გადაწყვეტილება №18804/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 18804/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18804/2/2023

2.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს------- (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება მომჩივანის 7.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18804/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო დავის განახლება ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2019 წლის №15594 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2019 წლის №007-170 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 21.08.2019 წლის №29248 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 042 050,29 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 692 571

ჯარიმა - 346 285

საურავი - 3 194,29

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 17.05.2019 წლის შუალედური აქტის საფუძველზე. შემოწმებამ მოიცვა 1.08.2018 წლიდან 1.09.2018 წლამდე პერიოდი. შემოწმება ჩატარდა 2018 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის დეკლარაციაში №ეა„-------“ ანგარიშ-ფაქტურით განხორციელებული ჩათვლის მართლზომიერების დასადგენად.

შემოწმების აქტის თანახმად, საწარმოს 2018 წლის აგვისტოში ურთიერთდამოკიდებული პირისგან, შპს„-------“(ს/ნ „-------“) შეძენილი აქვს 01.19.22.001.001 საკადასტრო კოდზე განთავსებული უძრავი ქონება. № „-------“ ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად აღნიშნული ქონების ღირებულება შეადგენს 5 142 400 ლარს (მათ შორის დღგ 784 433 ლარი). შესაბამის დღგ-ის თანხაზე საწარმოს განხორციელებული აქვს ჩათვლა სრულად 2018 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით.

ერთიანი ელექტრონული ბაზების ანალიზით ირკვევა, რომ შპს „-------“-ს აღნიშნული ქონება არაურთიერთდამოკიდებული პირისგან 2017 წლის დეკემბრის თვეში შეძენილი აქვს 602 211 ლარად დღგ-ის ჩათვლით (დღგ 91 863 ლარი).

შპს „-------“ 6.06.2018 წლის განაცხადით პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობიდან ითხოვა 8 359 599 ლარის დაბრუნება. შემოსავლების სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით 15.06.2018 წლის შესაგებლით ზედმეტობის დაბრუნებასთან დაკავშირებით უთხრა უარი „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის მოტივით.

აღნიშნულის შემდგომ მოხდა შპს „-------“-ის მიერ ქონების მიწოდება ურთიერთდამოკიდებულ პირზე მომჩივანზე საბაზროზე დაახლოებით 9-ჯერ ძვირად, შედეგად ხანდაზმული ზედმეტობის ნაწილი, კერძოდ 784 433 ლარი ხელოვნურად გადაიტანა შპს ----- ბარათზე - ჩათვლის განხორციელების გზით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით დაკორექტირდა ოპერაციაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა და ჩასათვლელი თანხა განისაზღვრა აღნიშნულ აქტივზე არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენისას დაფიქსირებული ფასის შესაბამისად. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2019 წლის №15594 ბრძანება და №007-170 საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოთ დასახელებული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.08.2019 წლის №29248 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების და შინაარსის გათვალისწინებით სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები. შესწავლის მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის იხელმძღვანელოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურში დამდგარი შედეგების გათვალიწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს შემოწმების შუალედური (თემატური) აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 21.08.2019 წლის №29248 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.04.2020 წლის №9062/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 7.02.2023 წელს საბჭოში წარმოადგინა საჩივარი და მოითხოვა დავის განახლება ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის 21.08.2019 წლის №29248 ბრძანებაში მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, მომჩივანთან დაკავშირებით ინფორმაცია გაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და ზეპირი მოსმენის მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგებში მითითებული დარიცხვის საფუძვლები საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. სათანადოდ უნდა იყოს გამოკვლეული ჩატარებული ოპერაციის განხორციელების მიზანი და შინაარსი. ამდენად, სამსახური მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის (ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შინაარსის მიხედვით) გამოყენების წინაპირობები შემმოწმებლის მიერ არ არის ყოველმხრივ შესწავლილი და გამოკვლეული, შესაბამისად საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების და შინაარსის გათვალისწინებით სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები. შესწავლის მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთანავე, საბოლოო აქტის შედგენისას, ასევე, იხელმძღვანელოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურში დამდგარი შედეგების გათვალიწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს შემოწმების შუალედური (თემატური) აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიუხედავად განხორციელებული დარიცხვებისა ფაქტია, რომ შპს „-------“-ის მიერ, ქ. „-------“ №--- (საკადასტრო კოდი „-------“) მდებარე უძრავი ქონების გადაცემა რეალურად მოხდა, ტრანზაქცია განხორციელდა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ის მომჩივანის საკუთრებაში.

მხოლოდ იმიტომ, რომ შემოსავლების სამსახურმა ქონების ტრანზაქცია ჩათვალა ფიქტიურად და გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ყალბად, შედეგად განხორციელებული ტრანზაქცია, რომლის დროსაც დღგ ბიუჯეტში არ გადახდილა, მხარეები დაჯარიმდა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხის 200%-იანი ჯარიმით, ჯამში 400%-ით, ქონების ღირებულებაში გამყიდველისთვის გადახდილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ თანხად, რომელიც ასევე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, დაკისრებულია ჯარიმა და ასევე, აღარავინ იხდიდა ქონების გადასახადს.

