ბრძანება N 2807
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2807
17 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2025 წლის 21 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ --------) 2025 წლის 21 იანვრის №93815/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №007-298 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმების აქტში არ არის მოხსენიებული ის გარემოება, რომ საწარმო ეწევა არამხოლოდ სარესტორნო მომსახურებას, არამედ რესტორნის მიმდებარედ აქვს მაღაზია და მისი საშუალებით ახდენს ლუდის, თამბაქოს და სხვა პროდუქციის რეალიზაციას, შესაბამისად, მსგავსი დარიცხვის განხორციელება არასწორია. აღნიშნავს, რომ საწარმოს აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ორისში, ასევე აქვს დანახარჯები (ე.წ კალკულაციები), რის მიხედვითად ხორციელდება წარმოებული პროდუქციის დანახარჯების გამოთვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 სექტემბრის №19924 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 6 ოქტომბრიდან 2024 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 23 დეკემბრის №26917 ბრძანება და ამავე თარიღის №007-298 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 520 903 ლარი, მათ შორის გადასახადი 328 561 ლარი, ჯარიმა 164 281 ლარი და საურავი 28 061 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს სარესტორნო მომსახურების გაწევა. საქმიანობას ახორციელებს ქალაქ ------. გადამხდელის განმარტებით, ფართის იჯარაზე საწარმოს დირექტორთან/დამფუძნებელთან გაფორმებულია ხელშეკრულება, თუმცა, აღნიშნული დოკუმენტის, ისევე როგორც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენა (მ.შ საბუღალტრო აღრიცხვა, შესყიდვის აქტები, ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების, ასევე ინფორმაცია სმფ-ის ნაშთების შესახებ და სხვ.) შემოწმების პროცესში არ მომხდარა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ნედლეულის დოკუმენტური (ზედნადებით) შეძენა გადამხდელს უფიქსირდება მცირე რაოდენობით. საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, ნედლეულის შეძენებზე არსებობს შესყიდვის აქტები, თუმცა შემოწმების პროცესში მათი წარმოდგენაც არ მომხდარა. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის დარღვევისთვის ორჯერ იქნა დაჯარიმებული ამავე კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით, რისთვისაც გამოყენებულ იქნა ამავე ტერიტორიაზე (შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით 2023 წლის ოქტომბრამდე აღნიშნულ ფართში ფუნქციონირებდა შპს „---------“, გადამხდელის მიერ გადმოგზავნილი მენიუს მიხედვით კი შპს „--------“ მიერ ფუნქციონირებად რესტორანს საფირმო სახელი დღემდე არ აქვს შეცვლილი) მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის შესახებ არსებული მონაცემები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაანგარიშებულ იქნა ალკოჰოლური სასმლის რპთ დოკუმენტურად დადასტურებულ შეძენებთან მიმართებაში. რესტორნის მენიუს, სალაროს ჩეკებისა და საბანკო ამონაწერების საფუძველზე დიფერენცირებულ იქნა ცალკე რეალიზებადი (ჩამოსასხმელი) ლუდისა და რესტორანში მიწოდებული ლუდის ოდენობა და ღირებულება, რასაც დაემატა არაპირდაპირი მეთოდით მიკუთვნებული საკვების ღირებულება (1 ლარის ალკოჰოლურ სასმელზე რეალიზებული საკვები 2,08 ლარი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა და პირს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საბანკო გადარიცხვები, გადახდილი გადასახადები) ანალიზის შედეგად განისაზღვრა ფულადი სახსრების ოდენობა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოწმებით ასევე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, შესამოწმებელ პერიოდში ნედლეულის დოკუმენტური (ზედნადებით) შეძენა გადამხდელს უფიქსირდება მცირე რაოდენობით. საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, ნედლეულის შეძენებზე არსებობს შესყიდვის აქტები, თუმცა შემოწმების პროცესში მათი წარდგენა არ მომხდარა. შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა ამავე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მონაცემები, გაანგარიშებულ იქნა ალკოჰოლური სასმლის რპთ დოკუმენტურად დადასტურებულ შეძენებთან მიმართებაში, რესტორნის მენიუს, სალაროს ჩეკებისა და საბანკო ამონაწერების საფუძველზე დიფერენცირებულ იქნა ცალკე რეალიზებადი (ჩამოსასხმელი) ლუდისა და რესტორანში მიწოდებული ლუდის ოდენობა და ღირებულება, რასაც დაემატა არაპირდაპირი მეთოდით მიკუთვნებული საკვების ღირებულება (1 ლარის ალკოჰოლურ სასმელზე რეალიზებული საკვები 2,08 ლარი). შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დადგენა, ასევე შემოსავლისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის ანალიზის შედეგად განსაზღვრული განკარგვადი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს სარესტორნო მომსახურების გაწევა. ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ნედლეულის დოკუმენტური შეძენა გადამხდელს უფიქსირდება მცირე რაოდენობით. საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, ნედლეულის შეძენებზე არსებობს შესყიდვის აქტები, თუმცა შემოწმების პროცესში მათი წარმოდგენაც არ მომხდარა. გადამხდელი დარღვევისთვის ორჯერ იქნა დაჯარიმებული. გაანგარიშებულ იქნა ალკოჰოლური სასმლის რპთ დოკუმენტურად დადასტურებულ შეძენებთან მიმართებაში. რესტორნის მენიუს, სალაროს ჩეკებისა და საბანკო ამონაწერების საფუძველზე დიფერენცირებულ იქნა ცალკე რეალიზებადი ლუდისა და რესტორანში მიწოდებული ლუდის ოდენობა და ღირებულება, რასაც დაემატა არაპირდაპირი მეთოდით მიკუთვნებული საკვების ღირებულება. შემოწმების მიერ გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა და პირს დაერიცხა დღგ.
ამასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის ანალიზის შედეგად განისაზღვრა ფულადი სახსრების ოდენობა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9);159;163(1,2);164(1);101(1);154(1);