გადაწყვეტილება № 25957/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2025
№ დოკუმენტი 25957/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 25957/2/2025

03 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 3.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25957/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №064-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.09.2025 წლის №20189 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 339 439,23 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 194 856,88

დღგ - 82 757,94

საშემოსავლო გადასახადი - 112 098,94

ჯარიმა - 97 453,80

საურავი - 47 128,55

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საოჯახო ელექტრო ტექნიკის და ჭურჭლის იმპორტი და რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 3.09.2022 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 8.08.2022 წლიდან.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 3.06.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 25.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ------- იმპორტირებული აქვს 690313,37 ლარის ღირებულების საოჯახო ელექტრო ტექნიკა და ჭურჭელი. დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა შეადგენს 608 900 ლარს.

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შესაბამისად არ წარუდგენია საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციადოკუმენტაცია, რის გამოც შედგა სამართალდარღვევის ოქმი №188615.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, ასევე მის ობიექტში არ ჩატარებულა საკონტროლო შესყიდვა. შემმოწმებლების ხელთ არსებული ინფორმაციით შეუძლებელი აღმოჩნდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ იყო აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში, ვერ მოხერხდა კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გამოყენებით. შედეგად, დღგ-ში დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა, რაზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემმოწმებლების ხელთ არსებული მონაცემებით შედგა ფულადი საშუალებების მოძრაობის ანგარიში. შემოსავალში აღებულ იქნა შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზაციის ოდენობა, გაწეულ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება, გადახდილი გადასახადები, გაცემული ხელფასები და მიღებული შეძენების ანაზღაურებები. ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით, სალაროში ფულის ნაშთი - 0-ის ტოლია. გადამხდელს არ წარუდგენია ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთის შესახებ. შედეგად, მიღებული შემოსავალი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დადასტურდა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე 27.06.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13817 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №064-9 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.09.2025 წლის №20189 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის თანახმად, შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რომლითაც დასტურდება, რომ ყველა იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულება წარმოადგენს ინვოისში დაფიქსირებულ თანხას.

სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გამოყენება. ასევე, მართლზომიერად განხორციელდა გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოწმებით განსაზღვრული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენა მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის.

შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადები, კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. უცნობი რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და აშშ.

სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე დოკუმენტალური ფასნამატი.

ზოგადად არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად 12%. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე3 ნაწილის შესაბამისად: საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთი დადგენა. ასევე არასწორია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. ,,გროსვა" და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მომჩივანი აღნიშნავს რომ:

საქონლის თვითღირებულებად უნდა განხილულიყო მისი საინვოისო ღირებულება.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების პირობებში მომჩივნისთვის არ ყოფილა მკაფიო შემმოწმებლებმა ანალოგიად რამდენად შესაბამისი პირის მონაცემებით იხელმძღვანელეს.

დაუსაბუთებელია რატომ მოხდა სხვა პირის ფასნამატის გამოყენება მაშინ, როდესაც არსებობდა საცალოდ რეალიზებული საქონლის დოკუმენტური ფასნამატის დადგენის შესაძლებლობა.

ფასნამატის ზემოაღნიშნული პირობებით განსაზღვრამ ასევე განაპირობა ფულის ნაშთის არასწორი ოდენობით დათვლა. ასევე არასწორია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „გროსვა“ და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით ვერ დგინდება შემმოწმებელთათვის სააღრიცხვო ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს შეეძლო გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი.

გარდა საჩივარში აღნიშვნისა მომჩვნის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა საქონლის დოკუმენტური რეალიზიის ფაქტებს და საერთო რეალიზაციაში მსგავსი საქონლის იმგვარი ოდენობით არსებობას, რომ შემმოწმებლებს შეძლებოდათ მისი გამოყენება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მართლზომიერად მიაჩნია საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები, როგორც დამატებული ღირებულების, ასევე საშემოსავლო გადასახადში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.09.2025 წლის №20189 ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საოჯახო ელექტრო ტექნიკის და ჭურჭლის იმპორტი და რეალიზაცია. გადამხდელს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, ასევე მის ობიექტში არ ჩატარებულა საკონტროლო შესყიდვა. შემმოწმებლების ხელთ არსებული ინფორმაციით შეუძლებელი აღმოჩნდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ იყო აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში, ვერ მოხერხდა კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გამოყენებით. შედეგად, დღგ-ში დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა, რაზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. შემმოწმებლების ხელთ არსებული მონაცემებით შედგა ფულადი საშუალებების მოძრაობის ანგარიში. შემოსავალში აღებულ იქნა შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზაციის ოდენობა, გაწეულ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება, გადახდილი გადასახადები, გაცემული ხელფასები და მიღებული შეძენების ანაზღაურებები. ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით, სალაროში ფულის ნაშთი - 0-ის ტოლია. გადამხდელს არ წარუდგენია ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთის შესახებ. შედეგად, მიღებული შემოსავალი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დადასტურდა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.09.2025 წლის №20189 ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);158(1);159(1);163(2);164(1);101(1);154(1)