ქონების გადასახადის პრობლემის შესახებ აუდიტის დეპარტამენტი პირველად ალაპარაკდა მომჩივანის 27.04.2022 წლის №10645 ბრძანებით დანიშნული საგადასახადო შემოწმების დროს. მათ ჯერ მოიკითხეს რატომ არ იხდიდა კომპანია ქონების გადასახადს. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის №3 სამმართველოს 30.06.2022 წლის №------- მოხსენებითი ბარათისა და შემოსავლების სამსახურის 20 ივნისის №17025 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შემოწმების შედეგად 16.09.2022 წლის შემოწმების აქტით, 28.09.2022 წლის №24875 ბრძანებითა და №005-141 საგადასახადო მოთხოვნით შპს „-------“-ს დაერიცხა იმ ქონების გადასახადი, რომელიც იყო მომჩივანის საკუთრებაში.

აღნიშნული აქტებიც გასაჩივრდა, 9.01.2022 წლის №24 ბრძანებით შპს „-------“ დაუკმაყოფილეს მოთხოვნა და გაუუქმდა ქონების გადასახადი, რადგან შედეგის მიხედვით ქონება ეკუთვნოდა მომჩივანს . პარალელურად მომჩივანზე დაწყებული შემოწმების მიხედვით 30.12.2022 წლის №33908 ბრძანების, იმავე თარიღის №005-233 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა შეცვალა ზემოთაღნიშნული ტრანზაქციის სტატუსი, ჩათვლა, რომ ქონება ნამდვილად გადაცემულია და ქონების გადასახადიც დაარიცხა მომჩივანს , თანხა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შესყიდვის და შემდეგ პერიოდებში დადგენილი ფასების მიხედვით.

შეფასების მიხედვით დადგინდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება იყო 3 315 000 ლარი.

დავის ხელახლად წამოწყების სამართლებრივი საფუძვლები:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

ამავე მუხლის ნე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

ზემოთაღნიშნული ნორმების შესაბამისად საჩივრის წარდგენა დასაშვებია მოცემულ საკითხზე, მით უმეტესს, რომ ყველა მთავარ სადაო საკითხზე დამოკიდებულება შეცვალა თავად შემოსავლების სამსახურმა (რის შესახებაც ცნობილი გახდა შპს „-------“-ის საჩივარზე 9.01.2023 წლის ბრძანებით), კერძოდ:

2020 წლის ზემოთხსენებული აქტებით თვლიდა, რომ ქონების გადაცემა არ მომხდარა, გარიგება იყო ფიქტიური და ანგარიშ-ფაქტურა ყალბი, გამოწერილი უსაქონლო ოპერაციაზე, რის გამოც მოხდა მთელი რიგი დარიცხვები, ხოლო აღმოჩნდა, რომ ის რეალურად გადაცემულია და იმავე სამსახურის 30.12.2022 წლის ზემოთ ხსენებული აქტებითა და 9.01.2023 წლის აქტით ჩათვალეს, რომ ქონება რეალურად გადაცემულია 2018 წლის ხელშეკრულებებით და ეს ადმინისტრაციული აქტები არის იმის საფუძველი, რომ განახლდეს წარმოება მანამდე უკანონოდ დარიცხულ გადასახადებზე.

სადაო ადმინისტრაციული აქტებით ბათილად ცნობის საფუძვლები:

- საგადასახადო კოდექსის მიხედვით დაუშვებელია ქონების გადაცემა დღგ-ის დეკლარირებისა და გადასახადის გარეშე;

- დაუშვებელია ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ტრანზაქციის დროს გარიგების ღირებულება იყოს საბაზრო ფასზე ნაკლები;

- შეუძლებელია რეალური ტრანზაქციის დროს გამოიწეროს ყალბი ანგარიშ-ფაქტურა. იმ შემთხვევაშიც კი თუ გადასახადის გადამხდელი არ იხდის ბიუჯეტში დეკლარირებულ თანხას თუნდაც ყალბი ზედმეტობის გამო ეს ავტომატურად არ აქცევს ტრანზაქციას ფიქტიურად;

- გაუქმდება ზედმეტობა და დეკლარირებული თანხა გადასახდელი იქნება ბიუჯეტში, რის გადახდამდეც მას ვერ ჩაითვლის მყიდველი;

- დაუშვებელია რეალური ტრანზაქციის გამო რომელიმე მხარე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის გამო რომელიმე მხარე დაჯარიმდეს 200%-ით.

- დაუშვებელია რეალური ტრანზაქციის დროს გამყიდველისთვის გადახდილი თანხა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო აქტებთან დაკავშირებით დავის განახლების მოთხოვნის თაობაზე საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანს სურს,რომ განახლდეს წარმოება მანამდე უკანონოდ დარიცხულ გადასახადებზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით დაკორექტირდა ოპერაციაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა და ჩასათვლელი თანხა განისაზღვრა აღნიშნულ აქტივზე არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენისას დაფიქსირებული ფასის შესაბამისად.

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების და შინაარსის გათვალისწინებით სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები. შესწავლის მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის იხელმძღვანელოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურში დამდგარი შედეგების გათვალიწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს შემოწმების შუალედური (თემატური) აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო აქტებთან დაკავშირებით დავის განახლების მოთხოვნის თაობაზე საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),299(7),308