გადაწყვეტილება №25884/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2025
№ დოკუმენტი 25884/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25884/2/2025

13 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 22.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25884/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №225-12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.09.2025 წლის №19432 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 797 855.39 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 480 356.59

დღგ - 198 278.59

საშემოსავლო გადასახადი - 282 078

ჯარიმა - 236 422.60

საურავი - 81 076.20

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა იმპორტირებული საქონლით (ძირითადად ტანსაცმლით და საყოფაცხოვრებო საქონლით) ვაჭრობა ------- ტერიტორიაზე.

აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2025 წლის №8253 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის, 25.08.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:

აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ შემოწმების დანიშვნის თაობაზე ბრძანებას და საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, თუმცა კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია და ბუღალტრული აღრიცხვა. აღნიშნულ ფაქტზე შედგა №188920 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დაეკისრა სანქცია 400 ლარის ოდენობით.

მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: გაანგარიშებულია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 58%. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №7730 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. აღნიშნული ბრძანება ჩაიბარა მინდობილმა პირმა. შედეგად, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა, საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალიწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი 1 410 389 ლარი, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №15167 ბრძანება და ამავე თარიღის №225-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.09.20258 წლის №19432 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 21.08.2025 წელს, თუმცა 21 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით გადამხდელმა წარადგინა განცხადება სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. ხელმეორედ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 27 აგვისტოს, გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, მიუხედავად ამისა გადამხდელი არ გამოცხადდა სხდომაზე და არც ჩანიშნული საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით წარუდგენია განცხადება.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 58%.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომდგენლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ფასნამატი გავრცელდა საქონლის საინვოისო ღირებულებაზე, ხოლო იმ საქონელზე, რომელზეც ვერ მოხერხდა ინვოისის მოძიება, მათ შორის, არ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი, გამოყენებულ იქნა საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული ღირებულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების წილმა მთლიან შეძენებში შეადგინა 5%-ზე ნაკლები, ასევე დოკუმენტური რეალიზაციიდან შეუძლებელი იყო ფასნამატის განსაზღვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის. შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო და დღგის გადასახადები, კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა კომპანიის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არარის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

ასევე, გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი. ასევე, არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს „-------“-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმების შედეგად ამ უკანასკნელზე გავრცელდა 26% ფასნამატი. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადასახადის გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი? არსებობს ასევე, სხვა არაერთი გადაწყვეტილება სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. როგორც ზემოთ აღინიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე, არასწორია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა“ და არ არსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივნის განმარტებით, შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება. ამასთან, დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა კომპანიის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. ასევე, გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი. ასევე, შპს „-------“-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმების შედეგად გავრცელდა 26% ფასნამატი. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადასახადის გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი. არსებობს ასევე, სხვა არაერთი გადაწყვეტილება სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს. ასევე, ვინაიდან არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, აღნიშნულმა განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე, არასწორია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა“ და არ არსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%- ით დაბეგვრა.

საჩივართან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის 26.09.2025 წლის №85245-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2025 წლის №21-14/31485 წერილით კომპანიისგან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით, გამოთხოვილ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო RS.GE-ზე, თუმცა არ წარუდგენია მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელსაც მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად, გარდა ამისა, რამდენჯერმე განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან ამ შემთხვევაშიც არ მოჰყოლია რეაგირება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარზე/წერილობით პოზიციაზე, სადაც დაფიქსირებულია გარკვეული პოზიცია საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებასთან დაკავშირებით (კერძოდ ფასნამატის გავრცელება იმპორტირებულ საქონელის აფასებულ ღირებულებაზე და არა საინვოისო ღირებულებაზე), შემმოწმებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჩივარს არ ახლავს არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება აღნიშნულ ფაქტზე. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ კომპანიის მიერ იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების (საინვოისო ღირებულების და არა აფასებული ღირებულების) საფუძველზე განხორციელდა საქონლის დაჯგუფება კატეგორიების მიხედვით, ამასთან მოძიებული იქნა კატეგორიების შესაბამისი აუდირებული ფასნამატები და აღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშდა კომპანიის შემოსავლები (ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების წილმა მთლიან შეძენებში შეადგინა 5%-ზე ნაკლები, ასევე, დოკუმენტური რეალიზაციიდან შეუძლებელი იყო ფასნამატის განსაზღვრა)

საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ამასთან, დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომას.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა იმპორტირებული საქონლით (ძირითადად ტანსაცმლით და საყოფაცხოვრებო საქონლით) ვაჭრობა.

მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: გაანგარიშებულია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 58%. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. აღნიშნული ბრძანება ჩაიბარა მინდობილმა პირმა. შედეგად, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა, საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალიწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ამასთან, დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომას.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9) 101; 154; 159; 163