვა საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. აღნიშნული გარემოებების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, განისაზღვრა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვას შორის სხვაობაზე პირს დაერიცხა გადასახადი.
ამასთან, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 21 და 27 აგვისტოს 14:00 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა 21 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით წარმოადგინა განცხადება სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, ხოლო 27 აგვისტოს სხდომაზე ჩანიშნული საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება არ წარმოუდგენია.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა არ წარადგინა საბუღალტრო აღრიცხვა და სხვა შემოწმებით მოთხოვნილი ინფორმაცია, შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შემოწმებით შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, გაწერილი ზედნადებები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 5%-ზე ნაკლებს, რის შედეგადაც დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სხვა საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით/ინფორმაციით, შემოწმების მიმდინარეობისას ვერ შედგა კავშირი გადამხდელთან და შესაბამისად საბაჟო დეკლარაციებთან დაკავშირებით აფასების და სხვა დოკუმენტები გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არ იქნა, შემოწმება დაეყრდნო მის ხელთ არსებულ საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და ზემოაღნიშნული თანხა გათვალისწინებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გამოთვლისას, ამასთან, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სხვა საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჩანთის და სხვა შერეული საქონლის იმპორტი. კომპანიას უფიქსირდება ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც 2023 წლის 17 ოქტომბერს მოხსნილი აქვს რეგისტრაციიდან. გადამხდელთან ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენელ პირთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რის შედეგადაც ნაშთი განისაზღვრა ნული. შემოწმებით შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, გაწერილი ზედნადებები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 5%-ზე ნაკლებს, რის შედეგადაც დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სხვა საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვას შორის სხვაობაზე პირს დაერიცხა გადასახადი. ამასთან, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);159(1);159(1);163(1,2);164(1);101(1);154(1);