ბრძანება N 21446
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21446
06 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (პ/ნ ---------)
(მის.:---------)
2025 წლის 8 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ------) 2025 წლის 8 აგვისტოს №97431/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ივლისის №006-251 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისთვის. ამასთან, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები, თუმცა უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები შეფასდა და რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობის იდენტური. აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი, ამასთან, არასწორად გაანგარიშებულმა ფასნამატმა დამატებით განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის №9759 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 18 აპრილიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 10 ივლისის №15622 ბრძანება და ამავე თარიღის №006-251 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 446 987 ლარი, მათ შორის გადასახადი 261 758 ლარი, ჯარიმა 130 879 ლარი და საურავი 54 349 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ----- და ------ შემოტანილი აქვს ავტომობილის სხვადასხვა ნაწილები და ავტომობილის ელ. ტექნიკა, სულ ღირებულებით 1 117 213 ლარი. გადამხდელთან ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, თუმცა მისი მოძიება ვერ მოხერხდა. გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული აღრიცხვა არ გააჩნია, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად გადამხდელის შემოსავალი გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით, შესაბამისი საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებთან დადგენილი და აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, რის შედეგადაც საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრა სულ 1 678 580 ლარით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, დეკლარირებულ მონაცემსა და შემოწმების შედეგად განსაზღვრულ მონაცემს შორის სხვაობაზე (555 580 ლარი) გადამხდელს დაერიცხა დღგ.
ამასთან, შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია. გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა დღგ-ის გარეშე 1 678 580 ლარი. ასევე დამუშავდა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების მოცულობა, მათზე გადახდილი თანხის ოდენობა, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტირებული საქონლის ღირებულებისთვის ანაზღაურებული თანხები. აღნიშნული შემოსავლის და გაწეული ხარჯების მიხედვით განისაზღვრა გადახდილი და მიღებული ფულის მოცულობა, რის შედეგადაც გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაშთად არსებული თანხა სულ 647 019 ლარი, რაც გადამხდელს ფაქტობრივად არ გააჩნდა (გადამხდელის მოძიება ვერ მოხერხდა). აღნიშნული ფულის დანაკლისი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 18 სექტემბერს 12:50 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული აღრიცხვა არ გააჩნია და შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შესაბამისი საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებთან დადგენილი და აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო განკარგვადი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელს იმპორტით შემოტანილი 1 117 213 ლარის საქონლიდან საბაჟო დეპარტამენტის მიერ მხოლოდ 2 114 ლარის საქონელია აფასებული 1,1 კოეფიციენტით და 5 259 ლარის საქონელი 3,66 კოეფიციენტით, რაც არაარსებითობის გამო არ იქნა გათვალისწინებული. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის მიწოდებული საქონლის ინვოისები. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ინფორმაციით და საქონლის თვითღირებულება განსაზღვრა საბაჟო დოკუმენტების მიხედვით. ამასთან, შემოწმების შედეგად გამოყენებული ფასნამატი აღებულია მსგავსი საქმიანობით დაკავებული მეწარმეებთან (აუდირებული კომპანიების) დაფიქსირებული მარჟიდან და შეადგინა ავტომობილის სხვადასხვა ნაწილებზე 44%, ხოლო ავტომობილის სხვადასხვა ტექნიკაზე (მაგნიტოფონი) 59%.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უცხო ქვეყნიდან შემოტანილი აქვს ავტომობილის სხვადასხვა ნაწილები და ავტომობილის ელ. ტექნიკა. გადამხდელის შემოსავალი გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით. დეკლარირებულ მონაცემსა და შემოწმების შედეგად განსაზღვრულ მონაცემს შორის სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია. გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა დღგ-ის გარეშე 1 678 580 ლარი. ასევე დამუშავდა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების მოცულობა, მათზე გადახდილი თანხის ოდენობა, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტირებული საქონლის ღირებულებისთვის ანაზღაურებული თანხები. აღნიშნული შემოსავლის და გაწეული ხარჯების მიხედვით განისაზღვრა გადახდილი და მიღებული ფულის მოცულობა, რის შედეგადაც გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაშთად არსებული თანხა რაც გადამხდელს ფაქტობრივად არ გააჩნდა. აღნიშნული ფულის დანაკლისი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);159(1);163(1);164(1):101(1);154(1)